Menu
RSS

მესის ულტიმატუმი

25 წლის ავტომრბოლელი ქალი სპორტს თავს ანებებს და პორნოინდუსტრიაში მიდის!

ნელ-ნელა, ევროპული ქვეყნები საფეხბურთო ჩემპიონატებს ანახლებენ. მართალია, ტოპ-ხუთეულიდან, ჯერჯერობით, მხოლოდ გერმანული ბუნდესლიგა ამოიქოქა, მაგრამ ამ უქმეებზე, სტარტს ესპანეთის პრიმერადივიზიონიც აიღებს და საქმეში „ბარსელონასა“ და „რეალს“ ვიხილავთ. ერთი ეგაა, „ბარსელონას“ კაპიტანი, ლიონელ მესი პირველ ტურში, დიდი ალბათობით, არ ითამაშებს, რადგან ტრავმა აწუხებს და მწვრთნელი გარისკვას ვერ ბედავს. კარგა ხნის უთამაშებელმა არგენტინელმა ტრავმა რომ გაიმიზეზოს, შესაძლოა, სეზონი ნაადრევად დაასრულოს, რაც ჩემპიონობისთვის მებრძოლი კატალონიური კლუბისთვის უდიდესი დარტყმა იქნება.

რადგან მესიზე ვსაუბრობთ, იმასაც გეტყვით, რომ „ბარსელონას“ შეფებს სურვილი აქვთ, არგენტინელთან სამუდამო ხელშეკრულება გააფორმონ ანუ სანამ ლეო ფეხბურთს ითამაშებს, მხოლოდ „ბარსელონას“ მაისური ეცმევა. ეს პირობა მესისთვის მისაღებია, მაგრამ ხელშეკრულებაში ერთი საინტერესო პუნქტის ჩაწერა სურს ანუ ლეოს უნდა, რომ კონტრაქტში შევიდეს პუნქტი, რომელიც მას მიანიჭებს უფლებას, სურვილისამებრ, ნებისმიერი სეზონის დასრულების შემდეგ, უმტკივნეულოდ, ერთპიროვნულად გაწყვიტოს ხელშეკრულება. 

სპეციალისტთა აზრით, არგენტინელს ეს იმისთვის სჭირდება, რომ კარიერის, მინიმუმ, ბოლო წელი ყატარში, ან ჩინეთში ითამაშოს, სადაც მას ჯამაგირად ახლავე პირდებიან წლიურ 100 მილიონს და კარიერის მიწურულს, 100 მილიონის გაკეთება ხუმრობა საქმე არ არის. 

 

* * * 

გასულ „უიქენდზე“, ჩვენთვის საინტერესო პოლონეთის ჩემპიონატი იყო, სადაც პირველადგილოსანმა „ლეგიამ“ სტუმრად, ქვეყნის 14-გზის ჩემპიონთან, „ვისლასთან“ პრინციპული შეხვედრა მოიგო და რაც მთავარია, გოლი საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა, ვაკო გვილიამ გაიტანა. ეს ვაკოსთვის მეექვსე გოლია მიმდინარე სეზონში, მისი გუნდი კი ჩემპიონობის უპირველესი ფავორიტია. 

* * * 

ისიც აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ წელს, ჩემპიონთა ლიგის ფინალი, დიდი ალბათობით, თურქეთში აღარ გაიმართება. საქმე ისაა, რომ უეფა ყურადღებით აკვირდება პანდემიის გავრცელების არეალს და მიაჩნია, რომ ამ მხრივ, თურქეთი ერთ-ერთი ყველაზე საშიში ქვეყანაა. როგორც ევროპული ფეხბურთის მმართველ ორგანოში აცხადებენ, სათადარიგო ვარიანტი უკვე შერჩეულია და წლის მთავარ საკლუბო შეხვედრას პორტუგალიის დედაქალაქი ლისაბონი უმსაპინძლებს. პორტუგალიელებმა მზადყოფნა უკვე გამოთქვეს და... მზადყოფნა გამოთქვა რუსეთმაც, მაგრამ უეფას ეს წინადადება არც კი განუხილავს, რადგან რუსეთში თურქეთზე უარესი მდგომარეობაა. 

ამას გარდა, უეფას გადაწყვეტილებით, მერვედფინალური ეტაპის მატჩები ჩვეულებრივად _ „შინ და სტუმრად“ პრინციპით ჩატარდება, აი, მეოთხედფინალისა და ნახევარფინალის დაპირისპირება კი ერთმატჩიანი იქნება. ეს ფორმატი მხოლოდ წელს იქნება და მიზეზი ყველასთვის გასაგებია.  

* * * 

აშშ-ში მიმდინარე მოვლენებს არაერთი სპორტსმენი გამოხმაურა. განსაკუთრებით ფერადკანიანი სპორტსმენები აქტიურობენ და სპეციალისტები მოუთმენლად ელოდნენ, რას იტყოდა ყველაფერ ამაზე, ლეგენდარული მაიკლ ჯორდანი. ფაქტია, რომ მაიკლი არამარტო ფერადკანიანების, არამედ, თეთრკანიანთა კერპიცაა და კალათბურთის სამყაროში, ყველა დროის საუკეთესოდ ითვლება. ჯორდანმა ძალიან, ძალიან საინტერესო შეფასება გააკეთა: 

„თუ ჩვენ საკუთარ დემონებს არ მოვერიეთ, ვერაფერს შევცვლით. თითოეულმა ჩენგანმა საკუთარ თავში უნდა დავამარცხოთ რასიზმი და შემდეგ ყველაფერი თავისთავად დალაგდება. უახლოესი ათი წლის განმავლობაში, მე ყოველწლიურად, 10 მილიონ დოლარს გამოვყოფ და ჩავურიცხავ იმ ორგანიზაციებს, რომლებიც რასობრივი თანასწორობისა და სოციალური სამართლიანობისთვის იბრძვიან. საერთო ჯამში, მე 100 მილიონს გადავიხდი, მაგრამ ფული ყველაფერს რომ არ წყვეტს, კარგად მოგეხსენებათ“, _ განაცხადა ჯორდანმა. 

* * * 

შეიძლება ითქვას, რომ მიმდინარე თვის მთავარი სპორტული მოვლენა უკვე მოხდა. დიდი სპორტიდან კონორ მაკგრეგორი წავიდა. ყველაზე პოპულარული და ყველაზე ექსტრავაგანტური მოჩხუბარი, წლების განმავლობაში, დაუმარცხებელი იყო, თუმცა შემდეგ, ჩეჩენ ნურმაგომედოვთან დათმო ქამარი. მართალია, კონორი მომავალ ბრძოლას სექტემბრისთვის გეგმავდა, მაგრამ აღნიშნული შეხვედრა, დიდი ალბათობით, მაყურებლების გარეშე ჩატარდებოდა, რაც თავად მოჩხუბარს არ აწყობდა, რადგან ეს მინუს 20 მილიონს ნიშნავდა და ამიტომ წასვლა ამჯობინა. 

„მოტივაცია აღარ მაქვს, ირგვლივ აღარაფერი ხდება“, _ დაწერა მაკგრეგორმა თავის გვერდზე და გულშემატკივარს დაემშვიდობა. კონორი, რომელსაც მუშტის ქნევით, კარიერის განმავლობაში, ნახევარ მილიარდ დოლარზე მეტი აქვს ნაშოვნი, დიდ სპორტში მოსვლამდე, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, გადარჩენისთვის იბრძოდა და ხშირად, პურის ფულის პრობლემაც ედგა. 

* * * 

ბრიტანულმა გამოცემა „მირორმა“, ინგლისის პრემიერლიგაში მოთამაშე ყველა დროის საუკეთესო ათეული დაასახელა. გამოცემის აზრით, საუკეთესო, ვისაც კი პრემიერლიგაში ბურთი უგორებია, რაიან გიგზია, მეორე ადგილზე ტიერი ანრი დასახელდა, მესამეზე _ კრიშტიანუ რონალდუ. საგულისხმოა, რომ ათეულში, „მანჩესტერ იუნაიტედის“ ერთბაშად ექვსი ფეხბურთელი მოხვდა. 

* * * 

გასულ კვირას, იტალიურმა სააგენტოებმა დაწერეს, რომ მალე, „მილანის“ ლეგენდა, ანდრეი შევჩენკო გუნდის მთავარ მწვრთლენად დაინიშნებოდა. არადა, „შევა“ უკრაინის ეროვნული ნაკრების თავკაცია და კონტრაქტი მიმდინარე წლის ბოლომდე აქვს გაფორმებული. იტალიურ მედიაში ინფორმაცია იმდენად ინტენსიურად იბეჭდებოდა, რომ უკრაინის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებმა, ყოველი შემთხვევისთვის თავი დაიზღვიეს და ანდრეისთან ხელშეკრულება 2022 წლის ბოლომდე გაახანგრძლივეს. ახლა, თუ „მილანს“ მისი გადაბირება მოუნდება, ფედერაციას 20 მილიონი ევრო უნდა გადაუხადოს, რაც ძალიან სოლიდური კომპენსაციაა. 

* * * 

რენე გრეისი ის ავსტრალიელი ქალია, ვინც სუსტი სქესის წარმომადგენელთა შორის, პირველი მიუჯდა საჭეს იმისთვის, რომ „სუპერქარის“ ტურნირში მიეღო მონაწილეობა. 25 წლის გრეისს, სარეკლამო კომპანიებმა ნამდვილი შტურმი მოუწყვეს და მისი ფინანსური მდგომარეობაც საკმაოდ გაუმჯობესდა, თუმცა... 

„ეს თანხები არ მაკმაყოფილებს. მე საინტერესო და ბევრად მიმზიდველი წინადადება მივიღე პორნობიზნესიდან და რბოლას თავს ვანებებ. ამიერიდან, სპორტსმენი კი არა, პორნოვარსკვლავი ვიქნები. რაც მთავარია, ჩემი გადაწყვეტილება ოჯახს გავაცანი და ისინი მხარს მიჭერენ. მამამ მითხრა, რომ ჩემი გამბედაობით ამაყობს და ამით ძალიან ბედნიერი ვარ“, _ განაცხადა გრეისმა. 

* * * 

უცნაური ამბავი შეემთხვა ნეიმარს: ბრაზილიელ ვარსკვლავს პასპორტი მოპარეს და ვერ გეტყვით, ქურდებმა არ იცოდნენ, ვისთან ჰქონდათ საქმე, თუ უბრალოდ, შემთხვევით ჩაუვარდათ საბუთი ხელში, მაგრამ ფაქტია _ ნეიმარის პასპორტით, ისინი იმ ვებ-გვერდზე დარეგისტრირდნენ, სადაც კორონავირუსის გამო, უმუშევრად დარჩენილი ადამიანები რეგისტრირდებიან და მათ სახელმწიფო დახმარებას აძლევს. ნეიმარის წლიური შემოსავალი 100 მილიონს აჭარბებს, შესაბამისად, ამ მონაცემების შემდეგ, საქმეში შესაბამისი სამსახურები ჩაერთნენ, გაარკვიეს, რომელი კომპიუტერიდან განხორციელდა რეგისტრაცია და ქურდები დააკავეს. 

 

* * * 

დასასრულს, თბილისის მერი, კახა კალაძე იმ ლეგენდებს შორის მოხვდა, რომლებმაც საკლუბო დონეზე ყველაფერი მოიგეს, ეროვნულ ნაკრებთან ერთად კი მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ ითამაშეს. შემადგენლობა, მართლაც, შთამბეჭდავია და სასიამოვნოა, რომ ასეთი ფეხბურთელების გვერდით კალაძეცაა. 

აი, „დაჩაგრულთა“ სია კი ასეთია: მეკარეები _ ნევილ საუთჰოლი (უელსი), ალენ გუამენე (კოტ დ’ივუარი), იასი იასკილაინენი (ფინეთი); 

მცველები: კახა კალაძე (საქართველო), ავი კოენი (ისრაელი), როჯერ მენდი (სენეგალი), სამი ჰიიპია (ფინეთი), ჰასან სალიჰამიდიჩი (ბოსნია), იონ აარნე რიისე (ფინეთი); 

ნახევარმცველები: ჯორჯ ბესტი (ჩრდ. ირლანდია), აბედი პელე (განა), იარი ლიტმანენი (ფინეთი), რაიან გიგზი (უელსი), პატრიკ ბერგერი (ჩეხეთი), ვლადიმირ შმიცერი (ჩეხეთი), ხუან არანგო (ვენესუელა), სეიდუ კეიტა (მალი), ალეკსანდრ გელბი (ბელარუსი) 

თავდამსხმელები: ალფრედო დი სტეფანო (არგენტინა, კოლუმბია, ესპანეთი), იან რაში (უელსი), ჟორჟ ვეა (ლიბერია), ეიდიორ გუდიონსენი (ისლანდია), დიმიტარ ბერბატოვი (ბულგარეთი).

ბათო ჯაფარიძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში