Menu
RSS

მანქანების მომპარავის აღსარება

როგორ დაღუპა გამდიდრებაზე მეოცნებე გოჩა ირანულმა თოფმა

ახლა აღარ ხდება, თორემ იყო დრო, დღე ისე არ გავიდოდა, საქართველოში რამდენიმე მანქანა არ დაკარგულიყო. მიდიოდა მერე „ვაზვრატზე“ ჩალიჩი, ქურდებთან სირბილი, ან უბრალოდ, ავტომობილი სამაჩაბლოში გადაჰყავდათ. ისეთი შემთხვევებიც იყო, როცა ავტომანქანებს ვლადიკავკაზის გზას გაუყენებდნენ ხოლმე, მაგრამ ყველაფერი ეს კარგად აწყობილი უნდა ყოფილიყო, ლარსის გამშვებ პუნქტზე მოპარული მანქანით რომ გაეტარებინე.

სხვათა შორის, საჭირო არ იყო პროფესიონალი ყოფილიყავი. იყო შემთხვევა, როცა მანქანა ისეთებსაც მოუპარავთ, ტარება რომ არ სცოდნიათ, ერთი კორპუსის ეზოდან გამოუგორებიათ, მეორე კორპუსის ეზოში მდებარე „გარაჟში“ შეუგორებიათ და „ვაზვრატის“ თანხაც მიუღიათ. 

იყო შემთხვევებიც,როცა სოფელში, თივის ზვინებში მალავდნენ მოპარულ ავტომობილებს, ან უბრალოდ, შლიდნენ და ნაწილებად ყიდდნენ. 

აკუმულატორებსა და მანქანის მაგნიტოფონებს ხომ ნუღარ იტყვით _ შესაძლოა, ახალ თაობას არ ახსოვს, მაგრამ იყო დრო, როცა ეზოში გაჩერებული მანქანიდან მეპატრონე აკუმულატორს და მაგნიტოფონს იღებდა და შინ შეჰქონდა. 

საბურავებზე დაყენებულ „სეკრეტებს“ ხომ თვლა არ ჰქონდა და ბოქლომით დაბმული საჭე კიდევ სხვა „მოვლენა“ იყო. 

* * * 

რუსთაველი გოჩა ჭ. სასჯელს ქურდობისთვის იხდიდა, მაგრამ ყველამ იცოდა, რომ თავის დროზე ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მანქანების ქურდი იყო და როცა რუსთავში მანქანა იკარგებოდა, პირველ რიგში, მასთან მიდიოდნენ. 

„ქურდებთან ცალკე წილი მიდიოდა, მხედრიონთან _ ცალკე და მილიციას ცალკე ვაჭმევდი. ყველა მხარე კმაყოფილი იყო, ყოფილა შემთხვევა, როცა ღამეში სამი მანქანა „ამიწევია“ და სამ „გარაჟში“ დამიმალავს, მაგრამ რისკი დიდი იყო, შემოსავალი კი _ ცოტა. მოპარული მანქანიდან, პრაქტიკულად, 20% მხვდებოდა, რადგან მსუყე ლუკმა მიჰქონდათ ქურდებს, არც მილიცია და მხედრიონი უჩიოდა უმადობას“, _ ყვებოდა გოჩა. 

ამიტომ, ლოგიკურიც იყო, რომ ერთ დღეს გოჩამ „პრაგმატული“ გადაწყვეტილება მიიღო და მანქანების მოპარვას შეეშვა, თუმცა სულ ულუკმაპუროდ რომ არ დარჩენილიყო, აკუმულატორების და მაგნიტოფონების მოპარვას მიჰყო ხელი. 

„მაშინ აკუმულატორებს და მაგნიტოფონებს მთელი ქალაქი იპარავდა და ვერც ვერავინ აკონტროლებდა. მილიცია დასაჭერად დასდევდა „შპანას“, მხედრიონი და ქურდები კიდევ არ კადრულობდნენ 15-20 ლარად შეფასებულ აკუმულატორებიდან წილის აღებას. ჰოდა, დღეში 5-6 აკუმულატორს და ამდენივე მაგნიტოფონს ვხსნიდი და მეორე დღეს ბაზრობაზე ვაბარებდი. 

შრომატევადი კი იყო, მაგრამ შემოსავალმა მოიმატა და იმაზე სამჯერ მეტი მქონდა, ვიდრე მანქანების მოპარვით“, _ სიცილით ამბობდა გოჩა და ყველაზე მეტად იმის მოყოლა უყვარდა, როცა ბიზნესიდეა ბაზრობაზე დაებადა. 

„მოკლედ, მოპარულ მაგნიტოფონს ვაბარებ და ტიპი ევაჭრება, ავტობუსზე „ლაბავოი“ დამეფშვნა, 250 ლარად მომყიდეო, ის კიდევ 300 ლარს ფეხს არ უცვლის. მივაყიდე ეს ჩემი მაგნიტოფონი და წამოვედი. ღამით ახლობელი თბილისში გავუშვი, ავტობუსების „გარაჟში“ შევიდა და რამდენიც მოახერხა, იმდენი ავტობუსის წინა თუ უკანა „ლაბავოები“ ჩამოფშვნა. მე კიდევ რუსთავი დავირბინე და ერთ ღამეში 11 ავტობუსი დავტოვე შუშების გარეშე. 

მეორე დღეს არსად გამოვჩენილვარ, მესამე დღეს კი 2 ცალი წავიღე ბაზრობაზე, მეორადებში. კინაღამ ჩხუბი მოუვიდათ, არა მე მომყიდე, არა _ მეო. მერე, ერთი დავიმარტოხელე და იმას ვუთხარი, კიდევ მაქვს-მეთქი და რუსთავში წამოვიყვანე, ჩავულაგე მანქანაში და იმდენი ფული ავიღე, ცოტა ძველი, მაგრამ მაინც „ტრიციტადინი“ ვიყიდე. მაგ მარკით მინისტრები დადიოდნენ და დავდიოდი მეც. 

მოკლედ, კარგად აეწყო საქმე და მშვიდად მივყვებოდი დინებას. მხედრიონი კი აბობოქრდა, მაყუთი საიდან გაქვსო, მაგრამ ვუთხარი, 2 წელი ვაგროვებდი-მეთქი და დამიჯერა. 

მანქანებზე ჩალიჩობსო, ვერ იტყოდნენ, რადგან, რაც იკარგებოდა, ყველას წილში ისხდნენ“, _ ნაღვლიანად იხსენებდა გოჩა. 

ყველაფერი მას შემდეგ აირია, რაც ერთ მშვენიერ დღეს, გოჩა თბილისში დათვრა. ყველაზე ნაკლებად ამის მოყოლა უყვარდა, მაგრამ პატიმრები, პირიქით, დიდი ინტერესით აყოლებდნენ ხოლმე. 

„მოკლედ, დავლიეთ თბილისში, მეგობრებთან ერთად. აი, რასაც ჰქვია, გავძეხი, რა. ტყავის ჟილეტები იყო მაშინ მოდაში და ის ვიყიდე, მერე ძმაკაცები შემხვდნენ და რაღაც ნაგავი დავლიეთ. ახლაც მგონია, რომ სასმელმა მომწამლა, თორემ ასე გათიშვა არ ვიცი. მოკლედ, უნდა წავიდე რუსთავში და ტრანსპორტი არ არის, არ დადიოდნენ მაშინ ასე „მარშრუტკები“. ბევრი არ მიფიქრია, პირველივე ეზოში შევედი, მანქანის კარი გავაღე, დავქოქე და წამოვედი. 

გაგიკვირდებათ და, იმის გონი კი მქონდა, შინ მანქანით არ მივალ, სადმე დავაგდებ და დილით იპოვნიან-მეთქი. იმის იმედიც მქონდა, მანქანას რომ იპოვნიან, ჩემზე ეჭვს არავინ მიიტანს და შემრჩება-მეთქი. 

შევედი რუსთავში და რომ უნდა შევუხვიო იქ, სადაც მანქანის დატოვება მინდა, მოცურდა ახალ ნაწვიმარზე და ამოტრიალდა. ღამე იყო და სანამ ხალხი შეიკრიბა, გადმოვძვერი მანქანიდან და გავერიდე იქაურობას. 

უბანში მივედი, ბიჭები ლუდს სვამდნენ, მეც დავლიე, სულ წავიშალე და მაშინ გადავწყვიტე, მივალ, ვნახავ, მილიცია როგორ მუშაობს-მეთქი. მივედი და იქ არის ყველა _ მოსახლეობაც, მილიციაც... 

მანქანის მფლობელი დადგენილი ჰყავთ უკვე, მოპარულიაო, პატრონს ელოდებოდნენ. მოვიდა პატრონიც, შემოირტყა თავში ხელი, სულ დაფშვნილია მანქანა, იპოვეთ, ვინც მომპარა, რომ გავაკეთებინოო. 

მერე, ევაკუატორი მოიყვანეს და ამ მანქანის დადება დააპირეს. ამ დროს გადამეკეტა, უკანა სავარძელზე ჩემი ტყავის ჟილეტი დავინახე, სანამ ევაკუატორზე დადებდნენ, კარი გამოვაღე, ჩემი ჟილეტი ავიღე და შემოვიცვი. ახლაც მახსოვს მილიციის და მოსახლეობის გაოცებული სახეები, წამში გამოვფხიზლდი, მაგრამ რაღა დროს _ მაშინვე ხელები გადამიგრიხეს და ექვსი წელიც არ დამამადლეს“, _ დაასრულა მოყოლა გოჩამ და ისიც დააყოლა, იმის შემდეგ არ დამილევია და არც ვაპირებო. 

რაც შეეხება ქურდობის ეპიზოდს, რისთვისაც გოჩა იმჟამად იხდიდა სასჯელს, არანაკლებ საინტერესოა. 

„ხარაგაულში წავედი სტუმრად და მეზობელმა თოფი გამოიტანა, აქო და ადიდა, ირანული წარმოებისაა, მე-16 საუკუნის, ანალოგი ერთი აქვს და ისიც ირანის მუზეუმში ინახებაო. 

მართლაც, რაღაც შევერცხლილ-შეჭედილი იყო ეს თოფი და რამდენად გაყიდი-მეთქი? თავი გაიგიჟა, რას გავყიდი, ამას წინათ, 250 ათასს მაძლევდნენ, არ მივეცი, მილიონად მიღირსო. 

მოკლედ, ნასვამები ვიყავით და იმასაც მოყვა, შევაფასებინე სპეციალისტს და ვერ შეაფასა, შეუფასებელიაო. 

დავბრუნდი რუსთავში და ორი კვირა მარტო იმ თოფზე ვფიქრობდი. მელანდებოდა, როგორ ვიპარავდი, მერე ვყიდდი და მერე მთელი ცხოვრება უზრუნველად ვცხოვრობდი. 

ინტერნეტში ირანული თოფებიც მოვიძიე და რაღაცით ჰგავდა კიდეც. მოკლედ, ერთი თვის შემდეგ, ისევ წავედი და გარემო დავზვერე. ჩემთვის ძალიან მარტივი იყო სახლში შეღწევა და ამან დამაფიქრა, კაცს რომ მილიონიანი ნივთი უდევს სახლში და არც ძაღლი ჰყავს, არც ფანჯარაზე გისოსი და დღე და ღამე თოხს იქნევს ლუკმა-პურისთვის, სიგიჟეა, რა. 

მოკლედ, კიდევ ორი კვირა ვიფიქრე, წავედი და სახლში შევძვერი. თოფი კედელზე ისე ეკიდა, როგორც მიცვალებულის სურათი. ავიღე და წამოვედი. რა თქმა უნდა, სახლში არ დამიმალავს, მაგრამ საღამოზე პოლიცია დამადგა და მთელი სახლი გადაატრიალეს. თურმე, ის ჩემი ცოდვით სავსე, ასე მუშაობს, ასე აბოლებს ხალხს, სახლის კედელში ვიდეოთვალი აქვს დამონტაჟებული და მერვე ვიყავი, ვინც ეს თოფი მოიპარა. 

ადგილსამყოფელი მაინც არ ვუთხარი, სხვაც რომ არ გაეფუჭებინათ, მაგრამ ვიდეოთვალმა ხომ დამაფიქსირა? დევს ახლა ის ირანული თოფის მაკეტი მიწაში“, _ სიცილით ამბობდა გოჩა.

პატიმარი #0578

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში