Menu
RSS

ესპანეთში ჩატარებული ხმაურიანი სპეცოპერაციის უცნობი დეტალები

რეალურად, რამდენ ხანს მზადდებოდა ქართველების აყვანა და რას ჰყვებიან ბარსელონაში დაკავებულები

4 აპრილს, ბარსელონაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, ესპანელმა სამართალდამცავებმა 100-ზე მეტი მოქალაქე დააკავეს. დაკავებულთა შორის, 66 ქართველია, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გარეშე, აღნიშნული სპეცოპერაცია ვერ ჩატარდებოდა. აკი, დაადასტურეს კიდეც ქართველმა ძალოვნებმა, ამ სპეცოპერაციაზე ერთი წლის განმავლობაში ვმუშაობდითო, თუმცა ნურას უკაცრავად...

დავიწყოთ იმით, რომ ზუსტად ორი კვირის წინ, ჩვენ დავაანონსეთ აღნიშნული სპეცოპერაცია და ვთქვით, რომ ქართველი სამართალდამცავები, ესპანელებთან ერთად, მასშტაბურ დაკავებას გეგმავდნენ. 

რაც შეეხება ერთწლიან მზადებას, ეს სიმართლეს არ შეესაბამება, რამეთუ სპეცოპერაცია ბოლო ოთხი თვის განმავლობაში დაიგეგმა, მომზადდა და განხორციელდა. უფრო მეტიც, ბარსელონაში, იმ კონკრეტულ შენობაში მყოფი ქართველები ამ სპეცოპერაციას ელოდენენ. ალბათ, იკითხავთ, თუ ელოდნენ, რატომ არ გაიქცნენო, თუმცა ამასაც თავისი მიზეზები აქვს და ახლავე მოგიყვებით, რეალურად რაც მოხდა. 

აღნიშნული სკოლის ტერიტორია ალბანელებმა, დაახლოებით, წელიწადნახევრის წინ დაიკავეს. ალბანელი დევნილები იქ არალეგალურად შესახლდნენ, თუმცა მათი რიცხვი ოცს არ აჭარბებდა. ერთ თვეში, სკოლას უკვე ქართველებმა მიაშურეს და იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს მოქალაქეები ესპანეთში მრავლად არიან, შენობა, პრაქტიკულად, ორ კვირაში გაივსო. ქართველებმა აამუშავეს კომუნიკაციები და ამ კომუნიკაციების საფასურს იხდიდნენ კიდეც, თუმცა არ იხდიდნენ ქირას. გაგეცინებათ და, რამდენიმე ქართველმა 3-4 ოთახიც დაიკავა და მათ დღიურად აქირავებდა (დღეში 5 ევროდ). 

რა თქმა უნდა, ყველაფერი ეს ბარსელონაში კარგად იცოდნენ და იმის მიუხედავად, რომ იქ არალეგალები იმყოფებოდნენ, სამართალდამცავები თვალს ხუჭავდნენ. ამის მიზეზი კი ის გახლდათ, რომ რეალურად, ეს ადამიანები შენობას პატრონობდნენ, ის არ იძარცვებოდა და როგორც თავად ფიქრობდნენ, იქ მყოფთა უმრავლესობა მუშაობდა, არ იპარავდა და საზოგადოებრივ წესრიგს არ არღვევდა. 

მიშვებული სიტუაციის გამო, შენობაში ნელ-ნელა ის ადამიანებიც გამოჩდნენ, ვინც ესპანეთში ქურდობით ირჩენდა თავს. ოჯახებმა ეს გააპროტესტეს, მაგრამ საბოლოოდ, ემიგრანტული სოლიდარობისა და სხვა რაღაცების გამო, თავშესაფარი ქურდებმაც მიიღეს. შედეგად, ყველაფერი ლოგიკურ დასასრულამდე მიდიოდა. სკოლის შენობა ნელ-ნელა დაემსგავსა აუღებელ ციხე-სიმაგრეს და ბარსელონას ადგილობრივი ხელისუფლება ამას ადრე თუ გვიან რომ აღკვეთდა, ადვილი მისახვედრი იყო. 

შედეგად, სკოლის შენობაში განთავსებულ მოქალაქეებზე ინფორმაციის შეგროვება დაიწყო და საქმეში ქართული მხარეც ჩაერთო. საქართველოდან ესპანელებს დაუდასტურეს, რომ შენობაში ქართული კანონმდებლობით რამდენჯერმე ნასამართლევი პირები და არალეგალებიც იმყოფებოდნენ. დაიგეგმა სპეცოპერაცია, რომელიც... ჩავარდა! 

4 აპრილამდე ორი კვირით ადრე, დაახლოებით, 30 პოლიციელი შენობას მიადგა. ისინი დარწმუნებული იყვნენ, რომ იქ მაცხოვრებლებს მარტივად დაიმორჩილებდნენ და სპეციალურად მათთვის მიყვანილ ავტობუსებში მშვიდად აიყვანდნენ, თუმცა ყველაფერი სხვაგვარად წარიმართა _ თითოეული ოთახის კარის გაღებას დიდი ძალისხმევა დასჭირდა, ფანჯრებიდან შესვლა გამოირიცხა, რადგან ფანჯრებთან ბავშვები დააყენეს და შუშის ჩამტვრევის შემთხვევაში, მათი დაზიანების რისკი ძალიან დიდი იყო. ორსაათიანი ამაო მოლაპარაკების შემდეგ, ესპანელი პოლიციელები განყოფილებაში დაბრუნდნენ. 

ჰო, ისიც ვთქვათ, რომ ამ წარუმატებელი ვოიაჟის შესახებ, არც ქართულ და არც ესპანურ მხარეს არაფერი უთქვამს. სწორედ ამ ინფორმაციის გაგების შემდეგ დავაანონსეთ, რომ მასშტაბური სპეცოპერაცია ჩატარდებოდა. სხვაგვარად გამორიცხულიც იყო _ პოლიციელები არც ამ გაბითურებას შეირჩენდნენ და არც იმ შენობას დატოვებდნენ უყურადღებოდ. 

სპეცოპერაცია ახლიდან დაიგეგმა და საქართვლოდან მასში 40-მდე სამართალდამცავი მონაწილეობდა. ისინი სართულებზე განალაგეს და ისმენდნენ ყველაფერს, რასაც ემიგრანტები საუბრობდნენ. სწორედ ემიგრანტების გადაძახილის შემდეგ მიაგნეს ორ სამალავს პოლიციელებმა და იქიდან ნაქურდალი ნივთები ამოიღეს. 

,,რა თქმა უნდა, მორიგ სპეცოპერაციას ველოდით, მაგრამ როგორც ადგილობრივი პოლიციელები გვეუბნებოდნენ, იქაურობის დასატოვებლად, მინიმუმ, ორთვიანი პერიოდი გვქონდა, რადგან ასე მალე ახალ სპეცოპერაციას ვერ დაგეგმავდნენ. როგორც ჩანს, მათ ვერ გათვალეს და ასე მოვხვდით სამართალდამცავთა ხელში. ყველაზე ცუდ დღეში ის პატიოსანი მოქალაქეები არიან, რომლებიც დილიდან საღამომდე მუშაობენ, ისინიც, ვისაც ახლა დეპორტაცია ემუქრება. რომ ატეხეს ამბავი, 66 ქართველი დააკავესო, აქედან 25-ს ედავებიან ქურდობას, დანარჩენები კი იმაზე გადაამოწმეს, რამდენად ლეგალურად არიან ესპანეთში. სასამართლომ ჯერჯერობით მხოლოდ ორი მათგანი გაუშვა და შემიძლია დადასტურებულად გითხრათ, რომ მინიმუმ, 35 მათგანის დეპორტაცია განხორციელდება. 

ქურდობაში ეჭვმიტანილებს კი, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, აქვე გაასამართლებენ და საქართველოში წამოსვლას არავინ მოინდომებს'', _ გვითხრა ერთ-ერთმა დაკავებულმა, რომელსაც წინასწარი დაკავების იზოლატორში... მობილურით სარგებლობის უფლება აქვს. 

შენობას დღემდე სამართალდამცავები აკონტროლებენ და ის ადამიანები, რომლებიც ესპანეთში ლეგალურად არიან და იმ შენობაში ცხოვრობენ, პრაქტიკულად, სამართალდამცავებთან ერთად ათენებენ და აღამებენ. 

,,არის რამდენიმე პიროვნება, რომელის დაკავებაც სურდათ, მაგრამ სპეცოპერაციის დროს შენობაში არ აღმოჩდნენ. შედეგად, სამართალდამცავები შენობაში იმ იმედით არიან, რომ ეს პიროვნებები დაბრუნდებიან, რაც აბსურდია. რომელი ქართველი დაბრუნდება შენობაში, სადაც ზუსტად იცის, რომ სამართალდამცავები ელოდებიან და დააკავებენ? ამას ვუხსნით კიდეც, მაგრამ არ სჯერათ, სავარაუდოდ, ფიქრობენ, რომ რომელიმე მაინც გარისკავს და იქ დატოვებული ნივთების წასაღებად მივა. 

სხვათა შორის, სავარაუდოდ, ამის გამო, შენობიდან რაიმე ნივთის გატანა გვეკრძალება. გავდივართ იმით, რაც გვაცვია, გასვლისას ჩხრეკენ ჩანთებს, შემოსვლისას ისევ ხრეკენ და ამას, თურმე, იმიტომ აკეთებენ, რომ ეშინიათ, ვინმემ იარაღი არ შემოიტანოს და სამართალდამცავებს სროლა არ აუტეხონ. ამათი ამბავი გასაგებია, მაგრამ ის არ გვესმის, ქართველი სამართალდამცავები რატომ არ ეუბნებიან, რომ აღნიშნულ შენობაში პატრულირება უკვე უაზრობაა და სანამ აქ იქნებიან პოლიციელები, არცერთი ძებნილი შენობას ასი მეტრითაც კი არ მიუახლოვდება. 

ყველაზე ცუდი ამ ამბავში ის არის, რომ რამდენიმე ათეული მოქალაქე საქართველოში დეპორტით დაბრუნდება და ევროპას სამი წელი ვერ გაეკარება, რაც უფულობას და შიმშილს ნიშნავს. უმრავლესობა ხომ სწორედ ლუკმა-პურის საშოვნელად არის აქ ჩამოსული და ამ შენობაშიც იმიტომ ვცხოვრობდით არაადამიანურ პირობებში, რომ ბინის ქირის ფული დაგვეზოგა'', _ გვითხრა ადგილზე მყოფმა ქალბატონმა, რომელიც ესპანეთში, ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობს და თავშესაფრის მიღებაზე მოთხოვნა შეტანილი აქვს. 

დაკავებულ არალეგალთა ექსტრადაცია, წესით, მაქსიმუმ ორ თვეში უნდა განხორციელდეს, მაგრამ დაკავებულებმა უკვე ადვოკატები აიყვანეს და თავშესაფარს ოფიციალურად ითხოვენ. რამდენად გაითვალისწინებს მათ მოთხოვნას ესპანეთის ხელისუფლება, ძნელი სათქმელია.

ბათო ჯაფარიძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში