Menu
RSS

ფარული ვაჭრობა „კანონიერ ქურდებთან“

რა ღირდა 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ პატიმრების შეწყალება და როგორ იშოვა საკაშვილის გარემოცვამ დიდი ფული

ორიოდე კვირის წინ, ესპანეთში დაკავებული ქართველების შესახებ შსს-მ ოპერატიულად გვაცნობა. თუ გახსოვთ, აღნიშნული სპეცოპერაცია ჩვენ დავაანონსეთ და ისიც ვთქვით, რომ მასშტაბური დაკავება განხორციელდებოდა. აღნიშული ინფორმაცია, სწორედ ესპანეთში მცხოვრებმა ქართველებმა მოგვაწოდეს ანუ მათ ზუსტად იცოდნენ, რომ სამართალდამცავები რაღაცას გეგმავდნენ და ის ,,რაღაც'' მასშტაბური იქნებოდა. შესაბამისად, გაგვიკვირდა, როცა აქაურმა, თუ ესპანელმა სამართალდამცავებმა რამდენიმე კრიმინალური ავოტრიტეტის აყვანის შესახებ გაავრცელეს ინფორმაცია. თუ იცი, რომ დაგიჭერენ, წესითა და რიგით, თავი უნდა დაიზღვიო და, სხვა თუ არაფერი, იმ შენობაში მაინც არ უნდა გამოჩნდე, სადაც სპეცოპერაციის ჩატარებას აპირებენ. სიმართლე გითხრათ, ქართველი კრიმინალების გულუბრყვილობამ გაგვაოცა, თუმცა...

,,დაკავებულ ქართველებს ბინების ქურდობასა და ძარც¬ვას ვეღარ ედავებიან. მართალია, მიტოვებული სკოლის შენობიდან, სადაც სპეცოპერაცია ჩატარდა, მოპარული ნივთები ამოიღეს, მაგრამ ჯერ ერთი, ისინი დაკეტილ ოთახ¬ებში იპოვეს ანუ იქ, სადაც სპეცოპერაციის მომენტისთვის მეპატრონეები არ იმყოფებოდნენ და მეორეც, არცერთი დაკავებულის თითის ანაბეჭდი აღნიშნულ ნივთებზე არ აღმოჩნდა. ახლა 66 დაკავებულიდან 2 გამოშვებულია, დანარჩენებს კი ქვეყანაში ლეგალურად ყოფნას ედავებიან. მაქსიმუმი, რაც შეიძლება მათ შეუფარდონ, სამშობლოში ექსტრადაციაა, თუმცა ესეც გაჭირდება, რადგან მათ აბ-სოლუტურ უმრავლესობას საბუთის მიღებაზე განაცხადი ოფიციალურად აქვს შეტანილი და პასუხს ელოდება, რაც ექსტრადაციას გამორიცხავს. 

საბოლოო ჯამში, საქართველოში 10-12 კაცს გამოაძევე¬ბენ და ვეკითხები საქართველოს ხელისუფლებას, ღირდა 10-12 არალეგალისთვის ამხელა სპეცოპერაციის ჩატარება და ევროპაში თავის მოჭრა? 

ადგილობრივებთან ძალიან კარგი ურთიერთობა გვქონდა, ახლა კი ყველა გვერიდება, კრიმინალები ყოფილხართო. არადა, კიდევ ვიმეორებ, 66 დაკავებულიდან, სისხლის სამართლის დანაშაულის მუხლით ბრალი ერთი კაცისთვისაც არ წაუყენებიათ'', _ გვითხრა ესპანეთში მცხოვრებმა ქართველმა, რომელიც იმ შენობაში ოჯახთან ერთად არის და, სხვათა შორის, ქალაქის მერია კმაყოფილიც იყო, მიტოვებულ სკოლას პატრონი რომ გამოუჩნდა და აღარ ინგრევა, თუმცა ამ მადლიერებას, თურმე, სწორედ საქართველოდან გადაესვა ხაზი. 

*** 

თურქეთის ციხეში ისევ შიმშილობს მინდია გორაძე, იგივე ლავას ოღლი. პრინციპში, უფრო მართებული იქნება, თუ ვიტყვით, რომ თურქეთის ციხეში შიმშილობს მინდია ლავასოღლი, იგივე გორაძე, რადგან მან გვარად ოფიციალურად აიღო ლავასოღლი და ახლა ეს მისი მეტსახელი ნამდვილად აღარ არის. ჰოდა, იმას ვამბობდით, ლავასოღლის პრეტენზია, როგორც თურქეთის, ისე საქართველოს ხელისუფლებასთანაც აქვს და შიმშილობაც ამასთან დაკავშირებით დაიწყო. 

აგერ, უკვე მესამე თვეა, მინდია დაჭერილია, საექსტრადაციო ციხეში იმყოფება და ყველა ლოგიკით, მისი საკითხი უნდა გადაწვყეტილიყო, მაგრამ თურქეთის ხელისუფლება ცალკე საქართველოს ევაჭრება, ცალკე _ ლავასოღლის მეგობრებს. თავის მხრივ, საქართველო ცალკე თურქეთთან მართავს მოლაპარაკებებს, ცალკე ლავასოღლის მეგობრებთან. 

ჩვენი ინფორმაციით, თურქეთს საქართველოს ციხეში მყოფი სამი პირის ექსტრადაცია სურს, რომელთაგან ორს სამშობლოში დაბრუნების შემთხვევაში, თავისუფლება ელოდება, ერთს კი, სასჯელი უფრო დაუმძიმდება. 

მეორე მხრივ, თუ ლავასოღლის მეგობრები სოლიდურ თანხას გადაიხდიან, თურქები მას გაუშვებენ და დუბაის თვითმფრინავზე დასვამენ. დუბაიში კი მინდიას ნადირ სალიფოვი, იგივე ,,გულუ'' ელოდება და არაფერს გაუჭირვებს. საქართველოს ხელისუფლება კი ლავასოღლის მეგობრებს ხულოსა და სამეგრელოში არჩევნებში დახმარებას სთხოვს, თურქეთს კი სამის ნაცვლად, ორი პატიმრის გაცვლას ევაჭრება ანუ მესამეს, რომელსაც უარესი სასჯელი ემუქრება, იტოვებს. 

როგორც გვეუბნებიან, ამ მოლაპარაკებით ქართული მხარე დროს წელავს, რეალურად კი, სამივე თურქი პატიმრის ბედი არ აინტერესებს. 

ხელისუფლებას ოპოზიცია წინასაარჩევნოდ კრიმინალურ სამყაროსთან კავშირში მუდმივად რომ ადანაშაულებს, არახალია. ასე იყო წინა ხელისუფლების პირობებშიც და ისე ჩანს, რომ ,,შავ სამყაროს'' არჩევნებისთვის ყველა ხელისუფალი იყენებს. 

ლავასოღლისთან ერთად საუბარი იმაზეცაა, რომ მოლაპარაკებები ტარიელ ონიანის გარემოცვასთანაც მიდის. ონიანი ამჟამად მოსკოვში, საექსტრადაციო ციხეშია და თავისუფლებაზე 19 მაისს ანუ ზუსტად არჩევნების დღეს უნდა გამოუშვან, თუმცა... 

,,19 მაისი კვირაა, რაც იმას ნიშნავს, რომ ონიანი შესაძლოა თავისუფლებაზე 17 მაისს გამოვიდეს. ეს ლოგიკურია, რადგან თუ პატიმრის გათავისუფლების ვადა უქმე დღეს იწურება, მას გარეთ წინა დღეს უშვებენ. ონიანის შემთხვევაში კი ,,წინა დღე'' შაბათია, იმის წინ კი _ პარასკევი და ძალიან დიდი ალბათობით, მას სწორედ პარასკევს გაათავისუფლებენ. ჯერ არ არის გადაწყვეტილი, რომელ ქვეყანაში გაუკეთებენ მას ექსტრადაციას, მაგრამ განიხილება ორი ვარიანტი _ საქართველო, ან ის ქვეყანა, რომელსაც თავად ტარიელი აირჩევს. თუ საქართველო დათანხმდება ონიანის მიღებას, მას აუცილებლად თბილისში გამოუშვებენ, თუ არა და, გამოვა, რომ პრაქტიკულად, მოქალაქეობის არმქონე ავტორიტეტი, ნებისმიერ არჩეულ ქვეყანას მიაშურებს და ეს შეიძლება იყოს უზბეკეთი, თურქეთი, ან საბერძნეთი. 

გამორიცხულია, ონიანი ესპანეთში წავიდეს, რადგან ესპანეთის ხელისუფლება მას 2008 წლიდან ეძებს და დაკავების შემთხვევაში, მინიმუმ 10-წლიან სასჯელს შეუფარდებს, რაც ტარიელისთვის არათუ კარიერის, არამედ სხვა ბევრი რამის დასასრული იქნება'', _ გვეუბნება რუსეთში მცხოვრები ქართველი, რომელიც პროცესებში აქტიურად არის ჩართული. 

საქართველოში კი კრიმინალების კონტროლი უკვე შეუძლებელია. ჯერ ერთი, თუ ვინმე რამეს იპარავს, ძირითადად, არასრულწლოვანია, რომელსაც არც საარჩევნო ხმის უფლება აქვს და არც _ ავტორიტეტი. 

და მეორე _ ვიზალიბერალიზაციის შემდეგ, სერიოზული კრიმინალები ქვეყნიდან მასიურად გავიდნენ, ვინც დარჩა, მათი უმრავლესობა ციხეში მოხვდა და იმის გამო, რომ შეწყალების კომისია, უბრალოდ, აღარ არსებობს, მათი დაინტერესება შეწყალების დაპირებით ვერ ხდება. 

,,უდო''-ს კომისიას რაც შეეხება, ის კანონის ჩარჩოებშია მოქცეული _ მსუბუქ დანაშაულზე სასჯელის ნახევარი უნდა იყოს გასული, მძიმე დანაშაულზე _ სამი მეოთხედი და ასეთი პატიმარი ძალიან ცოტაა. შესაბამისად, ხელისუფლება, სწორედ საზღვარგარეთ მყოფი ,,კანონიერი ქურდებით'' ცდილობს აქ ზეგავლენის მოხდენას ანუ დაახლოებით ისე, როგორც წინა ხელისუფლების დროს, თუმცა წინა ხელისუფლების დროს, პრეზიდენტს შეწყალების ერთპიროვნული უფლება ჰქონდა და წინასაარჩევნოდ ისეთ აქტებს არტყამდა ხოლმე ბეჭედს, ადამიანები შოკში ვარდებოდნენ. ყველაზე ფართოდ ციხის კარი სააკაშვილმა 2012 წელს ანუ მაშინ გააღო, როცა საპარლამენტო არჩევნებში დამარცხდა და მიხვდა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებსაც წააგებდა. 

ასპროცენტიანი სიზუსტით გეუბნებით, რომ მაშინ სააკაშვილის გარემოცვამ დიდი ფული იშოვა, საერთო ჯამში, პრეზიდენტის შეწყალებით, ციხე 1500-ზე მეტმა პატიმრმა დატოვა და მძიმე დანაშაულზე მარჟა, წელიწადის სანაცვლოდ, ხუთი ათასი დოლარი იყო, მსუბუქზე _ სამი, მაგრამ იყო საქმეები, რომლებშიც კონკრეტულმა ადამიანებმა 200 და 300 ათასები გადაიხადეს. ახლა ამის გაკეთება ჭირს და აკი, მოგახსენეთ, რის გამოც. 

სხვათა შორის, მიმდინარე თვეში მომატებული დანაშაულის ფონზე, გახსნის მაჩვენებელმა საგრნობლად იმატა და აპრილში ჩადენილი გახმაურებული ძარცვა-ყაჩაღობა-მკვლელობებიდან, შსს-მ გახსნის ლამის ასპროცენტიანი მაჩვენებელი დადო. როგორც ძალოვანი სტრუქტურის მაღალჩინოსნები გვეუბნებიან, საქმე ძალიან გაუადვილა კამერების დაყენებამ, ლამის მთელი საქართველოს მასშტაბით. როგორც გავიგეთ, შს სამინისტრო ამ მიმართულებით მუშაობას აქტიურად აგრძელებს და კამერების დაყენება, პრაქტიკუალდ, ყველა სოფელში იგეგმება. რამდენიმე ასეული სოფელი შესაბამისად უკვე აღიჭურვა და როგორც ადგილობრივები ამბობენ, შედეგიც მიიღეს _ ვიდეოკამერების შიშით, ვეღარც ავტომობილებს დააქროლებენ გიჟებივით და შუა ბირჟაზე მარიხუანას მოწევასაც ერიდებიან.

ბათო ჯაფარიძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში