Menu
RSS

„ნიკა გვარამიას ბრალდებებისთვის მოვიცლი და პასუხს ვაგებინებ“

„რუსთავი 2“-ზე შეტევის ახალი ფაზა, თუ ბრძოლა სამართლიანობისთვის

სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის გარეშემო დავა გრძელდება. ყოველ შემთხვევაში, ტელევიზიის გენერალურმა დირექტორმა 6 მაისს, გიორგობას, საგანგებო ბრიფინგი გამართა და საზოგადოებას ამცნო, რომ „რუსთავი2“-მა ტელევიზიის წილის 9%-ის მფლობელის, ნინო ნიჟარაძის სარჩელი მიიღო, რომლის თანახმადაც, აღნიშნული პიროვნება ანუ „რუსთავი 2“-ის გარდაცვლილი გენერალური დირექტორის, გოგი გეგეშიძის მეუღლე, ნიკა გვარამიასგან სხვა მეწილეებისა და ასევე, ე.წ გაყიდვების სახლისგან, დაგროვილი გადასახადების სახით, ჯამში, 26 მილიონს ლარის კომპენსაციას ითხოვს.

ერთი შეხედვით, ისე ჩანს, რომ აღნიშნული დავა მეწილეებს შორის არსებული უთანხმოებაა, თუმცა ნიკა გვარამია ყველაფერ ამაში ხელისუფლების ხელს ხედავს და ამბობს, რომ „ოცნებამ“ „რუსთავი 2“-ის წინააღმდეგ, „შეტევის ახალი ფაზა“ დაიწყო. 

„ეს ფაზა იქნება, როგორც ჩანს, უკანასკნელი და გადამწყვეტი, ოღონდ არა მხოლოდ „რუსთავი 2“-სთვის, არა მხოლოდ თავისუფალი სიტყვისთვის ამ ქვეყანაში, არამედ ზოგადად, ამ ქვეყნის ისტორიაში, ეს იქნება მნიშვნელოვანი ეტაპი და ძალიან სიმბოლურია, რომ ეს ბრძოლა რუსული ორიენტაციის ძალებსა და დასავლური ორიენტაციის ძალებს შორის არის და მე იმედი მაქვს, რომ ყველა პოლიტიკური ძალა გააცნობიერებს ამას, ვგულისხმობ დასავლური ორიენტაციის ძალებს და ეს ბრძოლის ხაზი გადის ,,რუსთავი 2''-ზე. ეს ძალიან სიმბოლურია და ლოგიკური. „რუსთავი 2“-ში დღეს შემოვიდა 9%-ის მფლობელი მეწილის, ნინო ნიჟრაძის სარჩელი, „რუსთავი 2“-ის სხვა მეწილეების, პირადად ჩემი, „რუსთავი 2“-ის გაყიდვების სახლის წინააღმდეგ. ნინო ნიჟარაძე ითხოვს კომპენსაციას დაგროვილი გადასახადების სახით ჩემგან და სხვა მეწილეებისგან, თუმცა თვითონ 9%-ს ფლობს და როგორც ჩანს, მას უფრო აწუხებს, ვიდრე 91% წილის მფლობელებს. ითხოვს 2015 წელს, თვითონ როგორც ამბობს, „გამქრალ“ 10 მილიონ ლარს გაყიდვების სახლისგან და არა ჩვენგან და ჩვენთვის საერთოდ უცნობია, რა თანხაზეა ლაპარაკი. ერთადერთი წყარო, რომელიც ამაზე საუბრობდა 2015 წელს, ეს იყო კახა ბექაური და მისი კომისია და ამაზე დაყრდნობით არის აქ საუბარი. სრული აბსურდია, არავითარი 10 მილიონი არ გამქრალა, მაგრამ ამას ითხოვს და ასევე, ითხოვს ჩემგან, რატომ გავზარდე უფასო პოლიტიკური რეკლამების ლიმიტი ოპოზიციის სასარგებლოდ და ამით ზიანი მივაყენე კომპანიას, მაგრამ შეგახსენებთ, რომ ამაზე მხოლოდ მარეგულირებელი კომისია საუბრობდა და აქაც ამაზე დაყრდნობით არის გაკეთებული ეს განცხადება, არადა, კანონით ნებადართული საქმიანობაა და კანონი ამას ითვალისწინებს. ასევე, ითხოვს მილიონ 600 000 ლარს პირადად მისთვის იმიტომ, რომ სხვა მეწილეებმა არ მისცეს წილის გაყიდვის უფლება, რაც პრინციპში, წესდებით გათვალისწინებულია. ჯამში, ითხოვს 26 მილიონს ლარს, დაახლოებით და ითხოვს სოლიდარულად, ჩემგან და მეწილეებისგან“, – განაცხადა გვარამიამ. 

როგორც გვარამია აღნიშნავს, ეს დავა სრული აბსურდია, თუმცა მისთვის უკვე ნათელია, სასამართლო როგორ გადაწყვეტილებას გამოიტანს. 

„სარჩელი არის სარჩელისთვის, დაყრდნობილია კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიისა და საგადასახადო დავალიანებების ინფორმაციებზე. სავარაუდოდ, არის არაუფლებამოსილი სუბიექტის მიერ წამოწყებული, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს. დავა შესულია სასამართლოში, რომელსაც შეუძლია ყველაფერი. დავას იხილავს გამორჩეულად ბინძური მოსამართლე, ქოჩიაშვილი, რომელიც არის ამ ქვეყნისთვის კარგად ცნობილი სამოსამართლეო კლანის წევრი და სრულიად გასაგებია, რა გადაწყვეტილებაც იქნება გამოტანილი“, – განაცხადა გვარამიამ. 

მისი თქმით, ამ სარჩელის მიზანი არის „რუსთავი 2“-ის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა და პირველ რიგში, ეს ეხება იმ ადამიანს, რომელიც არის გარანტი „რუსთავი 2“-ის სარედაქციო პოლიტიკისა და ეს თვითონაა. 

მისივე თქმით, წინმსწრები ინფორმაციით, მთავარი მოთხოვნა, რომელიც სარჩელში წამოყენებული იქნებოდა, დირექტორის უფლებამოსილების შეჩერებაა, რაც მისი განმარტებით, ბევრჯერ სცადა სასამართლომ ბიძინა ივანიშვლის მოთხოვნით, მაგრამ სტრასბურგის სასამართლოს გამო, ეს ვერ მოხერხდა. 

ამასთან, მისივე განცხადებით, ამ სარჩელის მიზანია კომპანიის გაკოტრება და მისი შეძენა ბიძინა ივანიშვილის მიერ. 

ნიკა გვარამიას განცხადებით, იმის გამო, რომ „რუსთავი 2“ ქართულ სასამართლოს არ ენდობა, ის ნიჟარაძეს სთავაზობს, სარჩელი ქართული სასამართლოდან გამოიტანოს და შეიტანოს ნებისმიერ სართაშორისო არბიტრაჟში. 

„მე ვთავაზობ ქალბატონ ნიჟარაძეს, გამოიტანოს სარჩელი ქართული სასამართლოდან და შეიტანოს ნებისმიერ სართაშორისო არბიტრაჟში. ჩვენ, ცხადია, ქართულ სასამართლოს არ ვენდობით, გვაქვს ამის გამოცდილება. ამიტომ, თუ ეს არის დავა ორ ბიზნესსუბიექტს შორის, ჩვენ ვთავაზობთ მოდავე მხარეს, შეიტანოს სარჩელი ნებისმიერ არბიტრაჟში. უნდათ, საქართველოში შევქმნათ ჩვენთვის სანდო პირებისგან არბიტრაჟი, უნდათ, საერთაშორისო არბიტრაჟში შეიტანონ სარჩელი“, – განაცხადა საგანგებო ბრიფინგზე, ნიკა გვარამიამ. 

რა თქმა უნდა, არსებობს იმის ალბათობა, რომ ვინმეს, ამ შემთხვევაში, ხელისუფლებას, „რუსთავი 2“-ის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა უნდოდეს და იგივე ის სარჩელი, რომელის შესახებაც გვარამია საუბრობს, სამთავრობო წრეების ხელშეწყობით იყოს დაწერილი, მაგრამ არქივში არსებობს ნინო ნიჟარაძის, ჯერ კიდევ ოთხი წლის წინ გაკეთებული განცხადებები, რაც იმას, რასაც გვარამია ამბობს, თავდაყირა აყენებს. კერძოდ, 2015 წლით დათარიღებულ ინტერვიუში, გოგი გეგეშიძის მეუღლე, ნინო ნიჟარაძე აცხადებს: 

„ჩემი მეუღლე 2014 წლის მარტში გარდაიცვალა. უკვე აპრილის ბოლოს, ,,რუსთავი 2''-დან დამირეკეს და შეხვედრაზე მიმიწვიეს. მდივანმა დამირეკა, თქვენი ხელმოწერაა საჭირო და ეგებ, მობრძანდეთო. მივედი. რაღაც შპს-ს გახსნა სურდათ, დოკუმენტებს გავეცანი და ხელიც მოვუწერე. იქვე იჯდა ყარამანიშვილი, ახლაც არ ვიცი, რომელი ძმა იჯდა, მანამდე ნანახიც არ მყავდა არცერთი და შესაბამისად, ვერც ვიცანი. ხელმოწერის შემდეგ, მკითხა: 9%-თან დაკავშირებით, რას აპირებთო. მაშინ, მეუღლის გარდაცვალებიდან 40 დღე იყო მხოლოდ გასული და ამაზე ფიქრის თავიც არ მქონდა, თანაც მხოლოდ მემკვიდრის სტატუსი მქონდა, მესაკუთრის სტატუსი სასამართლოს სექტემბერში უნდა მოენიჭებინა ჩემთვის. კანონის თანახმად, განხილვა სასამართლოში ექვსი თვის შემდეგ უნდა დაწყებულიყო. ამიტომაც ვუთხარი, რომ ამაზე ფიქრის არც განწყობა მქონდა ჯერ და არც სამართლებრივი სტატუსი, თუმცა მაშინვე დავაფიქსირე, რომ არ მსურდა წილის შენარჩუნება. მითხრეს, ჩვენ სიმბოლურ თანხას შემოგთავაზებთო, მარწმუნებდნენ, რომ ეს 9%, ისედაც ბევრს არაფერს ნიშნავდა. მხოლოდ ვთხოვე, შემოთავაზება ადეკვატური ყოფილიყო და არა სიმბოლური. 

სხვათა შორის, იმავე შეხვედრაზე მკითხეს, შემოთავაზება არ მიგიღიათ ჩვენგანო? ვუთხარი, რომ არაფერი შეთავაზება ჩემამდე არ მოსულა. და ასეც იყო. მოგვიანებით, როცა დავფიქრდი, ვიფიქრე, რომ თანხა, რომელიც, როგორც ჩანს, მართლაც ითქვა ჩემთვის გადმოსაცემად, იმდენად მიზერული იყო, რომ ჩემამდე ამბავიც არავის მოუტანია. 

ამ შეხვედრიდან, დაახლოებით 2 კვირის შემდეგ, ,,რუსთავი 2''-დან კვლავ დამირეკეს და მითხრეს, რომ საგანგებო კრება იყო დანიშნული. ვკითხე, რა საკითხი განიხილება-მეთქი, მითხრეს, წესდება იცვლება და მოსაწვევს ბინაზე მიიღებთო. ვთხოვე, ეგებ, წესდებაც გამომიგზავნოთ-მეთქი და, მოსაწვევთან ერთად, წესდება მეორე დღეს, მართლაც მივიღე. 

წესდებას გადავხედე, მოგეხსენებათ, იურიდიული ენა სპეციფიკურია, ამიტომაც ჩემს ადვოკატს ვთხოვე დახმარება. ადვოკატმა ძველი წესდება ამოიღო და შედარება გააკეთა. მაშინ გავიგე, რომ ახალი წესდება ყველა უფლებას მართმევდა ანუ წესდების პუნქტები ისე იყო შეცვლილი, რომ მე მთლიანად პროცესის მიღმა ვრჩებოდი, არანაირი საჭიროება ჩემი, აღარ იარსებებდა. ადვოკატმა მირჩია, ამ დოკუმენტზე ხელი არ მომეწერა. 

ყველაზე საინტერესო ის გახლავთ, რაც ძველი წესდების ამოღებისას გამჟღავნდა. როგორც აღმოჩნდა, წესდების შეცვლის მოთხოვნით, მათ იუსტიციის სამინისტროსთვის უფრო ადრე მიუმართავთ. თუმცა სამინისტრომ, კანონის შესაბამისად, მოითხოვა გიორგი გეგეშიძის მხრიდან დოკუმენტზე ხელმოწერა. სამინისტრო ამ ხარვეზის გასწორებას ითხოვდა. ამის შემდეგ დადგა დღის წესრიგში კრების მოწვევის საკითხიც, მხოლოდ ამის შემდეგ შემატყობინეს, წესდება იცვლებაო ანუ უჩემოდ წესდება რომ ვერ შეცვალეს, შემდეგ იფიქრეს, ეგებ, ისედაც მოაწეროს ხელიო. არ ვიცი, როგორც ჩანს, ფიქრობდნენ, რომ მე ვერაფერს გავარკვევდი და მივხვდებოდი. 

არასოდეს დავინტერესებულვარ ,,რუსთავი 2''-ით. მე მშვიდი ცხოვრება მინდა, არანაირი სხვა ინტერესები, მით უფრო პოლიტიკური, არ მაქვს და არც არასოდეს მქონია. არასოდეს მქონია რაიმე პოლიტიკური აქტივობა, აქციებზე არასოდეს ვმდგარვარ. ერთადერთი, არჩევნებზე გავდივარ და ეს ჩემი მოქალაქეობრივი მოვალეობაა. არ მინდოდა, ამ პროცესებში ჩავრთულიყავი, მშვიდ და წყნარ ცხოვრებას ვარ მიჩვეული. 

მე მხოლოდ საკუთარი უფლებები დავიცავი აქ და ეს არანაირად არ უკავშირდებოდა „რუსთავი 2“-ის მუშაობას. მე ვუფრთხილდები ,,რუსთავი 2''-ის იმიჯს, სულაც არ მსურს, რომ ტელევიზიის წილი საეჭვო პირებს, ან უცხო პირებს ჩაუვარდეთ ხელში. ამიტომ მე მათ ორჯერ შევთავაზე ჩემგან წილის ყიდვა და ორჯერვე უარი მივიღე. სულაც არა ვარ ანგაჟირებული, როგორც ნიკა გვარამია საუბრობს ჩემზე და არც ფულზე ვარ გაგიჟებული. ვფიქრობ, მათ დიდი შეცდომა დაუშვეს, რომ თავიდანვე უარი მითხრეს წილის ყიდვაზე, ახლა კი მისი გაყიდვის საშუალებასაც არ მაძლევენ. 

საერთოდ, ნიკა გვარამიას ბრალდებებისთვის მოვიცლი და პასუხს ვაგებინებ. ეს საკმაოდ უხეში და მიუღებელი ფორმით გაკეთდა და რაც მთავარია, საერთოდ არ შეესაბამება რეალობას. მან ბოდიში უნდა მომიხადოს ასეთი გამონათქვამებისთვის''. 

როგორ დამთავრდება ნინო ნიჟარაძისა და ნიკა გვარამიას დავა, ამას დრო აჩვენებს, თუმცა აქვე, უნდა აღინიშნოს, რომ თუ ამ დაპირისპირებას პოლიტიკური სარჩული აქვს, მაშინ მედიის დასაცავად, მთელი საზოგადეობა უნდა დაირაზმოს, სიტყვის თავისუფლება დემოკრატიის უმთავრესი მონაპოვარია! საქართველოს კი პრეტენზია აქვს, რომ დემოკრატიული ქვეყანა გახდეს! 

სხვათა შორის, კერძო საკუთრების დაცვაც დემოკრატიის ანბანია. ასე რომ, ამ კუთხითაც ოქროს შუალედია მოსაძებნი, რადგან სიტყვის თავისუფლების დაცვით, ვინმეს კერძო საკუთრების უფლება არ შეილახოს!

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში