Menu
RSS

სქემა, რომლითაც ქართველი „მედვეჟატნიკები“ ევროპაში მუშაობენ

რამდენი ათასი ემიგრანტია დაპატიმრებული და როგორ დააღწია კაბუმ თავი საფრანგეთის ციხეს

რამდენიმე დღის წინ, პორტუგალიაში სამი ქართველი დააკავეს. სამივეს ბრალად სახლების გაქურდვა ედება და როგორც ადგილობრივი პოლიცია აცხადებს, საქმე ათეულობით შემთხვევასთან აქვთ. ეს, იმის მიუხედავად, რომ ქართველები პორტუგალიაში, სულ რაღაც ხუთი თვის წინ წავიდნენ, თუმცა მაინც მოასწრეს და ათეულობით სახლი გაქურდეს. 

როგორ ხდება, რომ ასეთ მოკლე დროში, ქვეყანასა თუ ქალაქში ჩასული უცხო ადამიანები მარტივად ახერხებენ ადაპტაციას და ქურდობენ ისე, რომ მათი დაჭერა ძნელია? 

ესეც არ იყოს, საინტერესოა, რა მდგომარეობაში არიან ის ქართველები, რომლებიც რამდენიმე თვის წინ, პორტუგალიის მეზობლად მდებარე ესპანეთში, ხმაურიანი სპეცოპერაციის დროს დაიჭირეს და... უბრალოდ, დაივიწყეს. ჯერ პორტუგალიაზე ვთქვათ:

არავის ეგონოს, რომ „მედვეჟატნიკები“ ანუ ბინის ქურდები სადმე მოუმზადებლად და ბრმად ჩადიან. ეს იმ შემთხვევაში, როცა საქმე პროფესიონალებთან გვაქვს, თორემ როცა გამოუცდელი ხალხია, ისინი ვერც ხარისხიანად ქურდობენ და მალეც ვარდებიან. 

ჯგუფის მომზადება, რომელიც კონკრეტულ ქვეყანაში, კონკრეტული მისიით მიდის, ადგილზე, საქართველოში ხდება. ისინი, დაახლოებით, ნახევარ წლის განმავლობაში ამუშავებენ იმ საკეტებს, რომლებიც იმ ქვეყანასა, თუ ქალაქშია გავრცელებული. 

მარტივად რომ აგიხსნათ, ვინმეს საქართველოში ბინების გაქურდვა რომ სურდეს, წავა მაღაზიაში, იყიდის საშუალო ფასის საკეტს, სხვადასხვა ზომა-წონისას, სხვადასხვა სირთულისას და შემდეგ ამ საკეტებს თვეების განმავლობაში შლის და სწავლობს, რომ მისი პლუს-მინუსები იპოვოს. 

შედეგად, როცა ადგილზე ჩადის ეს გუნდი, ათი ბინიდან, მინიმუმ, შვიდზე ნაცნობი საკეტი აყენია ანუ ის, რომლის გატეხვა, თუ გახსნა სირთულეს არ წარმოადგენს. 

რაც შეეხება ბინის შერჩევის ტექნიკას, საქართველოსგან განსხვავებით, ევროპაში მოსახლეობის უდიდესი ნაწილი დასაქმებულია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ისინი დღისით შინ არ არიან და ქურდობაც, სწორედ დილის 10-დან საღამოს 5 საათამდე ხდება. 

ბინაში შესული ადამიანები ცდილობენ, წამოიღონ ისეთი რამ, რაც მარტივად დაიმალება ხლეჩანთაში ანუ ფული, ოქროული. გამორიცხულია, ტელევიზორი და სხვა საოჯახო ტექნიკა მათი ინტერესის სფეროში მოექცეს, რადგან ტელევიზორის გამოტანა ყურადღებას მიიქცევს. 

არცთუ იშვიათია შემთხვევები, როცა იქურდება ის ბინები, სადაც მოხუცებს ქართველი ქალები უვლიან. ემიგრანტებს ერთმანეთთან ურთიერთობა აქვთ, ყველამ იცის, ვინ ვის და როგორ უვლის და ისიც იციან, ასეირნებენ თუ არა მოხუცებს მომვლელები. 

აი, თუ ასეირნებენ, ეს საუკეთესო ვარიანტია და ხშირ შემთხვევაში, ქართველმა ქალებმა არ იციან, რომ მისდაუნებურად, ქურდობის მონაწილეები ხდებიან _ ისინი ეუბნებიან სხვებს, რომ კონკრეტულ საათზე გაჰყავთ მოხუცი სასეირნოდ და მაგალითად, უკან ორ საათში ბრუნდებიან. 

ქურდებიც სწორედ ამ პერიოდს იყენებენ და უკან დაბრუნებულ ქართველ ქალებს წარმოდგენაც კი არ აქვთ, რომ სახლის გაქურდვა, სწორედ მათ მიერ გაცემული ინფორმაციის საფუძველზე მოხდა. 

შეცდომა, რომელსაც ძალიან ხშირად უშვებენ ქართველები, ერთსა და იმავე ქალაქში დიდი ხნით დარჩენაა. ასეთ დროს, პოლიცია მათზე ნადირობას იწყებს და ისინი ამომცნობი ნიშნის გარეშე ანუ სამოქალაქო ტანსაცმელში მოძრაობენ. საეჭვო პირებს აჩერებენ, ჩანთებს უჩხრეკენ და თუ 2-3 ქართველი ერთად დაინახეს, მათ საფუძვლიანად ამოწმებენ. 

სწორედ ასეთი რეიდების დროს ხდება ხოლმე დამნაშავეთა გამოვლენა და დაკავება. საკმარისია, ხელჩანთაში საჭიროზე მეტი თანხა, ან რაიმე სამკაული იდოს, რომ პოლიცია მათ აკავებს და თანხისა და სამკაულის წარმომავლობის გარკვევას იწყებს. 

ასე მოხდა პორტუგალიის შემთხვევაშიც და კონკრეტულ ქალაქში გუნდი, რომელიც კარგად იყო მომზადებული, 4 თვე გაჩერდა. ეს კი საკმარისი გამოდგა იმისთვის, რომ სამართალდამცავებს მშვიდად მიეყვანათ გამოძიება ბოლომდე, ეჭვმიტანილთა წრე შეევიწროვებინათ და, საბოლოო ჯამში, დაკავება განეხორციელებინათ. 

რაც შეეხება ესპანეთში ჩატარებულ სპეცოპერაციას, ასზე მეტი ქართველის დაკავებამ მაშინ დიდი რეზონანსი გამოიწვია. მათი დიდი ნაწილი მალევე გაუშვეს, 34 ადამიანის დეპორტაცია მოხდა, ხოლო ისინი, ვისზეც მთავარი ეჭვი იყო, რომ ქურდობასა და ძარცვაში მონაწილეობდნენ, დღემდე ციხეში არიან და სასამართლოს ელოდებიან. 

„ჩემი შვილი სპეცოპერაციის მეორე დღეს აიყვანეს, სახლში დაბრუნდა და დააკავეს. იმის მიუხედავად, რომ მის წინააღდეგ არანაირი სამხილი არ აქვთ, დღემდე ციხეშია და სასამართლოს ელოდება. 

ცუდი ის არის, რომ წინასწარი დაკავება ესპანეთის კანონმდებლობით შეიძლება ორი წელი გაგრძელდეს ანუ ორი წელი ისე ჰყავდეთ ციხეში ადამიანი, რომ მას პატიმრობა არ შეუფარდონ. დაქირავებული ადვოკატიც ვერაფერს აკეთებს, რადგან სასამართლოს არ ნიშნავენ და მარტივი პასუხით ისტუმრებენ _ მიმდინარეობს ძიება. 

საქართველოს საელჩო თავიდან ჩართული იყო, მაგრამ ახლა ვერც ისინი აკეთებენ ვერაფერს, რადგან მათაც იგივე პასუხით ისტუმრებენ“, _ გვეუბნება ერთ-ერთი დაკავებულის დედა, რომელიც თბილისშია და შვილს ესპანურ ციხეში ტელეფონით, კვირაში ერთხელ ესაუბრება. 

ანალოგიურ დღეში არიან სხვა დაკავებულებიც. მათი ინფორმაციით, ასზე მეტი დაპატიმრებული ქართველიდან, საბოლოო ჯამში, სასამართლოს წინაშე ჯერჯერობით მხოლოდ სამი წარსდგა და მათ, სავარაუდოდ, მიუსჯიან, დანარჩენების პროცესი კი გაურკვეველი დროით არის გადადებული და ესპანეთის პოლიცია სამხილების ძიებაშია. 

ძალიან დიდი ალბათობით, ეს სამხილები არ გამოჩნდება და ქართველების გაშვება მოუწევთ, მაგრამ სპეცოპერაციას, რომელსაც ამხელა რეზონანსი მოჰყვა, ასე მარტივად ვერ მიჩქმალავენ და ამიტომ, დროის გასვლას ელოდებიან, რათა ხალხს მიავიწყდეს ასეთი მასშტაბური დაკავება და არ თქვან, რომ მხოლოდ სამი ადამიანისთვის ასობით პიროვნების უფლებები დაირღვა. 

იგივე მდგომარეობაა საფრანგეთშიც: თუ გახსოვთ, რამდენიმე თვის წინ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად არაერთი ქართველი და, მათ შორის, მომღერალი კახა აბუაშვილი, იგივე კაბუც დააკავეს. კაბუ ახლა თავისუფალია და მას არათუ წაყენებული ბრალი ვერ დაუმტკიცეს, არამედ საბუთების არქონაშიც კი ვერ დაადანაშაულეს და მისი დეპორტაცია არ განახორციელეს ანუ რეალურად, კაბუ და კიდევ არაერთი ადამიანი შეცდომით დააკავეს, თუმცა ამისთვის ბოდიშიც არ მოუხდიათ და ხმაურით დაკავებულები ჩუმად გაუშვეს. 

ქართული ხასიათიდან გამომდინარე, არავის უჩივლია და არავის უთქვამს, ჩემი უფლებები რატომ დაარღვიეთო. 

ეს ევროპული ამბები იყო. 

რაც შეეხება აშშ-ს, სადაც არანაკლებ ხმაურიანი პროცესის შემდეგ, 10-წლიანი პატიმრობა მსოფლიო ჩემპიონს, მოკრივეს, ავთანდილ ხურციძეს მიუსაჯეს, ხოლო ,,კანონიერი ქურდი'', რაჟდენ შულაია 35 წლით გამოკეტეს ციხეში, სიტუაცია არ შეცვლილა. 

იყო საუბარი იმაზე, რომ შუალაიას გარდა, სხვა ქართველებს თავისუფლებაზე ვადაზე ადრე გამოსვლის რეალური შანსი ჰქონდათ იმ შემთხვევაში, თუ ციხეში სანიმუშოდ მოიქცეოდნენ, მაგრამ... 

„ამერიკულ ციხეში სანიმუშოდ მოქცევა თითქმის გამორიცხულია. იქ სიტუაციის კონტროლს ლათინო ამერიკელები და ნარკორეალიზატორები ცდილობენ. ქართველებისთვის კი გაუგებარია, რატომ უნდა დაემორჩილოს ან ვიღაც ლათინოსებს, ან ბარიგებს და ამიტომ, მუდმივი კონფლიქტებია. 

ხურციძე ავიღოთ, კაცი, რომელიც მთელი ცხოვრება სპორტით იყო დაკავებული და ახლაც საუცხოო ფორმაშია, რადგან ვარჯიშობს, მაგრამ ვინმე რამეს თუ აკადრებს, მწარედ მოხვდება და დამნაშავე ავთო გამოდის. რეალურად კი, ის თავს და საკუთარ უფლებებს იცავს“, _ გვეუბნება აშშ-ში მცხოვრები ქართველი. 

სხვათა შორის, მართლაც, დიდია შანსი იმისა, რომ ხურციძე ვადაზე ადრე გაათავისუფლონ. გარდა იმისა, რომ ავთო ციხეში მხოლოდ სპორტით არის დაკავებული და მაქსიმალურად ცდილობს, კონფლიქტებს გაერიდოს, მისი წარსული მის სასარგებლოდ მეტყველებს. რაც უნდა იყოს, კაცი მსოფლიოს ჩემპიონია, მანამდე არასდროს ყოფილა შემჩნეული და ეჭვმიტანილი კრიმინალში და ამჟამინდელი ბრალდებაც ვერ არის ისეთი მყარი, რომელიც ეჭვებს არ აღძრავს. 

სხვათა შორის, ბევრს საუბრობენ იმაზე, რომ მსოფლიოს მასშტაბით, იმაზე მეტი ქართველი იხდის სასჯელს, ვიდრე _ საქართველოში ანუ უცხოეთის ციხეებში მყოფი ქართველების რიცხვი 7 ათასზე მეტია. რეალურად კი, უცხოეთის ციხეებში 3 ათას ქართველზე მეტი არასდროს მჯდარა, თუმცა დაგვეთანხმებით, რომ არც ეს ციფრია ცოტა და ისიც ვთქვათ, რომ უცხოეთში ქართველები დალხენილი ცხოვრების გამო არ წასულან. 

რაოდენობრივად კი „უპირატესობა“, მხოლოდ ,,კანონიერ ქურდებში'' გვაქვს. მსოფლიოში გაფანტულ ,,კანონიერ ქურდთა'' საერთო რაოდენობის 50%-ზე მეტი, სწორედ ქართველებზე მოდის. 

იმედი ვიქონიოთ, რომ ეს სტატისტიკაც უახლოეს მომავალში ჩვენდა სასიკეთოდ შეიცვლება და მომავალი თაობა მიხვდება, რომ 21-ე საუკუნეში, ,,კანონიერ ქურდობაზე'' ფიქრი და ოცნება, უბრალოდ, აბსურდია.

ბათო ჯაფარიძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში