Menu
RSS

დოდო გუგეშაშვილის შვილის შეკვეთილი მკვლელობიდან _ 65 წლის კაცის მიერ შშმ პირის გაუპატიურებამდე

სამი უმძიმესი დანაშაული, რომელმაც საქართველო შეძრა

სხვა კვირეების დარად, გასული კვირაც დატვირთული იყო კრიმინალური ამბებით, მაგრამ სამი მათგანი მაინც გამორჩეულია: დოდო გუგეშაშვილის მკვლელობის მცდელობისა და მისი შვილის მკვლელობის ბრალდებით, სამართალდამცავებმა ზაზა მურჯიკნელი დააკავეს და ბრალიც ოფიციალურად წაუყენეს. მართალია, თავად მურჯიკნელი ყველაფერს უარყოფს, მაგრამ ბრალდება აცხადებს, ვიდეო და აუდიო ჩანაწერები გვაქვს და ბრალს ადვილად დავამტკიებთო. ბათუმში გაქურდული მირქმის სახელობის ტაძარი, საიდანაც ფული და თაფლი მოიპარეს, ცალკე თემაა. მორალურად კი, ძალიან ამაზრზენი რამ მოხდა ზუგდიდში: დააკავეს 65 წლის მამაკაცი, რომელსაც მეზობლის, 22 წლის გოგონას გაუპატიურება ედება ბრალად და... დაზარალებული შშმ პირია. სამართალდამცავთა ცნობით, სავარაუდო მსხვერპლისა და ბრალდებულის ახლობლების დაპირისპირების თავიდან არიდების მიზნით, პოლიციამ პრევენციული ღონისძიებები გაატარა. ადმინისტრაციული წესით, დაკავებულია 3 პირი ანუ ადვილად შესაძლებელი იყო, გოგონას ოჯახის წევრები მამაკაცს გასწორებოდნენ, მით უმეტეს, რომ ისინი მეზობლები არიან.

საინტერესოა, რა ხდება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, როცა პატიმარი შეკვეთილი მკვლელობის, გაუპატიურებისა (მითუმეტეს, შშმ პირის) და ეკლესიის გაქურდვის ბრალდებით ხვდება. 

პირველით დავიწყოთ: ზოგადად, ძალიან ძნელია ქილერის დაკავება. უმრავლეს შემთხვევაში, ქილერებს სამუდამო პატიმრობას უსჯიან და ასეთ დროს, პატიმარს ღია, ან ნახევრად ღია სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხვედრის შანსი არ აქვს. ის სამარტოო საკანში ითვლის დღეებს და მასთან შეხება მხოლოდ ბადრაგს აქვს. 

შეკვეთილ მკვლელობაში ეჭვმიტანილები, სასამართლო პროცესის მიმდინარეობის დროსაც ცალკე, სამარტოო საკანში არიან, რადგან ძალიან დიდია იმის ალბათობა, რომ მას სხვა პატიმრები ფიზიკურად გაუსწორდნენ. ამიტომ, შეიძლება ითქვას, რომ ამ სამეულიდან, ყველაზე მეტად, სწორედ ქილერებს „უმართლებთ“, რადგან ისინი რიგით პატიმრებთან არ ხვდებიან. 

 

* * * 

პატიმართა უდიდესი ნაწილი ღმერთს სწორედ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პოულოს და იქ იწყებს ეკლესიურ ცხოვრებას _ ლოცვებს კითხულობს, მარხულობს, რწმენაში შედის და ღმერთის იმედად არის. აი, ასეთ დროს, ეკლესიის ქურდობისთვის მსჯავრდებული პატიმარი რომ მიჰყავთ, სასამართლოს განაჩენზე ბევრად მკაცრი, თავად პატიმრების განაჩენია. გამორიცხულია, რომ ეკლესიის გაქურდვისთვის მსჯავრდებული პატიმარი სხვა, რიგით პატიმრებთან ერთად იხდიდეს სასჯელს. საუკეთესო შემთხვევაში, მას „კაზლიატნიკში“ უშვებენ ანუ იმ საკანში, სადაც „ზონის“ „მუშახელი“ ცხოვრობს. როცა პატიმარს ოფიციალურად აქვს „კაზიოლის“ ტიტული, ის გამორჩეული იმითაც გახლავთ, რომ შარვლის ტოტებზე სპეციალური ლენტი უკეთია. „კაზიოლები“ „ზონაზე“, თითქმის ყველა შავ სამუშაოს ასრულებენ, გარდა ტუალეტების დასუფთავებისა და ტერიტორიის დალაგება-დაწმენდისა, ეს „ქათმების“ საქმეა. 

ჰოდა, იმას გეუბნებოდით, საუკეთესო შემთხვევაში, ეკლესიის ქურდი „კაზლიატნიკში“ ხვდება-თქო, თორემ ისეც არის, რომ მათ პირდაპირ „საქათმეში“ უშვებენ. 

* * * 

თუ ეკლესიის გაქურდვის შემდეგ, პატიმარს გადარჩენის შანსი აქვს ანუ შეიძლება „საქათმეში“ არ მოხვდეს, გაუპატიურების ბრალდებით სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შესული პატიმარი უშანსოდაა. მას ასიდან ასივე შემთხვევაში, „საქათმეში“ გამწესება ელის და იქ აჩვენებენ, რას ნიშნავს გაუპატიურება და როგორია, როცა ძალადობენ. 

შესაძლოა, ვინმე არ დაგვეთანხმოს და თქვას, კონკრეტულ პირს სასამართლომ უკვე განუსაზღვრა სასჯელი და პატიმრებს უფლება არ აქვთ, საკუთარი სამართალი დააწესონო, მაგრამ აბა, წამით დაფიქრდით და წარმოიგინეთ, რომ ასეთი რამ თქვენს ახლობელს, თქვენი ოჯახის წევრს გაუკეთეს?! 

სასამართლოს მიერ შეფარდებული 7 წელი, ხომ ძალიან უმნიშვნელო სასჯელად მოგეჩვენებათ და იტყვით, დამნაშავე ბევრად მეტს იმსახურებდაო?! ეს „ბევრად მეტი“ კი, სწორედ სასჯელაღსრულების დაწესებულების „საქათმეში“ მოხვედრაა. „კაზიოლებისგან“ განსხვავებით, „საქათმის“ ბინადრებს ლენტი მკლავზე უკეთიათ ანუ ყველა პატიმარმა უნდა იცოდეს, თვალის ერთი შევლებით, ყველამ უნდა იცნოს „ქათამი“. 

სხვათა შორის, ურიგო არ იქნება, თუ მოძალადეები, განსაკუთრებით ისინი, რომლებიც არასრულწლოვნებზე ძალადობენ, გათავისუფლების შემდეგ, ასეთი ლენტებით თუ არა, სპეციალური სამაჯურებით მაინც ივლიან და სამართალდამცავები მათ გადაადგილებას მუდმივად გააკონტროლებენ. ისიც აუცილებელია, რომ თუ არასრულწლოვანზე ძალადობისთვის, ერთსა და იმავე პირს მეორედ დააკავებენ, მას სამუდამო პატიმრობა მისცენ, რადგან არასრულწლოვანზე ორჯერ ძალადობა, უკვე დანაშაული კი არა, დიაგნოზია და უმკაცრესად უნდა დაისაჯოს. 

ვერ გეტყვით, რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო დაკავებულების მიმართ, მაგრამ წინასწარი ვარაუდით, თუ მურჯიკნელს ბრალდება დაუმტკიცდა, სამუდამო პატიმრეობას ვერ გადაურჩება. გაუპატიურებისთვის ბრალდებულს, მაქსიმუმ, შვიდ წელს მიუსჯიან, ხოლო ეკლესიის ქურდობა, უდიდესი ალბათობით, 4-დან 5 წლამდე პატიმრობით შეფასდება. არადა, რეალურად რომ ვიმსჯელოთ, სამივე დანაშაული, როგორც მორალური, ისე ფიზიკური თვალსაზრისით, უმძიმესია და სისხლის სამართლის კოდექსიც ცოტა გასამკაცრებელია. 

როცა ვამბობთ, რომ საქართველომ მეტი ლოიალობა უნდა გამოიჩინოს ნარკო და არასრულწლოვანთა მიერ ჩადენილი დანაშაულის მიმართ, ისიც ვთქვათ, რომ უმძიმესი დანაშაულები უმკაცრესად უნდა დაისაჯოს და სასჯელი, დღევანდელ რეალობაზე მეტად, მძიმე უნდა იყოს. 

არ შეიძლება, გაუპატიურებისთვის „პატალოკი“ შვიდი წელი იყოს და ისიც გემახსოვრებათ, მოსამართლე შუაზე რომ „გასკდა და გაიფხრიწა“, მაგრამ სწორედ კანონის გამო, 45 არასრულწლოვან ბიჭთან გარყვნილი ქმედებისთვის დაკავებულ პირს, 9 წელზე მეტი ვერანაირად მიუსაჯა. ამიტომ ვამბოთ, რომ მძიმე დანაშაულები, მძიმე სასჯელით უნდა ფასდებოდეს. 

* * * 

2008 წელს, რუსეთში გიორგი კუბლაშვილი დააკავეს. მას სასამართლომ 19-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა, მაგრამ 2018 წელს, მას შემდეგ, რაც კუბლაშვილმა 10 წელი მოიხადა, სასამართლომ მის საქმეს ახლიდან გადახედა და პირდაპირ დარბაზიდან გაათავისუფლა. მაშინ სამართალდამცავები უკმაყოფილებას არ მალავდნენ, რადგან ამბობდნენ, რომ ციხეში კუბლაშვილი „კანონიერი ქურდი“ გახდა და თავისუფლებაზე უფრო მეტ პრობლემას შექმნიდა. მეტიც, ისინი სასამართლოს კორუმპირებულობაში სდებდნენ ბრალს და აცხადებდნენ, რომ მოსამართლემ ასეთი გადაწყვეტილება უანგაროდ არ მიიღო. როგორც ჩანს, სამართალდამცავებმა თავისი მაინც გაიტანეს და გასულ კვირას, კუბლაშვილზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდა. ძალოვნები მას „კანონიერი ქურდის“ სტატუსის გამო ეძებენ და, როგორც ამბობენ, ზუსტად იციან, რომ ის ქვეყნიდან არ გასულა და მისი დაკავების იმედიც აქვთ.

ბათო ჯაფარიძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში