Menu
RSS

შვეიცარიელმა თურქმა თბილისში ცოლი მოკლა!

თაღლითური სქემა, რომელსაც ახალგაზრდა ქალის სიცოცხლე შეეწირა

გასულ კვირას, სოფელ ყარაჯალარში, ქმარმა ცოლს ყელი სიდედრის, შვილისა და ცოლის დის თვალწინ გამოჭრა. სამართალდამცავებმა, დამნაშავე მალევე დააკავეს, თუმცა ისიც ვთქვათ, რომ აღნიშნული პირი, ციხიდან ცოტა ხნის წინ გათავისუფლდა, სადაც სასჯელს სიდედრის ცემის გამო იხდიდა. წყვილი დაშორებული იყო, თუმცა ქმარმა, ეჭვიანობის ნიადაგზე, ცოლყოფილს სიცოცხლე მაინც მოუსწრაფა და რატომღაც გვგგონია, რომ მას სამაჯური უნდა ჰქონოდა. ის სამაჯური, რომელიც მის მოძრაობას გააკონტროლებდა და თუ მეუღლის სახლთან გამოჩნდებოდა, პოლიცია მყისიერ რეაგირებას მოახდენდა. მით უმეტეს, რომ პოლიციის განყოფილება შემთხვევის ადგილიდან, პრაქტიკულად, ორ ნაბიჯშია. არის თუ არა ეს სამართალდამცავთა შეცდომა? _ ამას გამოძიება დაადგენს, მანამდე კი ის ვთქვათ, როგორ და რის გამო კლავენ ყოფილ, თუ მოქმედ მეუღლეებს საქართველოში და სამწუხაროდ, ეს ფაქტი არცთუ იშვიათია.

სხვათა შორის, როცა ეჭვიანობის ნიადაგზე ცოლს კლავ და მერე ციხეში შედიხარ, არავინ არაფერს გეუბნება. დაუწერელი კანონებით, „ბოზის“ სასჯელი სიკვდილია და მკვლელსაც პატიმრების მხრიდან ხელშეუხებლობის გარანტია აქვს. ჰო, იმ დაუწერელ კანონებში არაფერია ნათქვამი იმაზე, რა უნდა ქნას, მაგალითად, იმ სამმა მცირეწლოვანმა, რომლებიც მოკლულ ქალს დარჩა _ მამა ციხეში, დედა გარდაცვლილი, ხოლო სამი ბავშვი _ მოხუცი ბებია-ბაბუის იმედად. 

ცალკე თემაა ბავშვების ფსიქოლოგიური მდგომარეობა და განსაკუთრებით, იმ ბავშვის, რომელმაც მკვლელობა საკუთარი თვალით ნახა ანუ უყურა, როგორ გამოჭრა მამამ დედას ყელი. 

 

რუსთავის #17 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, საქართველოს მოქალაქეებთან ერთად, ცოლის მკვლელობისთვის სასჯელს შვეიცარიის ერთი მოქალაქეც იხდიდა. თითქოს შვეიცარიელები კონსერვატორი ხალხია, შუაგული ევროპაა, ნეიტრალური ქვეყანაა, მაგრამ აგერ, სწორედ შვეიცარიელმა მოკლა საქართველოში ცოლი და 7 წელიც მიუსაჯეს. 

„იმ დონის ინგლისური არ ვიცი, ამ კაცს ველაპარაკო და ვინმე იქნება „ზონაზე“, ინგლისურს რომ სხლავდეს, ეგებ, მითხრათ და მინდა, იმ შვეიცარიელის ისტორია მოვისმინო“, _ უთხრა პატიმარმა #0578-მა „მაყურებლებს“ და კითხვით სავსე თვალებით შეხედა. 

„რად გინდა ინგლისური, აგერ, მუსა რომ ზის აზერების კამერაში, ეგ წაიყვანე და აზერულად დაელაპარაკება. მუსამ ქართულიც კარგად იცის და კი გაგიწევს თარჯიმნობას“, _ ურჩიეს „მაყურებლებმა“. 

„მოიცა, კაცო, შვეიცარიელზე გეუბნებით, მუსა და აზერული რა შუაშია?“ _ გაუკვირდა #0578-ს. 

„შუაში კი არა, თავშია. ეგ კაცი შვეიცარიის მოქალაქეა, თორემ თურქია და თურქული და აზერბაიჯანული კიდევ, ერთმანეთს ძალიან ჰგავს“, _ დააზუსტეს მაყურებლებმა და პატიმარიც მუსას სანახავად წავიდა. 

მუსამ მეგობარს ყურადღებით მოუსმინა, მერე გაიცინა და უთხრა, თარჯიმნობა ცუდად მაქვს დაცდილიო. 

„ჩემი „პადელნიკი“ ქურდობაზე დაიჭირეს და იცი, როგორ იყო? _ საქურდლად შევედით სახლში და რომ გამოვდიოდით, პატრონები დაბრუნდნენ. ატყდა ამბავი, ძლივს გამოვასწარით, ბაღებით გავრბოდით და ჩემი „პადელნიკი“ თხრილში ჩავარდა, კოჭი გადაიბრუნა და სირბილის გაგრძელება ვეღარ შეძლო. ავიკიდე მხარზე, მაგრამ ვერ ვზიდე. თვითონ მითხრა, დამტოვე, იქნებ, ვერ მიპოვონო და მოკლედ, დავტოვე. 

პოლიციამ ძაღლები მოიყვანა და იპოვა. ჰოდა, სასამართლოზე სამართალდამცავებმა, გინდა თუ არა, თარჯიმანი შენ უნდა იყოო. მანამდეც ვთარჯიმნობდი ხოლმე და წავედი, რა უნდა მექნა?! 

იქ დაზარალებულებმა რომ დამინახეს, ერთი ამბავი ატეხეს, ეს იყო მეორე ქურდიო. რა თქმა უნდა, უარზე დავდექი, მე რომ ვყოფილიყავი, სასამართლოზე როგორ მოვიდოდი-მეთქი და ბოლოს, დნმ-ის ანალიზით დამიმტკიცეს ქურდობა. ჰოდა, სასამართლოზე თან თარჯიმანი ვიყავი, თან _ ბრალდებული. 

ახლა, შენ მოდიხარ და თარჯიმნობას მთხოვ, შარში გავეხვევი, იცოდე“, _ სიცილით თქვა მუსამ, მაგრამ #0578-ს მაინც გაჰყვა. 

შვეიცარიელ თურქს სუფთა თურქული სახელი _ ჯაღათა ერქვა. არ მალავდა, რომ ცოლი მოკლა და უფრო მეტიც, ამით ამაყობდა კიდეც. რამდენჯერმე, ჯაღათა და მუსა ისე გაერთნენ საუბრით, თარგმანი ავიწყდებოდათ და #0578-მა მეგობარს რამდენჯერმე ხელიც ჰკრა, მითარგმნეო. 

„თურქი ვარ, თურქეთში დავიბადე და გავიზარდე, მერე, როგორც თურქების უმრავლესობა, გერმანიაში წავედი. იქ საბუთები გავაკეთე და ბიზნესიც ავაწყვე, სადისტრიბუციო კომპანია დავაარსე. მერე და მერე, მივხვდი, რომ გერმანიაში ძალიან ბევრი თურქი იყო და ბევრს ხელი ჰქონდა გაწვდილი. ამიტომ, შვეიცარიაში გადავედი და ისეთი ინვესტიცია განვახორციელე, მოქალაქეობა მომცეს. ჰო, შვეიცარიის მოქალაქეობა მომცეს. 

დაახლოებით, შვიდასი კაცი მყავდა დასაქმებული, გადასახადებს ვიხდიდი და ძალიან კარგი რეპუტაცია მქონდა. იქ გავიცანი ჩემი მომავალი ცოლი, ნახევრად თურქი, ნახევრად ალბანელი. თავიდანვე მითხრა, 2-3 წელი შვილებზე არ მელაპარაკო და მერე გვეყოლებაო. დავთანხმდი, რადგან ძალიან ლამაზი იყო და ძალიან მიყვარდა. 

დავიწყეთ მოგზაურობა, თითქმის მთელი მსოფლიო მოვიარეთ და ბოლოს, საქართველოში წამოსვლა გადავწყვიტეთ. ტელევიორში რაღაც რეკლამა ვნახე და რა ლამაზი ქვეყანაა, უნდა ვნახოო. 

წამოვედით და თურმე, სადა ხარ? _ ამ ჩემს ცოლს ვიღაც ალბანელი საყვარელი ჰყოლია, იმასთან ერთად მოუფიქრებია ეს სქემა, რომ გამომყოლოდა, მერე მოვეკალი და მთელი ქონება დარჩენოდა. 

ჩამოვედით საქართველოში, ქვეყანაში, რომელიც იმ ალბანელმა შეარჩია. ასე ფიქრობდნენ, განვითარებული ქვეყანა არ არის და ვიღაც თურქის მკვლელობა შეგვრჩებაო. გეგმა ასეთი იყო _ დასაძინებელი წამალი უნდა ჩაეყარა ჩაიში, მერე კი, როცა დამეძინებოდა, ის ალბანელი მოვიდოდა და გამგუდავდა. 

ახლა ვხვდები, რატომ მაქირავებინა საკუთარი სახლი და არა _ სასტუმრო. სასტუმროში კამერები იქნებოდა და ამას გარდა, მარტივად არავის შემოუშვებდნენ. კარგი ხედიაო, ასე მითხრა და თბილისს, მართლაც, ხელისგულზე ვხედავდი. 

მოკლედ, დამისხა ჩაი ჩემმა ცოლმა, მე ახლავე მოვალო და აბაზანაში გავიდა. ახლა ვფიქრობ, რომ არ უნდოდა დაენახა, როგორ დავლევდი სითხეს, რომელიც საბოლოოდ, სიკვდილამდე მიმიყვანდა. მე კიდევ შემთხვევით, ჭიქას ხელი წავკარი და ჩაი დაიღვარა, ცოლს არ დაველოდე, მაგიდა გადავწმინდე, ჩაი ახლიდან ჩამოვასხი და დავლიე. დაძინებას არ ვაპირებდი, ისე წამოვწექი საძინებელში და დაახლოებით, 15 წუთში გავიგონე, როგორ გაიღო სახლის კარი. 

გამიკვირდა, სად მიდის ცოლი-მეთქი და მივხვდი, კი არ მიდიოდა, ვიღაც მოვიდა. აბა, თბილისში არავის ვიცნობდით და გამიკვირდა, ვინ უნდა მოვიდეს-მეთქი. წამოვდექი და ჩურჩული გავიგონე, ჩემი ცოლის ხმა კი ვიცანი, მაგრამ ალბანურად საუბრობდა და ვერაფერი გავარჩიე. მუცელზე დავწექი და თვალები დავხუჭე, თან მუცელთან ღვინის ბოთლი დავმალე. შემოვიდნენ ჩუმად, ჩემი ცოლის ჩურჩულს ისევ ვარჩევდი, მივხვდი, კარგი არაფერი ხდებოდა, ყელზე თოკი რომ ვიგრძენი, გადმოვტრიალდი და ბოთლიანი ხელი მოვიქნიე. იმ კაცმა თავი დაწია და ბოთლი ცოლს გადაეფშვნა თავზე, მერე ავდექი და ეს ნატეხი იმ კაცს რამდენჯერმე შევარჭვე, მაგრამ არ მოკვდა, გადარჩა, ცოლი კი იქვე დაიღუპა. 

 

პოლიციაში არ დამირეკავს, ნომერი არ ვიცოდი, ქუჩაში გამოვედი და ყვირილი დავიწყე, ვიღაცამ გამოიძახა პოლიცია და ეს სქემაც იმ ალბანელმა გაშიფრა. 

კანონები არ გივარგათ, ამის გამო, თურქეთში, მე არავინ დამიჭერდა, პირიქით, მადლობას მეტყოდნენ, იმ ქალს მიწას არ აღირსებდნენ და იმ კაცს კიდევ სამუდამოს მისცემდნენ. აქ კი მეც დამიჭირეს და ის ალბანელიც. აფექტი ვერ დავამტკიცე, აუცილებელი მოგერიება დაწერეს, მაგრამ მაინც მომისაჯეს“, _ დაასრულა მოყოლა ჯაღათამ. 

„და ის შენი აწყობილი ბიზნესი?“ _ დაინტერესდა #0578. 

„არიან ადამიანები, რომლებიც მართავენ, შვეიცარიელები მყავდა ფინანსების მიმართულებით და პატიოსნად მუშაობენ. უფრო მეტიც, ჩემი თანხმობით, ხელფასები გავუზარდე და დარწმუნებული ვარ, აქედან რომ გავალ, ყველაფერი წესრიგში დამხვდება“, _ დაბეჯითებით თქვა ჯაღათამ.

პატიმარი #0578

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში