Menu
RSS

ბატიაშვილი სკოლებში ჩაშლილი ტენდერების გამო მოხსნეს?!

განათლების უწყების გაუხმაურებელი კორუფციული ფაქტები და დასჯილი ექსმინისტრი

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ მან, 7 ნოემბერს გამართულ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, მინისტრის სავარძელი საკუთარი სურვილით დატოვა და იმედი გამოთქვა, რომ ამას პოლიტიკური სპეკულაციები არ მოჰყვება. მეტიც, პოსტის დატოვებასთან დაკავშირებით, ექს-მინისტრს კონსულტაციები პრემიერ-მინისტრთანაც ჰქონდა. ფაქტია, რომ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის თანამდებობა ახლა უკვე ვაკანტურია. „ჰოთნიუსის“ ინფორმაციით, ბატიაშვილის გადადგომა იმ შესაძლო კორუფციულ რისკებს უკავშირდება, რაც მიმდინარე წელს, საჯარო სკოლების სარემონტო სამუშაოებში გამოიკვეთა.

მართალია, მედია მიხეილ ბატიაშვილის გადადგომას ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლაში ჩატარებულ შიდააუდიტსა და სკოლის დირექტორის _ ია კერზაიას ტრაგიკული გარდაცვალების ფაქტს უკავშირებს, მაგრამ „ჰოთნიუსის“ ინფორმაციით, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი იმ სკანდალს შეეწირა, რაც მიმდინარე წელს, საჯარო სკოლების სარემონტო სამუშაოებს მოჰყვა. ფაქტია, რომ ბატიაშვილს მენეჯერული თვისებები არ აღმოაჩნდა, შესაბამისად, საჯარო სკოლების სარემონტო სამუშაოებზე ტენდერი გვიან გამოცხადდა, ხოლო ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიებმა სკოლების რემონტი დროულად ვერ დაასრულეს და საქართველოს მასშტაბით, 19 საჯარო სკოლაში, მათ შორის, 9 _ რეგიონში, ხოლო 10 _ თბილისში, სასწავლო პროცესი გვიან დაიწყო. 19 საჯარო სკოლაში სწავლის გადადების გამო, ბატიაშვილმა მიმდინარე წლის 13 სექტემბერს სპეციალური ბრძანებაც გამოსცა და ამ დაწესებულებებში, 2019-2020 სასწავლო წლის დაწყების თარიღებად 23 და 30 სექტემბერი განსაზღვრა. სასწავლო პროცესის დაწყების დაგვიანების მიზეზი, ტენდერში გამარჯვებული სამშენებლო კომპანიების მიერ არასწორად, ან არაგონივრულ ვადებში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოები იყო. თუმცა ცოდვა გამხელილი სჯობს _ ბიუროკრატიული პროცედურების (ტენდერის გამოცხადებისა და დასრულების თარიღები, ხელშეკრულების გაფორმება გამარჯვებულ კომპანიასთან) გამო, კომპანიებმა 19 საჯარო სკოლის რემონტი გვიან _ ივლისის ბოლოს და აგვისტოს დასაწყისში დაიწყეს და 13 სექტემბრამდე ამიტომაც ვერ დაასრულეს. 

„ჰოთნიუსი“ დაინტერესდა, კონკრეტულად, რომელმა კომპანიებმა გაიმარჯვეს ტენდერში. თბილისის საჯარო სკოლებთან დაკავშირებით, ინფორმაცია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის სააგენტომ მოგვაწოდა, ხოლო რეგიონებში არსებული სკოლების შესახებ ინფორმაცია, კონკრეტული მუნიციპალიტეტებიდან მოვიპოვეთ. 

დავიწყოთ თბილისის საჯარო სკოლებით: #122 საჯარო სკოლის ტენდერში გაიმარჯვა შპს „დიკა 2010“-მა, რომელთანაც პირველი ტენდერი შეწყდა. ხელშეკრულების მიხედვით, სამუშაოების დასრულების თარიღი 20 ნოემბერია; #130 საჯარო სკოლის ტენდერშიც შპს „დიკა 2010“-მა გაიმარჯვა, არაჯეროვნად შესრულებული სამუშაოების გამო, ტენდერი შეწყდა, ხოლო სარემონტო სამუშაოებს შპს „ჯი ინ შაათი“ აგრძელებს. ხელშეკრულებით, სამუშაოების დასრულების თარიღი 17 ნოემბერია; #145 საჯარო სკოლის ტენდერშიც შპს „დიკა 2010“-ია გამარჯვებული, აქაც, არაჯეროვნად შესრულებული სამუშაოების გამო, ტენდერი შეწყდა, ხოლო რემონტს შპს „ჯი ინ შაათი“ აგრძელებს. ხელშეკრულებით, სამუშაოების დასრულების თარიღი 17 ნოემბერია; #60 საჯარო სკოლის ტენდერში გამარჯვებულია შპს „სინერჯი სისტემს“, ხოლო ხელშეკრულებით, სამუშაოები 3 ოქტომბერს დასრულდა; #149 საჯარო სკოლის ტენდერში შპს „რუმსმა“ გაიმარჯვა და სარემონტო სამუშაოები 30 სექტემბერს დასრულდა, თუმცა კომპანიას საჯარიმო სანქციები დააკისრეს; #177 საჯარო სკოლის ტენდერში შპს „ალიანსმა“ გაიმარჯვა, აქ სამუშაოები 8 ნოემბერს დასრულდება; #191 საჯარო სკოლის ტენდერში გაიმარჯვა შპს „დიკა 2010“-მა, სარემონტო სამუშაოები კი 20 ნოემბერს უნდა დასრულდეს; #208 საჯარო სკოლის ტენდერშიც შპს „დიკა 2010“-ია გამარჯვებული და ამ სკოლის რემონტიც 20 ნოემბერს დასრულდება. 

მართალია, ზოგიერთ სკოლაში რემონტი ოქტომბერში დასრულდა, ხოლო ზოგან ახლაც გრძელდება და ნოემბერში უნდა დასრულდეს, თუმცა „ჰოთ ნიუსს“ სამინისტროში განუმარტეს, რომ ეს სამუშაოები სასწავლო პროცესს ხელს არ შეუშლის. 

ვნახოთ, რა ვითარებაა რეგიონებში: ტყიბულის მუნიციპალიტეტიდან „ჰოთ ნიუსს“ აცნობეს, რომ სოფლების _ მუხურისა და ძმუისის საჯარო სკოლების ტენდერში შპს „ლედამშენმა“ გაიმარჯვა, ორივე სკოლაში სასწავლო პროცესი მინისტრის #1151 ბრძანებით განსაზღვრულ ვადებში _ 23 და 30 სექტემბერს განახლდა. თუმცა მნიშვნელოვანი ისაა, რომ ხელშეკრულებაში აღნიშნული ვადების დარღვევის გამო, ტყიბულის მუნიციპალიტეტმა შპს „ლედამშენი“ დააჯარიმა. ამ კომპანიას საჯარიმო სანქციები 22 აგვისტოდან დაერიცხა; ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხალას საჯარო სკოლის ტენდერში შპს „მშენებელი 777-7“-მა გაიმარჯვა, მაგრამ სასწავლო პროცესის გადადების მიუხედავად, ამ კომპანიას ვადები არ დაურღვევია; გორის #4 საჯარო სკოლის ტენდერში შპს „გრანდენმა“ გაიმარჯვა, ამ კომპანიას ვადები არ დაურღვევია და ამიტომ არც დაუჯარიმებიათ; ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩამდურის საჯარო სკოლის ტენდერში გამარჯვებულია ინდ.მეწარმე „აღვან ქოსიანი“. როგორც ახალქალაქის მუნიციპალიტეტიდან „ჰოთ ნიუსს“ აცნობეს, სკოლას კაპიტალური რემონტი ჩაუტარდა, მაგრამ კომპანიას სამშენებლო ვადები არ დაურღვევია და შესაბამისად, არც დაუჯარიმებიათ; გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახის საჯარო სკოლის ტენდერში შპს „გუგა 2001“-მა გაიმარჯვა, ვადები არც ამ კომპანიას დაურღვევია და მუნიციპალიტეტს არ დაუჯარიმებია; დედოფლისწყაროს #1 საჯარო სკოლის ტენდერში „აისი დეველოპმენტმა“, ხოლო სოფელ ხორნაბუჯის საჯარო სკოლის ტენდერში _ შპს „ბაბილომ“ გაიმარჯვა. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტიდან „ჰოთნიუსს“ აცნობეს, რომ ვადები „ბაბილომ“ დაარღვია და ამიტომ ეს კომპანია დაჯარიმდა; ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხრამუხის საჯარო სკოლის ტენდერში შპს „აკვედუკმა“ გაიმარჯვა, კომპანიას ვადები არ დაურღვევია და არ დაუჯარიმებიათ. 

ფაქტია, რომ სარემონტო სამუშაოების დაგვიანების გამო, მხოლოდ ორი სამშენებლო კომპანია დაჯარიმდა! დანარჩენ 17 შემთხვევაში, კომპანიები არ დაუჯარიმებიათ, რადგან ტენდერი გვიან გამოცხადდა, ხელშეკრულება გვიან გაფორმდა, რის გამოც რემონტი გვიან დაიწყო, რაც ცხადია, ასევე გვიან დასრულდა! სპეციალისტების მოსაზრებით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ამგვარი მიდგომა კორუფციის რისკს აჩენს ანუ ლოგიკურად ჩნდება კითხვა, ჰქონდა თუ არა ამ სამუშაოების ზედამხედველს რაიმე ინტერესი, როდესაც ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, კომპანია არ დააჯარიმა?! ნებისმიერ შემთხვევაში, ეს ფაქტი შესაბამისმა უწყებებმა უნდა გამოიძიონ და სკოლებში სარემონტო სამუშაოების დაგვიანების მიზეზები ობიექტურად შეისწავლონ! 

მაშინ, როდესაც მთავრობის პრიორიტეტი განათლებაა, ამ უწყების ხელმძღვანელმა, როგორც მინიმუმ, იმდენი მაინც უნდა მოახერხოს, რომ სასაწავლო პროცესის დაწყების წინ, მოსახლეობა არ გააღიზიანოს. იმ ფაქტს, რომ მმართველ პარტიაში ბატიაშვილს, სწორედ მენეჯერული თვისებები დაუწუნეს, რამდენიმე დეტალი ამყარებს: მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრის პოსტზე წარადგინეს, გიორგი გახარია პირველად, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეწვია. გარდა ამისა, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, 6 ნოემბერს, პარტია „ქართულ ოცნებაში“ გამართულ შეხვედრაზე, პარტიის ლიდერმა თანაგუნდელები დატუქსა და კულუარული ინფორმაციით, „მიჭირხვნა“ კიდეც. 7 ნოემბერს კი, მიხეილ ბატიაშვილმა თანამდებობა დატოვა, უფრო ზუსტად, დაატოვებინეს.

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში