Menu
RSS

„სულ უფრო ღრმავდება უფსკრული ჩემსა და თანამედროვე ცხოვრებას შორის, რა მელის წინ, ბატონებო?!“

ვოვა აურუთინიანის წერილი ციხიდან _ რას ითხოვს ბუშის ტერაქტისთვის მსჯავრდებული

ამ ადამიანის სახელი, თავის დროზე, ყველას პირზე ეკერა და ეს გასაკვირიც არ იყო, რადგან მას ბრალი 2005 წლის 10 მაისს, თბილისში ჩამოსული აშშ–ის პრეზიდენტის, ჯორჯ ბუშის წინააღმდეგ ტერაქტის მოწყობის მცდელობაში ედებოდა. ვოვა არუთინიანი 2005 წლის 20 ივლისს დააკავეს, დაკავების სპეცოპერაცია რამდენიმე საათს გაგრძელდა. როგორც მაშინ ითქვა, ეჭვმიტანილმა სამართალდამცავებს შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწია, რის შედეგადაც, შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიტერორისტული დეპარტამენტის განყოფილების უფროსი, ზურაბ ქვლივიძე დაიღუპა. 

სასამართლომ არუთინიანს უვადო პატიმრობა მიუსაჯა. ის სასჯელს თბილისის #7 დაწესებულებაში იხდის. ,,ვერსიამ'' არუთინიანისგან წერილი, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ, სწორედ აღნიშნული ციხიდან მიიღო.

,,გაზეთ ,,ვერსიის'' მთავარ რედაქტორს, 

ქალბატონ მაია ფურცელაძეს 

მოგესალმებით, პატივცემულებო. 

ამ წერილს თქვენ სახელზე წერს პატიმარი ი. არუთინიანი, ქ. თბილისის #7 დაწესებულებიდან, დიდი თხოვნით: 

ბატონებო, თქვენ საინტერესო გაზეთს ყოველთვის დიდი ინტერესით ვკითხულობ. განსაკუთრებით ,,სამართალის'' ნაწილს. იქნებ, დაგვეხმაროთ აი, რა საკითხში, ბატონებო: 

უკვე რამდენიმე წელია, რაც მივმართავ სხვადასხვა ინსტანციებს, რომ ჩვენთან, #7 ციხეში, სწავლა-განათლების, შრომის... კუთხით რაიმე პროგრამა ამუშავდეს, მაგრამ ჯერ წინსვლა ამ მხრივ არ არის და, სავარაუდოდ, არც იქნება. თუ ამ საკითხით არ დაინტერესდება ჩვენი მასმედია, არ მიმართავენ გადაწყვეტილების მიმღებ ჩინოვნიკებს შეკითხვებით, თუ რა კრიტერიუმები უნდა დააკმაყოფილო, რომ ამ პროგრამაში მოხვდე და როდის ამუშავდება ეს პროგრამა ჩვენთან, ციხეში. 

მე აქ ციხეში უკვე 13 წელზე მეტია, რაც ვიმყოფები, მარტო საკანში და ამის მიუხედავად, ყოველღიურად, დღეში სამჯერ ვვარჯიშობ (ბოქსი, სირბილი, სიმძიმეებით ვარჯიში), ყოველდღიურად ცივი წყლით ვბანაობ მთელი წლის განმავლობაში, ვუსმენ ახალ ამბებს ქართულ და უცხოურ არხებზე, რათა მსოფლიო პოლიტიკური მოვლენების საქმის კურსში ვიყო. 

ვცდილობ, დამოუკიდებლად შევისწავლო ინგლისური და არაბული ენები, ვაკეთებ ხელნაკეთ ნივთებს ჩემს მიერ შემუშავებული ტექნოლოგიით... 

სწორად გამიგეთ, ბატონები, ბოლო წლებში, ბევრი სასიკეთო რამ გაკეთდა და ამის არდანახვა ჩემი მხრიდან დიდი უნამუსობა იქნებოდა. მადლობა, რომ ხელს არ მიშლიან ვარჯიშის დროს, ნაკეთობების დამზადებისას... მაგრამ მასწავლებლის გარეშე ძალიან ძნელია რაიმე ენა შეისწავლო, ძნელია, აკეთო ის, რაც არასდროს გაინტერესებდა და გიზიდავდა (ხელოვნებას ვგულისხმობ). 

მე ამ ყველაფერს აქ ვაკეთებ, რათა ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ჯანმრთელი ვიყო, რომ ინტელექტი შევინარჩუნო. არ არის ეს ადვილი, ბატონებო, მაგრამ სხვა გზა არ მაქვს. 

იქნებ, ბოლო-ბოლო, ჩვენთანაც რაიმე პროგრამა ამუშავდეს _ ენისა და შრომის შემსწავლელი კურსების სახით (რამის კეთება, რაც რეალურად საჭიროა და გარკვეულ შემოსავალსაც მოგცემს, რომ ოჯახის წევრებს დაეხმარო). 

განსაკუთრებით მინდა, რომ კომპიუტერი შეგვასწავლონ, ბატონებო. ყოველდღიურად, სულ უფრო ვითარდება თანამედროვე ტექნოლოგიები და ამ მხრივ მე ისევ 2005 წელში ვარ ჩარჩენილი და რაც მახსოვდა, ნელ-ნელა მავიწყდება. 

ჩვენ დროს, ბატონებო, ინტერნეტით სარგებლობა თუ არ იცი, ადამიანად არ ითვლები. ყველაფერი გადადის ელექტრონულ ფორმატში და ყოველდღიურად, სულ უფრო ღრმავდება უფსკრული ჩემსა და თანამედროვე ცხოვრებას შორის, ადამიანი აბსოლუტური მარგინალი ხდება... 

რა მელის წინ, ბატონებო?! 

ახლო მომავალში, თუ რამე არ შეიცვლება და განათლებას ვერ მივიღებ, შრომის, ან კომპიუტერის შემსწავლელი კურსები არ ამოქმედდება, არ ვიცი, თავისუფლებაზე გასვლისას როგორ ვიცხოვრებ, როდესაც აბსოლუტურად მოუმზადებელი ვიქნები ამისთვის? 

ძალიან გთხოვთ, თქვენს გაზეთსა და საერთოდ, ჩვენი ქვეყნის ჟურნალისტებს, როგორმე იაქტიუროთ, რომ რეაგირება მოხდეს და იმ პატიმრებს, რომლებსაც სწავლა, შრომა და კომპიუტერის შესწავლა სურთ, ამაში დაეხმაროთ იმის მიუხედავად, თუ რომელ ციხეში იმყოფებიან ისინი, ან რა სიმძიმის სასჯელი დააკისრეს, თუნდაც ის უვადო იყოს. 

წინასწარ გიხდით დიდ მადლობას, გისურვებთ ჯანმრთელობასა და წარმატებებს. 

პატივისცემით, ი. არუთინიანი 

 

22.03.2019 წელი''

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში