Menu
RSS

„ბოზებთან ერთად რატომ მოძრაობ?!“

რა შარში გაეხვა „კვეჟოვიჩი“ თურქეთში და როგორ მოიგო აზერბაიჯანელმა ნადირ სალიფოვმა სომეხი „კანონიერი ქურდების“ გული

ზოგადად ასეა: სადაც უნდა იყოს ,,კანონიერი ქურდი'', რამდენი ადამიანიც უნდა იყოს მისი მოწინააღმდეგე, თუ მას ფიზიკურად შეეხებიან (საუბარი არ არის სამართალდამცავებზე), ვალდებულია, პასუხი ანუ „აბაროტი“ მისცეს. სხვა შემთხვევაში, ეს შეიძლება ქურდის სტატუსის დაკარგვის საფუძველიც კი გახდეს. ასე წერია „შავი სამყაროს“ კარაბადინში და ასე იქცევიან ქურდები. 

როგორც რუსული მედია იუწყება, გასულ კვირას ლეგენდარული ქურდის, ავთანდილ ჩიხლაძის, იგივე „კვეჟოს“ შვილი, ასევე ,,კანონიერი ქურდი'' გურამ ჩიხლაძე, იგივე „კვეჟოვიჩი“ თურქეთში იმყოფებოდა. სხვათა შორის, ავთანდილ ჩიხლაძე 1994 წელს, საკუთარ სახლში ჩაცხრილეს. ქილერებმა მოკლეს მისი მეუღლეც, ხოლო გურამი, რომელიც მაშინ 10 წლის იყო, სიკვდილს შემთხვევით გადაურჩა _ ტყვია მოხვდა, მაგრამ გადარჩა, თავდამსხმელებმა კი ჩათვალეს, რომ მკვდარი იყო.

 

მოკლედ, „კვეჟოვიჩი“ თურქეთში მეგობრისა და კოლეგის, შარშან მოკლული როვშან ჯანიევის, იგივე „როვშან ლენქორანსკი“ ნათესავების მოსანახულებლად იყო ჩასული. როგორც კრიმინალურ წრეებში ამბობენ, როვშანი ქილერების სამიზნე მას შემდეგ გახდა, რაც მის მიერ დაქირავებულმა ქილერებმა ნადირ სალიფოვის, იგივე „გულის“ მოკვლა ვერ მოახერხეს. ამ ამბიდან მალევე, როვშანი ქუჩაში ჩაცხრილეს... 

მართალია, „გულის“ ოფიციალურად ვერავინ უყენებს პრეტენზიას, რომ სწორედ მისი ხელით არის მკვდარი ჯანიევი, მაგრამ ისე ჩანს, აზერბაიჯანელ ქურდს მაინც არ მოსწონს ის, რომ როვშანის ოჯახის წევრებს ქურდები ნახულობენ და მათთან ერთად დროს ატარებენ. ამის გამო, „გული“ თავად ჩავიდა თურქეთში და ჩიხლაძის ნახვა მოისურვა. საქმეში შაქრო კალაშოვი ჩაერთო მოსკოვის ციხიდან -გურამი მისი „ნათლულია“ და მან პირადად სთხოვა „გულის“, ზედმეტი არ მოსვლოდა. 

შეხვედრა შედგა და სალიფოვმა „კვეჟოვიჩს“ პირდაპირ ჰკითხა, „ბოზებთან“ ერთად რატომ მოძრაობო?! ამაზე ჩიხლაძე გაბრაზდა და „გულის“ უხეშად უპასუხა, რაზეც აზერბაიჯანელის თანმხლებმა, ვინმე „არმან დიკიმ“ ჩიხლაძეს ხელი დაარტყა. სიტუაცია დაიძაბა, მაგრამ მოულოდნელად ჩიხლაძე გაბრუნდა და წავიდა. როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, სალიფოვმა ხმამაღლა თქვა, პირველად ვხედავ, ქურდი როგორ გარბისო, თუმცა ჩიხლაძე არც ამ სიტყვების მერე მობრუნდა. 

რა თქმა უნდა, ყველაფერი ეს კალაშოვს მოახსენეს და მან „გულის“ დაურეკა და „არმან დიკის“ დასჯა მოსთხოვა, თუმცა... 

„როგორც სალიფოვი ამბობს, მისმა მეგობარმა არ იცოდა, მის წინ ქურდი თუ იდგა, თორემ ხელს არ აწევდა. ის დასასჯელია იმის გამო, რომ მან ზუსტად იცოდა, სალიფოვი ქურდი რომ იყო და ამიტომ თავი უნდა შეეკავებინა. შესაბამისად, თუ ვინმემ უნდა დასაჯოს „არმან დიკი“, ეს სწორედ სალიფოვია და ის ამას გააკეთებს. რაც შეეხება ჩიხლაძე,ს მას აუცილებლად მოუწევს იმის ახსნა, რატომ არ ასწია ხელი, რატომ არ მისცა „აბაროტი“ და საერთოდ, რატომ გაერიდა ქურდთან საუბარს“, _ ამბობენ თვითმხილველები. 

ყველაზე კარგად ახლა კალაშოვმა იცის, რომ ჩიხლაძე არცთუ მცირე უსიამოვნებაშია. მას მხოლოდ კალაშოვისა და გარდაცვლილი მამის ავტორიტეტი თუ იხსნის, თორემ სხვა ახსნა და საშველი, უბრალოდ, არსაიდან ჩანს ანუ ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, რამდენად მოინდომებს „გული“ ამ საქმის ბოლომდე ჩაყოლას, ის კი გადაწყვეტილებას იმის მიხედვით მიიღებს, რამდენად აწყობს „კვეჟოვიჩის“ ჩაძირვა. სავარაუდოდ, სწორედ იმიტომ, რომ პრაქტიკულად, ყველა კოზირი აზერბაიჯანელი ქურდის მხარესაა, კალაშოვი იძულებული იყო, „გულის“ გადაწყვეტილებას დათანხმებოდა და არმან ჯანინიანისთვის (იგივე „არმან კალუჟსკი“) ,,კანონიერი ქურდის'' სტატუსის დაბრუნებაზე თანხმობა ეთქვა. ამით „გულიმ“ ორი კურდღელი დაიჭირა _ ყველას დაანახა, რომ შეუძლია ერთპიროვნულად გადაწყვიტოს და კაცს, რომელსაც სტატუსი 20 წლის წინ ჩამოართვეს, უკან დაუბრუნოს და მეორე _ მან დაამსხვრია მითი, რომ აზერბაიჯანელ და სომეხ ქურდებს შორის დაპირისპირება არსებობს. ამით, პრაქტიკულად, ყველა სომეხი ქურდის მხარდაჭერა დაიმსახურა და რაც მთავარია, როვშანის მკვლელობისთვის სომეხი ქურდები პასუხს ნაკლებად მოსთხოვენ. 

 

ყველაფერ ამის პარალელურად, რუსეთში აქტიურად მიმდინარეობს ,,კანონიერ ქურდებზე'' ნადირობა. რუს სამართალდამცავებს უკვე 30-ზე მეტი ,,კანონიერი ქურდი'' ჰყავთ დაჭერილი მხოლოდ სტატუსის გამო და ბრალდებაც სწორედ ,,კანონიერი ქურდობაა''. შესაბამისად, რუსეთის ფედერაციას, პრაქტიკულად, ყველა ქურდი ტოვებს და ისინი თურქეთში, ან უკრაინაში მიდიან. 

ისე ჩანს, გამოსავალი არც ეს იქნება, რადგან უახლოეს პერიოდში, უკრაინა ანალოგიური კანონის მიღებას აპირებს, თურქეთი კი მის ქვეყანაში ჩასულ კრიმინალებს, თავშესაფრის სანაცვლოდ, ქვეყნის ეკონომიკაში ინვესტიციების განხორციელებას სთხოვს და საუბარი მილიონობით დოლარზეა. რა თქმა უნდა, ამ „ინვესტიციებს“ ყველა ვერ განახორციელებს და, შესაბამისად, ყველა ვერც თავშესაფარს მიიღებს. 

გამოსავალი არც ევროპაში წასვლაა, რადგან ჭკუა ევროპელმა სამართალდამცავებმაც ისწავლეს და სპეცოპერაციას სპეცოპერაციაზე ახორციელებენ, რათა „კანონიერი ქურდები“ დააკაონ და ყველაზე ცუდ შემთხვევაში, საკუთარ ციხეში ჩასვან, კარგ შემთხვევაში კი, სხვა ქვეყანაში მოახდინონ დეპორტი და სარჩენი არ ჰყავდეთ. 

ასეა თუ ისე, ჯერჯერობით ქურდების თემა კვლავ აქტუალურია და ეს ინსტიტუტი საბოლოოდ, რამდენიმე წელი ნამდვილად არ გაუქმდება, მერე კი, ძალიან დიდი ალბათობით, ,,კანონიერი ქურდები'' ზუსტად ისეთი მაფიოზები გახდებიან, როგორებიც იტალიელები იყვნენ. იყვნენ რა, დღემდე არიან და მაფიოზების პრობლემა დღესაც აქტუალურია, როგორც აშშ-სთვის, ისე _ იტალიისთვის ანუ ეს სინდიკატი და მიმართულება უფრო ამართლებს და სავარაუდოდ, ,,კანონიერ ქურდებსაც'', ბოლოს მაფიოზების ბედი ელით.

ბათო ჯაფარიძე

დაბრუნება დასაწყისში