Menu
RSS

მამის შურისძიება

„ჩემი შვილის მკვლელის სახლში „ლიმონკები“ შევაგდე, 4 ადამიანი მოკვდა, ერთ-ერთი ბავშვი იყო“

გასულ კვირას, საგარეჯოს რაიონის სოფელ ყანდაურაში უმძიმესი დანაშაული მოხდა _ 85 კაცმა შვილი, რძალი და ორი მეზობელი მოკლა. სამწუხაროდ, საზოგადოება ყოველდღიურად ადამიანის გარდაცვალებას ისე მიეჩვია, რომ რეაქცია ისეთი აღარ არის, როგორიც წლების წინ იყო. თუ მაშინ სადმე ამ დონის დანაშაული ხდებოდა, მთელი საქართველო იგებდა და მთელი საქართველო გლოვობდა...

2011 წელს, რუსთავის #17 დაწესებულებაში, მეექვსე ანუ ე.წ. კრიტის ზონიდან მორიგი ეტაპი მოვიდა. ზოგადად, „კრიტის“ პატიმრებს ეტყობოდათ ხოლმე, სასჯელს რომ უკმაცრეს პირობებში იხდიდნენ, რადგან სახე ქაღალდივით თეთრი ჰქონდათ (მზის შუქს არ ანახებდბენ) და ფიზიკურადაც იმდენად სუსტად იყვნენ, რომ სიარული უჭირდათ. მოსულებს შორის, ერთი ალბინოსივით თეთრი მოხუცი ერია. დაბალი, ცოტა პუტკუნა, ნელი ნაბიჯით აუყვა კორპუსის კიბეს. 

„აუ, ნახე, მურთაზი მოიყვანეს“, _ თქვა ერთ-ერთმა პატიმარმა და მოხუცს ხელბარგი გამოართვა, მოგეხმარებიო. 

„რომელი ხარ, ხედვა მიჭირს, დამტანჯა ამ დიაბეტმა“, _ მშვიდად ჰკითხა მოსულმა. 

„გურამი ვარ, გლდანში ვიჯექით ერთად“, _ უპასუხა პატიმარმა და მოხუცმაც თავი დაიქნია, თითქოს გაიხსენა და ვერც გაიხსენაო. 

„ეს მოხუცი რისთვის ჰყავდათ ,,კრიტში''? არ ეტყობა ამას ქვეყნის ამომგდები და გამფუჭებელი“, _ ჰკითხა პატიმარმა #0578-მა გვერდით მდგომ ,,ზონის მაყურებელს'', რომელიც კიბეზე მიმავალ მურთაზს ინტერესით აკვირდებოდა. 

„ჰო, არ ეტყობა... მაგრამ ერთი ვაგონი ხალხი ჰყავს მოკლული და მეორე ვაგონის სია ჯიბეში უპოვეს აყვანის დროს“, _ გაიღიმა მაყურებელმა. 

მურთაზი #0578-ის მოპირდაპირე კამერაში შეიყვანეს. მან მშვიდად მიმოიხედა საკანში და ერთ-ერთ ნარზე ჩამოჯდა, აქ ვიცხოვრებო, ჩაილაპარაკა და პატიმარი, რომელსაც ნარი ეკუთვნოდა, უმალ დაფაცურდა, საკუთარი თეთრეული მოხსნა ლეიბსა და საბანს და სხვა ნარზე გადაბარგდა. 

„ქურდია?!“ _ გაოცებულმა იკითხა #0578-მა. 

„არა, მკვლელია, სასტიკი მკვლელი“, _ ჩურჩულით უპასუხა გურამმა და ,,კამერიდან'' გავიდა. 

დაახლოებით, ორ კვირაში მურთაზი და #0578 დამეგობრდნენ _ დილით ჩაის ერთად სვამდნენ, მერე ერთად სეირნობდნენ და ძირითადად, კლასიკოს მწერლებზე საუბრობდნენ. 

ბოლოს, #0578-მა ვერ მოითმინა და ერთ-ერთი სეირნობის დროს ჰკითხა, შენზე ლეგენდებს რომ ჰყვებიან, რამდენად მართალიაო? 

„კი უნდა იცოდე შენ, ლეგენდა იმისთვის არის ლეგენდა, რომ რაღაც მართალია, რაღაც _ ტყუილი. ისე კი, რას ჰყვებიან, არ ვიცი. სამაგიეროდ, ის ვიცი, რაც რეალურად არის და ეს უკვე ლეგენდა აღარაა, ჩემი ამბავია, ჩემი ისტორია“, _ მშვიდად ჩაილაპარაკა მურთაზმა. 

„და როდის მომიყვები მაგ ამბავს?“ _ მოუთმენლად ჰკითხა #0578-მა. 

„არ ხარ შენ ჯერ მზად რაღაცების მოსასმენად და აღსაქმელად. აქ ყველა ისე მიყურებს, როგორც რვა კაცის მკვლელს. რეალურად კი, შეიძლება მეტი მოვკალი, თუმცა ვფიქრობ, რომ მხოლოდ ერთი გავისტუმრე საიქიოს, დანარჩენებმა თავად მოიკლეს თავი“. 

„ვერ მივხვდი“, _ ჩუმად თქვა #0578-მა. 

„რომ ვერ მიხვდი, მაგიტომ გეუბნები, მზად არ ხარ-მეთქი“, _ თავზე ხელი გადაუსვა მურთაზმა უმცროს მეგობარს და ,,კამერისკენ'' წავიდა. 

ამ ამბიდან, დაახლოებით, ერთ თვეში, ,,ზონაზე'' ჩხუბი მოხდა. ბოლოს, ისე გამოვიდა, რომ ერთმანეთს მაყურებლები დაუპირისპირდნენ, მათი საქმე კი, როგორც წესი, ქურდებს უნდა გაერჩიათ. ქურდები ,,ზონაზე'' არ იყვნენ და, როგორც ამ დროს ხდებოდა ხოლმე, „ბაზარი და საქმის გარჩევა სვაბოდისთვის გადაიდო“, თუმცა მოულოდნელად, ,,მაყურებლების კამერაში'' მურთაზი შევიდა. #0578 უკან მიჰყვა და იმ ნარზე ჩამოჯდა, რომელზეც მურთაზი მოკალათდა. 

„გისმენთ“, _ ჩუმად თქვა მურთაზმა, მერე კი #0578-ზე ანიშნა, ეს ჩემი მეგობარია, არ არის პრობლემა, ესეც მოისმენსო. 

დასჯილი ბავშვებით აიტუზნენ ,,მაყურებლები'', ამ ჩია მოხუცის წინაშე თავის მართლება და არეული ლაპარაკი დაიწყეს. ბოლომდე მოუსმინა ორივე მხარეს მოხუცმა, ჩუმად, თავჩაქინდრული უსმენდა, ხმა არ ამოუღია. ბოლოს, თავი ასწია, ერთ-ერთ ,,მაყურებელს'' შეხედა და მტკიცე ხმით უთხრა: 

„მოსაკლავი ხარ, შენ!“ 

პატიმარს ფერი დაეკარგა, მაგრამ ამ ამბავს გაგრძელება აღარ მოჰყოლია, მურთაზი ,,კამერიდან'' ნელი ნაბიჯით გავიდა, ნახევარ საათში კი ის ,,მაყურებელი'' ადმინისტრაციამ ეტაპით, სხვა ,,ზონაზე'' გაუშვა. 

„როდემდე უნდა დამტანჯო?“ _ ღიმილით ჰკითხა მეორე დილით #0578-მა მურთაზს. იმანაც ჩაიღიმა, მერე თვალები მოჭუტა და თავით ანიშნა, გამომყევიო. მეგობრები მურთაზის ,,კამერაში'' ავიდნენ, მოხუცმა ჩაი მოადუღა, ნარზე მოკალათდა და დაიწყო. 

„კი იცი შენ, მაღალმთიან სოფლებში როგორ ჭირს სამუშაო. მაინც მოვახერხე და კომუნისტების დროს, რაიონში საწყობის გამგედ დავიწყე მუშაობა. სამშენებლო საწყობი იყო, რაც იმას ნიშნავდა, რომ მალე, ძალიან ბევრი ფული ვიშოვე. პატარა ბიჭი ვიყავი, ცოლი მოვიყვანე და ოთხ წელიწადში, სამი შვილი მეყოლა _ ორი ბიჭი და ერთი გოგო. 

ბედნიერი კაცი ვიყავი. შეთავაზებების მიუხედავად, არ გადავედი არსად, ჩემს საწყობს ვუყურებდი და ბედნიერად ვცხოვრობდი. უზარმაზარი სახლი ავაშენე და მაშინ, როცა მეგონა, რომ ამ ქვეყნად ყველაზე ბედნიერი ვიყავი, აი, მაშინ ,,დამერხა''. 

ჩემი 8 წლის შვილი სანადიროდ წაიყვანეს მეზობლებმა. ასე დაჰყვებოდნენ ხოლმე ბავშვები დიდებს, დასვამდნენ მდელოზე და მერე, მოჰყავდათ სახლში, ერთობოდნენ, რა. ჰოდა, ჩემი შვილი არ დაბრუნდა იმ დღეს. მოვიკითხე და სხვებზე ადრე წამოვიდაო. რა დამაძინებდა, მთელი ღამე ტყეში ვიარე. გამთენიისას პოლიციელები და მაძებარი ძაღლები ამოვიყვანე. ნაშუადღევს იპოვეს ბავშვი. უფრო სწორედ, ის, რაც მისგან დარჩა _ ნადირს ჰქონდა ნაჭამი და გაფუჭებული. გადავირიე კინაღამ, გავცოფდი კაცი, მაგრამ უარესი წინ მელოდა... 

როცა მიცვალებულს ვაპატიოსნებდით, სხეულის დარჩენილ ნაწილებზე რაღაც ნაჩხვლეტებივით ჩანდა. მივყევი ამ ნაჩხვლეტს და საფანტის ბურთულები ამოვიღე სამი ცალი. მიხვდი, არ იყო ჩემი შვილი ნადირის მსხვერპლი. დავასაფლავე და გასვენებიდან მეორე დღეს ერთ-ერთი, ვინც სანადიროდ იყო, დავიმარტოხელე. ნაგანის ლულა ჩავუდე პირში და მოვაყოლე, როგორ გაუვარდა ერთ-ერთს იარაღი, როგორ მოხვდა ჩემს შვილს, როგორ გადაწყვიტეს, რომ უღრან ტყეში დაეგდოთ, როგორ შეთხზეს ისტორია, რომ ბავშვი სახლში წამოვიდა და ვითომ ტყეში დაიკარგა. 

სასხლეტს დავუშვი და დავტოვე ის კაცი ქალაახდილი. სამხედრო ნაწილში წავედი, 2 ცალი „ლიმონკა“ ვიყიდე და დაღამებას დაველოდე. ღამით მკვლელის სახლთან მივედი და ღია ფანჯარაში შევაგდე გახსნილი „ლიმონკები“. მაშინ 4 ადამიანი მოკვდა, თუმცა ერთ-ერთი მეზობლის ბავშვი იყო, რომელიც შემთხვევით იმყოფებოდა სტუმრად. 

დამიჭირეს და ჯერ დახვრეტა მომისაჯეს, მერე 15 წლით შემიცვალეს. მაშინ გავთეთრდი. დახვრეტა რომ გავიგე, ერთ ღამეში დიაბეტიც დამემართა და თმაც გამითეთრდა. მოვიხადე 15 წელი, მაგრამ ისე კი არა, ახლა რომ იხდიან, ქურდების გვერდით, ,,ზონის მაყურებელი'' ვიყავი. 

თავისუფლებაზე რომ გამოვედი, ძველი მეგობრები მოვინახულე, ხელი გამიმართეს, პატარა ბიზნესი დავიწყე და იმ ოჯახის ნათესავი გადამეყარა რვა წლის შემდეგ. აქაოდა, შენ მოსაკლავი ხარო და იარაღი ამოიღო. მზად ვიყავი ასეთი შემთხვევისთვის, დავასწარი და გავისროლე. „პაბეგში“ წავედი, აღარ მინდოდა ციხე, თუმცა მაინც დამიჭირეს და მეორე 15 წელს ახლა ვამთავრებ. 

ჰო, ძებნაში რომ ვიყავი, კიდევ შემომაკვდა 1-2 კაცი _ მარტივია მერე ამის კეთება“, _ დაასრულა მოყოლა მურთაზმა. 

მეორე სასჯელი სრულად აღარ მოუხდია მურთაზს, საყოველთაო ამნისტიამ წელიწადი და რამდენიმე თვე აპატია და გარეთ გავიდა. ახლა ისევ სოფელში ცხოვრობს, შვილიშვილებს ზრდის და... 

„ხანდახან ვფიქრობ, უკან რომ დაბრუნდეს ცხოვრება, რას ვიზამდი? კაცურად რომ მოსულიყვნენ, ან პოლიციაში მისულიყვნენ, ასე მოხდაო, კიდევ ვაპატიებდი, სოფლიდან აყრას ვაკმარებდი. აი, ის, რომ ჩემი პატარა ნადირის საჯიჯგნად, ასაყროლებლად და დასალპობად გაწირეს, ეგ ვერ ვაპატიე. ამიტომ, არ ვნანობ, არა“, _ ეს სიტყვები მურთაზმა #0578-ს გასვლამდე, რამდენიმე დღით ადრე უთხრა.

პატიმარი #0578

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში