Menu
RSS

შერბილდება თუ არა საბანკო რეგულაციები

რატომ შემცირდა ტექნიკის მაღაზიებში გაყიდვები, ბანკებში კი _ სამომხმარებლო სესხები _ ჭარბვალიანობასთან ბრძოლის უარყოფითი ექო

,,ჩვენ არ გვჭირდება ხალხი, რომლებიც მაცივრის შესაძენად აიღებენ სესხს და შემდეგ შავ სიაში მოხვდებიან'', _ ეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, გიორგი ქობულიას სიტყვებია, რასაც საზოგადოების სამართლიანი აღშფოთება მოჰყვა. მართალია, ჭარბვალიანობასთან ბძროლა და საფინანსო სექტორის ხარისხის გაუმჯობესება უმნიშვნელოვანესია, მაგრამ არც ის შეიძლება, რომ გადახდისუნარიანი მოქალაქეები ისე შეზღუდო, განვადებით ვერც ტელევიზორი იყიდონ, ვეღარც _ მაცივარი და გაზქურა ან, სულაც, ახალი თაობის ,,აიფონი''. მოკლედ, ყველა ვთანხმდებით, რომ საბანკო რეგულაციები, რაც უპირველეს ყოვლისა, პასუხისმგებლიან დაკრედიტებას გულისხმობს, აუცილებელი ნაბიჯი იყო, თუმცა ფაქტია, ეს რეგულაციები მეტისმეტად მკაცრი გამოდგა. მიუხედავად იმისა, რომ საბანკო რეგულაციების ამოქმედებიდან ჯერ მხოლოდ რამდენიმე თვე გავიდა და ამ ეტაპზე, შედეგებზე საუბარი ნაადრევია, არასასიამოვნო კონტურები უკვე გამოიკვეთა. კერძოდ, ტექნიკის მაღაზიებში გაყიდვები შემცირდა, საბანკო განვადება ისე მარტივი აღარაა, როგორც აქამდე იყო, აღარაფერს ვამბობთ იპოთეკურ და სხვა სახის სესხებზე. 

ერთი სიტყვით, სიტუაცია არცთუ სახარბიელოა, რაც სხვათა შორის, პროგნოზირებადი იყო _ რეგულაციების მიღებამდე ექსპერტები და დარგის სპეციალისტები აცხადებდნენ, რომ მოკლევადიან პერიოდში ამას საცალო დაკრედიტების შენელება, სექტორში ხარჯების ზრდა და მომგებიანობის შემცირება მოჰყვებოდა. შესაბამისად, სრულიად ლოგიკურია მოსაზრება, რომ გარკვეულწილად, ეს რეგულაციები შერბილდეს. 

სხვათა შორის, საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის განცხადებით, გამორიცხული არაა, ხელისუფლებამ საბანკო რეგულაციებს გადახედოს და სავარაუდოდ, შეარბილოს კიდეც. 

,,ვერსიას'' ამ თემაზე, არასამთავრობო ორგანიზაცია ,,საზოგადოება და ბანკების'' გამგეობის თავმჯდომარე, გიორგი კეპულაძე ესაუბრება.

_ გიორგი, მართალია, საბანკო რეგულაციების ამოქმედებიდან დიდი დრო არ გასულა, მაგრამ როგორ აფასებთ დღეს არსებულ სიტუაციას, რა შედეგი მოჰყვა რეგულაციებს? 

_ ზოგადად, ამა თუ იმ ეკონომიკური რეფორმის შესაფასებლად გარკვეული პერიოდის გასვლაა საჭირო. ჯერ მხოლოდ ერთი კვარტალი გავიდა და შესაბამისად, სარწმუნო წყაროსგან დაზუსტებული მონაცემები არ გვაქვს, ამიტომ ამ რეფორმის დადებით, ან უარყოფით შედეგებზე ვერ ვიმსჯელებთ, თუმცა პარლამენტის დეპუტატებიც კი აღიარებენ, რომ საბანკო რეგულაციები ზედმეტად მკაცრი აღმოჩნდა და ამავდროულად, ეროვნული ბანკის პოზიციაც კარგად მესმის. ცხადია, ეროვნულ ბანკს იმის აღიარება უჭირს, რაზეც ჩვენ ძალიან დიდხანს, ჯერ კიდევ გასული წლის მაისიდან ვსაუბრობდით და ვამბობდით, რომ პირველ რიგში, გაუჭირდებოდა იმ ბიზნესს, რომელიც საბანკო გაყიდვებზეა დამოკიდებული. შესაბამისად, მივიღეთ ის შედეგი, რაზეც სხვადასხვა ბიზნესსექტორის წარმომადგენლები, რომლებიც საკუთარ პროდუქციას საბანკო სექტორის საშუალებით ყიდიან, ახლა ხმამაღლა საუბრობენ, რომ გაყიდვები შემცირდა. სწორედ მათი და ცალკეული დეპუტატების განცხადებები გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ სავარაუდოდ, საბანკო რეგულაციები ზედმეტად მკაცრი აღმოჩნდა. აქ არ არის საუბარი მხოლოდ საბანკო სექტორის დანაკარგებზე, ან ვერმიღებულ მოგებაზე, საუბარია იმაზე, რომ სამშენებლო ბიზნესი, რომელიც ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთი უდიდესი სექტორია და რაზეც მიბმულია ავეჯისა თუ საყოფაცხოვრებო ტექნიკის გაყიდვები, შემცირდა. თვითონ ეროვნულ ბანკშიც ამბობენ, რომ მოკლევადიან პერსპექტივაში, რეგულაციებს უარყოფითი შედეგები მოჰყვებოდა, მაგრამ ამ მოკლევადიან პერიოდში იმდენად დიდი დარტყმა არ უნდა მიიღოს ეკონომიკამ, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში, როდესაც ამ რეგულაციებს ფინანსური სტაბილურობა უნდა მოჰყვეს, აღარც კი გვიღირდეს. 

დარწმუნებული ვარ, მარეგულირებელშიც ისევე აკვირდებიან ამ პროცესს, როგორც მთავრობის ეკონომიკურ გუნდში. ვფიქრობ, იმაზეც მსჯელობენ, რა ზიანი შეიძლება მიადგეს ეკონომიკას და ვეჭვობ, ამ რეგულაციების შესარბილებლად გარკვეულ ზომებსაც მიიღებენ, მით უმეტეს, სამშენებლო კუთხით. ზოგადად, საბანკო სესხებს შორის, იპოთეკური სესხები ნაკლებად პრობლემატურია. 

სამწუხაროდ, იმ ტენდენციას არ მივყვებით, როდესაც ახლადშექმნილ ოჯახს ცალკე გასვლა და საკუთარი შემოსავლებით, თუნდაც პატარა ბინის შეძენა სურს, რადგან სხვადასხვა დათვლებით, ბინის შესაძენად ოჯახის ორ წევრს საკმაოდ მაღალი ხელფასი სჭირდება. ეს უძრავი ქონების შემცირებას იწვევს, რაც თავის მხრივ, ავტომატურად ამცირებს ავეჯისა და საყოფაცხოვრებო ტექნიკის გაყიდვებსაც. 

_ სწორედ სამშენებლო სექტორში გაყიდვების შემცირებას გულისხმობდა ფინანსთა მინისტრი, ივანე მაჭავარიანი, როდესაც განაცხადა, რომ შესაძლოა, მთავრობამ საბანკო რეგულაციებს გადახედოს და შეარბილოს კიდეც. 

_ თუ ვინმეს დღეს პარლამენტში ლობისტი ჰყავს, ალბათ, ყველაზე მეტად, სწორედ სამშენებლო ბიზნესს. თუ ვინმეს შეეძლო პოლიტიკოსებამდე მშენებლების ხმა მიეტანა, სწორედ იმ ადამიანებს, რომლებიც რამდენიმე მსხვილი სამშენებლო კომპანიის დამფუძნებელი და ამავდროულად, დეპუტატები არიან. ალბათ, ისინიც არ ელოდნენ, რა შედეგი მოჰყვებოდა ამ რეგულაციებს, მაგრამ ფაქტია, რომ წინასწარ ვერ, ან არ გათვალეს ამგვარი შედეგი. შესაძლოა, იმდენად დიდი იყო პოლიტიკური ზეწოლა ,,ქართულ ოცნებაში'', რომ გარკვეული ცვლილებების განხორციელება, ვგულისხმობ სამოქალაქო კოდექსში შეტანილ ცვლილებებს, რაც ამ რეგულაციების კანონპროექტს ახლდა, პარლამენტსაც მოუწია. ყველაფერ ამას სათავე კი ბიძინა ივანიშვილის განცხადებამ დაუდო გასულ წელს, როდესაც თქვა, რომ ორმა ბანკმა ქვეყანა გადაჭამა. როგორც ჩანს, ,,ქართული ოცნების'' პოლიტიკოსებზე ახლაც ამგვარი მორალური წნეხი არსებობს და მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, შინაგანად ამ რეგულაციებს მხარს არ უჭერდნენ, აქტიურ ნაბიჯებს მაინც ვერ დგამენ, ყოველ შემთხვევაში, იქამდე, ვიდრე რეალურად, ეს შედეგები კონკრეტულ ციფრებში არ აისახება. სხვადასხვა ბიზნესასოციაციის წარმომადგენლები კი უკვე ღიად საუბრობენ გაყიდვების შემცირებაზე, განსაკუთრებით რეგიონებში, სადაც ტექნიკის მაღაზიებიც კი იხურება. სამწუხაროდ, რეგიონებში ვითარება საკმაოდ გართულდა, ჩვენ ვესაუბრებით კომერციული ბანკების წარმომადგენლებს, რომლებიც ამბობენ, რომ ყველაზე რთული მდგომარეობა რეგიონებშია, რადგან თვითდასაქმებული ადამიანი იქ ყველაზე მეტია... 

_ ამ ადამიანებს საკუთარი შემოსავლების დამტკიცება უჭირთ და სამომხმარებლო სესხებს ვეღარ იღებენ, არა? 

_ დიახ, რადგან მათ ხომ მიწის დიდი ნაკვეთების შეძენა არ სურთ. რეალურად, ეს ადამიანები საკუთარი საცხოვრებელი პირობების გასაუმჯობესებლად აპირებენ სესხების აღებას, ზოგს _ ბინის, ზოგს _ ავეჯის, ზოგს კი საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეძენა სურს. მაგალითად, ვიღაცას ახალი ,,აიფონის'' ყიდვა უნდა, რისთვისაც სესხი სჭირდება და ჩვენ ეს არ უნდა დავუშალოთ. ამას საბჭოთა კავშირში უშლიდნენ, სადაც 10 წელი რიგში უნდა მდგარიყავი, რომ ბინა, ან ავტომობილი გეყიდა. ვფიქრობ, საბანკო რეგულაციების შედეგები საკმაოდ მძიმე იქნება და მთავრობას მისი გადახედვა მოუწევს. 

_ ეკონომიკის მინისტრის, გიორგი ქობულიას განცხადებამ საზოგადოება აღაშფოთა. მართალია, მაცივრისა და ტელევიზორის შეძენა ბინის დაკარგვის ფასად არ უნდა დაგვიჯდეს, მაგრამ ვფიქრობ, ამ ტიპის სესხები ანუ განვადებები ხელმისაწვდომი უნდა იყოს, არ მეთანხმებით? 

_ რეალურად, საბანკო რეგულაციები ჭარბვალიანობის შესამცირებლად მიიღეს, მაგრამ ჭარბვალიანობა კომერციულ ბანკებს არ უკავშირდება. მათ რისკების შეფასების საკუთარი სისტემა აქვთ, რასაც მუდმივად აკონტროლებდა ეროვნული ბანკი. მახსოვს, 2014 წელს, ეროვნული ბანკის მაშინდელმა პრეზიდენტმა, გიორგი ქადაგიძემ კომერციული ბანკების ხელმძღვანელები დაიბარა და მოსთხოვა, რომ სამომხმარებლო პორტფელი ნელ-ნელა შეემცირებინათ, ვინაიდან მეორე მხრივ, ონლაინსესხების გამცემი მიკროსაფინანსო ორგანიზაციების პორტფელი იზრდებოდა. ონლაინსესხების კომპანიებმა, რომლებიც აბსოლუტურად დაურეგულირებელ ბაზარზე გასცემდნენ სესხებს, 2-3 წელიწადში იმდენი მოახერხეს, რომ საქართველოს ასიათასობით მოქალაქეს, მინიმუმ, ერთი 300-ლარიანი სწრაფი სესხი ჰქონოდა. ეს იმიტომ მოხდა, რომ ონლაინსესხებს ის ადამიანები მიაწყდნენ, რომლებსაც ბანკი სესხებს არ აძლევდა. ვფიქრობ, როდესაც ბანკი სესხს არ გაძლევს, უნდა მიხვდე, რომ სჯობს, სესხი საერთოდ არ აიღო. ბანკის მთავარი ინტერესი ისაა, რომ სესხი გასცეს და თუ არ გასცემს, ესე იგი, სერიოზულ პრობლემას ხედავს და, რა თქმა უნდა, არ უნდა აიღო. თუმცა რას ვიზამთ, ქვეყანაში სიღარიბეა, ხალხს ელემენტარული თანხა სჭირდებოდა არსებობისთვის, ძალიან ბევრი გამოსაკვებად და წამლის შესაძენად იღებდა სწრაფ სესხებს. მეტიც, ისეთი შემთხვევებიც კი იყო, როდესაც საბანკო სესხის პროცენტის შესატანადაც კი ონლაინსესხს იღებდნენ. 

საბოლოო ჯამში, ყველაფერი ეს რომ ჩამოიშლებოდა და ხალხს პრობლემა შეექმნებოდა, თავიდანვე ნათელი იყო. აქ არ არის საუბარი იმაზე, რომ ვიღაცა გაჭირვებულმა მაცივარი იყიდა, მაგრამ დღეს ამასაც უკრძალავენ. მესმის, რომ სოციალურად დაუცველ პირს სესხი არ უნდა მისცე, რადგან დიდი ალბათობით, ამ სესხს ვერ დააბრუნებს და შემდეგ, დიდი პრობლემის წინაშე აღმოჩნდება, როგორც თავად ეს ადამიანი, ასევე ფინანსური ინსტიტუტი. საბოლოოდ, არცერთი ბანკის ინტერესი არაა, ვიღაცის ოროთახიან ბინას დაეპატრონოს, რადგან უძრავი ქონება მხოლოდ სესხის უზრუნველყოფის კომპონენტია, თუმცა ეკონომიკის მინისტრის ამ განცხადებით, ერთ ქვაბში მოვხარშეთ ყველა ადამიანი _ სოციალურად დაუცველებიც და შემოსავლის მქონეებიც. მისი ეს პოზიცია ნიშნავს, რომ საშუალო ფენის წარმომადგენლებს, რომლებიც აქამდე ჩვეულებრივ იღებდნენ სესხებს, ახლა უარს ეუბნებიან განვადებაზეც კი. ამ საშუალო ფენის წარმომადგენლები არიან ის დასაქმებულები, რომლებიც თვიდან თვემდე იღებენ ხელფასს, აქვთ გარკვეული შემოსავალი და სესხის საშუალებით, საკუთარი საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესება სურთ, სხვათა შორის, ისინი ამ სესხების მომსახურებასაც ახერხებენ. მართალია, სახელმწიფომ სესხის გაცემა გარკვეულწილად უნდა შეზღუდოს იმ მიზნით, რომ ამან უსისტემო ხასიათი არ მიიღოს, მაგრამ არც ის შეიძლება, რომ ზედმეტი რეგულაციებითა და ყველას ერთ ქვაბში მოხარშვით, ნაბან წყალს ბავშვი გადავაყოლოთ. 

_ განვადებები შემცირდა, მაგრამ ხომ არ ფიქრობთ, რომ რეგულაციები იმ დასაქმებულებისთვისაც შემცირდეს, რომლებსაც განვადებით რაიმე ტექნიკის შეძენა სურთ, მაგრამ ახლა ამას ვერ ახერხებენ? 

_ ვფიქრობ, ძალიან მძიმე ტვირთია ქვეყნის ეკონომიკისთვის ის, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი ჭარბვალიანია. თვიდან თვემდე ოჯახებს გარკვეული გადასახადები უგროვდებათ და თავი ძლივს გააქვთ, რაც მათთვის მძიმე ტვირთია. 90-იანი წლებიდან მემკვიდრეობად გვერგო, რომ ბევრი ადამიანი სიღარიბის ზღვარს მიღმაა, ზოგს მევახშის ვალი აქვს, ზოგს _ ბანკის, ზოგს ონლაინსესხი აქვს აღებული და ვეღარ ფარავს. ასეთი მემკვიდრეობა საკმაოდ მძიმე ტვირთი იქნება ნებისმიერი შემდეგი ხელისუფლებისთვისაც და ეს პრობლემა ერთ, ან ორ წელიწადში ვერ მოგვარდება. თუმცა ისიც მნიშვნელოვანია, რა გზით მივდივართ წინ _ ჭარბვალიანობას ვებრძვით, თუ სიღარიბეს, რაც სწორედ ჭარბვალიანობას იწვევს? 

ჩვენ სიღარიბეს უნდა ვებრძოლოთ, ამისთვის კი აუცილებელია, რომ ქვეყანაში მაღალი ეკონომიკური ზრდა იყოს, მოქალაქეები მეტ ფულს უნდა შოულობდნენ, რათა საკუთარი სურვილისამებრ მეტი დახარჯონ და ამ მხრივ არ უნდა შევზღუდოთ. 

თუ რეგულაციებით საბანკო ბიზნესსა და მასზე მიბმულ სხვა ბიზნესებს, მათ შორის, ტექნიკის გაყიდვებს ვზღუდავთ, ცხადია, ამით სასურველ შედეგს, რასაც ჭარბვალიანობის დაძლევა ჰქვია, ვერ მივაღწევთ. 

გარდა ამისა, ისიც ფაქტია, რომ პოლიტიკოსები გადაწყვეტილებებს ამომრჩევლების დაკვეთის შესაბამისად იღებენ. შესაძლოა, საბანკო რეგულაციებს ამომრჩეველთა გულისწყრომა მოჰყვეს და ვფიქრობ, ამ მიმართულებით პოლიტიკოსები იმის მიხედვით მიიღებენ გადაწყვეტილებას, როგორი იქნება ამომრჩევლის დაკვეთა, ან საზოგადოების აქტიურობა. შესაძლოა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტისთვის, რომლის არჩევა პოლიტიკურ ციკლებს არ ემთხვევა, ამომრჩევლის დაკვეთა საინტერესო არ იყოს, მაგრამ პოლიტიკოსებისთვის მნიშვნელოვანია. აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ თუ საზოგადოება იაქტიურებს, შესაძლოა, საბანკო რეგულაციები შერბილდეს.

მაია მიშელაძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში