Menu
RSS

როგორ ექცევიან ციხეში პირადი ცხოვრების კადრების გამავრცელებლებს

„შეყვარებულმა გამწირა“, _ ახალგაზრდა კაცის კურიოზული ისტორია

ერთი დიდი უბედურება გვჭირს ქართველებს: ძალიან, ძალიან გვაინტერესებს, სხვის საძინებელში რა ხდება და, ალბათ, ამიტომაც, საკმარისია, ვინმე ცნობილზე თუ უცნობზე პირადი ცხოვრების შემცველი ნებისმიერი ინფორმაცია გაჟღერდეს, რომ მაშინვე ასი ათასობით ნახვასა და კომენტარს აგროვებს. აი, ინფორმაციას თუ შესაბამისი სურათიც მოჰყვება, ხომ საერთოდ _ მასშტაბები უზარმაზარია და ყველა მხოლოდ ამაზე საუბრობს. ვერ გეტყვით, როდის მოვა ის დრო, როცა ვინმეს პირადზე საუბარი ცუდ ტონად ჩაითვლება და სხვის საძინებელში შეხედვა დასაძრახი გახდება, მაგრამ დღეს ასეა და ამ რეალობას ვერსად გავექცევით.

პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები ძალიან აქტუალური წინა ხელისუფლების დროს იყო ანუ მაშინ თითქოს არ ხმაურდებოდა, თითქოს ფართო მასებისთვის ხელმისაწვდომი არ იყო, მაგრამ „იმპერატორთან დაახლოებული პირების“ მობილურ ტელეფონებში ათეულობით ფაილი ინახებოდა, სადაც ცნობილი პოლიტიკოსები, ჟურნალისტები, საზოგადო მოღვაწეები არცთუ სასიამოვნო გარემოში იყვნენ აღბეჭდილნი, ან იქნებ, სასიამოვნო გარემოც იყო, მაგრამ არა ისეთი, ყველას რომ ენახა. 

რუსთავის #16 დაწესებულებაში, შალვა მ. მაშინ მოიყვანეს, როცა მოქმედ ხელისუფლებას წყალი ჰქონდა შემდგარი ანუ 2012 წლის გაზაფხული იდგა, ქვეყანა ცვლილებებს ელოდა და სწორედ მაშინ, ხელისუფლების აქტიური მხარდამჭერის დაკავება, ერთი შეხედვით, უცნაური ჩანდა. არადა, შალვას ბრალად, სწორედ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება ედებოდა და, წესითა და რიგით, „საქათმეში“ უნდა ჰქონოდა გარანტირებული ადგილი, თუმცა არც გლდანის ციხეში და არც _ ზონაზე, „საქათმე“ კი არა, „კაზლიატნიკშიც“ არავინ შეახედა. შესაბამისად, ამან პატიმრებში კითხვები გააჩინა, რადგან გადაღება, თვალთვალი, მიყურადება და მერე, ყველაფერ ამის აფიშირება, კანონის ძალით ხომ ისჯებოდა და კარგ დღეს არც ციხეში დაგაყრიდნენ. 

ეგ კი არადა, ციხის კანონებით, მეძავზე რომ გადაგეღო ფოტო ან ვიდეო და მისი ნების საწინააღმდეგოდ გაგევრცელებინა, პასუხს მაგაზეც კი მოგთხოვდნენ. ამიტომ, შალვა „მაყურებლებმა“ დაიბარეს, დაახლოებით, ათი წუთი ესაუბრნენ და გამოაცხადეს, ეს კაცი არაფერ შუაშია, ჩვეულებრივად, რიგითი პატიმარივით იცხოვრებსო. 

„ახლა, არ მითხრა, ლამაზი თვალებისთვის დამინდეს „მაყურებლებმაო“, თორემ გადავირევი“, _ ღიმილით უთხრა პატიმარმა #0578-მა შალვას, რომელთანაც შეხება თავისუფლებაზე ჰქონდა, არცთუ ურიგოდ იცნობდა და უკვირდა კიდეც, ამან ასეთი რამე როგორ იკადრაო. 

„ლამაზი თვალების გამო რომ დავენდე, უეჭველი „საქათმეში“ გამიშვებდნენ, ხომ იცი, ლამაზთვალიანები ფასობენ იქ“, _ გაეცინა შალვასაც და მეგობარს თვალით ანიშნა სხვებზე, რომლებსაც ყურები ჰქონდათ დაცქვეტილი და ყველა სიტყვას ჰაერში იჭერდნენ. 

მეგობრები უხმოდ ჩავიდნენ ციხის ეზოში და სეირნობა დაიწყეს. 

„აღარ იტყვი, რა მოხდა?“ _ ვეღარ მოითმინა #0578-მა, როცა მესამე წრეზე წავიდნენ. 

„არც არაფერი მომხდარა რეალურად. შეყვარებულმა გამწირა, რა და მეც წამოვეგე. „იტოგში“, გამიჩალიჩეს და ასე მოვხვდი აქ, მაგრამ კარგი ის არის ამ ამბავში, რომ აღებულ ვალდებულებებს ასრულებენ“, _ ხელი ჩაიქნია შალვამ. 

„მოიცა, კაცო, რა ვალდებულებებს, რა შეყვარებული?!“ _ სულ დაიბნა #0578. 

„რა და, ჩემი შეყვარებული შენც იცი... რაღა შეყვარებული, ერთად გადავედით საცხოვრებლად და ხელის მოწერაღა გვაკლდა, თორემ ცოლ-ქმარი ვიყავით, აბა, რა ვიყავით?! ბავშვი ჯერ არ გვინდაო, ასე თქვა და მეც დავეთანხმე. საკუთარი ბინა არ გვქონდა, მაგრამ ყიდვას ვაპირებდით, სამსახური გვაძლევდა იმის შესაძლებლობას, რომ მშენებარეში პატარა ფართი აგვეღო და მოგვეწყო. 

მოკლედ, გიორგა ხომ გახსოვს, მაგან „გაჩითა“ მაგარი პლანი. მოვწიეთ. მერე, დავლიეთ, მერე კიდევ მოვწიეთ, მერე რაღაც აბები მაყლაპეს და დილით რომ გავიღვიძე, ვიღაც უცხო სასტავთან ერთად ვეგდე გიორგას სახლში. ქალი და კაცი ერთმანეთში იყო აზელილი და ზუსტად ვიცი, მე არავისთან არაფერი მქონია იმიტომ, რომ ტანსაცმელიც მეცვა, ფეხსაცმელიც და „კრესლოში“ ვეგდე მარტო. იმ დებილ გიორგას ვიდეო გადაუღია და ეს ვიდეო ხან ვის გადაუგზავნა და ხან _ ვის. ბოლოს, ჩემმა შეყვარებულმაც ნახა, სკანდალი მომიწყო, აქაოდა, მღალატობ, არ გიყვარვარო და მთელი ამბები, რა. გაიბუტა და მშობლებთან წავიდა. ვიფიქრე, 1-2 კვირა დაისვენებს, აზრზე მოვა და დაბრუნდება-მეთქი. მშობლებმა კიდევ, პირიქით, უფრო ააკრეფინეს და დამადგა ერთ დღეს, ჩემი ნივთები უნდა წავიღოო. რას ვეტყოდი, ვეხვეწე, ვემუდარე, მაგრამ მაინც დარწმუნებული ვიყავი, რომ დროებითი თემა იყო. ასე გავიდა 2-3 თვე და ვიღაც გოგო გავიცანი. ბარში დავსხედით, მერე ცოტა ვისეირნეთ. 

მოკლედ, დამინახა შეყვარებულმა რომ ვსეირნობდით და... იმავე საღამოს დამადგნენ სახლში და სულ ცემა-ტყეპით წამიყვანეს სამმართველოში. გზაში სულ ნაბოზვარი მეძახეს, მერე კიდევ მცემეს და ასე დილამდე. 

წარმოდგენა არ მქონდა, რას მერჩოდნენ, დილით ადვოკატთან დარეკვა ვითხოვე და ცემა-ტყეპით დამარეკინეს. ძმაკაცს დავურეკე, ვინმე მიშოვე-მეთქი და ვიღაც ქალი მოიყვანეს, იმანაც სულ ქოქოლა მომაყარა და წავიდა. ბოლოს, შემოვიდა გამომძიებელი და ამიხსნა, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების მუქარის გამო ვიყავი დაკავებული. ვისი პირადი კადრები-მეთქი, პირი დავაღე, ხომ ვიცოდი, რომ არავის კადრები არ მქონდა, დამიდეს წინ ტელეფონი და ამოიღეს ჩემი და შეყვარებულის კადრები. ერთი ვიდეო გვქონდა _ ლოგინში ვწევართ, ის იღებდა ჩემი ტელეფონით, ერთმანეთს ვკოცნით და... ერთ მომენტში, შიშველი მკერდი უჩანს, აი, სულ ერთი წამით, მაგრამ უჩანს. ვინ იჩივლა-მეთქი, რომ ვკითხე, ვინ და, შენმა შეყვარებულმაო. გადავირიე კინაღამ, დამაპირისპირეს, პირზე დამადგა, შენ მაშანტაჟებდიო. გამწარებულ ქალზე უარესი არაფერი ყოფილა, ძმაო. 

მეთქი, სასამართლოში ვიჭიდაოთ-თქო, არცერთი ჩანაწერი არ ჰქონდათ, არც მესიჯი, არც განცხადება, რომ მე ამ ვიდეოთი ვემუქრებოდი. 

ბოლოს, დამისხდნენ და მითხრეს, შენ რომ ანალიზები აგიღეთ, იმდენი ნარკოტიკი ამოაგდო, სამუდამოსაც თავისუფლად მოგცემთო. „ბუკეტი“ გაქვსო მთელიო და მეც ხომ ვიცოდი, რომ კლუბებში ათასგვარ საზიზღრობას ვყლაპავდი. აგერ, აღიარე ეს თემა, ნარკოტიკზე თვალს დავხუჭავთ, 4-5 წელს მოგცემთ და ერთ წელიწადში, გამოგაგდებთ გარეთო, თან გარანტია მომცეს, არავინ შეგეხება, არც „საქათმეში“ გაგიშვებენო. 

მოკლედ, არ ვიცი, რამდენი ეპიზოდი შემტენეს, სხვადასხვა ამბავსა და თემაზე, თურმე, მე ვყოფილვარ, ვინც ვყოფილვარ და სასამართლოებზეც აღარ გავდიოდი. მომცეს ოთხი წელი, პლუს, შვიდწლიანი პირობითი და ვარ ახლა აგერ და გიყვები ამბავს“, _ დაასრულა მოყოლა შალვამ. 

„და შეყვარებული?!“ 

„რა შეყვარებული, ცოცხალი რომ ვარ, ის მიკვირს. პირველი ორი დღე ისე მიბრახუნეს, ორი ნეკნი გამიტყდა. აი, რისთვის და ვისთვის უნდოდათ ეს ჩემი საქმე, წარმოდგენა არ მაქვს, რა“, _ თქვა შალვამ. 

მხოლოდ რამდენიმე თვის შემდეგ მიხვდნენ მეგობრები, შალვას დაპატიმრების რეალურ მიზეზს: წინა ხელისუფლების ლიდერებს ეჭვი ჰქონდათ, რომ ფარული ჩანაწერების ომი დაიწყებოდა და თადარიგი წინასწარ დაიჭირეს. შალვას საქმე, როგორც პრეცედენტული, უცხოელ დიპლომატებს გადაუგზავნეს, აქაოდა, ხომ ხედავთ, ვებრძვით ასეთ ადამიანებსო და არასამთავრობოებსაც. 

საბოლოო ჯამში, ყველაფერი ინდური ფილმივით დასრულდა მოქმედი ხელისუფლებისთვის, შალვა კი აღარავის გახსენებია, „პატოსნად“ მოახდევინეს ოთხ წელს მინუს ამნისტირებული ერთი წელი და თავისუფლებაზეც, მხოლოდ ამის შემდეგ გავიდა.

პატიმარი #0578

დაბრუნება დასაწყისში