Menu
RSS

აფხაზეთში მიმდინარე კრიმინალურ „რაზბორკებში“ „გაიშნიკებიც“ ჩაერთნენ

საუკუნის პროცესი ჩიტაში _ „კანონიერ ქურდ“ უგულავას, 160 საქმის გამო ასამართლებენ

როგორც ჩანს, აფხაზეთში მიმდინარე კრიმინალურ გარჩევებში უკვე სამართალდამცავებიც ჩაერთნენ. აქამდე ასე იყო _ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მყოფი „კანონიერი ქურდები“ იარაღით ისე გადაადგილდებოდნენ, მათ ხელს არავინ უშლიდა და პასუხსაც არავინ სთხოვდა. ახლა კი, სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა. ვერ გეტყვით, ადგილობრივი სამართალდამცავი სტრუქტურები ამას კრიმინოგენური სიტუაციის გასაუმჯობესებლად აკეთებენ-თქო, მაგრამ ფაქტია, რომ „კანონიერ ქურდთა“ გარკვეულ ნაწილს „უფლებები“ შეეზღუდა.

ზოგადად, აფხაზეთი, ცხინვალის რეგიონის დარად, იმ ტერიტორიად რჩება, რომელიც არამარტო ქართული მხრიდან, არამედ, ზოგადად უკონტროლოა. ოკუპირებული ტერიტორია არა მხოლოდ კრიმინალების საიმედო თავშესაფარია, არამედ, ნარკოტიკებისა და იარაღის გამტარიცაა. ამით ადგილობრივი მოსახლეობა ზარალდება და ოკუპირებულ ტერიტორიაზე, დაახლოებით, იგივე მდგომარეობაა, რაც დანარჩენ საქართვლოში, 90-იან წლებში გახლდათ. შუა ქალაქში კრიმინალური გარჩევები და სროლა იქ ჩვეულებრივი ამბავია და ასე განსაჯეთ, ნარკოტიკის ყიდვა უმარტივესად, ბაზარში შეიძლება, ზუსტად ისე, როგორც მაგალითად, ვაშლს, მწვანილს, ან სხვა პროდუქტს ყიდულობთ. 

 

გასულ უქმეებზე, გულრიფშელმა „გაიშნიკებმა“ (სწორედ ასეა მითითებული ოფიციალურ განცხადებაში ანუ იქ მართლაც, 90-იანებია) ავტომობილი გააჩერეს, რომელშიც 56 წლის ვახტანგ ფაჩულია იმყოფებოდა. ფაჩულია „კანონიერი ქურდია“ და მისი ავტომობილის გაჩერება შემთხვევითი რომ არ იქნებოდა, თავად მანაც კარგად იცის. მანქანისა და უშუალოდ ფაჩულიას ჩხრეკის შემდეგ, „გაიშნიკებმა“ „მაკაროვის“ სისტემის პისტოლეტი და ხელყუმბარა იპოვეს. საინტერესო ის გახლავთ, რომ ე.წ. სამართალდამცავების განცხადებით, ორივე ნივთი ფაჩულიას ჯიბეში ედო, რაც ალოგიკურია. როცა მანქანაში ხარ და დაახლოებით, ერთი კილოგრამი წონის ხელყუმბარა ჯიბეში გიდევს, ცოტა უცნაურია. 

ასე იყო თუ ისე, უკანონო იარაღისა და ასაფეთქებელი ნივთიერების ტარების გამო, „კანონიერ ქურდს“ ხელბორკილები დაადეს და დიდი ალბათობით, ციხეში გაუშვებენ. როგორც ამბობენ, ეს იმ ბრძოლის გაგრძელებაა, რომელიც აფხაზეთში, „კანონიერ ქურდებს“ შორის, გავლენის მოპოვების გამო მიმდინარეობს. უბრალოდ, ახლა გამოჩნდა, რომ საქმეში, კრიმინალებთან ერთად, „პაგონიანი კრიმინალებიც“ ჩაერთნენ. 

ზოგადად, დღევანდელი მდგომარეობით, კრიმინალური სამყარო დიდ საგონებელშია. თავისუფლებაზე, თითქმის არცერთი „კანონიერი ქურდი“ არაა, რომელიც, თუნდაც ერთ, დიდ „სხადნიაკს“ გაუკეთებდა ორგანიზებას და იქ არსებული პრობლემები გადაწყდებოდა. არადა, პრობლემა ძალიან, ძალიან ბევრია. მარტო ის რად ღირს, რომ ახალბედა ქურდები, ერთი-მეორის მიყოლებით, ერთმანეთში კამათისა თუ კინკლაობის გამო, „ქურდულ სტატუსს“ ეჭვქვეშ აყენებენ და ერთმანეთს „არაქურდად“ აცხადებენ. 

თავისუფლებაზეა ორად ორი ადამიანი, რომელსაც ამ სიტუაციის განმუხტვა შეუძლია, მაგრამ მერაბ ჯანგველაძე იტალიაში, შინაპატიმრობაშია და „სხადნიაკს“ ვერ მოიწვევს, დუბაიში მყოფი ნადირ სალიფოვი (იგივე გული) კი, ქვეყნიდან გასვლას არ აპირებს და ყველას დუბაიში ეპატიჟება. იქ ჩასვლა უმრავლესობას არ სურს, რადგან სერიოზული და არცთუ უსაფუძვლო ეჭვი აქვთ, რომ „გული“ სამართალს, საკუთარი სამართებლით გაჭრის და შესაძლოა, არაერთი ქურდი სამუდამოდ იქ დარჩეს. 

სწორედ ამ გაურკვევლობის ბრალია ისიც, რომ რამდენიმე კვირის წინ, რუსეთში, დიმიტრი ჭანტურიას (მეტსახელად, „მირონი“) გარშემო ატეხილი ხმაური ახალი დაპირისპირების მიზეზად იქცა. მოგეხსენებათ, ჭანტურიას წინააღმდეგ, საქმე „კანონიერი ქურდობის“ ბრალდებით აღძრეს, შემდეგ ორი პოლკოვნიკი დააკავეს, რომლებსაც ბრალდებულმა, საქმის შეჩერების სანაცვლოდ, ქრთამის სახით, მილიონ ლარზე მეტი შესთავაზა. 

ჰოდა, ქურდების ნაწილი თვლის, რომ ჭანტურია არასწორად მოიქცა და იმისთვის, რომ პოლიციას „არაქურდად“ ეცნო, თანხა გადაიხადა, ხოლო ნაწილს მიაჩნია, რომ სამართალდამცავთა კლანჭებიდან თავის დაღწევის ნებისმიერი ხერხი მისაღებია. 

ახლა ნაწილისთვის „მირონი“ კვლავ ქურდია, ნაწილისთვის _ არა და არავინ იცის, როგორ უნდა მოიქცეს, თუ მას „ზონაზე“ შეუშვებენ _ მოექცნენ ისე, როგორც „ქურდს“, თუ მოექცნენ ისე, როგორც რიგით პატიმარს. 

ერთიცა და მეორეც, საშარო საქმეა. ამ თემაზე, ადრე თუ გვიან, რომელიმე „სხადნიაკზე“ აუცილებლად დაილაპარაკებენ და თუ გადაწყვეტენ, რომ ჭანტურია არასწორად მოიქცა, მაშინ ისინიც დაისჯებიან, რომლებიც „ქურდად“ აღიარებდნენ. თუ პირიქით მოხდება, მაშინ სასჯელი იმათ ელოდებათ, რომლებმაც მისი სტატუსი ეჭვქვეშ დააყენეს. 

* * * 

ბოლო დროს, ბევრს საუბრობენ თურქეთის ციხიდან მინდია გორაძის, იგივე ლავას ოღლის გათავისუფლებაზე. წესითა და რიგით, მინდიამ თურქეთის ციხე მიმდინარე თვეში უნდა დატოვოს და ასეთ შემთხვევაში, მისი გავლენების გათვალისწინებით, თითქოს ბევრი რამ უნდა დალაგდეს, მაგრამ ეს, ერთი შეხედვით. 

ჩვენი ინფორმაციით, გორაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სახარბიელო არ არის და ის, პირველ რიგში, საკუთარ თავს მიხედავს. 

ჯერჯერობით, ციხიდან გამოსვლის პერსპექტივა არ აქვთ ტარიელ ონიანსა და უკვე სასჯელმისჯილ ზაქარია კალაშოვს ანუ უახლოეს მომავალში, ამ მიმართულებით, არაფერი შეიცვლება. 

არაფერი იცვლება საქართველოშიც _ რამდენიც უნდა ამტკიცოს ცალკე იუსტიციის მინისტრმა და ცალკე _ სახალხო დამცველმა არსებული ხარვეზები, თუ იდეალური მდგომარეობა, ფაქტი ის გახლავთ, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში, „მაყურებლების“ ინსტიტუტი კვლავ არსებობს და „ბლატატაც“ მძლავრობს. ისიც ფაქტია, რომ სწორედ „მაყურებლების“ თემა ხდება მთავარი თავის ტკივილი სამართალდამცავთათვის მას შემდეგ, რაც ისინი საპყრობილეს ტოვებენ და საამისოდ ძველი, ნაცადი მეთოდი მუშაობს _ პოლიცია კონკრეტულ პირებთან მიდის, აძლევს მაქსიმუმ ერთკვირიან ვადას, რათა მათ საქართველო დატოვონ და ისინიც მიდიან. 

ძირითადი ნავსაყუდელი, ყველას ევროპაში აქვს, თუმცა არც უკრაინაზე ამბობენ უარს. უფრო სწორად, უკრაინა აქამდე იყო „ცვეტში“, თორემ ახლა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კრიმინალს დაუნდობელი ბრძოლა გამოუცხადა და სტატუსის მქონე პირების სამართლებრივი დევნა დაიწყო. 

ამის ნათელი მაგალითი, თუნდაც ის გახლავთ, რომ გასულ კვირას, უკრაინის ციხიდან გამოშვებული „კანონიერი ქურდი“ ლაშა ჯაჭვლიანი, გათავისუფლებიდან ერთ საათში, კვლავ დააკავეს და ძალიან დიდი ალბათობით, ან ახალი კანონით გაასამართლებენ, ან სადეპორტაციო სამსახურს ჩართავენ საქმეში და ლაშას სხვა ქვეყანაში გაუშვებენ. 

* * * 

მიმდინარე თვის ბოლო დღეს, ჩიტაში ხმაურიანი პროცესი დაიწყება, რომლის მთავარი გმირიც „კანონიერი ქურდი“, გიორგი უგულავა (იგივე „ტახი“) გახლავთ. სასამართლოს წინაშე, სულ 11 პირი წარსდგება, პოლიცია კი მათ 160 (!!!) საქმეს ედავება. დანაშაულთა ჩამონათვალშია გამოძალვა, ქურდობა, ყაჩაღობა, თაღლითობა, ავტომობილის გატაცება, სხვისი ქონების განზრახ დაზიანება, სხეულის განზრახ დაზიანება, თავისუფლების უკანონო აღკვეთა... 

მოკლედ, პროკურორს შეუძლია, სისხლის სამართლის კოდექსი არც გადაშალოს, უბრალოდ, მთელი წიგნი ხელში დაიჭიროს და მოსამართლეს უთხრას, რომ ბრალდებულებს მთელი კოდექსით ედავება. საინტერესოა, რომ სამართალდამცავებმა უგულავა, 2015 წელს დააკავეს და ჯერჯერობით, სასამართლო არ გამართულა. უბრალოდ, საქმე იმდენად დიდია, რომ პოლიციელებმა მის შესწავლას 5 წელი მოანდომეს. ესეც არ იყოს, უგულავასთან ერთად, დაკავებული იყო კიდევ 21 პირი, რომელთაგან ათი, მტკიცებულებების არარსებობის გამო, გაათავისუფლეს. 

აღნიშნული პროცესი უკვე მოინათლა საუკუნის პროცესად, რადგან სასამართლოს 500-ზე მეტი დაზარალებული ჰყავს გამოსაკითხი და... დაახლოებით, 300 დაზარალებულს, დამნაშავეების უმრავლესობა ამოცნობილი ჰყავს ანუ საქმის ჩაფარცხვა არ გამოვა, თანაც ჩიტა არ არის გრანდიოზული დასახლება, დაახლოებით, 300 ათასი ადამიანი ცხოვრობს და ამდენი დანაშაული მოსახლეობას ძალიან აწუხებდა. შესაბამისად, პრაქტიკულად, ყველამ იცოდა, ვინ იყვნენ დამნაშავეები, მაგრამ შიშით ვერავინ ვერაფერს ამბობდა, სანამ უშუალოდ, უგულავა არ დააკავეს, შემდეგ კი წვრილფეხობაც აკრიფეს. 

* * * 

ასეა თუ ისე, პოსტსაბჭოთა სივრცესა თუ ევროპაში, კრიმინალურ სამყაროს იდეალური პერიოდი ნამდვილად არ უდგას და ის „რენესანსის“ ხანა, რომელიც მაგალითად, საქართველოში, 90-იან წლებში იყო, ახლა მხოლოდ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზეა.

ბათო ჯაფარიძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში