Menu
RSS

ნაციხარი ქალის აღსარება

როგორ ცხოვრობენ ტუსაღი დიაცები და ქალთა კოლონიაშიც არიან თუ არა მაყურებლები

რუსთავში, ჭყონდიდელის დასახლებაში მიმდინარე ციხის მშენებლობა, ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა ისევ გააპროტესტეს. მათი მთავარი არგუმენტი ის გახლავთ, რომ სახლიდან გამოსული ბავშვი, პირველ რიგში, ციხის კედელს არ უნდა ხედავდეს, კორპუსის მაღალი სართულებიდან კი არ უნდა ჩანდეს, როგორ სეირნობენ მსჯავრდებულები ციხის ეზოში და მერე რა, თუ ციხე ქალების იქნება, პატიმარი პატიმარია.

მეორე მხრივ, აბა, ახლა პატიმრებს ჰკითხეთ, როგორია საცხოვრებელ კორპუსთან ახლოს ცხოვრება, როცა თავისუფლება სულ რაღაც 20 მეტრშია, როცა ეზოდან ბავშვების ხმა ისმის და მსჯავრდებულთა უმრავლესობას შინ ბავშვი ელოდება? 

ისიც გავიხსენოთ, რომ ორთაჭალის ციხეც, პრაქტიკულად, შუა ქალაქში იდგა. პატიმრები საკნებიდან ხედავდნენ „სვაბოდას“, რაც ფსიქოლოგიურად ძალიან მძიმე გადასატანი იყო. ზუსტად ანალოგიური იქნება, ალბათ, რუსთავშიც და მოსახლეობაზე არანაკლებ, სწორედ ციხეში მყოფი პატიმრები დაიტანჯებიან. 

ჩვენ ქალთა ციხეზე, იქაურ ყოფაზე არასდროს არაფერი დაგვიწერია. გასაგებ მიზეზთა გამო, ქალთა კოლონიაში კაცი სასჯელს ვერ მოიხდის, თუმცა... 

 

„ციხეში თუ მოვხვდებოდი, ვერასდროს წარმოვიდგენდი. ჩვეულებრივზე ჩვეულებრივი გოგო ვიყავი, ჩვეულებრივად გავთხოვდი და ჩვეულებრივად მომიხდა ავარია, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. გარდაცვლილი 60 წლის კაცი იყო, ოჯახმა იჩივლა, მე მოძრაობის წესების დარღვევაში დამადანაშაულეს და ასე გავხდი ორი შვილის დედა პატიმარი“, _ გვიყვება თეონა მ., რომელმაც სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სრული 6 წელი გაატარა, მოესწრო წინა ხელისუფლების რეჟიმსაც და ახალსაც, თუმცა დიდ განსხვავებას ვერ ხედავს, რადგან რეალურად, ქალთა მიმართ ციხეში ძალადობა ნაკლები იყო მაშინაც, ახლაც და იმედია, მომავალშიც ასე იქნება. 

„ვიცოდი, რომ კაცების ,,ზონაში'' არსებობდა ,,მაყურებელი'', ქურდი... ანუ დაახლოებით ისე, როგორც ყველამ იცის, არაფერი განსაკუთრებული. ჩემთვის ციხე სხვა სამყარო იყო. წარმოიდგინეთ ჩემი გაოცება, როცა ციხეში შევედი და გავიგე, რომ ქალთა კოლონიაშიც იყო ,,მაყურებელი'', რომელსაც ყველა ემორჩილებოდა. ეს იყო ჩვეულებრივი პატიმარი, რომელსაც მდიდარი კრიმინალური წარსული, ძლიერი მკლავი და უტეხი ხასიათი ჰქონდა. ჰო, როცა საჭირო იყო, ის პატიმრებზე იწევდა და წაუთაქებდა ხოლმე. ძირითადად, ჩხუბი ერთმანეთში კრიმინალური წარსულის მქონე ქალებს მოსდიოდათ, თორემ ისეთები, ვინც ჩემსავით შემთხვევით მოხვდნენ იქ, რაზე იჩხუბებდნენ?!“ _ გვიყვება თეონა. 

მისივე თქმით, ისიც გაუკვირდა, რომ ქალთა ,,ზონის მაყურებელს“ მუდმივად ორი „ცოლი“ დაჰყვებოდა. რას ნიშნავს ქალთა კოლონიაში ცოლი, ამას თეონა საინტერესოდ განმარტავს: 

„ეს არის ქალი, რომელიც თავისი სურვილით გივლის, გეხმარება, გეფერება... სახლობანას თამაშობ, რა. პრივილეგია ,,მაყურებლის'' ცოლს ის აქვს, რომ შეუძლია, სხვებზე მეტი დარეკოს, სხვებზე მეტი დრო გაატაროს ჰაერზე, ბევრი არაფერი, უბრალოდ, ერთობა, რა. მოფერების სურვილი შეიძლება სხვებსაც გაუჩნდეთ და ირჩევენ ხოლმე ერთმანეთს. ძირითადად ახალგაზრდებზე მაქვს საუბარი, თორემ ჩვენს თაობას რა სურვილი, ერთი სული გვაქვს, როდის გავა დრო, რომ გარეთ გავიდეთ...“ 

სხვათა შორის, როგორც კაცების ციხეში, ისე ქალთა კოლონიაშიც არსებული სიტუაცია ჩვენს რესპოდენტს არ მოსწონს. ის ღიად ამბობს, რომ უამრავი ენერგია ჰაერში მიდის მაშინ, როცა თავისუფლად შეიძლება, როგორც ქალებმა, ისე კაცებმა, რაიმე ღირებული შექმნან. 

„ქალების აბსოლუტურმა უმრავლესობამ იცის ქარგვა, ქსოვა, რა ვიცი, ნებისმიერი საოჯახო საქმის კეთება. მართალია, ციხეში გაკეთებული ნივთები იყიდება, გამოფენებიც ეწყობა ხოლმე, მაგრამ მასშტაბებია ძალიან პატარა. თავისუფლად შეიძლება, მაგალითად, მცირე ზომის სათბური გაკეთდეს და იქ მოყვანილი პროდუქტი ხარისხიანიც იქნება, ძვირიც და რაც მთავარია, ციხიდან შეძლებენ ქალები საკუთარი თავის შენახვასაც და ოჯახისთვისაც რაღაცას გააგზავნიან. 

როგორც მითხრეს, ნორვეგიაში ციხეში აუზია, სადაც თევზებს აშენებენ და წლიური ბრუნვა 2-3 მილიონი აქვს. ეს სახელმწიფოსთვისაც კარგი იქნება და ამაზე ხშირად ვსაუბრობთ, მაგრამ ძვრა არ არის“, _ გვითხრა თეონამ. 

მას იმ ქალბატონებზეც ვკითხეთ, ვინც სასჯელს განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის იხდის: 

„იშვიათია, ქალი ძალადობრივ დანაშაულზე იჯდეს. ყაჩაღობა, მკვლელობა... თითებზე ჩამოსათვლელია. ძირითადად, ქურდობა და ნარკოტიკების გასაღება. ახალგაზრდა გოგონები, უმრავლეს შემთხვევაში, ამ დანაშაულზე არიან, ხოლო თუ დაჭრაა, მაშინ საქმე ძირითადად სიყვარულთან გვაქვს. 

ნარკოტიკების გამყიდველებს ჩვენთან მთლად ისე არ ექცევიან, როგორც კაცების ,,ზონაზე'', მაგრამ ერთ-ერთ ყველაზე ქვედა რგოლად ითვლებიან პატიმრებში. 

სიყვარულის ისტორიებს რაც შეეხება, ზიხარ და უსმენ მთელი საღამოები ამ ამბებს და გარეთ შენებთან ხარ, შენს საყვარელ ადამიანთან“, _ დაასრულა თეონამ.

პატიმარი #0578

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში