Menu
RSS

„მოკვდი, ნოვაკ!“ _ რატომ გაუხარდათ ხორვატებს ჯოკოვიჩის კორონათი დაინფიცირება

რა შანსს აძლევს პანდემია ქართულ ფეხბურთს და ვინაა ქართველი ფეხბურთელი, რომელიც, შესაძლოა, მილიონ ევროდ გაიყიდოს

სხვა ქვეყნების დარად, ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატი საქართველოშიც განახლდა. დიდი ალბთობით, ყველაზე ნაკლებად, სწორედ ქართველებს არ გაუჭირდებათ ცარიელი ტრიბუნების წინაშე თამაში, რადგან ამას მიჩვეულები არიან და მათთვის ცარიელი სკამების ცქერა დამთრგუნველი არ იქნება. შიდა ჩემპიონატის განახლება მნიშვნელოვანი იმით გახლავთ, რომ ევროთასების საკვალიფიკაციო ეტაპის მოახლოებასთან ერთად, გუნდები რამდენიმე თამაშის ჩატარებას მოასწრებენ და ცოტათი მაინც, ფორმაში ჩადგებიან. დაგვეთანხმებით, რომ პანდემიის გამო არსებული აკრძალვა _ მაყურებლების გარეშე თამაში ქართული კლუბებისთვის, შესაძლოა, ხეირად იქცეს და ამას გარდა, არავინ იცის, რომელი კლუბი როგორ ფორმაში იქნება ევროთასების საკვალიფიკაციო ეტაპის წინ.

 

მოულოდნელი და სასიამოვნო ამბავი გაავრცელა უკრაინულმა მედიამ. უმაღლეს ლიგაში მოთამაშე „ლვოვის“ მთავარ მწვრთნელად, გია ცეცაძე დაინიშნა. ქართველი სპეციალისტი გულშემატკივრისთვის კარგადაა ცნობილი. 2016 წელს, მისი ხელმძღვანელობით იზეიმა „სამტრედიამ“ ქვეყნის ჩემპიონობა, უკრაინაში სწორედ ამას ამბობენ, ცეცაძემ მოახერხა და სოფლის გუნდი საქართველოს ჩემპიონი გახადა, „ლვოვსაც“ სასწაულს ჩაადენინებსო. მოკლედ, ბატონ გიას წარმატებას ვუსურვებთ და...ისე, იმ „სოფლიდან“ თბილისის მერი რომ არის წარმოშობით, ეს უკრაინელებმა ყველაზე კარგად უნდა იცოდნენ. 

* * * 

ამასობაში, გერმანიის ბუნდესლიგა დასრულდა. როგორც მოსალოდნელი იყო, „ბაიერნმა“ 30-ედ იზეიმა ჩემპიონობა ანუ ზედიზედ მერვედ, რითაც ტოპ-5-ის ქვეყნებში, „იუვენტუსის“ რეკორდი გაიმეორა. ერთი ეგაა: „იუვეს“ ამ სერიის გაგრძელება შეუძლია და ამის დიდი შანსი აქვს _ უახლოეს მდევარ „ლაციოს“ 4 ქულით უსწრებს. 

რადგან „ბაიერნზე“ ვსაუბრობთ, ისიც ვთქვათ, რომ გუნდის ერთ-ერთმა საუკეთესო ფეხბურთელმა, არიენ რობენმა კარიერა გასული წლის ზაფხულში დაასრულა და ფეხბურთიდან დიდი ზარ-ზეიმით გააცილეს. ჰოდა, ახლა რობენი კვლავ მინდორს უბრუნდება და ჰოლანდიური „გრონინგენის“ ღირსებას დაიცავს. როგორც თავად ამბობს, ერთწლიან პაუზას მისთვის დიდი კვალი არ დაუტყვია, ფორმაში მალე შევა და მოედანზე ძველებურად იფრენს. თავის დროზე, რობენის ფასი ას მილიონს აჭარბებდა, ახლა კი, სავარაუდოდ, „გრონინგენში“ თამაში უფასოდ მოუწევს, საკუთარი სიამოვნებისთვის და, როგორც თავად ამბობს, მოედანზეც სწორედ სიამოვნებისთვის ბრუნდება. 

* * * 

ფეხბურთის დღევანდელ ქომაგთა დიდ ნაწილს, საბჭოთა კავშირი, უბრალოდ, არ ახსოვს _ იმ დროს დაბადებულიც კი არ იყო. ჰოდა, სწორედ საბჭოთა კავშირი რომ არსებობდა, მაშინ იზეიმა ბოლოს ჩემპიონობა „ლივერპულმა“. მას შემდეგ, მერსისაიდული კლუბი ოქროს მედლებს ვერა და ვერ შესწვდა იმის მიუხედავად, რომ ჩემპიონთა ლიგა მოიგო ორჯერ და ზოგადად, ევროპის ერთ-ერთ ტოპ-კლუბად სამართლიანად ივლებოდა. ახლა კი „ენფილდის“ ბინადრებმა ნანატრი პირველი ადგილი იზეიმეს და მთელი ინგლისი შეშფოთებული ადევნებდა თვალს, როგორ ზეიმობდა 250 ათასამდე გულშემატკივარი საყვარელი გუნდის გამარჯვებას. 

არანაირი დისტანცია და ნიღბები, 250 ათასი კაცი ლუდებით წუწაობდნენ, სვამდნენ და ცეკვა-თამაშით იყვნენ დაკავებულნი _ პანდემია ნამდვილად არ ახსოვდათ. გულშემატკივრებმა ისიც თქვეს, პანდემიის შიში რომ არა, მეოთხედ მილიონზე მეტი შევიკრიბებოდითო. მოკლედ, არ გაგიკვირდეთ, თუ იურგენ კლოპს „ბითლზების“ ქალაქში ძეგლს დაუდგამენ _ ამ კაცის ხელში, „ლივერპულმა“ მოიგო ყველაფერი, რისი მოგებაც კი შეიძლებოდა. რაც მთავარია, კლოპს არ განუხორციელებია დიდი ტრანსფერები, არ უყიდია ძვირადღირებული ფეხბურთელები და მეგა-ვარსკვლავები. მან, მის ხელთ არსებული კონტიგენტით მოახერხა ბრძოლისუნარიანი გუნდის შექმნა და საშუალო დონის ფეხბურთელები მეგა-ვარსკვლავებად აქცია. 

* * * 

აი, ესპანეთში კი პირველობისთვის ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შევიდა. ბოლო სამი მატჩიდან, კატალონიურმა „ბარსელონამ“ ორი ფრედ დაასრულა, რითაც საუცხოოდ ისარგებლა „რეალმა“ და პირველ ადგილზე გადაინაცვლა. ახლა, ჩემპიონატის დასრულებამდე, ექვსი ტურით ადრე, მადრიდელებმა თავად თუ არ მოიგონეს რამე და არ წაიფორხილეს, წესითა და რიგით, ჩემპიონის ტიტული არ უნდა დათმონ. 

ბოლოს, დედაქალაქელებმა ჩემპიონობა სამი წლის წინ იზეიმეს და ეს „რეალისთვის“ აშკარად დიდი დროა. აი, „ბარსას“ ჩავარდნას კი შესაძლოა, მისი თავკაცი, კიკე სეტიენი შეეწიროს. როგორც ესპანური მედია წერს, ფეხბურთელებმა კლუბის ხელმძღვანელობას სეტიენის გაშვება სთხოვეს, რადგან მის ტაქტიკურ გადაწყვეტილებებს არ ეთანხმებიან. 

„მღვრიე წყალში“ თევზის დაჭერა „ბარსელონას“ ლეგენდამ, ხავი ერნანდესმა გადაწყვიტა და განაცხადა, რომ მზადაა, „ბარსა“ თუნდაც დღესვე ჩაიბაროს. ამჟამინდელი მდგომარეობით, ხავი არაბული „ალ სადის“ მთავარი მწვრთნელია. 

იმავე ესპანეთში, საოცარ სეზონს ატარებს თორნიკე შენგელიას „ბასკონია“. გუნდი ოქროს მედლებისთვის იბრძვის, ფინალში გავიდა და ეს თორნიკეს უდიდესი დამსახურებაა. იმის მუხედავად, რომ „ბასკონიას“ კაპიტანს კოჭის ტრავმა ჰქონდა, მწვრთნელმა გარისკა და მაინც ათამაშა, რადგან სხვაგვარად, მის გუნდს გაუჭირდებოდა. ტრავმირებულმა ქართველმა ცენტრმა, სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა, მეტოქეს 17 ქულა ჩაუგდო და გუნდი ფინალში გაიყვანა. „ბარსელონასთან“ მატჩი ნამდვილი კლასიკა იქნება, მაგრამ... პრაქტიკულად, ყველა სერიოზული გამოცემა კატეგორიულად წერს, რომ ახალ სეზონს შენგელია, მოსკოვის ცსკა-ში დაიწყებს. ძალიან რბილად რომ ვთქვათ, ამ ინფორმაციას ქართულ სოციალურ ქსელებში აგრესიული კომენტარები აქვს. 

* * * 

ოთარ კიტეიშვილს ავსტრიულ „შტურმში“ ისეთი სეზონი აქვს, ბევრი სპეციალისტი ამბობდა, იქ დიდხანს არავინ გააჩერებსო. ჰოდა, გასულ კვირას გაირკვა, რომ ქართველი ნახევარმცველის გადაბირებით, თურქეთის გრანდი _ „ფენერბაჰჩეა“ დაინტერესებული. ეს ტრანსფერი თუ შედგება, დარწმუნებით შეგვიძლია იმის თქმა, რომ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, კიდევ ერთ ქართველს არცთუ იშვიათად ვიხილავთ. ოთარის სატრანსფერო ფასი დღეისთვის, მილიონი ევროა და „ფენერს“ ამ თანხის გადახდა არ უნდა გაუჭირდეს. 

* * * 

წლების განმავლობაში, ხორვატია-სერბეთს შორის არსებული დაპირისპირება, თითქოს რაღაც ჩარჩოში მოექცა და ეს ორი ქვეყანა, გარეგნულად მაინც, ნორმალური ურთიერთობის შენარჩუნებას ცდილობდა. ის, რაც გასულ კვირას მოხდა, ყოველგვარ ზღვარს გასცდა და ამის გამო, გამოძიებაც კი დაიწყო. მსოფლიოს ნომერ პირველ ჩოგანს, სერბ ნოვაკ ჯოკოვიჩს კორონავირუსი დაუდასტურდა. იგივე დიაგნოზით ჰოსპიტალიზებულია მისი ცოლიც. ჰოდა, ამ ამბავს ხორვატები ძალიან დიდი სიხარულით შეხვდნენ, მეტიც, არაერთი ქალაქის ქუჩებში, შემდეგი შინაარსის წარწერები გაჩნდა: 

,,მოკვდი, ნოვაკ! მაგით მოკვდი, ჩვენ ეს ძალიან გვინდა!’‘ 

ხორვატიის ხელისუფლებამ პირობა დადო, რომ წარწერების ავტორების ვინაობის დასადგენად, გამოძიებას ჩაატარებს, თუმცა ბოდიშის მოხდა არც უფიქრიათ. მიზეზი მარტივია _ ხორვატია არავითარ შემთხვევაში, არცერთი მიმართულებით და არასდროს არ მოუხდის ბოდიშს სერბეთს. ვერ გეტყვით, როგორ გაგრძელებას ჰპოვებს ეს ამბავი, მაგრამ სერბეთში უკვე ამბობენ, რომ ხორვატ სპორტსმენებს მათ ქვეყანაში არ შეუშვებენ. 

 

სხვათა შორის, გასულ კვირას, ვირუსმა სერბეთში ვეტერანი ლეგენდარული ფეხბურთელი, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატების მონაწილე, ილია პეტკოვიჩი იმსხვერპლა. 

იყო დრო, 35 წლის ვეტერანი ფეხბურთელი ენრიკე, ბრაზილიის ნაკრებში თამაშობდა. ახლა ის სანაკრებო დონეს ვერ აკმაყოფილებს, მაგრამ „კრუზეიროში“ აგორებს ბურთს და არცთუ ურიგოდ. 

მოკლედ, გასულ კვირას, ენრიკე საკუთარი „რეინჯ როვერით“ მიემგზავრებოდა, როცა საჭე ვერ დაიმორჩილა და 200 მეტრის სიმაღლიდან ხრამში გადავარდა. საბედნიეროდ, შემთხვევა უკან მიმავალი მანქანის მძღოლმა დაინახა, სამაშველო სამსახურში დარეკა და... მაშველებმა ფეხბურთელი მანქანიდან ამოიყვანეს, ხუთ წუთში, ავტომობილი იმ ადგილიდან უფრო ქვემოთ, 300 მეტრის სიღრმეზე ჩავარდა და ჯერჯერობით, მისი ამოტანა ვერ ხერხდება. 

რაც შეეხება ენრიკეს, მას მცირე დაჟეჟილობები და ნაკაწრები აქვს. როგორც მისი მეგობრები ამბობენ, ავტომობილის ყიდვის შემდეგ, ენრიკემ მანქანას რვა აირბაგი დაამატა და ისე იმიტომ გააკეთა, რომ ავარიის შემთხვევაში, სალონში მსხდომნი, მთლიანად გაბერილი ბურთების გარემოცვაში აღმოჩენილიყვნენ. ფეხბურთელი, სავარაუდოდ, სწორედ ამან იხსნა.

ბათო ჯაფარიძე

 

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში