Menu
RSS

ზურაბ წერეთლის კრიმინალური კავშირები

რუსეთის ფედერაციაში თუ ვინმე შეიძლება ოდიოზურ ფიგურად მოინათლოს, ერთ-ერთი პირველი იური ჩაიკა გახლავთ. ეს კაცი 1999-დან 2006 წლამდე, რუსეთის ფედერაციის იუსტიციის მინისტრის პოსტს იკავებდა, 2006 წელს კი, გენერალური პროკურორი გახდა და მიმდინარე წლის 14 იანვრამდე, ამ პოსტზე იმყოფებოდა. ხომ წარმოგიდგენიათ, როგორი ნდობა და გავლენა უნდა ჰქონოდა ჩაიკას რუსეთის პრეზიდენტზე, რომ მთელი 14 წლის განმავლობაში, მისი მოხსნის საკითხი დღის წესრიგში ერთხელაც არ დამდგარა. აი, წლის დასაწყისი კი რუსეთის გენპროკურორისთვის სახარბიელო არ გამოდგა. ვლადიმირ პუტინმა პირდაპირ განაცხადა, დროა, გენერალური პროკურორის შეცვლაზე ვიმსჯელოთო და ჩაიკაც, იგორ კრასნოვმა შეცვალა. 68 წლის დამსახურებული ვეტერანი, პუტინმა უსამსახუროდ მაინც არ დატოვა და 22 იანვრიდან, ჩაიკა რუსეთის პრეზიდენტის სრულუფლებიანი წარმომადგენელია ჩრდილოეთ კავკასიის ფედერალურ ოლქში.

 

ბარემ ისიც ვთქვათ, რომ აწ უკვე ყოფილი გენერალური პროკურორი, არასოდეს ყოფილა დაკავებული ბიზნესით, მაგრამ მისი შვილები _ არტიომი და იგორი, რუსეთში ყველაზე მსხვილ ბიზნესმენებად ითვლებიან. ამასთან, წლების განმავლობაში, ჩაიკა კრიმინალთან ხმალამოღებული მებრძოლის სახელით სარგებლობდა. 

ყველაფერი ეს იმიტომ მოგიყევით, რომ მიახლოებით მაინც აგვეხსნა, თუ რა გავლენით სარგებლობდა ჩაიკა. არანაკლები გავლენა ჰქონდა მის პირველ მრჩეველს, ნიკოლაი ატმონევს. უფრო მეტიც, ყველა ვარაუდობდა, რომ ჩაიკას პენსიაზე გასვლის შემდეგ, სწორედ ატმონევი დაიკავებდა მის ადგილს და ამისთვის თავად კოლიაც ემზადებოდა, თუმცა ყველაფერი თავდაყირა, სწორედ ვლადიმირ პუტინმა დააყენა. 

ჩაიკას გადაყენებისა და გენერალურ პროკურორად კრასნოვის დანიშვნის შემდეგ, ატმონევიც მოხსნეს, მაგრამ მოხსნას ვინ ჩივის, ახალი გენპროკურორის ინიციატივით, მასზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა და ახლა პროკურატურა იმას არკვევს, დაეხმარა თუ არა ატმონევი... შაქრო კალაშოვს მოსკოვის ორი კაზინოს ხელში ჩაგდებაში, მონაწილეობდა თუ არა ცნობილი მოქანდაკის, ზურაბ წერეთლის იურისტის მკვლელობაში და იცოდა თუ არა რამე, თბილისში გატაცებული და შემდეგ მოკლული ბიზნესმენის შესახებ. 

დიახ, ეს საქმე, რომელიც ძალიან მჭიდროდ უკავშირდება საქართველოს, სწორედ ახლა აღძრეს და ბევრი ვარაუდობს, რომ ატმონევი მალე გენპროკურორის სავარძლის ნაცვლად, გისოსებს მიღმა აღმოჩნდება. 

ერთი შეხედვით, ყველასგან მივიწყებული საქმე მას შემდეგ გაცოცხლდა, რაც ახალ წელს, რუსეთში, ვინმე კარლენ აზიზბეკიანი დაბრუნდა. აზიზბეკიანი ჩვენთვის არის ვინმე, თორემ რუსეთში, როგორც პოლიტიკური, ისე კრიმინალური წრეებისთვის, ძალიან ცნობილი პირია. სწორედ მან შეიტანა სარჩელი ატმონევის წინააღმდეგ და ისეთი დოკუმენტაცია წარადგინა, რუსეთის გენერალური პროკურატურა იძულებული გახდა, საქმე აღეძრა. როგორც ამბობენ, ყველაფერი ეს, ატმონევისთვის კარგად არ დასრულდება და უფრო მეტიც, შესაძლოა, კალაშოვს სასჯელი დაუმატონ. 

ისტორია შორეულ 90-იანებში დაიწყო, როცა აზიზბეკიანი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ვიცე-პოლკოვნიკი გახლდათ. რუსეთში სათამაშო ბიზნესი, სწორედ 90-იანი წლების გარიჟრაჟზე დაიწყო და ამ საქმის პიონერები, ვინმე ალეს კრეინი და ლეონიდ ლანი იყვნენ. ალექს კრეინის ნამდვილი სახელი და გვარი ალექსანდრე არუთინოვი გახლავთ, ის თბილისშია დაბადებული. 

1980 წელს, არუთინოვმა, როგორღაც აშშ-ში წასვლა მოახერხა, იქ დარჩა და ალექს კრეინად იქცა. 

თავის მხრივ, ლეონიდ ლანის ნამდვილი სახელი და გვარი ლეონიდ კაპლანია. ის ნოვოსიბირსკში დაიბადა, აშშ-ს მანაც 1980 წელს მიაშურა, იქ დარჩა და ამ ორმა ადამიანმა, სწორედ იქ გაიცნო ერთმანეთი. 

ლანის წინააღმდეგ, აშშ-ის ფედერალურმა სამსახურმა სისხლის სამართლის საქმე 1994 წელს აღძრა და მას ბრალი „რუსულ მაფიასთან“ კავშირსა და სადაზღვეო თანხების გათეთრებაში დასდო. შედეგად, ლანმა გუდა-ნაბადი აიკრა და მოსკოვში დაბრუნდა. სწორედ აქ გაუჩნდა იდეა, კაზინო გაეხსნა და დახმარება აშშ-ში, კრეინს სთხოვა. იმ დროისთვის კრეინს ცოლად უკვე ლეინის ყოფილი მეუღლე, ვიქტორია ჰყავდა (?!) და, ასე ვთქვათ, მეგობრებს ერთგვარი „ნათესაური“ კავშირიც კი ჰქონდათ. 

ლანმა რუსეთში დააფუძნა ფირმა „ოპტიკალი“, რომლის 100%-იანი წლის მფლობელი კრეინი გახლდათ, პრეზიდენტად მისი ცოლი ვიქტორია დაინიშნა, ხოლო ლანმა რუსეთის ფედერაციაში, „ოპტიკალის“ ოფიციალური წარმომადგენლის მისია იტვირთა. სწორედ ამ ფირმამ შეისყიდა არცთუ ცნობილი კაზინო „გოლდენ პალასი“, რომელიც რეალურად, მოგებასაც არ იძლეოდა, რადგან ის სათამაშო სახლის ნაცვლად, კრიმინალური იერარქიის უმაღლეს საფეხურზე მდგომი პირების თავშეყრის ადგილი უფრო იყო და იქ სათამაშოდ მისვლა მდიდარ ადამიანებს არ სურდათ. 

ლანმა დახმარებისთვის, სწორედ აზიზბეკიანს მიმართა, აქაოდა, ეგებ კაზინოს დაცვა შენი დაცვის სამსახურმა იკისროსო. აზიზბეკიანი დასთანხმდა. ვიცე-პოლკოვნიკს თავისი დაცვის სამსახური ჰქონდა და სწორედ ეს სამსახური შევიდა „გოლდენ პალასში“ იმ იმედით, რომ იქიდან კრიმინალები წავიდოდნენ, მაგრამ ასე არ მოხდა. ამიტომ, აშშ-ში მყოფმა კრეინმა გადაწყვიტა, კიდევ ერთი კაზინო გაეხსნა და ლანს შესაბამისი შენობის პოვნა დაავალა. შესაფერისი შენობა კი ცნობილი მოქანდაკის, ზურაბ წერეთლის კუთვნილება აღმოჩნდა. 

ხანგრძლივი ვაჭრობის შემდეგ, წერეთელმა შენობის სანაცვლოდ, 13 მილიონი დოლარი და ახალი კაზინოს 10%-იანი წილი მიიღო. ახალ კაზინოს „კრისტალი“ დაარქვეს და ის მოსკოვის სავიზიტო ბარათად იქცა. შენობის რეკონსტრუქციასა და კაზინოდ გადაკეთებას, 50 მილიონი დოლარი დასჭირდა და ეს იმ დროისთვის კოლოსალური თანხა იყო, თუმცა როგორც ამბობენ, დანახარჯი ერთ წელიწადში ამოიღო სათამაშო სახლმა. 

შენობის დაცვისა და იქ კრიმინალების არშეშვების ვალდებულბით, 10%-იანი წილი ერგო აზიზბეკიანსაც, ლანსაც 10% შეხვდა, 70% კი კრეინის კუთვნილება გახლდათ. თითქოს ყველაფერი დალაგდა, მაგრამ ახალმა კაზინომ და კოლოსალურმა შემოსავალმა კრიმინალური სამყარო არ მოასვენა. საქმეში პირადად ჩაერთო შაქრო კალაშოვი. ის კრეინს ჯერ კიდევ თბილისიდან იცნობდა და შესაბამისად, მას წილი მოსთხოვა, რაზეც უარი მიიღო. 

2000 წელს, კალაშოვმა, კრეინი სასაუბროდ ძირძველ სამშობლოში, საქართველოში დაპატიჟა, შევხვდეთ, ვისაუბროთ და გადაწყვეტილება მივიღოთო. კრეინი თბილისში ჩამოვიდა, „შერატონ მეტეხი პალასში“ დაბინავდა და სწორედ იქიდან გაიტაცეს. გამტაცებლებმა, გამოსასყიდის სახით, ოჯახს 1.2 მილიონი დოლარი მოსთხოვეს, რაც სასაცილო თანხა იყო. 

მართალია, ეს თანხა ოჯახმა გადაიხადა, მაგრამ კრეინი არ გაათავისუფლეს და... მოკლეს. 

სხვათა შორის, ამ გატაცებისა და მკვლელობის გამო, კალაშოვს ქართულმა სასამართლომ დაუსწრებლად 18 წელი მიუსაჯა. 

სწორედ იმ დროს, როცა თბილისში კრეინი გაიტაცეს, მოსკოვის პროკურატურამ დაკითხვაზე აზიზბეკიანი დაიბარა. ის მიხვდა, რომ საქმეს ცუდი სუნი ასდიოდა და რუსეთის ფედერაცია დატოვა. 

კრიმინალებთან მოლაპარაკება სცადა ზურაბ წერეთელმა და მან შეხვედრაზე თავისი იურისტი, ვლადიმირ დუხნოვი გაუშვა, რომელსაც თან, წერეთლის 10%-იანი აქციების ორიგინალები ჰქონდა. მას შემდეგ დუხნოვი არავის უნახავს _ დღემდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება, ხოლო „კრისტალის“ აქციები, პრაქტიკულად, მთლიანად კრიმინალებისა და ლეინის ხელში გადავიდა. 

წერეთელმა თავისი წილის ძიებასა და კონფლიქტის გაღრმავებაზე უარი თქვა და 10%-იანი წილი აღარც მოუკითხავს. 

ახლა იკითხავთ, რა კავშირი აქვს ყველაფერამასთან ნიკოლაი ატმონევსო? საქმე ის გახლავთ, რომ სწორედ ატმონევი იყო განსაკუთრებულ საქმეთა გამომძიებელი და აღნიშნულ საქმესაც ის უძღვებოდა. როგორც აზიზბეკიანის საჩივრიდან ირკვევა, სწორედ ატმონევმა გაუკეთა ორგანიზება იმ შეხვედრას, რომლის შემდეგაც დუხნოვი გაქრა, სწორედ ატმონევმა დააჯერა კრეინი, რომ თბილისში ჩასვლა და კალაშოვთან მოლაპარაკება უსაფრთხო იქნებოდა და სწორედ ამ საქმის ჩაფარცხვის შემდეგ დაიწყო ატმონევის კარიერული წინსვლა. 

უფრო მეტიც, ატმონევმა, აზიზბეკიანი დაზარალებულის ნაცვლად, ბრალდებულად სცნო და მასზე ძებნა გამოაცხადა ანუ საქმის მასალებით ისე გამოვიდა, რომ აზიზბეკიანმა კრიმინალებს ომი გამოუცხადა, კაზინოში საკუთარი წილი არ დათმო და ამის გამო, სახელმწიფომ მისი დევნა დაიწყო. 

რაც მთავარია, ეს დევნა 2020 წლის 1 იანვარს, ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო გაუქმდა, თორემ აქამდე აზიზბეკიანი, ოფიციალურად ძებნილად ითვლებოდა და მას რუსი სამართალდამცავები ინტერპოლის წითელი ცირკულარით ეძებდნენ. 

„იმედი მაქვს, სამართალი ახლა მაინც იზეიმებს. ჩვენ არაფრისგან შევქმენით ბიზნესი, დავასაქმეთ 5 ათასამდე ადამიანი და მადლობის ნაცვლად, ჩვენი გუნდის დიდმა ნაწილმა შუბლში ტყვია მიიღო. 

კრიმინალების გარდა, ამ საქმის მთავარი მონაწილე ატმონევია და მე ამას დავამტკიცებ“, _ აცხადებს აზიზბეკიანი და ის, რომ მისი სარჩელის შემდეგ, ატმონევს ფედერაციის საზღვრების დატოვება ოფიციალურად აეკრძალა, ბევრ რამეზე მეტყველებს.

ბათო ჯაფარიძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში