Menu
RSS

დიდი არეულობა შავ სამყაროში

რატომ დაერივნენ ერთმანეთს „კანონიერი ქურდები“ და სად იმალება „მზარეულა“

როგორც მოსალოდნელი იყო, დიდი ბრძოლა დაიწყო. ,,კანონიერი ქურდები'' გაერთიანდნენ და ნადირ სალიფოვს, იგივე „გულუს“ შეუტიეს. მოგეხსენებათ, ხანგრძლივი პატიმრობიდან გათავისუფლებულმა „გულუმ“, სულ რაღაც ექვს თვეში, უდიდესი გავლენა მოიპოვა _ პრაქტიკულად, მთლიანად ხელში აიღო რუსული რეკეტი და როგორც ამბობენ, მისმა ქონებამ მილიარდს გადააჭარბა. შესაბამისად, მისი გაძლიერება ბევრს არ მოეწონა და მოლოდინისამებრ, ქურდებმა ერთად დადგომა გადაწყვიტეს.

„გულუს“ წინააღმდეგ დაწყებულ ბრძოლას სათავეში აზერბაიჯანელი ქურდები უდგანან. ჯავად მამედოვი, რაფიკ ეივაზოვი, ემინ ახმედოვი, ჯეიხუნ ასკეროვი, ალი გეიდაროვი და სხვები მზად არიან, „გულუს“ არათუ გავლენის სფეორები ჩამოართვან, არამედ, მას დუბაიშიც ჩააკითხონ და აუხსნან, რატომ დგას დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ მისი სტატუსი. 

„მოსკოვსა და მის შემოგარენში ყველა ბიზნესმენი, თუ მეწარმე, რომელიც სალიფოვს უხდიდა ფულს, ახლა სხვა აზერბაიჯანელებს უხდის. ვინც წინააღმდეგობა გაუწია ახალ რეკეტს, ისინი უმკაცრესად დასაჯეს. თავად სალიფოვის ხალხი სცემეს, განსაკუთრებით ჯიუტები, უბრალოდ, დახოცეს. შეიძლება ითქვას, რომ „გულუ“ რუსეთიდან გააძევეს და ახლა მას გადაწყვეტილება აქვს მისაღები, შეირჩენს ამ შეურაცხყოფას, თუ ღია დაპირისპირებაში გადავა“, _ გვეუბნება რუსეთში მცხოვრები ქართველი. 

მისივე თქმით, მთელმა კრიმინალურმა სამყარომ იცის, რომ ქურდები „გულუს“ დაუკავშირდნენ და „სხადნიაკის“ გამართვა სთხოვეს, რაზეც მან უპასუხა, რომ სამართალდამცავებთან არეული სიტუაციის გამო, დუბაის ვერ დატოვებდა. მაშინ ქურდებმა მას ,,სხადნიაკის,, გამართვა დუბაიში შესთავაზეს, სადაც სალიფოვს პრეტენზიებს წაუყენებდნენ და მის ქურდულ სტატუსს დიდ კითხვის ნიშანს დაუსვამდნენ, რაზეც ასევე, უარი მიიღეს, რადგან... 

„ახლა ყველა ყველას ერჩის, ყველას კითხვები აქვს ერთმანეთთან და სისულელეა იმაზე ფიქრი და საუბარი, რომ ამის გამო, ერთმანეთს უნდა დავერიოთ“, _ შემოუთვლია სალიფოვს, რაც არაპირდაპირი, მაგრამ მაინც უარია „სხადნიაკის“ გამართვაზე. 

ამ სფეროს ექსპერტები კი ვარაუდობენ, რომ სალიფოვი, უბრალოდ, დროს იგებს. ის არ აპირებს, საქმე მრგვალ მაგიდასთან გაირჩეს და უახლოეს მომავალში, უბრალოდ, კონკურენტების დახოცვას დაიწყებს, ზუსტად ისე, როგორც ეს მისი ციხიდან გამოსვლის შემდეგ მოხდა. 

ციხიდან გათავისუფლებულ „გულუს“ ოთხმა ქურდმა გაუწია წინააღმდეგობა და გავლენის სფერო არ დაანება. შედეგად, ორთვიანი ინტერვალით, ოთხივე მათგანი, სხვადასხვა ქვეყანაში, დღემდე დაუდგენელმა ქილერებმა ჩაცხრილეს. კულუარულად ხელს ყველა სალიფოვისკენ იშვერს, მაგრამ ხმამაღლა ვერავინ ვერაფერს ამბობს, რადგან ქურდის მკვლელი სიკვდილით ისჯება და თუ ვინმე „გულუს“ პრეტენზიას აღნიშნულ საქმეებზე წაუყენებს, ან უნდა მოკლას, ან თავად უნდა მოკვდეს. 

არეულობის პარალელურად, რუსეთის ფედერაციამ ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ქურდზე, მერაბ ,,მზარეულაზე'' საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა. მას ბრალად ბიზნესმენებისთვის 1 მილიონი რუბლის (დაახლოებით, 500 ათასი ლარი) გამოძალვა ედება. როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, ბიზნესმენებმა ჩვენება უკვე მისცეს და მზარეულაზე ამის შემდეგ გამოცხადდა საერთაშორისო ძებნა, თუმცა... 

„ჩემი კლიენტი აღნიშნული ბიზნესმენების პარტნიორი იყო. სწორედ მან ჩადო საქმეში საწყისი კაპიტალი, უბრალოდ, ეს დოკუმენტურად არ დასტურდება, მაგრამ მხარეებმა ამის შესახებ კარგად იციან. ამიტომ, ის თავის წილს ითხოვდა და არანაირ გამოძალვას ადგილი არ ჰქონია“, _ ამბობს კანონიერი ქურდის ადვოკატი. 

რუს სამართალდამცავებს ეჭვი აქვთ, რომ ძებნილმა ფედერაცია უკვე დატოვა და სოხუმში იმალება ანუ იქ, სადაც პრაქტიკულად, უკონტროლო სიტუაცია და ქურდებისთვის ნამდვილი სამოთხეა. 

მღვრიე წყალში თევზის დაჭერა ბესო კვინიხაძემაც გადაწყვიტა. როგორც კრიმინალურ წრეებში ამბობენ, „ბესო რუსტავსკი“, რამდენიმე წლის წინ ჩამორთმეული ტიტულის დაბრუნებას ცდილობს და ამ საქმეში მომხრეებიც ჰყავს. პირველ რიგში, სწორედ ნადირ სალიფოვი, რომელმაც ბესოს უკვე შეუთვალა, რომ წინააღმდეგი არაა, ის კვლავ „ოჯახს“ დაუბრუნდეს, რამაც დანარჩენი ქურდების გაბრაზება გამოიწვია. 

საქმე ისაა, რომ კვინიხაძესთან „კითხვები“ რამდენიმე გავლენიან ავტორიტეტს აქვს, ამ კითხვებზე მათ პასუხი არ მიუღიათ და შესაბამისად, ვერავის უნდა გაებედა მისთვის სტატუსის დაბრუნებაზე საუბარი. 

„სალიფოვის“ გადაწყვეტილება იმდენად მწარე აღმოჩნდა, რომ ქურდებმა მასთან მოსკოვში, დღეისათვის ყველაზე გავლენიან ქურდს, ედუარდ ასატრიანს დაარეკინეს, თუმცა... 

„ამას წინათ, ჩვენი ოჯახის წევრმა, ნოდარ ასოიანმა თქვა, რომ შენ პოლიციასთან თანამშრომლობ. ამ დროს კი მე, როგორც თანასწორს, ისე გესაუბრები. იქნებ, ბესოს პრობლემებზე საუბრის ნაცვლად, საკუთარი პრობლემები მოგეგვარებინა? ჩემთვის შენც ქურდი ხარ და ნოდარიც, მაგრამ ის ამბობს, რომ შენ არ ხარ „ოჯახის“ ღირსი. როგორ უნდა მოვიქცე?“ _ „გულუს“ პასუხი იმდენად შოკისმომგვრელი იყო, რომ ამ თემაზე რუსეთის კრიმინალურ წრეებში აქტიურად საუბრობენ. 

ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ რეალურად, სალიფოვს სერიოზული არეულობა აწყობს და სურს, რომ ქურდები ერთმანეთს დაერიონ, ხმამაღლა ვერავინ ამბობს, თუმცა ცეცხლზე ნავთი 19 მაისს აუცილებლად დაესხმება, როცა ციხეს ტარიელ ონიანი დატოვებს. 

რა თქმა უნდა, ონიანს თავისი გავლენის სფეროების დაბრუნების სურვილი აქვს და ეს მაშინ, როცა 10 წელია ანუ ზუსტად იმდენი, რამდენიც ონიანი სასჯელს იხდის, ეს სფეროები სხვადასხვა ქურდს აქვს გადანაწილებული, იქიდან შემოსავალსაც იღებს და იოლად არაფრის დათმობას აპირებს. შესაბამისად, ონიანის გამოსვლა სალიფოვისთვის შესაძლოა, საშველიც გახდეს, რადგან თუ ის კონკურენტების განადგურებას დაიწყებს, მარტივად შეეძლება ხელი, სწორედ ტარიელისკენ გაიშვიროს და რეალურად, თუ ქილერებს ვერ დაიჭერენ, გადაჭრით ვერავინ იტყვის, ვინ ვისი შეკვეთით იქნა მოკლული. 

უცხოეთში საქართველოს მოქალაქე ,,კანონიერი ქურდების'' ამბების პარალელურად, ქვეყანაში არსებულ კრიმინოგენულ სიტუაციაზე კონტროლის გამყარებას ცდილობს შინაგან საქმეთა სამინისტრო. ფაქტია, რომ ნარკოტიკების ლიბერალიზაციის მოთხოვნის თემა ისევ გააღვიძეს და ადამიანთა გარკვეულ ჯგუფს ისევ სურს, ნარკოტიკების თემა მთავარი სასაუბრო გახდეს, ამ მიმართულებით ცვლილებები განხორციელდეს და ეს მაშინ, როცა ზედიზედ ჩატარებული არაერთი სპეცოპერაციის შემდეგ, ნარკოტიკების რაოდენობამ რეალურად იკლო და ნარკოდანაშაულიც შემცირდა. 

„ტურისტული სეზონის გააქტიურებასთან ერთად, აუცილებლად გააქტიურდება ნარკოტიკების გასაღების მიმართულებაც. პრობლემა ის გახლავთ, რომ ტურისტული სეზონის დროს, ნარკოტიკები ძირითადად უცხოელებს შემოაქვთ და ზოგი პირადი მოხმარებისთვის იყენებს, ზოგს კი გასაყიდად მოაქვს. მილიონობით ადამიანის გაკონტროლება ძალიან ძნელია და ამიტომ მუშაობა საგანგებო რეჟიმით გვიწევს. ახლა რომ მოვუშვათ, ჩათვალეთ, რომ ზაფხულში საქართველო ქვეყანა კი არა, ნარკოტიკების მოსახმარი ოთახი იქნება“, _ გვეუბნება ძალოვანი უწყების მაღალჩინოსანი და არ მალავს, რომ შსს მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზეა გადასული. 

ზოგადად, არაერთი ნარკორეალიზატორის დაკავების შემდეგ, ნარკოტიკების რეალიზაციამ მართლაც იკლო, თუმცა თვეში, მინიმუმ ერთხელ მაინც, ვიგებთ ახალი ნარკორეალიზატორის გამოჩენის შესახებ. თუნდაც ის მაგალთი ავიღოთ, როცა შსს-მ ერთი ოჯახის ოთხი წევრი დააკავა და მათ გასაყიდად გამზადებული 2000 „ჩეკი“ ნარკოტიკი ამოუღო. თითო დაფასოებული შეკვრა, მინიმუმ, 200 ლარი ღირს და რა თანხებზეა საუბარი, თავადაც ხვდებით, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ თურმე, ოჯახის წევრები ბოლო სამი თვის განმავლობაში ქვეყნიდან არ გასულან, უნდა ვივარაუდოთ, რომ ამ ოდენობის ნარკოტიკი ადგილზე შეიძინეს ანუ ძაღლის თავი სხვაგან არის დამარხული და შსს-მ სწორედ ეს უნდა იპოვოს.

ბათო ჯაფარიძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში