Menu
RSS

პანკისის პრობლემის მოგვარებას ხელისუფლება ჩეჩენ „კანონიერ ქურდ“ ახმედ დომბაევს სთხოვს?

ვინ და რატომ აშანტაჟებს ტარიელ ონიანის გარემოცვას

საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების ფონზე, თითქოს მიივიწყეს ,,კანონიერი ქურდების'' თემა და ეს მაშინ, როცა რეალურად, ,,კანონიერ ქურდებს'' ხელისუფლებისა, თუ ოპოზიციის წარმომადგენლები წინასაარჩევნოდ, გვარიანად აწუხებენ და მათ პირობებს უყენებენ.

ამის შესახებ კულუარულად აქტიურად საუბრობენ და რაც მთავარია, რუსული მედია წერს, რომ საქართველოში ექსტრადაციისთვის რამდენიმე ,,კანონიერი ქურდია'' გამზადებული, თუმცა ქართული მხარე მათ მისაღებად მზად არაა. 

ყველაზე დიდი აქცენტი, რაღა თქმა უნდა, ტარიელ ონიანზე კეთდება, კაცზე, რომელიც საპყრობილეს 19 მაისს ანუ ზუსტად იმ დღეს დატოვებს, როცა საქართველოში არჩევნები იმართება. 

რამდენად არის ჩართული ონიანის გარემოცვა აქაურ არჩევნებში? _ ეს სხვა თემაა. ოპოზიციის მტკიცებით, ხელისუფლება ტარიელის გარემოცვას აშანტაჟებს და ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ მისი ხალხი არჩევნებში მმართველ გუნდს არ დაეხმარება, ონიანის თვითმფრინავი თბილისში დაეშვება. რა თქმა უნდა, ხელისუფლება ამას უარყოფს, თუმცა... 

დღე-დღეზე, რუსული ციხიდან ყველაზე გავლენიან ჩეჩენ ქურდს, ახმედ დომბაევს, იგივე „ახმედ შალინსკის“ გაათავისუფლებენ. ეს კაცი ადგილობრივი ხელისუფლებისთვის სერიოზული თავსატეხია, რადგან მისი დაპატიმრების შემდეგ, ჩეჩნებმა რუსეთის მასშტაბით, პოზიციები დათმეს, ახლა კი ისევ ერთიანდებიან და მზად არიან, საკუთარი გავლენის სფეროები სისხლით დაიბრუნონ. 

რუსი სამართალდამცავებისთვის ყველაზე დიდი პრობლემა ის გახლავთ, რომ დომბაევს ვერსად გააძევებენ, რადგან რუსეთის მოქალაქეა და იძულებული იქნებიან, ქვეყანაში დატოვონ. პარალელურად, მას ვერც ,,კანონიერი ქურდობის'' ბრალდებას წაუყენებენ, რადგან გამორიცხულია, ვინმემ გარისკოს და ციხიდან ახლადგათავისუფლებულ ჩეჩენს ხელი დაადოს, ქურდიაო. თავად დომბაევი კი, უბრალოდ, დუმილის უფლებას გამოიყენებს. 

დომბაევს სერიოზული გავლენა არამარტო ჩეჩნეთზე, არამედ პანკისში მცხოვრებ ახალგაზრდებზეც აქვს. იმის გათვალისწინებით, რაც ბოლო დროს პანკისში დატრიალდა, გავლენიანი კაცის საქმეში ჩართვა, ყველაზე მეტად, საქართველოს ხელისუფლებას აწყობს. წესითა და რიგით, გიორგი გახარია, თავისი რუსული კავშირების წყალობით, „ახმედ შალინსკიზე“ უნდა გავიდეს, მაგრამ რამდენად მოინდომებს თავად ჩეჩენი ქურდი ამ საქმეში ჩარევას, სხვა საკითხია“, _ გვითხრა ჩეჩნეთის რესპუბლიკის დაბა შალიში მცხოვრებმა, ახმედ დომბაევის მეზობელმა ქალბატონმა, რომელიც გაგიკვირდებათ და, სხვებთან ერთად, ახმედას გათავისუფლებას მოუთმენლად ელოდება. 

საქართველოში არსებული კრიმინოგენური სიტუაცია კი სიკეთისკენ არ მიდის. ტურისტული სეზონის მოახლოებასთან ერთად, სამართალდამცავები ელიან, რომ დანაშაული გახშირდება და უკვე გადაწყვეტილია, რომ საკურორტო ზონებში პატრულის დამატებითი ეკიპაჟები ივლიან. 

ჩვეულებრივ, ფორმიან პატრულთან ერთად, იმოძრავებს უფორმო პატრულიც ანუ სამართალდამცავები, რომლებსაც ამომცნობი ნიშანი არ ექნებათ, რამაც წესითა და რიგით, დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი უნდა გაზარდოს, თუმცა... 

„პრაქტიკულად, მთელი უბანი დარაზმულია და ზღვისპირა რეგიონში აპირებს წასვლას. მიზეზი ერთადერთია _ მობილური ტელეფონები. ყველამ იცის, რომ ტელეფონების ხელოსნები მოპარულ მობილურებს ნაწილების გამო ყიდულობენ, სამაგიეროდ, ტურისტებმა არ იციან, რომ საქართველოში ეს აკრძალვა, პრაქტიკულად, აღარ მუშაობს და როგორც ადრე, ტელეფონები ახლაც მიგდებული ექნებათ. 3-4 ათას ლარიანი ტელეფონების ჩაბარება ნაწილების გამო 400-500 ლარად შეიძლება, რაც იმას ნიშნავს, რომ დღეში ერთი ტელეფონიც საკმარისია, სერიოზული თანხა რომ მოხსნა და თვის ბოლოს, მანქანის ფულით დაბრუნდე“, _ გვეუბნება ერთ-ერთი არასრულწლოვანი, რომელმაც საქართველოს კანონმდებლობაც კარგად იცის და ისიც ზუსტად აქვს გაანგარიშებული, რომ დაკავების შემთხვევაში, მას ციხეში არავინ გაუშვებს. 

იმის მიუხედავად, რომ სამართალდამცავებმა არაერთხელ დააანონსეს კანონი არასრულწლოვანთა შესახებ, მისი მიღება ისევ ჭიანურდება და ეს მაშინ, როცა არასრულწლოვანთა მიერ ჩადენილი დანაშაულების სტატისტიკა მზარდია და პოლიცია ისევ უძლურია. 

ჩვენი ინფორმაციით, სტატისტიკა მძიმე დანაშაულებზეც გაიზარდა და ისევ გააქტიურდა ნარკოტიკების თემა. ათეულობით საჯარო მოხელე ამხილეს ნარკოტიკების მიღებაში და სამსახურიდანაც გაათავისუფლეს, თმცა ხმამაღლა ამაზე არავინ საუბრობს. 

სამაგიეროდ, რეგიონებში ღიად ლაპარაკობენ, რომ ნარკოტიკებმა ახალგაზრდობა წალეკა და ისეთებმა დაიწყეს მისი მოხმარება, რომლებიც მანამდე ამ პრეპარატებს არ ეკარებოდნენ. რაც მთავარია, ბევრი საუბრობს შერჩევით სამართალსა და იმაზეც, რომ ადგილობრივ დონეებზე, ხელისუფლების მაღალჩინოსნები პოლიციელებს კონკრეტული პირებისთვის ხელშეუხებლის სტატუსს სთხოვენ. 

სხვათა შორის, მას შემდეგ, რაც არასრულწლოვანზე ქორწინებისთვის სასჯელი გაიზარდა და არაერთი ადამიანი ამის გამო ციხეში მოხვდა, დანაშაულის რაოდენობა ძალიან შემცირდა. შედარებისთვის გეტყვით, რომ თუ პირველ ეტაპზე, ამის გამო ციხეში ასი ადამიანი მოხვდა, ახლა მათი რიცხვი 4-5 კაცით შემოიფარგლება. ეს იმაზე მიანიშნებს, რომ დანაშაულზე სასჯელის გამკაცრება და შესაბამისი ზომების გატარება სტატისტიკაზე დადებითად აისახება.

ბათო ჯაფარიძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში