Menu
RSS

არასრულწლოვანთა ბანდების უკან „უბნის ბლატატა“ დგას?!

გამკაცრდება თუ არა სასჯელი კრიმინალი ბავშვების მიმართ და როგორ ხვდება "ქურდულ ობშიაკში" მაღაზიებისა და ავტომანქანების ძარცვით ნაშოვნი ფული

ბოლო დროს, ერთი შეხედვით, უცნაურმა დანაშაულებმა იმატა _ დამნაშავეები ღამით მიდიან ტექნიკის მაღაზიასთან, ქვით ამტვრევენ ვიტრინას, შედიან მაღაზიაში და, მაქსიმუმ, ერთ წუთში გარბიან. ამ დროის განმავლობაში, ისინი ახერხებენ და მაღაზიიდან, მინიმუმ, 10 ათასი ლარის მობილური ტელეფონები, ლეპტოპები და სხვა ტექნიკა მიაქვთ.

რამდენსაც უნდა ეცადოს დაცვის პოლიცია, გამორიცხულია, დამნაშავეებს ადგილზე მიუსწროს, რადგან ვიტრინის გატეხვიდან ქურდების წასვლამდე, ხშირად ნახევარწუთიანი ინტერვალია. 30 წამში კი დაცვის პოლიცია ვერანაირად მოახერხებს შემთხვევის ადგილამდე მისვლას. 

რამდენიმე მაღაზიამ კერძო დაცვის სამსახური აიყვანა და მისი წარმომადგენლები მთელი ღამე მაღაზიაში ჩაკეტილები არიან, მაგრამ გამოსავალი ესეც არ არის _ დაცვის სამსახურს, უმრავლეს შემთხვევაში, იარაღის ტარების და, მით უმეტეს, სროლის უფლება არ აქვს. ეს კარგად იციან თავდამსხმელებმაც და ამიტომ თამამად მოქმედებენ. 

სხვა საქმეა სახელმწიფო დაცვის სამსახური, რომელიც ადგილზე შეიარაღებული და სრული ეკიპირებით მიდის, მაგრამ ძირითადად _ დაგვიანებით, რადგან როგორც გითხარით, დამნაშავეები ადგილს 30 წამში ტოვებენ. სწორედ ამიტომ, დაცვის სამსახურის მიმართ პრეტენზიები, პრაქტიკულად, არავის აქვს... 

რაც ყველაზე საინტერესოა, პოლიცია ხშირად აღნიშნულ დანაშაულს ცხელ კვალზე ხსნის და, ათიდან ცხრა შემთხვევაში, არასრულწლოვნებს აკავებს. 

თუ მათ მოპარული ნივთები გაყიდული არ აქვთ, მაღაზიას უბრუნდება, თუ არადა, არასრულწლოვნებს გასაუბრების შემდეგ, სახლში უშვებენ. 

 

მიზეზი მარტივია _ 14 წლამდე ბავშვების დასჯის უფლებას კანონი, უბრალოდ, არ იძლევა. სამწუხაროდ, ეს ბავშვებმაც კარგად იციან და ამიტომ, საქმეზე თამამად მიდიან, ჩავარდნის შემთხვევაში, მაქსიმუმ, მშობლებისგან დატუქსვა ელით, წარმატების შემთხვევაში კი, მოპარული თანხა ხშირად რამდენიმე ათასს სცილდება. 

იმის მიუხედავად, რომ შსს-მ რამდენჯერმე პირობა დადო, ახალ კანონპროექტს წარმოვადგენ, რომელიც ამ პრობლემას დაარეგულირებსო, კანონპროექტი დღემდე არ ჩანს. ბავშვები კი, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, ძარცვა-გლეჯვაზე არიან გადასულნი. 

პარლამენტში საუბრობდნენ, რომ პასუხისმგებლობის ასაკმა 13 წლამდე უნდა დაიწიოს, ამის მომხრე თითქოს შინაგან საქმეთა სამინისტროც გალხდათ, მაგრამ აღნიშნულ მითქმა-მოთქმას წერტილი გასულ კვირას პარლამენტში მისულმა თეა წულუკიანმა დაუსვა. 

„მე ვარ წინააღმდეგი იმისა, რომ 14 წელი დაიწიოს თუნდაც 13 წლამდე. ეს ჩემი, როგორც იუსტიციის მინისტრის, პოზიციაა ბავშვთა უფლებების სახელით და გაეროს ბავშვთა უფლებების კოდექსის სტანდარტების დამკვიდრების მიზნებიდან გამომდინარე, მაგრამ ის, რომ ამ ასაკის ბავშვები დანაშაულს ჩადიან, ეს დაუსჯელი ან უპასუხოდ არ უნდა დარჩეს. ამიტომაც ჩვენ მზად გვაქვს და შემოგთავაზებთ რეფორმას, რომელსაც შედეგად მოჰყვება საქართველოში რეფერირების მექანიზმების შექმნა და პოლიციას, იუსტიციის სისტემას, მათ შორის მედიიაციის პროგრამებს, განათლების სისტემას, ახალგაზრდულ და ჯანდაცვის პროგრამებს ექნება საკადრისი ადეკვატური და ბავშვის ინტერესზე მორგებული პასუხი იმისათვის, რომ დანაშაული ამ სეგმენტში შესრულდეს“, _ განაცხადა იუსტიციის მინისტრმა. 

ოფიციალოური სტატისტიკით, არასრულწლოვანთა მიერ ჩადენილი დანაშაულის წილი საერთო დანაშაულებში ძალიან დიდია. 

რაც ყველაზე საინტერესოა, არის რამდენიმე დაჯგუფება, რომელიც მაღაზიების გაქურდვას ეტაპობრივად ახორციელებს და სამართალდამცავებს მისი გამოვლენა არ უჭირთ, მაგრამ ვერ სჯიან. მაღაზიების მეპატრონეები კი ამბობენ, რომ წარმოუდგენელია, ყოველ საღამოს ვიტრინებში გამოფენილი მობილურები და პერსონალური კომპიუტერები აალაგონ, სეიფში შეინახონ და მეორე დილით ისევ გამოფინონ. 

ყველაფერ ამას, ადამიანური რესურსის გარდა, დრო სჭირდება, რაც ხარჯებთან არის დაკავშირებული. საბანკო რეგულაციების შემოღების შემდეგ, ტექნიკის მაღაზიებს კლიენტები ისედაც მოაკლდათ და შესაბამისად, დამატებითი ხარჯების გაწევა არავის სურს. 

ნამდვილად ვერ გეტყვით, რამდენად სწრაფად მოახერებს იუსტიციის სამინისტრო დაანონსებული კანონპროექტის წარმოდგენას, მაგრამ ეს საქმე მოცდას რომ აღარ ექვემდებარება, ფაქტია. 

 

პარალელურად, არასრულწლოვნებს, რომლებიც ამ დანაშაულში არიან ჩართულნი, „პატრონები“ გამოუჩნდნენ და ე.წ. უბნის „ბლატატა“ აგულიანებს. ისინი ბავშვებს ეუბნებიან, რომ თუ მოპარული თანხიდან გარკვეულ პროცენტს საზღვარგარეთ მყოფ ქურდებს გაუგზავნიან, ციხეში მოხვედრის შემთხვევაში, სწორედ ქურდების დახმარების იმედი ექნებათ და იქ ყოფნა გაუადვილდებათ. 

დაგვეთანხმებით, რომ არასრულწლოვნების „შებმა“ ძალიან იოლია, მით უმეტეს, ამ ასაკში ციხე, ქურდები და კრიმინალი რომანტიულად ჟღერს და პატარებიც მახეში იოლად ებმებიან. შედეგად, მაღაზიებიდან ნაძარცვის მცირე ნაწილი „კაი ბიჭებამდე“ მიდის, ისინი კი სავარაუდოდ, ქურდებთან აგზავნიან. სავარაუდოდ იმიტომ, რომ ბევრი ქურდებს, უბრალოდ, „გადააგდებს“, არც კი გააგებინებს, რომ ბავშვებმა „საერთოს“ ფული „შესწირეს“ და თავად მოიხმარს. 

აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია ძალოვნებსაც აქვთ და ამიტომაც საუბრობენ ისინი ზღვარის დაწევაზე. 

პოლიციის ძველ, გამოცდილ კადრებს სჯერათ, რომ კანონის გამკაცრების გარდა, პრობლემის მოგვარების სხვა გზა, უბრალოდ, არ არსებობს და როგორც კი კანონი გამკაცრდება, დანაშაულთა რაოდენობა საგრძნობლად მოიკლებს. 

როგორც სამართალდამცავები ამბობენ, ბოლო დროს გახშირებული ავტომობილების ძარცვის უკანაც არასრულწლოვნები დგანან, რომლებსაც ისევ და ისევ უფროსები აგულიანებენ და... წილში უსხედან. 

P.s. 24 მარტს ანუ როცა სტატიას ვამზადებდით, რუსთავში „სმაილის“ მაღაზია გაქურდეს. პოლიცია ქურდობაში ეჭვმიტანილ ორ... არასრულწლოვანს ეძებს.

ბათო ჯაფარიძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში