Menu
RSS

რუსებმა თორნიკე შენგელია გადაიბირეს

რატომ უცხადებს ტრამპი ბოიკოტს ამერიკულ ფეხბურთს

საუბარი, ცოტა არ იყოს, უცნაური ამბით უნდა დავიწყოთ: ესპანური „ბასკონიას“ ქართველი კაპიტანი არამარტო გუნდის ლიდერია, არამედ, ევროპულ კალათბურთში ხმამაღალი სიტყვა ეთქმის, მიმდინარე სეზონის ტოპ-ხუთეულში არაერთხელ დაასახელეს და ისიც ითქვა, თოკომ რომ მოინდომოს, NBA-ში უპრობლემოდ დაბრუნდებაო. საუბარი იყო მისი „რეალში“ გადასვლაზეც, თუმცა ესპანელი ჟურნალისტები წერდნენ, შენგელია არსად წავა, რადგან ესპანეთის ჩემპიონატში მოთამაშე კალათბურთელთაგან, ერთ-ერთი, ყველაზე მაღალანზღაურებადი სპორტსმენია და რაც მთავარია, „ბასკონიას“ გულშემატკივრები აღმერთებენო. ჰოდა, ახლა გავრცელდა ინფორმაცია, რომ შენგელიას გადაბირება მოსკოვის „ცსკა“-ს სურს და მოლაპარაკებებიც აქტიურ ფაზაშია.

რუსული მედია არ მალავს, რომ ქართველ ცენტრს ზღაპრულ ხელფასს სთავაზობენ (საუბარია წლიურ 4 მილიონ ევროზე, პლუს ბონუსებზე). უფრო მეტიც, ცნობილმა რუსმა კომენტატორმა, ვლადიმირ გომელსკიმ ისიც თქვა, შენგელიას ვაკვირდები, მას რუსეთის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება არასოდეს გამოუხატავს, რუსულიც იცის და ჩვენს გუნდს აშკარად გააძლიერებსო. 

კომენტარს არ აკეთებს არც ესპანური მხარე და არც _ თავად ჩვენებური, თუმცა რუსულ მედიაში ისეთი ამბავია ატეხილი, რაღაც რომ ხდება, ფაქტია. მართალია, „ცსკა“ ევროპის ერთ-ერთი უძლიერესი კლუბია, ლამის რეგულარულად თამაშობს ევროლიგის ოთხთა ფინალს, მაგრამ რამდენად გამართლებულია კარიერის პიკში, ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო კალათბურთელის რანგში რუსულ კლუბში გადასვლა მაშინ, როცა იგივე „რეალი“ გეპატიჟება, სხვა საკითხია, თუმცა გადაწყვეტილება ისევ შენგელიამ უნდა მიიღოს. 

ამას შედარებისთვის არ ვწერთ, მაგრამ... რუსული პრემიერლიგა განახლებისთვის ემზადება და, სხვა გუნდებთან ერთად, ვარჯიშს „ტამბოვიც“ შეუდგა. გუნდმა ის განაცხადიც გამოფინა, რომლითაც პრემიერლიგის დარჩენილ რვა ტურს ჩაამთავრებს და სიაში, რაღა თქმა უნდა, გუნდის კაპიტანი და მეკარე _ გიორგი შელია, მცველი გურამ თეთრაშვილი, თავდამსხმელი გიორგი მელქაძე, ნახევარმცველი ვლადიმერ კობახიძე და ასევე, ნახევარმცველი მერაბ ჩიხრაძეც არიან. ყველა მათგანი რუსეთის მოქალაქეა და შესაბამისად, საქართველოს ნაკრებში არც თამაშის სურვილი აქვთ და აღარც შესაძლებლობა. 

თუნდაც მელქაძე ავიღოთ, რომელიც რუსული ფეხბურთის ერთ-ერთ ამომავალ ვარსკვლავად ითვლება. მან ღიად დააფიქსირა, რომ რუსეთის ნაკრებში თამაში უნდა, რომ საქართველოდან მიღებული წინადადება არ განიხილა და... რუსულ გუნდში ითამაშა კიდეც. 

* * * 

გასულ კვირას, UFჩ-ში მორიგი ბრძოლა გამართა მერაბ დვალიშვილმა. მისი მეტოქე გუსტავო ლოპესი იყო და ქართველმა მებრძოლმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება მარტივად მიითვალა, მისი უპირატესობა იმდენად დიდი იყო, რომ არცერთ მსაჯს ეჭვქვეშ არ დაუყენებია ჩვენებურის გამარჯვება. ახლა მთავარია, მორიგი მეტოქე დროზე გამოინახოს, მერაბმა წარმატებული სვლა გააგრძელოს და მერე უკვე, არც საჩემპიონო ბრძოლებია შორეული პერსპექტივა. ამ შეხვედრის მოგებისთვის, დვალიშვილის 23 500 დოლარი ერგო, მისმა მეტოქემ კი 19 000 მიიღო. რა თქმა უნდა, ეს არაფერია იმასთან შედარებით, რაც მერაბს საჩემპიონო ბრძოლის გამართვის შემთხვევაში შეხვდება, იქ საუბარი მილიონებზეა, თუმცა იქამდე ჯერ დიდი გზაა გასავლელი. 

* * * 

გერმანული ბუნდესლიგის შემდეგ, სტარტი ესპანეთის პრიმერადივიზიონმაც აიღო. როგორც მოსალოდნელი იყო, მარტივად იმარჯვეს „ბარსელონამ“ და „რეალმა“. კატალონიელთა კაპიტანმა, ლიონელ მესიმ მორიგი გოლი გაიტანა და ახალი რეკორდი დაამყარა. ლეო გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ზედიზედ 12 სეზონში, მინიმუმ, ოცი გოლის გატანა მოახერხა, რაც უნიკალური მიღწევაა. 

„ბარსამ“ „მალიორკა“ სტუმრად და, რაღა თქმა უნდა, მაყურებლების გარეშე დაამარცხა, მაგრამ... მოედანზე ქომაგი მაინც შეიჭრა. მას არგენტინის ნაკრების 10-ნომრიანი ანუ მესის მაისური ეცვა, მაგრამ უცნაურობა ის გახლავთ, რომ ტრიბუნებზე კაციშვილის ჭაჭანება არ იყო, იქაურობას მხოლოდ პოლიციელები იცავდნენ. როგორ მოხერხა კაცმა ჯერ სტადიონის ტერიტორიაზე შესვლა, შემდეგ ტრიბუნებამდე მიღწევა და ბოლოს სტადიონზე შევარდნა, ძალიან საინტერესოა. 

* * * 

სეზონის განახლებისთვის ემზადებიან ქართული კლუბებიც და ინტენსიურ სავარჯიშო პროცესზე უკვე გადავიდნენ. საბოლოოდ გაირკვა, რომ ჯანო ანანიძე, რომელსაც ბათუმის „დინამო“ ეპატიჟებოდა, კარიერას საქართველოში არ გააგრძელებს და ისევ უცხოურ ვარიანტს დაელოდება. არადა, ჯანო აჭარულ კლუბს, ევროთასების საკვალიფიკაციო ეტაპის წინ, აშკარად გააძლიერებდა, მაგრამ ეს ტრანსფერი არ გამოვიდა. 

ბარემ ისიც ვთქვათ, რომ ჩვენი პირველობა, სხვა ქვეყნების დარად, მაყურებლის გარეშე ჩატარდება და ამით ყველაზე მეტად, სწორედ ბათუმელები იზარალებენ. თუ სხვა გუნდების შეხვედრის დროს, ტრიბუნებზე 200-300 კაცი სანატრელი იყო, საშინაო მატჩებისას, გია გეგუჩაძის გუნდს 4 და 5 ათასი გულშემატკივრის მოგროვება არ უჭირდა. 

* * * 

გასულ სეზონში, ეროვნული პირველობის დონეზე, ყველასა და ყველაფრის მომგებმა „ფახთაქორმა“, მოულოდნელი მარცხი იწვნია. ახლადგანახლებულ პირველობაზე, ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი, სტუმრად „სოგდიანას“ ხვდებოდა და 0:1 წააგო. ჩვენთვის ეს ამბავი იმითაა საინტერესო, რომ ყველაზე ტიტულოვან უზბეკურ კლუბს შოთა არველაძე წვრთნის, სპორტული დირექტორი, მისი ძმა აჩიკოა, სამწვრთნელო შტაბში კი გოჩა ტყებუჩავა ჰყავს. ვერ გეტყვით, რა იყო მარცხის მიზეზი, მაგრამ ალბათ, ფეხბურთელების ზედმეტ თავდაჯერებულობას მოჰყვა ყველაფერი ეს. აქამდე „ფახთაქორს“, აღნიშნულ გუნდთან მარცხი კი არა, ფრეც არ ჰქონდა ნათამაშები ანუ ყველა შეხვედრა მოუგო და ზედმეტი თავდაჯერებულობისთვის დაისაჯა კიდეც. 

* * * 

რადგან განახლებულ ჩემპიონატებზე ვსაუბრობთ, ბარემ, ისიც ვთქვათ, რომ ამ უქმეებზე, ინგლისური პრემიერლიგაც განახლდება და იტალიის ჩემპიონატიც, რაც იმას ნიშნავს, რომ დიდი ხუთეულის პირველობებიდან, ოთხი სრული სვლით გაგრძელდება, აი, მეხუთე, საფრანგეთის დივიზიონი კი... ისე დასრულდა, როგორი მდგომარეობაც პანდემიისა და მატჩების შეწყვეტის დროს იყო და ჩემპიონად პირველადგილოსანი „პსჟ“ გამოცხადდა. 

* * * 

გერმანიის ოთხგზის ჩემპიონი, „კაიზერსლაუტერნი“ გაკოტრების პირასაა. კლუბს 24-მილიონიანი დავალიანება აქვს და მიმდინარე კრიზისის გათვალისწინებით, ამ თანხის გადახდა არ შეუძლია. ჰოდა, თუ კლუბი ფულს ვერ იშოვის, მომავალ სეზონში, ლიცენზიის დასაბრუნებლად, დამატებით 15 მილიონი ევროს მოძიება მოუწევს, რაც ასევე, გამორიცხულია. არადა, ამ გუნდმა 90-იანი წლების მიწურულს პატარა სასწაული მოახდინა, გუნდი 1996 წელს, ბუნდესლიგიდან გავარდა და მწვრთნელად ლეგენდარული ოტო რეჰაგელი დანიშნა. „მეფე ოტომ“ „კაიზერი“, უძლიერესთა შორის, ერთ სეზონში დააბრუნა და მომდევნო წელს, ბუნდესლიგა მოაგებინა. 

ისე, რეჰაგელს სასწაული მხოლოდ „კაიზერთან“ ერთად არ მოუხდენია _ მან საბერძნეთის ნაკრებს ევროპის ჩემპიონატი მოაგებინა, რაც წარმოუდგენელი და დაუჯერებელი იყო. 

* * * 

38 წლის ზლატან იბრაგიმოვიჩი „მილანის“ დატოვებას აპირებს. მისი აზრით, იტალიურ გრანდს სამომავლო გეგმა არ გააჩნია და შესაბამისად, ის გუნდში საკუთარ თავს ვეღარ ხედავს. ჰოდა, მაშინ, როცა ასაკის მიუხედავად, ზლატანის დამატების სურვილი არაერთ გრანდს აქვს, ის შვედურ „ჰამარბიში“ აპირებს კარიერის ბოლო წლის გატარებას. 

„რატომ ჰამარბი? _ იმიტომ, რომ მინდა, გუნდს ახალი ისტორია შევუქმნა, რათა ევროთასებზე ვითამაშოთ და ახალი ვარსკვლავები აღმოვაჩინოთ“, _ განაცხადა იბრაგიმოვიჩმა, მაგრამ რეალური მიზეზი ის გახლავთ, რომ მან ეს კლუბი ცოტა ხნის წინ იყიდა, რამდენიმე მილიონიანი ინვესტიცია განახორციელა და ახლა სურს, კლუბი მომგებიან ბიზნესად აქციოს. 

* * * 

აშშ-ში აგორებულმა საპროტესტო ტალღამ ახალი განვითარება ჰპოვა. ცნობილ მსახიობებს, ცნობილი სპორტსმენები შეუერთდნენ და მათ პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გადადგომა მოითხოვეს. ყველაზე მეტად NBA-ს საუკეთესო კალათბურთელი, ლებრონ ჯეიმსი აქტიურობს და აცხადებს, რომ არაერთ ათეულ მილიონ დოლარს შეელევა იმის სანაცვლოდ, რათა პროტესტი არ ჩაქრეს და ტრამპის გადადგომით დასრულდეს. იგივეს იმეორებს საკალათბურთო ასოციაციის ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ვარსკვლავი, სტეფ კარიც და თუ ასე გაგრძელდა, მალე ალბათ, მთელი საკალათბურთო სამყარო ამხედრდება. 

ისე, მანამდე, ამერიკული ფეხბურთის მოთამაშეების პროტესტის გამო, ტრამპმა განაცხადა, სპორტის ამ სახეობას აღარასოდეს ვუყურებო. 

* * * 

და ერთიც: მსოფლიოს სამგზის, ევროპის ორგზის ჩემპიონმა და ოლიმპიური ბრინჯაოს მედლის მფლობელმა, გენო პეტრიაშვილმა ჯვარი დაიწერა. 26 წლის ქართველი გოლიათის (198 სმ, 125 კგ) რჩეული, ნინი მშვიდობაძე გახლავთ. გენოს გაბედნიერებას ვულოცავთ და წარმატებებს ვუსურვებთ. ბოლო სამი წელია, მსოფლიოს უძლიერეს მოჭიდავეთა შორის, პეტრიაშვილი უპირველესია და იმედი გვაქვს, ოჯახის შექმნა მას ახალ სტიმულს მისცემს.

ბათო ჯაფარიძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში