Menu
RSS

ბიზნესდავის სკანდალური დეტალები _ არჩილ კბილაშვილს არაეთიკურ ქმედებებში ადანაშაულებენ

არჩილ თაბაგარი: „სასამართლო საკუთარ რეპუტაციას, ბიზნესს და კერძო საკუთრებას საფრთხის ქვეშ აყენებს!“

 

თბილისში, პეტრიაშვილის ქუჩაზე მდებარე ისტორიული შენობის _ ღვინის ქარხანა #1, სასამართლო სისტემის კეთილსინდისიერებისა და ბიზნესისადმი დამოკიდებულების საზომ ტესტად იქცა. 

საქმე იმდენად ნათელი და ამავდროულად ,,ჩახუჭუჭებულია'', რომ მის სამართლებლივ დასრულებას არა მხოლოდ სასამართლო დავაში ჩართული მხარეები, არამედ ქართული ბიზნესი და ინვესტორებიც ყურადღებით აკვირდებიან. უზენაესი სასამართლოს მიერ შექმნილმა პრეცენდენტმა, შესაძლოა, ერთი ხელის მოსმით დაანგრიოს კეთილსინდისიერი მყიდველის მცნება და მრავალჭირნახული და კატაკლიზმებგამოვლილი ქართული ბიზნესი უდიდესი საფრთხის წინაშე დააყენოს. 

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, გთავაზობთ ინტერვიუს ადვოკატ არჩილ თაბაგართან.

_ რატომ არის ეს საქმე ასე რეზონანსული, რატომ უქმნის საფრთხეს ქართულ ბიზნესს და სამართლებლივ სისტემას? 

_ საქმე სასამართლოს სხვადასხვა ინსტანციაში 2014 წლის დეკემბრიდანაა ანუ თითქმის ხუთი წელია, საქმეს სასამართლო განიხილავს და ქონებას ადევს ყადაღა, ეს არის დამანგრეველი ბიზნესისთვის. სააპელაციო სასამართლომ საქმის განხილვა ახლა 2019 წლის 19 ივნისისთვის გადადო, როდესაც გასული წლის სექტემბრიდან, ყოველ დღე ველოდებით საბოლოო გადაწყვეტილებას. სააპელაციო სასამართლო უკვე მეორედ განიხილავს ამ საქმეს და მოსამართლე ქეთევან მესხიშვილმა ლამის დეტალებში იცის საქმის ყოველი ნიუანსი. 

_ თუ ასეა, აბა, რა არის საქმის გაჭიანურების მიზეზი, ან რა იყო იმის მიზეზი, რომ პირველ ინსტანციაში გამოტანილი ვერდიქტი და მეორე ინტანციის ვერდიქტი აბსოლუტურად გაუგონარი მოტივაციით არ გაითვალისწინა უზენაესმა სასამართლომ და საქმე კვლავ სააპელაციოს დაუბრუნა? 

საქმე ზეწოლა-გავლენასთან გვაქვს? 

_ დიახ, მაქვს ამის ვარაუდის საფუძვლიანი ეჭვი. შეიძლება, ბიზნესი ხუთი წელი დავის პროცესში ამყოფო, დაუყადაღო ქონება, პარალელურად, აღიარებდე, რომ საქმე გაქვს კეთილსინდისიერ მფლობელთან და აჭიანურებდე სასამართლოს ერთადერთი მოტოვით _ დაათმობინონ ბიზნესი მეპატრონეს? 

_ ასეთი მოთხოვნა ვისგან იყო? 

_ არც დაუფარავთ საუბრებში, რომ ამ ობიექტში წილობრივი მონაწილეობა უნდათ. ვუთხარი მათ ადვოკატ არჩილ კბილაშვილს, რომ ამაზე საუბარი დაუშვებელი იყო და ეს თემა მოკვდა. 

_ და? 

_ მხარე, რომელსაც მე წარმოვადგენ, კატეგორიულად წინააღმდეგია რაიმე სახის გარიგებაზე წასვლის. ეს პირები სასამართლოს მეშვეობით, 2015 წლის იანვრიდან, ყადაღის ქვეშ ამყოფებენ ქარხანას. ამ ხნის განმავლობაში ყადაღის ქვეშ კომპანიის ყოფნა, რომელსაც ესაჭიროება მუდმივი განახლება, რეაბილიტაცია, რადგანაც ეს ობიექტი არის საკმაოდ ძველი და სჭირდება დიდი კაპიტალდანახარჯი, ფაქტობრივად, გაუსაძლისია. Aმის შესახებ საქმის კურსშია ყველა _ ბიზნესომბუდსმენიდან დაწყებული, სხვა ყველა ინსტანციით დამთავრებული და ამის მიუხედავად, არანაირი საშველი არ ჩანს. 

_ ანუ შექმნილ ვითარებაზე საქმის კურშსია ხელისუფლება? 

_ დიახ, ვერავინ იტყვის, რომ ქარხანის ირგვლივ მიმდინარე პროცესების შესახებ არაფერი იცოდა. 

_ და მაინც, რა არის დავის საგანი? 

_ ახლანდელი მფლობელების მიერ აღნიშნული ობიექტის შეძენა მოხდა 2013 წლის მარტში. 2013 წელს, შპს ,,არტღვინომ'' ფიზიკური პირი, ვლადიმერ კვარაცხელიასაგან 4 000 000 აშშ დოლარად იყიდა მის საკუთრებაში არსებული 100% წილი კომპანია შპს ,,კატრიკაპიტალში'' (ს/კ: 404401544). ვლადიმერ კვარაცხელია, მისი კუთვნიილ კომპანია შპს ,,კატრიკაპიტალის'' მეშვეობით, საკუთრებაში ფლობდა ღვინის ქარხნის ტერიტორიის მხოლოდ ნაწილს, თუმცა მთელი ქონება ჩადებული ჰქონდა თიბისი ბანკში. ვლადიმერ კვარაცხელია ამ დროისთვის ვერ ახდენდა კრედიტის დაფარვას, აღნიშნული ქონება კი, პრაქტიკულად, გადასული იყო თიბისი ბანკის სრულ განკარგვაში. ამავე წელს, შპს ,,არტღვინომ'' ,,საქართველოს ბანკისაგან'', ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური საფინასო ორგანიზაციისგან 5 550000.00 ლარად გამოისყიდა ქონების მეორე ნახევარიც. 2014 წლის დეკემბერში, ღვინის ქარხნის შემძენის _ შპს ,,არტღვინოს'' მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოში დაიწყო სამოქალაქო დავა. მოსარჩელე გახლდათ სააქციოსაზოგადოება ,,სავანე ღვინის #1 ქარხანა''. მის წარმომადგენლად აღნიშნულ დავაში საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი, არჩილ კბილაშვილი ჩაერთო. 

_ რამდენადაც მახსოვს, კბილაშვილს ამ ღვინის ქარხანასთან, უფრო სწორად, მის ყოფილ მფლობელებთან ადრეც ჰქონდა პროფესიული კავშირი, თუ ვცდები? 

_ არა, არ ცდებით. როგორც ირკვევა და ეს ჩვენთვის სასამართლო დავის დროს გახდა ცნობილი, 2004 წელს, ქარხანა გაიყიდა. გაყიდმა მისმა დირექტორმა, ვინმე გიორგი მგალობლოშვილმა. შემდეგ მას აქციონერებმა უჩივლეს იმ მოტივით, რომ არ ჰქონია ქარხანის გაყიდვის უფლება. პროკურატურაში აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. ამ საქმეში მგალობლიშვილის ადვოკატი გახლდათ ბატონი არჩილ კბილაშვილი. კბილაშვილი მაშინ ამტკიცებდა, რომ მგალობლიშვილს კანონი არ დაურღვევია და მის მიერ დადებული გარიგება იყო კანონის ფარგლებში. ამ საქმეზე, რამდენადაც ვიცი, დააკავეს ათამდე ადამიანი. მგალობლიშვილი არ დაუკავებიათ, მან მაშინ ქვეყანა დატოვა, თუმცა მის მიმართ საქმე არ შეწყვეტილა და მიმდინარეობდა სამართლებლივი დევნა. 

_ ეს დევნა ახლაც გრძელდება? 

_ არა. 2013 წელს, როდესაც ბატონი არჩილ კბილაშვილი გახლდათ მთავარი პროკურორი, მგალობლიშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის დევნა შეწყდა. 

_ საიტერესოა. ამაზე რას ამბობს ბატონი კბილაშვილი? 

_ ის აცხადებს, რომ პროკურატურაში უამრავი საქმე იყო და მგალობლიშვილის მიმართ რატომ შეწყდა დევნა, მისთვის უცნობია. 

_ ანუ გამარკვიეთ კარგად: კბილაშვილი ამტკიცებდა, რომ მგალობლიშვილი დამნაშავე არ იყო და ქონების გასხვისება მოხდა კანონის ფარგლებში, შემდეგ მგალობლიშვილის მიმართ შეწყდა დევნა და ახლა კბილაშვილი აცხადებს, რომ მგალობლიშვილის დროს ჩადენილი იქნა უკანონო, მართლსაწინააღმდეგო ქმედება და ამის გამო, 2004 წლიდან, ლამის 30-ჯერ გაყიდული ქონებაზე დავობს? 

_ დიახ, რეალურად ამის დამტკიცებას ცდილობს ბატონი კბილაშვილი. 

კბილაშვილის ქმედებები, არაეთიკურთან ერთად, ამორალურ ქმედებადაც მეჩვენება, თუნდაც პროფესიული თვალსაზრისით. 

კბილაშვილს არანაირი პრეტენზია არ აქვს 2004-2006 წლებში, სს ,,სავანე – ღვინის #1 ქარხნის'' დირექტორებთან და აქციონერთა ერთ ნაწილთან, რომელთა ქმედებებს, როცა ამის სურვილი აქვს, დანაშაულებრივსაც უწოდებს და თანაბრად აღიარებს ამჟამინდელი მესაკუთრეების უფლებას. რამდენადაც ვხვდები და ვვარაუდობ, ბატონ კბილაშვილს აქვს კონკრეტული ამოცანა _ პროცესი გაწელოს იმ ზომამდე, რომ კეთილსინდისიერ მფლობელებს მოსარჩელემ ან წილი გამოსტყუოს, ან დაქანცოს სამართლებლივი დავით და უარი ათქმევინოს ქონებაზე. მის მორალურ და ეთიკურ მომენტებს მე არ შევეხები _ ეს სხვებმა განსაჯონ. 

_ თვალახვეული გასაგებია, მაგრამ თემიდა ყრუა ანუ რა გამოდის, რომ სასამართლო კბილაშვილის დუდუკზე ცეკვავს და მის ნებაზე დადის? 

_ ეს ჩემი პირადი აზრია, რომ აქ ხდება რაღაც სახის მანიპულაცია. მიზანი _ ობიექტი ამყოფონ მუდმივად სასამართლო დავის რეჟიმში. ასეთ პრობებში ხომ რაიმე სახის ინვესტიციაზეც კი საუბარი ზედმეტია? ამჟამიდელი ინვესტორებიც გაოგნებულნი არიან. წლებია, ფული დაბანდებული აქვთ და არანაირი შედეგი, სარგებელზეც საუბარი ხომ ზედმეტია. მიმაჩნია, რომ უზენაეს სასამართლოში მოხდა გარკვეული სახის ჩარევა იმისათვის, რომ საქმეზე არ დამდგარიყო შედეგი და დავის სტატუსი შენარჩუნებულიყო. საქმე მთავრდებოდა და გადაწყვეტილება უნდა მიღებულიყო ანუ ჩვენ გავმართლდებოდით, როგორც აქამდე გავმართლდით ყველა სხვა ინსტანციაში. ეს არ აწყობდათ, ჩემი აზრით. დააკვირდით, პირველ ინსტანციაში მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილმა, მოსარჩელე სს ,,სავანეღვინის #1 ქარხანა''-ს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი უთხრა, თუმცა სს ,,სავანეღვინის #1 ქარხანა“-მ პირველი ინსტანციის დადგენილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩვრა. ერთი წლისშემდეგ _ 2016 წელს, თბილისის სააპელაციო სასამართლომაც (შემადგენლობით _ ქეთევან მესხიშვილი, ნათია გუჯაბიძე, ნატა ნაზღაიძე) სს ,,სავანე ღვინის #1 ქარხანა“-ს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი უთხრა და ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება. სს ,,სავანეღვინის #1 ქარხანა“-მ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა. 

_ და რა ხდება უზენაეს სასამართლოში? 

_ 2018 წელს, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ, შემადგენლობით _ ბესარიონ ალავიძე, ზურაბ ძლიერიშვილი, პაატა ქათამაძე, ორი ინსტანციის მიერ საფუძვლიანად შესწავლილი და გამოძიებული საქმე უპრეცენდენტო გადაწყვეტილებით, ,,ახლიდან შესწავლის'' მოტივით, განსახილველად უკან დააბრუნა თბილისის სააპელაციო სასამართლოში. 

_ რომელიც, როგორც ვხდები, წელავს განაჩენის გამოტანის პროცესს. 

_ ასე გამოდის. ამჟამად თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმეს განიხილავს შემდეგი შემადგენლობა: ქეთევან მესხიშვილი _ პალატის თავმჯდომარე და მომხსენებელი მოსამართლე, თამარ ალანია, თამარ ზამბახიძე. 2018 წლის სექტემბრიდან, ყოველთვე ტარდებოდა სხდომა. 22 მარტს, საბოლოო გადაწყვეტილება უნდა გამოეცხადებინათ, წინა დღეს დამირეკა თანაშემწემ და მითხრა, რომ სხდომა არ ჩატარდებოდა. მერე ავაწრიალე ყველა და საბოლოოდ, დამიკავშირდნენ და მაცნობეს, რომ სხდომა გადადიო 19 ივნისისთვის. 

_ და მაინც, უაღრესად საინტერესოა, რა იყო უზენაესი სასამართლოს მოტივი? 

_ შევთანხმდეთ იმაზე, რომ ასეთი საქმე უზენაეს სასამართლოში, როგორც წესი, განსახილველად არ შედის და კასაცია დასაშვები არ არის. ამის მიუხედავად, რატომღაც უზენაესი სასამართლო არსებითად იწყებს საქმის განხილვას. საბოლოოდ, მიღებულია გადაწყვეტილება საქმის უკან დაბრუნების შესახებ, რისი არანაირი არგუმენტაცია არ არსებობდა. საქმე იმდენად იყო შესწავლილი პირველ და მეორე ინსტანციაში, რომ მასში ახლადაღმოჩენილი, ან სხვა სადავო ფაქტობრივი გარემოება არ არსებობდა. საქმის უკან დაბრუნება, თან ამ მოცემულობაში _ ბიზნესდავებში არის წარმოუდგენელი უსამართლობა. თუ რამე არასწორად იყო შეფასებული, უზენაეს სასამართლოს შეეძლო, მიესადაგებინა კანონის ნორმა, რომელსაც მართებულად თვლიდა და დავა დაესრულებინა, მაგრამ ამას ვერ იზამდა. ამიტომ, სავარაუდოდ, რადგან უზენაეს სასამართლოს მოუწევდა ძალაში დაეტოვებინა ქვედა ინსტანციების გადაწყვეტილება, რაც არ შედიოდა ბატონი კბილაშვილის და მოსარჩელე მხარეის ინტერესებში, მათ საქმის გაწელვის და ბიზენსისთვის დამატებითი ზიანის მიყენების გადაწყვეტილება მიიღეს. ამ ეტაპზე იმის თქმა შეიძლება, რომ ბატონ კბილაშვილისა და უზენაესი სასამართლოსთვის საკუთრების კეთილსიდისიერი შეძენა და ფლობა არაფერს ნიშნავს, როცა მათი ინტერესებზე, თუ გავლენის ქვეშ მოქცევაზეა საუბარი. 

ვიმეორებ _ შეუძლებელი იყო, უზენაესი სასამართლოდან დაბრუნებულიყო ეს საქმე, რომ არ მომხდარიყო სერიოზული ჩარევა. 

_ რამდენადაც ვხდები, უზენაესი სასამართლო, სამართლებლივად სამკაოდ უხეში პრეცენდენტის ავტორი ხდება? 

_ მარტო დააბრუნდა საქმე და ამის გამო, ეს არის საკმაოდ მსუბუქი შეფასება. უზენაესმა სასამართლომ ბიზნესს მიუტევებელი დარტყმა მიაყენა. 2004 წლიდან დღემდე, ამ ობიექტზე 30-მდე ტრანზაქცია მოხდა უძრავი ქონების გასხვისების. ახლა, თქვენ წარმოიდგინეთ, მოცემულობა, რომ ყიდულობთ უძრავ ქონებას, მერე მოდის ათი წლის წინანდელი მესაკუთრე და გეუბნებათ _ მართალია, თქვენთან არ მქონია ურთიერთობა, მაგრამ ათი წლის წინ, ვიღაცამ დამაზარალა და ამის გამო ქონება უნდა დამიბრუნოთ, თან იმ გარიგებაზე არის ხელმოწერა. ყველაფერი ეს მოხდა ხელშეკრულებებით და ყოველმა შემდგომმა მესაკუთრემ სათანადოდ იხეირა. აქ არ გვაქვს მოცემულობა, როდესაც ვიღაცამ უარი თქვა საკუთრებაზე, არამედ ყველა გაყიდვა მოხდა ნებაყოფილობით. ახლა ვიღაცას ის ფასი არ მოსწონს, რადაც გაყიდა და მას უნდა დაუბრუნდეს ქონება? მხოლოდ ჩვენ კონკრეტულ ტრანზაქციაში _ შეძენაში, ბიუჯეტში 1 მილიონი გვაქვს გადახდილი. 

_ ანუ რა გამოდის, ბიუჯეტის ჩათვლით ყველამ სარგებელი ნახა და თურმე, ახლანდელმა მესაკუთრემ ქონება უნდა დაუბრუნოს იმას, ვისგანაც ეს ქონება არ შეუძენია და არანაირი შემხებლობა არ ჰქონია? გამოდის, რომ უზენაესმა სასამართლომ ბიზნესი საფრთხის ქვეშ დააყენა? 

_ დიახ და თქვა, რომ ბიზნესს არ დაიცავს არანაირად საჯარო რეესტრის მიერ გაცემული ამონაწერი. 

_ საქმეში ჩართული გყავთ ,,საქართველოს ბანკი''? 

_ დიახ და ისიც გაოგნებულა, ისიც თავის მხრივ კეთილსინდისიერი მყიდველი იყო, მაგრამ უზენაესი სასამართლოს მიმართ ბიზნესის მთავარი პრეტენზია იმაში მდგომარეობს, რომ მან არ გადაწყვიტა ბიზნესდავა. არ შეიძლება, სასამართლომ ამდენი ხანი ამყოფოს ბიზნესი დავაში, რადგან დრო ბიზნესის საწინააღმდეგოდ მუშაობს. სასამართლო დავის არსებობა და ბიზნესის განვითარება ერთად არ ხდება _ არსად მსოფლიოში. სასამართლო დაინტერესებული უნდა იყოს, რომ ბიზნესდავები მალე დაასრულოს და თუ მტყუანია, გამოიტანოს შესაბამისი დადგენილება, თუ მართალია _ გაამართლოს. 

ამავე დროს, სასამართლომ კერძო საკუთრების ინსტიტუტი ქაღალდზე დაწერილ ცნებად აქცია. 

და ბოლოს, წარმოუდგენელი რამ: უზენაესმა სასამართლომ თქვა, რომ როდესაც შედიხარ კომპანიაში, არა მხოლოდ უნდა შეისწავლო ქონების სამართლებლივი სტატუსი, არამედ დირექტორების კეთილსინდისიერებაც. წარმოგიდგენიათ, რასთან გვაქვს საქმე? 

_ უკაცრავად, ვერ მივხდი... 

_ ანუ თქვენ თუ რომელიმე წარმატებულ კომპანიაში შეიძენთ აქციებს და მერე აღმოჩნდება, რომ ამ კომპანიის რომელიმე დირექტორი, თურმე, არაკეთილსინდისიერი ყოფილა, თქვენ ხელში შეგრჩებათ შპს-ს წესდების ქაღალდი ქონების გარეშე. წარმოგიდგენიათ, რა პრეცენდენტი დაუშვა? ანუ სასამართლომ გვითხრა, რომ იურიდიული პირი ფიქციაა. ამ დროს იმიტომ ვყიდულობ კომპანიის აქციებს, რომ იმ ქონების ინტერესი მაქვს და არა _ შპს-ს წესდების. 

_ წარმოუდგენლად მეჩვენება გარედან ინტერესის გარეშე, უზენაეს სასამართლოს და საქმის გაჭიანურებით სააპელაციოს, ასეთი დატრყმა მიეყენებინათ სასამართლოს რეპუტაციისთვის... 

_ დიახ, ასეა, მაგრამ ვიმეორებ, სასამართლო საკუთარ რეპუტაციას, ბიზნესს და კერძო საკუთრებას საფრთხის ქცეშ აყენებს.

გოჩა მირცხულავა

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში