Menu
RSS

სკანდალი: კინოცენტრი ზვიად გამსახურდიაზე გადაღებულ ფილმს ბლოკავს!

ალექსანდრე ჟღენტი: "კინოცენტრისა და კინოფესტივალ "პრომეთეს" დირექტორებს საქართველოს დამოუკიდებლობის აღმდგენელისადმი სიძულვილი აქვთ და ეს დამოკიდებულება ჩემზეც ვრცელდება!"

22 დეკემბერმა, საქართველოს უახლესი ისტორიის ტრაგიკულმა თარიღმა სულ ახლახანს ჩაიარა. 28 წლის წინ, ქართველმა რენეგატებმა, გარეშე კოორდინატორების მითითებითა და დაფინანსებით, დაიწყეს პუტჩი, რომელსაც ქვეყნის დაქცევა და პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მკვლელობა მოჰყვა. 

აი, ამ დღის შესახებ შეიქმნა მხატვრული ფილმის სცენარი _ ,,ყველაზე მოკლე დღე''. ეს თემა ქართულ მხატვრულ კინემატოგრაფში ტაბუირებული გახლავთ, თუმცა პუტჩი მთელმა ცივილიზებულმა მსოფლიომ და, პირველ რიგში, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, სახელმწიფო დეპარტამენტის დონეზე დაგმო. 

ოთხი წლის წინ, ,,ვერსიაში'' დაიბეჭდა სტატია _ ,,ეს ფილმი აუცილებლად უნდა გადავიღოთ''. საქმე ეხებოდა 22 დეკემბერს განვითარებულ მოვლენებს. სცენარს მაშინ ერქვა ,,უკანასკნელი მასკარადი?'' მომავალი ფილმის დამდგმელი რეჟისორი, მაია არჩვაძე იმ მანკიერებებზე საუბრობდა, რაც თან ახლდა სცენარების კონკურსს, რომელშიც უსამართლოდ დაბლოკილი პროექტი მონაწილეობდა. 

გავიდა წლები, შეიცვალნენ მინისტრები, კინოცენტრის დირექტორები, მაგრამ დებულების სისტემატიური დარღვევები და სხვა სახის თაღლითობები გრძელდება. 

დღეს, ჩვენი სტუმარია ალექსანდრე ჟღენტი _ მაია არჩვაძის პროექტის სცენარის თანაავტორი და პროდიუსერი. ბატონო ალექსანდრე ასევე, გახლავთ კინორეჟისორი, სცენარისტი, საქართველოს სპორტული კინოსა და ტელევიზიის ფედერაციის საპატიო პრეზიდენტი, საქართველოს სახელმწიფო კინოკორპორაციის დამფუძნებელი, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე.

ალექსანდრე ჟღენტი: _ ყოველგვარი ვუალირების გარეშე, მინდა განვაცხადო, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სტრუქტურაში შემავალი კინოცენტრის ყოფილი (ზ. მაღალაშვილი) და დღევანდელი (გ. ჩხეიძე) ხელმძღვანელები, ისედაც უბადრუკი დებულების დარღვევებით, ხელს უწყობენ ჩვენი პროექტის დაბლოკვას, სასცენარო კონკურსების ჩატარების დროს. ამის დამამტკიცებელი ბევრი საბუთი გაგვაჩნია. ახლახანს, დასრულდა ჟურნალისტური გამოძიება და მასალები სათანადო უწყებას გადაეცა. 

გაზეთში არ გვაქვს საშუალება, ყველა ის სისულელე, უწიგნურობა, სიცრუე, საბოლოო ჯამში კი, ქართული კინოს თავხედური უპატივცემულობა წარმოვადგინოთ, რაც საექსპერტო კომისიის წევრებმა დაწერეს ჩვენი სცენარის შესახებ. ეს ჟიური კი, კინოცენტრის დირექტორმა, პროფესიით ფილოლოგმა გაგა ჩხაიძემ, სრულიად გაურკვეველი კრიტერიუმების გამოყენებით დანიშნა. 

 

ახლა, თავად ეროვნული კინოცენტრის დირექტორის (პრაქტიკულად, კინოს მინისტრის) განცხადების თაობაზე მოგახსენებთ. გასული წლის 15 ივლისის ოფიციალურ შეხვედრაზე შემოქმედებით ჯგუფთან, რომელიც აპროტესტებდა ,,ყველაზე მოკლე დღესთან'' დაკავშირებულ თაღლითობებსა და ,,დასკვნებს'', რომლებიც შეთხზეს ჟიურის წევრებმა, ხელმძღვანელმა განაცხადა: ,,მე არ მიმაჩნია, რომ საქართველოში მოხდა პუტჩი, ეს იყო სახალხო აჯანყება და მე არაერთხელ ვმონაწილეობდი საქართველოს პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას საწინააღმდეგო აქციებში'' (!!!). 

ამის მთქმელი, დირექტორად კინოცენტრისა, რომელიც მდებარეობს ზვიად გამსახურდიას სანაპიროზე #4 (!!!), დაამტკიცა აწ უკვე განთავისუფლებულმა მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა და თანამდებობაზე დატოვა ამჟამინდელმა მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა. 

სხვათა შორის, კინოცენტრის დღევანდელმა დირექტორმა, ჯერ კიდევ 2008 წელს სცადა, კინოს სპეციალისტის მანტია მოერგო და შემდეგი აუწყა მკითხველს (როგორც კინოფესტივალ ,,პრომეთეს'' ორგანიზატორმა): ,,გაუმარჯოს პრეზიდენტს'' არ არის ღრმა ფილმი. ის არის დაბალი ხარისხის'' (,,ქართული გაზეთი'', 18.12.2008წ). ლაპარაკია ჩემს ფილმზე, რომელიც არის პირველი ფილმი ზვიადზე, ფლორენციის კინოფესტივალის ,,დეი პიპოლოს'' (2011) ნომინანტი (კონკურსიდან მოიხსნა დღემდე აუხსნელი მიზეზების გამო) და მას სისტემატიურად, მაყურებელთა მოთხოვნით, უჩვენებს ტელეარხი PKთV. ამ სურათის უამრავი ეპიზოდი გამოყენებულია ბევრ ფილმსა და ტელეგადაცემაში, ჩემი ნებართვის გარეშე... ციტირებული განცხადება ცხადჰყოფს, რომ გ. ჩხეიძემ თავისი დამოკიდებულება პრეზიდენტისადმი იმ ხელოვანზე გადაიტანა, რომელმაც ზვიადზე ფილმი გადაიღო. 

მოგახსენებთ, იმავე გაზეთში რა დაწერა ჩხეიძის მაშინდელმა მოადგილემ და დღევანდელი ,,პრომეთეს'' დირექტორმა, ნინო ანჯაფარიძემ: ,,ზვიადის იუბილე არ არის მიზეზი იმისა, რომ ფილმი არათუ გავიდეს, არამედ გახსნას კიდეც ფესტივალი'' (!!!). 

აშკარაა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის აღმდგენელისადმი სიძულვილი წლების მანძილზე აქვთ კინოცენტრისა და კინოფესტივალ ,,პრომეთეს'' დირექტორებს და ეს დამოკიდებულება ჩემზეც ვრცელდება, როგორც კანონიერი ხელისუფლების წარმომადგენელსა და პუტჩის შესახებ სცენარის ავტორსა და პროდიუსერზე. 

თავის პოლიტიკურ ორიენტაციას გაგა ჩხეიძე, მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილთან გაგზავნილ წერილში (#1-377, 16.09.2019წ) ასე ამართლებს: ,,სიტყვისა და აზრის თავისუფლება საქართველოს კონსტიტუციითაა გარანტირებული''-ო. 

ეტყობა, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს იურიდიულმა დეპარტამენტმა უნდა აუხსნას ფილოლოგ დირექტორს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლის არსი. თავად მინისტრს კი მინდა, განვუცხადო: ქართული კინოს პატივისცემით, სამართლებრივად რადიკალურ ზომებს არ ვიღებდით კინოცენტრის ხელმძღვანელის ანტიეროვნული, ღალატობრივი ქმედებების წინააღმდეგ, მაგრამ აწ უკვე ეჭვგარეშეა, რომ მხოლოდ კინემატოგრაფისტის ამპლუაში ჩემი ყოფნა არათუ მიზანშეუწონელია, არამედ დაუშვებელიც. 

ჩვენმა შემოქმედებითმა ჯგუფმა უკვე მეოთხედ (!!!) შეიტანა კინოცენტრის კონკურსზე ,,ყველაზე მოკლე დღე'' (რომელიც, სხვათა შორის, შემოქმედებითად დადებითად არის შეფასებული, თავად ვაი-ექსპერტების უმრავლესობის მიერ). ეჭვი არ მეპარება, რომ პროექტი განხორციელდება, მისი პრემიერა 22 დეკემბერს შედგება და ეს ჩვენი საზოგადოებისთვის უაღრესად საჭირო მოვლენა გახდება. არც იმაში მეპარება ეჭვი, რომ თქვენს გაზეთში დაიწერება რეცენზია ფილმის შესახებ. 

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს კი ვურჩევ: ბატონებო, კულტურისა და ხელოვნების ფუნქციონერებო, დაუყოვნებლივ მოაშორეთ ყველაზე მასობრივი და ქმედითი ხელოვნების დარგს ის მოხელეები, რომლებიც არა მარტო ქართული კინოს, არამედ ქართული სახელმწიფოს მტრები არიან (სამართლებრივი მეთოდებით, რასაკვირველია) და თუ ამას ვერ ახერხებთ, ჩვენ დაგეხმარებით. 

ბოლოს კი, ერთი ფაქტი მინდა აღვნიშნო. ჟიურის თავმჯდომარემ, კინორეჟისორმა, ლევან თუთბერიძემ ასეთი რამ მკითხა: ,,თუ იცით, სად იმყოფებით?'' კითხვას ყოველთვის ვპასუხობ ხოლმე, მაგრამ ამჯერად თავი შევიკავე, რადგანაც არ ვიცოდი, სად ვიყავი. აქ წარმოდგენილი საბუთების მიღების შემდეგ კი, შემიძლია ვუპასუხო. მე, ჩვენი შემოქმედებითი ჯგუფი, ჟიურის ყველა წევრი და თავმჯდომარეც, ვიმყოფებოდით ზვიად გამსახურდიას სახელობის სანაპიროზე, #4-ში, ხოლო თუ რატომ გაჩნდა ეროვნული კინოცენტრის ოფიციალურ ლოგოზე ყალბი მისამართი, გაარკვიოს იმ უწყებამ, რომელსაც ამის კონტროლი ევალება. 

კედელზე სათანადო აბრის დამაგრებას აუცილებლად გადავიღებთ ფირზე. იმედია, ამ ღირსშესანიშნავ მომენტს, შენობაში მომუშავე ყველა ორგანიზაციის თანამშრომელი დაესწრება და პირველ რიგში, ეროვნული კინოცენტრის თანამშრომლები, დირექტორის ხელმძღვანელობით (არ აქვს მნიშვნელობა, თუ ვინ იქნება ამ დროისთვის დირექტორი). 

ყოველივე წარმოდგენილი, დარღვევას ბევრად სცილდება. კომენტარი მკითხველებისთვის მიმინდვია, ხოლო სხვა სახის ქმედებები _ სათანადო უწყებისთვის. 

აქვე, წარმოგიდგენთ უნიკალურ საბუთებს (დოკუმენტები):

მაია მიშელაძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში