Menu
RSS

SOS! _ საქართველოში მოქმედი სტომატოლოგიური კლინიკების 54% ინფექციების გადადების წყაროა!

რატომ არ აქვს ქვეყანას ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ერთიანი ეროვნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ინფექციიის პრევენციისა და კონტროლის (იპკ) ეფექტიანობა შეამოწმა. აუდიტი 2015-2017 წლებს მოიცავდა და გაირკვა, რომ საქართველოს იპკ-ს ერთიანი ეროვნული სტრატეგია და შესაბამისი სამოქმედო გეგმა არ აქვს. არადა, სამედიცინო მომსახურებასთან ასოცირებული ინფექციები ფართოდ გავრცელებული გართულებაა, რაც გავლენას ახდენს, როგორც პაციენტის ავადობასა და სიკვდილიანობაზე, ასევე მნიშვნელოვნად ზრდის სამედიცინო მომსახურებაზე გაწეულ ხარჯებსაც. მეტიც, აუდიტის შედეგად გამოვლინდა, რომ შემოწმებული სტომატოლოგიური დაწესებულებების 54% იპკ-ს სისტემის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს!

აუდიტის მოტივი და მიზანი 

საზოგადოებრივი ჯანმრთელობის უსაფრთხოების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ინფექციების პრევენცია და კონტროლია, რომლის მნიშვნელობაზე ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაცია _ ჯანმო, მისივე რეკომენდაციებში მიუთითებს. ჯანმო-ს მონაცემებით, დროის ნებისმიერ მომენტში, 100 ჰოსპიტალიზებულ პაციენტზე, საშუალოდ, 7-დან 10 პაციენტამდე, სამედიცინო მომსახურებასთან ასოცირებული, მინიმუმ, ერთი ინფექციით ინფიცირდება, რაც მნიშვნელოვნად აუარესებს სიკვდილიანობის მაჩვენებელს, ხოლო სამედიცინო სისტემისთვის ფინანსურ ხარჯს ზრდის. 

ამასთან, განვითარებად ქვეყნებში, სამედიცინო მომსახურებასთან ასოცირებული ინფექციების შესახებ ინფორმაცია არასანდოა, რასაც საქართველოს მაგალითიც ადასტურებს _ 3 700 000 მოსახლეზე, ყოველწლიურად, საშუალოდ, 200 სამედიცინო მომსახურებასთან ასოცირებული ინფექციის შემთხვევა ფიქსირდება, ხოლო ევროპის ქვეყნებში მოსახლეობის იმავე რაოდენობაზე _ დაახლოებით, 20 000 შემთხვევა. 

2016 წელს, სამინისტროს ინიცირებით, თბილისის 10 სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში მონიტორინგი ჩატარდა. შედეგად, ამ დაწესებულებების 50%-მა, ინფექციების კონტროლის ისეთი ღონისძიებების მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილა, როგორებიცაა: ინფექციების კონტროლის სისტემის ორგანიზაციული უზრუნველყოფა; სტერილიზაცია-დეზინფექცია; ხელების ჰიგიენა; პერსონალის ჯანმრთელობა და უსაფრთხოება; უსაფრთხო ინექციების პრაქტიკა; ნოზოკომიური ინფექციების (სამედიცინო მომსახურებასთან ასოცირებული ინფექცია, რომელიც შეძენილია სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში ჰოსპიტალიზაციიდან 48 საათის შემდეგ და რომელიც არ აღენიშნებოდა პაციენტს სამედიცინო სერვისზე მიმართვის მომენტში) საინჟინრო კონტროლი. 

ამასთან, ქვეყანაში ხორციელდება ისეთი პრიორიტეტული და მაღალბიუჯეტიანი პროგრამები, როგორებიცაა, მოსახლეობის საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვა და ჩ ჰეპატიტის ელიმინაცია. არადა, მათი ეკონომიური და ეფექტიანი განხორციელება პირდაპირ უკავშირდება ქვეყანაში ინფექციების კონტროლის სისტემის გამართულ ფუნქციონირებას. 

2017 წლის მონაცემებით, ქვეყანაში საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამაში ჩართული იყო 299 სტაციონარული სამედიცინო დაწესებულება, სადაც ბენეფიციართა სტაციონარულ მომსახურებაზე დაიხარჯა 574 მილიონი ლარი. საქართველოში ნოზოკომიური ინფექციების შესახებ არსებული მწირი მონაცემები არ იძლევა თავიდან აცილებადი ხარჯის იდენტიფირების შესაძლებლობას. 

აუდიტის მიზანია, შეფასდეს ინფექციის პრევენციისა და კონტროლის სისტემის ეფექტიანობა, გამოვლინდეს არსებული ნაკლოვანებები და გაიცეს შესაბამისი რეკომენდაციები. 

იპკ-სა და ნოზოკომიური ინფექციების აღრიცხვა 

ქვეყანაში იპკ-ის სისტემის ეფექტური ფუნქციონირების მნიშვნელოვანი პირობა, სახელმწიფო დონეზე განსაზღვრული ერთიანი სტრატეგია და შესაბამისი სამოქმედო გეგმაა, რაც უზრუნველყოფს ჯანდაცვის სისტემაში შემავალი ერთეულების კოორდინირებულ მუშაობას ინფექციის პრევენციისა და კონტროლის მიმართულებით. 

,,ეროვნული სტრატეგიის მნიშვნელობის მიუხედავად, ქვეყანაში არ არის შემუშავებული იპკ-ს სისტემის ერთიანი სტრატეგია, რომელიც ქვეყანაში, ერთიანი ზედამხედველობის პოლიტიკის არსებობას უზრუნველყოფდა. იპკ-ს სისტემის ელემენტები ფრაგმენტულადაა ასახული 2017-2020 წლების ანტიმიკრობული რეზისტენტობის საწინააღმდეგო და 2016-2020 წლების ჩ ჰეპატიტის ელიმინაციის ეროვნულ სტრატეგიებში, რაც პოლიტიკის განსასაზღვრად, საკმარისი არაა'', _ ვკითხულობთ აუდიტის დასკვნაში. 

სტრატეგია მოიცავს ძირითად ამოცანებს: ინფექციების კონტროლისა და პრევენციის გაძლიერება; მიკრობიოლოგიური ლაბორატორიების შესაძლებლობების გაძლიერება; ცნობიერების ამაღლება და განათლება. თავის მხრივ, ამ ამოცანების განსახორციელებელი აქტივობები გულისხმობს სტაციონარულ დაწესებულებებში ინფექციების კონტროლის კომიტეტების შექმნასა და მათი რეალური ფუნქციონირების ზედამხედველობის გაძლიერებას, ასევე სამედიცინო დაწესებულებებში, ინფექციის პრევენციისა და კონტროლის მარეგულირებელი დოკუმენტების სრულყოფას, მიკრობიოლოგიური ლაბორატორიული დიაგნოსტიკის ხარისხის გაუმჯობესებას, მოსახლეობისთვის სამედიცინო მომსახურებასთან ასოცირებული ინფექციებისა და ანტიბიოტიკების მოხმარებაზე ცნობიერების ასამაღლებელი კამპანიების ჩატარებას, სამედიცინო პერსონალის ცოდნის დონის ამაღლებას ინფექციების კონტროლისა და ანტიბიოტიკების რაციონალური გამოყენების საკითხებზე. 

ეს აქტივობები გათვალისწინებულია ჩ ჰეპატიტის ელიმინაციის სტრატეგიაში, რომლის მიზანია ქვეყანაში ჩ ჰეპატიტის ელიმინაცია და შედეგად, საზოგადოებასა და ეკონომიკაზე ვირუსული ჰეპატიტის მძიმე ზეგავლენის შემცირება. სტრატეგიაში გაწერილია უსაფრთხო ინექციის პრაქტიკის, დეზინფექცია-სტერილიზაციისა და ნარჩენების მართვის ღონისძიებებიც. 

,,ამ საკითხების გარდა, იპკ-ს სისტემის ეროვნული სტრატეგია უნდა მოიცავდეს სახელმწიფოს მხრიდან, სამედიცინო მომსახურებასთან ასოცირებული ინფექციების ზედამხედველობის სისტემის შექმნასაც, რომელიც უზრუნველყოფდა სანდო ინფორმაციის მოპოვებას სამედიცინო დაწესებულებებში იპკ-ს მიმართულებით არსებულ მდგომარეობაზე და მათი პრევენციისთვის საჭირო ღონისძიებებს, რაც ანტიმიკრობული რეზისტენტობისა და ჩ ჰეპატიტის ეროვნული სტრატეგიების შემადგენელი ნაწილი არაა. ეროვნული სტრატეგიის არარსებობა გავლენას ახდენს სამინისტროს დაქვემდებარებული ერთეულების მიერ განხორციელებულ აქტივობებზე. კერძოდ, ერთიანი პოლიტიკის არარსებობა, აფერხებს კოორდინირებულ მუშაობას იპკ-ს სისტემის გაუმჯობესებისა და ნოზოკომიური ინფექციების ოპტიმალურ მაჩვენებლამდე შემცირების მიმართულებით. ეროვნული სტრატეგია და მასში განსაზღვრული შეფასების ინდიკატორები სამინისტროს საშუალებას მისცემს, შეაფასოს ინფექციის პრევენციის კუთხით მიღწეული პროგრესი და დაგეგმოს შესაბამისი ღონისძიებები''. 

სახელმწიფო აუდიტორებმა ჯანმო-ს 2016 წლის რეკომენდაციები მოიშველიეს, რომლითაც ქვეყანაში მუდმივად უნდა ხდებოდებს იპკ-ს სისტემის მონიტორინგი და ზედამხედველობა კონკრეტული ინდიკატორების მიხედვით. ამ პროცესში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ სამედიცინო მომსახურებასთან ასოცირებული ინფექციების შესახებ, სანდო და დროული ინფორმაციის შეგროვების მექანიზმები არსებობდეს. იპკ-ს სისტემის ღონისძიებები რეალურ საჭიროებებს უნდა პასუხობდეს, რისთვისაც ქმედითი ზედამხედველობის სისტემა უნდა არსებობდეს. ქვეყანაში დაფიქსირებულ სამედიცინო მომსახურებასთან ასოცირებული ინფექციების რაოდენობა, განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით, არარეალურად დაბალია, რაც მის სანდოობას ეჭვქვეშ აყენებს. 

,,ეპიდზედამხედველობის პროგრამის ფარგლებში, 2015-2017 წლებში, ცენტრმა ლაბორატორიული მომსახურება გაუწია 11 სამედიცინო, მათ შორის, თბილისის _ 8, კახეთის _ 1 და აჭარის _ 2 დაწესებულებას. თბილისში, 2016 წელს, ეპიდზედამხედველობის პროგრამაში ჩართულ სამედიცინო დაწესებულებებში, ცენტრის მიერ, 42 შემთხვევა დადასტურდა, ხოლო სამედიცინო დაწესებულებებმა სპეციალურ ელექტრონულ პროგრამაში, მხოლოდ 34 ნოზოკომიური ინფექციის შემთხვევა ასახეს. ამ ხარვეზის მიზეზი ისაა, რომ აუდიტის პერიოდისთვის, ცენტრში არ იყო დანერგილი შესაბამისი მექანიზმები, რიმლითაც შესაძლებელი იქნებოდა სტაციონარული დაწესებულებების მიერ პროგრამაში მონაცემების სრულად და ზუსტად ასახვის მონიტორინგი''. 

2015-2017 წლის მონაცემით, იმ დროისთვის მოქმედი 299 დაწესებულებიდან, ქვეყანაში დადასტურებულია სულ 518 ნოზოკომიური ინფექციის შემთხვევა. გამოვლენილი ნოზოკომიური ინფექციების 51% _ ეპიდზედამხედველობის პროგრამაში ჩართულ 11 სტაციონარულ დაწესებულებაზე მოდის, რაც დადასტურებულია სახელმწიფოს რესურსებითა და ჩართულობით. ნოზოკომიური ინფექციების დანარჩენი 49% _ 288 სტაციონარულ დაწესებულებაზე ფიქსირდება, რომლებიც ამ პროგრამაში ჩართულნი არ არიან! 

საქართველოში დაფიქსირებული ნოზოკომიური ინფექციების რაოდენობის შესახებ ინფორმაციის არარელევანტურობაზე ისიც მიუთითებს, რომ 2016-2017 წლებში, საქართველოში, ნოზოკომიური პნევმონიის 133 დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა. თუმცა ამავე პერიოდში, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ერთიანი ელექტრონული ბაზის მიხედვით, სავარაუდოდ, 513 ნოზოკომიური პნევმონიის შემთხვევა უნდა გამოვლენილიყო. 

სტომატოლოგიური კლინიკები 

როგორც მოსალოდნელი იყო, საგანგაშო ვითარება დაფიქსირდა სტომატოლოგიურ დაწესებულებებში. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სტაციონარული დაწესებულებების საქმიანობის დაწყება ექვემდებარება სავალდებულო ნებართვის მოპოვებას. სანებართვო პირობებით, სამედიცინო დაწესებულებებს მოეთხოვებათ იპკ-ს სისტემის არსებობა, რომელსაც საქმიანობის დაწყების ეტაპზე რეგულირების სააგენტო ამოწმებს, ხოლო შემდგომ, სანებართვო პირობების შესრულების კონტროლს პერიოდულად ახორციელებს. 

,,2014 წლიდან, სტომატოლოგიური მომსახურება განისაზღვრა, როგორც მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობა და შესაბამისად, დაექვემდებარა საქმიანობის დაწყების შესახებ სააგენტოში სავალდებულო შეტყობინებას. ვინაიდან სტომატოლოგიური დაწესებულებები წარმოადგენენ ინფექციის გავრცელების მაღალი რისკის მქონე ჯგუფს, ტექნიკური რეგლამენტი ავალდებულებს დაწესებულებებს, ჰქონდეთ იპკ-სათვის საჭირო ინფრასტრუქტურული გარემო და ჰყავდეთ შესაბამისი კვალიფიკაციის ადამიანური რესურსი. 

2018 წელს, ტექნიკურ რეგლამენტში განისაზღვრა სამედიცინო მომსახურებასთან ასოცირებული ინფექციების პრევენციისა და კონტროლის განხორციელების მოთხოვნა, თუმცა სტაციონარული სამედიცინო დაწესებულებებისგან განსხვავებით, სტომატოლოგიური დაწესებულების საქმიანობის დაწყების ეტაპზე, საქართველოში მოქმედი რეგულაციები, სავალდებულო მოთხოვნების შემოწმებას არ ითვალისწინებს!

იპკ-ს სისტემებს სტომატოლოგიურ დაწესებულებებში, შერჩევითი კონტროლის საშუალებით, რეგულირების სააგენტო წელიწადში ერთხელ, მათი საქმიანობის მიმდინარეობისას ამოწმებს. მინისტრის ბრძანებით, განსაზღვრულია შერჩევითი კონტროლის კრიტერიუმები, რომელზე დაყრდნობითაც, რეგულირების სააგენტო შეარჩევს შესამოწმებელ სამედიცინო დაწესებულებებს. მოცემული კრიტერიუმების ნუსხა არ ითვალისწინებს ახლად გახსნილი სტომატოლოგიური დაწესებულების შერჩევას''. 

ამასთან დაკავშირებით, განსხვავებული პრაქტიკა გვხვდება ევროპის ქვეყნებში. სახელმწიფო აუდიტორებს ამის დასტურად, ინგლისის მაგალითი მოჰყავთ, სადაც სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებისა და მუდმივი მონიტორინგის მიზნით, ერთი და იგივე ორგანიზაცია არეგისტრირებს და ამოწმებს სტაციონარულ და სტომატოლოგიურ დაწესებულებებს. რეგისტრაციის ეტაპზე მოწმდება, რამდენად აკმაყოფილებს დაწესებულება შესაბამისი სერვისისთვის განსაზღვრულ სავალდებულო მოთხოვნებს და შემდეგ სხვადასხვა წყაროდან, მათ შორის, პაციენტისგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, დაწესებულებებზე მუდმივი მეთვალყურეობა და პერიოდული ინსპექტირება ხდება. 

 

აქედან გამომდინარე, სახელმწიფო აუდიტორები ასკვნიან, რომ საქმიანობის დაწყებამდე, ან საქმიანობის დაწყების საწყის ეტაპზე, ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების შეუმოწმებლობა ზრდის რისკს, რომ სტომატოლოგიური დაწესებულებები მოთხოვნების დაცვის გარეშე იქამდე აგრძელებენ საქმიანობას, ვიდრე რეგულირები სააგენტო მათ შერჩევით კონტროლს არ დაიწყებს. არადა, ასეთ მიდგომას შესაძლოა, უარყოფითი გავლენა მოჰყვეს, როგორც პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, ასევე იპკ-ის სისტემის ეფექტიან მართვაზე. სტომატოლოგიური დაწესებულებისთვის ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულია იპკ-ს სისტემის მოთხოვნები. 

,,2018 წლის მაისის მდგომარეობით, ქვეყანაში მოქმედებდა 1 526 სტომატოლოგიური დაწესებულება. სააგენტოს მიერ, 2015-2017 წლებში განხორციელებული შემოწმების შედეგად გამოვლინდა, რომ შემოწმებული სტომატოლოგიური დაწესებულების 54% იპკ-ის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს! აქედან, იპკ-ს სისტემის მიმართულებით, ტექნიკური რეგლამენტის ცალკეული მოთხოვნის ყველაზე მეტი დარღვევა გამოვლინდა დეზინფექციისა და სტერილიზაციის (მრავალჯერადი გამოყენების სამედიცინო იარაღების, საგნებისა და მასალებისათვის) სათანადო რეჟიმითა და აღრიცხვით უზრუნველყოფის პროცესში. 

2015 წელს, აღნიშნული მოთხოვნა დარღვეულია შემოწმებული სტომატოლოგიური დაწესებულებების 55%-ში, 2016 წელს _ 48%-ში და 2017 წელს _ 51%-ში''. 

სტაციონარული დაწესებულებები 

სამედიცინო დაწესებულებებში, იპკ-ს სისტემის ფუნქციონირებისთვის მნიშვნელოვანია გამართული ინფრასტრუქტურა, რომლის ერთ-ერთი კომპონენტი მიკრობიოლოგიური ლაბორატორიაა. სწორედ ამგვარი ლაბორატორია წარმოადგენს ინფექციის იდენტიფიცირებისა და სწორი მკურნალობის წინაპირობას, რაც ჯანმო-ს 2016 წლის რეკომენდაციებში არაერთხელაა აღნიშნული. ამასთან, ანტიმიკრობული რეზისტენტობის საწინააღმდეგო ეროვნულ სტრატეგიაში აღნიშნულია, რომ ქვეყანაში არსებული სამედიცინო დაწესებულებები არ იყენებენ მიკრობიოლოგიური კვლევის თანამედროვე მეთოდებს, ამიტომ ლაბორატორიების ხარისხის გაუმჯობესება სტრატეგიის შემადგენელი კომპონენტია. 

სამედიცინო დაწესებულებების 2009 წლის ინფექციური კონტროლის დროს, შეიმუშავეს რეკომენდაცია და ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ინფექციების კონტროლის ეფექტიანად განხორციელება, მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული სამედიცინო დაწესებულებაში, იპკ-ს პროგრამის ყველა კომპონენტში მიკრობიოლოგიური ლაბორატორიის მონაწილეობაზე. მეტიც, ამავე რეკომენდაციაში მითითებულია, რომ ყველა სტაციონარში მიკრობიოლოგიური ლაბორატორია უნდა არსებობდეს. მინისტრის 2015 წლის ბრძანებით, მიკრობიოლოგიური ლაბორატორიების საშუალებით, ინფექციების კონტროლის განხორციელება შესაძლებელია, როგორც სამედიცინო დაწესებულების შემადგენლობაში შემავალი, ასევე სხვა შესაბამის ლაბორატორიასთან კონტრაქტის ფარგლებში. 

,,სანებართვო პირობებით, კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად, სამედიცინო დაწესებულებებს მოეთხოვებათ ნოზოკომიური ინფექციების აღრიცხვა, მართვა, ზედამხედველობა და კონტროლი. ნოზოკომიური ინფექციების დადასტურება შესაძლებელია მიკრობიოლოგიური ლაბორატორიული კვლევებით. სწორი მკურნალობის დანიშვნისა და შემდგომი პროფილაქტიკისათვის კი მნიშნელოვანია, მიკრობიოლოგიური კვლევების განხორციელება. ამავდროულად, სანებართვო პირობებით, სტაციონარულ დაწესებულებებს არ მოეთხოვებათ ჰქონდეთ წვდომა მიკრობიოლოგიურ ლაბორატორიებთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, კანონმდებლობა, ერთი მხრივ, ავალდებულებს დაწესებულებას აღრიცხოს ნოზოკომიური ინფექციები და, მეორე მხრივ, არ მოითხოვს მათი დადასტურებისთვის აუცილებელ ინსტრუმენტზე წვდომას. შესაბამისად, საქმიანობის დაწყების ეტაპზე, არ არის დანერგილი მექანიზმი, რომლითაც სტაციონარული დაწესებულებების მიერ, შესაძლებელი იქნებოდა ნოზოკომიური ინფექციების გამოვლენა, დადასტურება და აღრიცხვა''. 

2012 წლის ოქტომბრიდან, სანებართვო პირობებით, სტაციონარულ დაწესებულებებს მოეთხოვებათ სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებისა და პაციენტთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის შეფასების შიდა სისტემის არსებობა. მისი ერთ-ერთი ფუნქცია ნოზოკომიური ინფექციების კონტროლისა და აღრიცხვის პროცესის მართვაა. სისტემა უნდა ფუნქციონირებდეს დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ დამტკიცებული ინსტრუქციის მიხედვით, რომელიც უნდა მოიცავდეს, როგორც დარგის მარეგულირებელი კანონმდებლობის, ისე დაწესებულების შიდა განაწესით გაწერილი მოთხოვნების (მათ შორის, წესების, ნორმების, სტანდარტებისა და ინდიკატორების) სტაციონარში დანერგვის, შემდგომში პროცესებზე მონიტორინგისა და კონტროლის, ასევე ხარისხის უზრუნველყოფის დროში გაწერილ ღონისძიებებს. ახლა ვნახოთ, რა დარღვევები გამოავლინეს სახელმწიფო აუდიტორებმა ამ მხრივ: 

,,2015-2017 წლებში, ნებართვა გაცემულია 42 ახალ სტაციონარულ დაწესებულებაზე, საიდანაც 29 დაწესებულებას არ წარმოუდგენია ხარისხის ინსტრუქცია, ხოლო 6 სტაციონარული დაწესებულების ინსტრუქცია _ შაბლონურია. 2015 წლის 10 ოქტომბრიდან, საერთო სანებართვო პირობების ერთ-ერთი მოთხოვნაა ნოზოკომიური ინფექციების აღრიცხვის, მართვის, ზედამხედველობისა და კონტროლის უზრუნველყოფა, კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად. ამ მიზნით, ყველა სტაციონარულ დაწესებულებაში უნდა არსებობდეს ნოზოკომიური ინფექციების კონტროლის კომიტეტი, რომელმაც უნდა შეიმუშაოს ნოზოკომიური ინფექციების კონტროლის სამოქმედო გეგმა _ ინფექციის კონტროლის პროგრამა''. 

მეტიც, ინფექციური კონტროლის ეროვნული გაიდლაინის თანახმად, ყველა სამედიცინო დაწესებულება თავისებურად უნიკალურია: პროფილის, სამედიცინო პერსონალისა და პაციენტის მიხედვით, ამიტომ ინფექციური კონტროლის პროგრამა, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, მოცემული დაწესებულების თავისებურებებთან და მოთხოვნებთან უნდა იყოს ადაპტირებული: 

,,2015 წლის ნოემბრიდან 2018 წლის მაისის ჩათვლით, ქვეყანაში ფუნქციონირება დაიწყო 35-მა სტაციონარულმა დაწესებულებამ, მათგან 21 დაწესებულებას არ ჰქონდა წარმოდგენილი პროგრამა, ხოლო 14-ის მიერ წარმოდგენილი პროგრამა შაბლონურია და კონკრეტულ დაწესებულებაზე მორგებული არაა. 2015 წლის ოქტომბრიდან, სტაციონარული დაწესებულებების დაახლოებით, 43%-მა _ საქმიანობა დაიწყო, როგორც იპკ-ს პროგრამის, ისე ხარისხის ინსტრუქციის გარეშე!'' 

სახელმწიფო აუდიტორების დასკვნით, სტაციონარულ დაწესებულებაზე ნებართვის გაცემის ეტაპზე, რეგულირების სააგენტო სათანდოდ ვერ ახდენს იპკ-ს სისტემის მოთხოვნების შეფასებას. კერძოდ, ნებართვის გაცემის ეტაპზე, სააგენტო არ სწავლობს, აქვს თუ არა სტაციონარულ დაწესებულებას იპკ-ს სისტემის პროგრამა და მორგებულია თუ არა ეს პროგრამა კონკრეტულ სტაციონარულ დაწესებულებაზე. შედეგად, სააგენტოს მიერ, არასათანადოდ დანერგილი კონტროლის მექანიზმებისა და მეთოდოლოგიის არარსებობის პირობებში, იზრდება რისკი, რომ სტაციონარულ დაწესებულებებში არსებული იპკ-ს სისტემის ნაკლოვანებები, სრულად ვერ გამოვლინდეს.

მაია მიშელაძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში