Menu
RSS

პროკურატურამ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის დაპატიმრება მოითხოვა!

აშშ-ს საელჩო თი-ბი-სი ბანკის საქმეზე მწვავე განცხადებას აქვეყნებს

დღეს, 26 ივლისს, საქართველოს პროკურატურამ სასამართლოს მიმართა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ აღკვეთის ღინისძიების შეფარდების შესახებ.

მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს 24 ივლისს ბრალი წარედგინათ ჯგუფურად, 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით რაც 6-დან 9 და 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).

24 ივლისსვე ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ თი-ბი-სი ბანკის საქმეზე განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ვკითხულობთ:

„ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ „თი-ბი-სი“ ბანკის თანადამფუძნებლების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ წაყენებული კრიმინალური ბრალდებების ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს.

ჩვენ შეშფოთებას გამოვთქვამთ ბრალის წაყენების კონტექსტსა და დროის გარემოებასთან დაკავშირებით. მიუკერძოებელი და გამჭვირვალე სამართლებრივი სისტემა, რომელიც თავისუფალია პოლიტიკური გავლენისაგან, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოს დასავლური ინტეგრაციისა და უცხოური ინვესტიციების მოზიდვის საქმეში.

ჩვენ კვლავ მხარს ვუჭერთ ანაკლიის პორტის პროექტს, რომელიც ამერიკული ინვესტიციის მნიშვნელოვანი წყაროა საქართველოში და, რომელსაც აქვს პოტენციალი, ხელი შეუწყოს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას.“

24 ივლისის შემდეგ, ლონდონის საფონდო ბირჟაზე TBC ბანკის აქციების ღირებულება 17%-ით £12.47-მდე დაეცა, შესაბამისად £140 მლნ-ით ($175 მლნ - 510 მლნ ლარი) £688 მლნ-მდე შემცირდა ბანკის ჯამური კაპიტალიზაციაც. 25 ივლისს მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ „თიბისი ბანკის“ აქციონერთა ინტერესებიდან გამომდინარე, სამეთვალყურეო საბჭო ოფიციალურად დატოვეს.

 

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში