Menu
RSS

სკანდალი: სახელმწიფო აუდიტი პროკურატურას 33 სახელმწიფო უწყებაზე გამოძიების დაწყებას სთხოვს

კორუფცია და ფინანსური გაფლანგვები _ რომელ უწყებებზე აღიძვრება სისხლის სამართლის საქმეები

2 ოქტომბერს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსმა ერეკლე მექვაბიშვილმა, პარლამენტს 2018 წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა. ვრცელი, 112-გვერდიანი ანგარიშის მოკლე რეზიუმე ასეთია: შარშან, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა აუდიტის 90 ანგარიში მოამზადა, აქედან 25 _ ფინანსური, 53 _ შესაბამისობისა და 12 ეფექტიანობის აუდიტი იყო. მათი აბსოლუტური უმრავლესობა ,,ვერსიაში'' დეტალურად განვიხილეთ. რაც შეეხება უწყების ბიუჯეტს, 2018 წლის ბიუჯეტიდან, სახელმწიფო აუდიტის სამსახურს 14 500 000 ლარი გამოუყვეს, რომლის 88% უწყების თანამშრომელთა შრომის ანაზღაურებაზე გაიხარჯა. ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ 2018 წელს, სამართალდამცავ ორგანოებში ერეკლე მექვაბიშვილის უწყებამ 33 ანგარიში გადააგზავნა, საიდანაც 23 _ საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში გამოვლენილ დარღვევებს ეხებოდა.

ფინანსური აუდიტის შედეგები 

2018 წელს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ფინანსური აუდიტის 25 ანგარიში გამოაქვეყნა. სამწუხაროდ, საბიუჯეტო ორგანიზაციებში, ინფორმაციის აღრიცხვა-ანგარიშგების მხრივ, სისტემური ხარვეზები ფიქსირდება. კერძოდ, ამა თუ იმ საბიუჯეტო ორგანიზაციაში, ხანდაზმული და გაურკვეველი წარმოშობის დებიტორულ/კრედიტორული დავალიანებები; აქტივების აღრიცხვა/შეფასება; გამართული და რეგულარული ინვენტარიზაციის ჩატარება _ მთავარ გამოწვევად რჩება და დარღვევებიც ამ ნაწილში გვხვდება. 

კერძოდ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს აპარატის 2017 წლის ფინანსურ აუდიტში აღნიშნულია, რომ 1997-2008 წლებიდან, უწყების ბალანსზე ირიცხება 193 მილიონი ლარის დებიტორული დავალიანება, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილი საინვენტარიზაციო კომისიის მიერ სათანადო შესწავლის შემდეგ, სავარაუდოდ, ჩამოწერას დაექვემდებარება. 

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს 2017 წლის ფინანსური აუდიტის მიხედვით, სამინისტროს ბალანსზე 2004-2010 წლებიდან, 5 300 000 ლარის ლარის ღირებულების დებიტორული დავალიანება ირიცხება, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილი საინვენტარიზაციო კომისიის მიერ სათანადო შესწავლის შემდეგ, სავარაუდოდ, ჩამოწერას დაექვემდებარება. 

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) 2017 წლის ფინანსური ანგარიშგების აუდიტის მიხედვით, 1996-2003 წლებიდან, ცესკოს ფინანსურ ანგარიშგებაში 3 მილიონი ლარის ღირებულების კრედიტორული დავალიანება ირიცხება, რომლის მაიდენტიფიცირებელი პირველადი დოკუმენტაცია ცესკოში არ იძებნება. შესაბამისად, საინვენტარიზაციო კომისიის მიერ სათანადო შესწავლის შემდეგ, ეს დავალიანებაც ჩამოიწერება. 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2017 წლის ფინანსური აუდიტის მიხედვით, ამ უწყების კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაში, 1997-2007 წლებიდან, 1 მილიონი ლარის ღირებულების კრედიტორული დავალიანება ირიცხება, რომლის მაიდენტიფიცირებელი პირველადი დოკუმენტაცია სამინისტროში არ იძებნება. შესაბამისად, საინვენტარიზაციო კომისიის მიერ სათანადო შესწავლის შემდეგ, ეს დავალიანებაც ჩამოიწერება. 

ამავე სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის (სსიპ) „აწარმოე საქართველოში“ ფინანსურ ანგარიშგებაში, მოთხოვნების მუხლში არ არის ასახული 315 000 ლარის ოდენობის მოთხოვნა 46 ბენეფიციარის მიმართ, რომლებმაც არ შეასრულეს ხელშეკრულების პირობები და მათზე გაცემული თანხები სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა დაბრუნდეს! 

შესაბამისობის აუდიტები 

2018 წელს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შესაბამისობის აუდიტის 53 ანგარიში გამოაქვეყნა. ცხადია, ხარვეზები ამ ანგარიშებშიც გვხვდება, კერძოდ, 2017 წელს, სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურმა, სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის მიზნით გამოცხადებულ ტენდერში, სავარაუდო ღირებულებით _ 1 200 000 ლარი, სამუშაოთა დასრულების ვადად 90 დღე და არანაკლებ _ 7 მილიონი ლარის შესრულებული სამუშაოების გამოცდილების მოთხოვნა განსაზღვრა. ტენდერში მხოლოდ ერთი პრეტენდენტი მონაწილეობდა, რომელთანაც 1 200 000 ლარზე, ხელშეკრულება გაფორმდა, სამუშაოები კი 170 დღეში დასრულდა. სამსახურის მიერ საკვალიფიკაციო მოთხოვნების სწორად განსაზღვრის შემთხვევაში, შესაძლოა, ამ ტენდერში სხვა პრეტენდენტებსაც მიეღოთ მონაწილეობა და შესყიდვა შედარებით ეკონომიურად განხორციელებულიყო. 

სსიპ შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ განხორციელებული ხარჯვითი და არაფინანსური აქტივებით ოპერაციების 2015-2017 წლების შესაბამიბოსის აუდიტის მიხედვით, უნივერსიტეტმა დიმიტრი ალექსიძის სახელობის სასწავლო თეატრის მოწყობისა და აღჭურვის სამუშაოების შესასყიდად, ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო დოკუმენტაციით, პრეტენდენტების სამუშაო გამოცდილების მიმართ განისაზღვრა არაპროპორციული საკვალიფიკაციო მოთხოვნები; სატენდერო კომისიამ არასამართლიანად მისცა უმცირესი ფასის მქონე პრეტენდენტს დისკვალიფიკაცია; შესყიდვის პროცესის სხვადასხვა ეტაპზე სატენდერო კომისიაში ექსპერტის სახით მოწვეულ პირს წარმოეშვა ინტერესთა კონფლიქტი. სატენდერო დოკუმენტაციით, არაპროპორციულმა, ერთ კონკრეტულ კომპანიაზე მორგების რისკის შემცველმა საკვალიფიკაციო მოთხოვნამ და პრეტენდენტის არასამართლიანმა დისკვალიფიკაციამ განაპირობა სატენდერო პროცედურებში მაღალი ფასის წინადადების მქონე კომპანიის გამარჯვება. 

შპს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების'' 2017 წლის შესაბამისობის აუდიტის მიხედვით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთა სახმელეთო ტრანსპორტირებაზე გამოცხადებულ აუქციონთან დაკავშირებით, შესაბამის ვებგვერდზე არ იყო გამოქვეყნებული აუქციონის დეტალური პირობები, რითაც დაირღვა აუქციონის ჩატარების მნიშვნელოვანი პრინციპები _ საჯაროობა და გამჭვირვალობა. კომპანია, რომელიც აუქციონში გამარჯვებულად გამოცხადდა, ვერ აკმაყოფილებდა აუქციონის პირობას, რადგან არ ჰქონდა მუშაობის, მინიმუმ, ორწლიანი გამოცდილება. ამასთან, ხელშეკრულებით განსაზღვრული 7 მიმართულებიდან, კომპანია ასრულებდა მხოლოდ 3 მიმართულებას _ თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის მიმართულებებით, ხოლო მგზავრები გუდაურიდან, ბაკურიანიდან, მესტიიდან და ზუგდიდიდან _ ქუთაისში და შემდეგ პირიქით, არ გადაჰყავდა. შესაბამისად, როგორც საქართველოს მოსახლეობისთვის, ასევე ტურ-ისტებისთვის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტამდე ან/და დანიშნულების ადგილამდე ტრანსპორტირება გართულებული იყო. ხელშეკრულების სხვა პირობების, კერძოდ, ინფორმაციის წარდგენასა და საფასურის გადახდაზე ხელშეკრულებით დადგენილი ვადების დარღვევის მიუხედავად, შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება'', კომპანიას არ არიცხავდა პირგასამტეხლოს _ 171 500 ლარის ოდენობით. 

შპს „საქართველოს ფოსტის'' 2017 წლის შესაბამისობის აუდიტის მიხედვით, ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ'' საქართველოს კანონის მოთხოვნების მიუხედავად, სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმის მომზადებისას, კომპანიაში სათანადოდ არ იყო გათვალისწინებული შესყიდვის განხორციელების აუცილებლობა, მისაწოდებელი საქონლის რაოდენობა, შესასრულებელი სამუშაოს ან გასაწევი მომსახურების მოცულობა. ამას ის ფაქტიც მოწმობს, რომ 2017 წლის გეგმა 76-ჯერ შეიცვალა. გარდა ამისა, გეგმა საბოლოოდ დაზუსტდა 2017 წლის 21 დეკემბერს და ითვალისწინებდა 18 400 000 ლარის ღირებულების შესყიდვების განხორციელებას, თუმცა ფაქტობრივმა ხარჯმა 11 800 000 ლარი ანუ 64% შეადგინა. 

რაც შეეხება საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტების შესაბამისობის აუდიტებს, 2018 წლის აუდიტის ანგარიშის მიხედვით, საკმაოდ სერიოზული დარღვევები გამოვლინდა ბათუმის, ხულოს, ხელვაჩაურის, ფოთის, ლენტეხის, სამტრედიის, ონის, წალენჯიხის, ხობის, ცაგერის, რუსთავის, კასპის, თიანეთის, ბაღდათის, საგარეჯოს, აბაშის, ჩოხატაურის, ოზურგეთის, ქობულეთისა და ჭიათურის მუნიციპალიტეტებში. 

პროკურატურაში გადაგზავნილი 33 ანგარიში 

2018 წელს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა პროკურატურაში, ფინანსური და შესაბამისობის აუდიტის 33 ანგარიში გადააგზავნა. ,,ვერსიაში'' ეს ანგარიშები დეტალურად განვიხილეთ, თუმცა აღსანიშნავი ისაა, რომ ამ 33 ანგარიშიდან 23 _ საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში გამოვლენილ დარღვევებს ეხება. კანონის მიხედვით, თუ სახელმწიფო აუდიტის დასკვნაში კორუფციის, თაღლითობისა და სისხლის სამართლის სხვა ტიპის დანაშაულებრივი ნიშნები იკვეთება, რაც სახელმწიფო აუდიტორის კომპეტენციის ფარგლებს სცდება, შემდგომი რეაგირების მიზნით, სამართალდამცავ სტრუქტურაში იგზავნება. ამის შემდეგ, პროკურატურამ დეტალურად უნდა განიხილოს ანგარიში, ხოლო სისხლის სამართლის დანაშაულის შემცველ ფაქტზე შესაბამისი რეაგირება განახორციელოს. 

ფაქტია, რომ შარშან, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა პროკურატურას 33 ანგარიში გადაუგზავნა, სამართალდამცავი სტრუქტურის რეაგირება კი ჯერ არსად ჩანს. სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, რომელიც ძლიერი და დამოუკიდებელი სტრუქტურაა, ზედამხედველობას საქართველოს პარლამენტი უწევს. შესაბამისად, დეპუტატები კარგად უნდა იცნობდნენ იმ 90-ვე ანგარიშს, რომელიც ამ უწყებამ გასულ წელს გამოაქვეყნა. მეტიც, კანონმდებლებმა ისიც კარგად უნდა იცოდნენ, რომ პროკურატურაში გადაგზავნილ აუდიტის დასკვნებს დროული რეაგირება სჭირდება. ამიტომ, ერეკლე მექვაბიშვილის ანგარიშის მოსმენის შემდეგ, გაცილებით სამართლიანი იქნება, თუ პარლამენტში მთავარ პროკურორს დაიბარებენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისეთი შტაბეჭდილება რჩება, თითქოს პროკურატურას ,,აწყობს'' კიდეც, რეაგირების გარეშე, თაროზე შემოდებული 33 ანგარიში, რადგან თუკი ამ ანგარიშებში რომელიმე მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელის ბრალეულობა იკვეთება, პასუხს ამ დანაშაულზე, დაახლოებით, 10-12 წლის შემდეგ იმის მიხედვით მოსთხოვენ, გადაწყვეტს თუ არა ოპოზიციაში წასვლას, ან პარტიის შექმნას. დიახ, სწორედ ისე, როგორც მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს მოექცნენ, რომლებსაც ზუსტად 11 წლის წინ, თიბისი ბანკში განხორციელებული უკანონო ტრანზაქციის დამადასტურებელი დოკუმენტი შარშან აუფრიალეს და პროკურატურაში დაიბარეს... 

ახლა კი იმ 33 ანგარიშის ჩამონათვალს გავეცნოთ, რაც 2018 წელს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა პროკურატურას გადაუგზავნა: ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის 2016 წლის ფინანსური ანგარიშგების აუდიტი; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2017 წლის ფინანსური აუდიტი; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიერ განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების 2017 წლის შესაბამისობის აუდიტი; საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2014-2015 წლების შესაბამისობის აუდიტი; სსიპ – საჯარო რეესტრისა და სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ საკუთარი შემოსავლების განკარგვის 2015-2016 წლების შესაბამისობის აუდიტი; საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს 2017 წლის კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების აუდიტი; საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ფინანსური აუდიტი; 2015-2016 წლებში ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის „გამწვანების ღონისძიებების“ პროგრამის ფარგლებში გაწეული ხარჯების შესაბამისობის აუდიტი; 2015-2016 წლებში ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მართვისა და განკარგვის შესაბამისობის აუდიტი; აბაშის მუნიციპალიტეტის 2016-2017 წლების ბიუჯეტებით გათვალისწინებული პროგრ-ამების შესაბამისობის აუდიტი; ადიგენის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ფინანსური ანგარიშგების ფინანსური აუდიტი და 2015-2016 წლებში წარმომადგენლობითი და აღმასრულებებლი ორგანოების დაფინანსების და ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაციის პროგრამების შესაბამისობისაუდიტი; ახალქალაქის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ფინანსური ანგარიშგების ფინანსური აუდიტის და 2015-2016 წლებში „წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების დაფინანსების“, „ინფრასტრუქტურის მშენებლობის, რეაბილიტაციის და ექსპლოატაციის“ პროგრამების ფარგლებში გაწეული ხარჯების შესაბამისობის აუდიტი; ახალციხის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ფინანსური ანგარიშგების აუდიტი და 2015-2016 წლებში „წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების დაფინანსების“ და „ინფრასტრუქტურის მშენებლობის, რეაბილიტაციისა და ექსპლოატაციის” პროგრამების ფარგლებში გაწეული ხარჯების შესაბამისობის აუდიტი; ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2016-2017 წლების ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების შესაბამისობის აუდიტი; გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ფინანსური ანგარიშგების აუდიტი და 2015-2016 წლებში „წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების დაფინანსების“ და „ინფრასტრუქტურის მშენებლობის, რეაბილიტაციის და ექსპლოატაციის” პროგრამების ფარგლებში გაწეული ხარჯებისა და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების მართვისა და განკარგვის შესაბამისობის აუდიტი; გურჯაანის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ფინანსური ანგარიშგების აუდიტი და 2015-2016 წლებში „წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების დაფინანსების“ და „ინფრასტრუქტურის მშენებლობის, რეაბილიტაციისა და ექსპლოატაციის“ პროგრამების ფარგლებში გაწეული ხარჯების შესაბამისობის აუდიტი; დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის 2016 წლის ფინანსური ანგარიშგების აუდიტი და 2015-2016 წლებში „წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების დაფინანსების“ და „ინფრასტრუქტურის მშენებლობის, რეაბილიტაციის და ექსპლოატაციის” პროგრამების ფარგლებში გაწეული ხარჯების შესაბამისობის აუდიტი; დმანისის მუნიციპალიტეტის 2015-2016 წლების საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი; ვანის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ფინანსური ანგარიშგების აუდიტი და 2015-2016 წლებში „წარმომადგენლობითი და აღ-მასრულებელი ორგანოების დაფინანსების“ და „ინფრასტრუქტურის მშენებლობის, რეაბილიტაციისა და ექსპლოატაციის” პროგრამების ფარგლებში გაწეული ხარჯების შესაბამისობის აუდიტი; ზესტაფონის მუნიციპალიტეტის 2014-2015 წლების საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი; თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის 2016 წლის ფინანსური ანგარიშგების ფინანსური აუდიტი და 2015-2016 წლებში წარ-მომადგენლობითი და აღმასრულებებლი ორგანოების დაფინანსების და ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაციის შესაბამისობისს აუდიტი; თემი თელავის მუნიციპალიტეტის 2014-2015 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი; თიანეთის მუნიციპალიტეტის 2016-2017 წლების ბიუჯეტებით გათვალისწინებული პროგრამების შესაბამისობის აუდიტი; ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ფინანსური ანგარიშგების ფინანსური აუდიტი და 2015-2016 წლებში „წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების დაფინანსების“ და „ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაციის” პროგრამების ფარგლებში გაწეული ხარჯების შესაბამისობის აუდიტი; მარტვილის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ფინანსური ანგარიშგების აუდიტი და 2016 წელს „წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების დაფინანსების“ პროგრამის ფარგლებში გაწეული ხარჯების შესაბამისობის აუდიტი; ნინოწმინდის მუნიცი-პალიტეტის 2016 წლის ფინანსური ანგარიშგების ფინანსური აუდიტი და 2015 2016 წლებში „წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების დაფინანსების“ და „ინფრასტრუქტურის მშენებლობის, რეაბილიტაციისა და ექსპლოატაციის” პროგრამების ფარგლებში გაწეული ხარჯების შესაბამისობის აუდიტი; ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2016-2017 წლების ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების ხარჯვის შესა-ბამისობის აუდიტი; ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ფინანსური ანგარიშგების აუდიტი და 2015-2016 წლებში „წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების დაფინანსების“ და „ინფრასტრუქტურის მშენებლობის, რეაბილიტაციისა და ექსპლოატაციის“ პროგრამების ფარგლებში გაწეული ხარჯების შესაბამისობის აუდიტი; ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ფინანსური ანგარიშგების აუდიტის და 2015-2016 წლებში „წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების დაფინანსების“ და „ინფრასტრუქტურის მშენებლობის, რეაბილიტაციისა და ექსპლოატაციის“ პროგრამების ფარგლებში გაწეული ხარჯების შესაბამისობის აუდიტი; ქარელის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ფინანსური ანგარიშგების აუდიტი და 2015-2016 წლებში „წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების დაფინანსების“ და „ინფრასტრუქტურის მშენებლობის, რეაბილიტაციის და ექსპლოატაციის“ პროგრამების ფარგლებში გაწეული ხარჯების შესაბამისობის აუდიტი; ყაზბეგის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ფინანსური ანგარიშგების აუდიტი და 2015-2016 წლებში „წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების დაფინანსების“, „ინფრასტრუქტურის მშენებლობის, რეაბილიტაციისა და ექსპლოატაციის“, „განათლების“, „კულტურის, რელიგიის, ახალგაზრდობის ხელშეწყობისა და სპორტის“ პროგრამების ფარგლებში გაწეული ხარჯების შესაბამისობის აუდიტი; ყვარლის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ფინანსური ანგარიშგების ფინანსური აუდიტი და 2015-2016 წლებში წარ-მომადგენლობითი და აღმასრულებებლი ორგანოების დაფინანსების და ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაციის პროგრამების ფარგლებში გაწეული ხარჯების შესაბამისობის აუდიტი; ჭიათურის მუნიციპალიტეტის 2016-2017 წლების ბიუჯეტებით გათვალისწინებული პროგრამების შესაბამისობის აუდიტი.

მაია მიშელაძე

 

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში