Menu
RSS

სპორტის ვარსკვლავები რასიზმის წინააღმდეგ და ფოტო, რომელმაც სოცქსელი „ააფეთქა“

რა სარგებელს მოუტანს ქართულ ფეხბურთს ნოდარ ახალკაცი _ უმცროსის დანიშვნა FIFA-ს წევრი ევროპის ასოციაციების ხელმძღვანელად

ესპანეთის საკალათბურთო ლიგა 17 ივნისს განახლდება და გუნდები აქტიურად ემზადებიან. გამალებულ მზადებაშია „ბასკონია“ და მისი კაპიტანი, თორნიკე შენგელიაც. საუბარი იმის შესახებ, რომ სეზონის ბოლოს, შენგელია გუნდს დატოვებს და მადრიდის „რეალის“ მაისურს მოირგებს, კვლავ აქტიურად მიმდინარეობს. ყველაფერთან ერთად, ჩვენებური ევროპულმა გამოცემებმაც დააფასეს და ევრობასკეტმა შენგელია ევროლიგის საუკეთესო ხუთეულში შეიყვანა. საინტერესოა, რომ ძირითად ხუთეულში სამი ამერიკელი, ერთი ესპანელი და ერთი ქართველი _ შენგელია მოხვდნენ, რაც უადავოდ, დიდი აღიარებაა.

ესპანეთში მოთამაშე კიდევ ერთმა ქართველმა, გიორგი შერმადინმა კლუბთან მოქმედი კონტრაქტი 2023 წლამდე გაახანგრძლივა. გიო „იბეროსტარ ტენერიფეს“ ლიდერად ჩამოყალიბდა და არავის გაკვირვებია, რომ მას კლუბმა ახალი ხელშეკრულება შესთავაზა. როგორც გაირკვა, ჩვენებურიც სიხარულით დასთანხმდა წინადადებას და აღნიშნა, როგორც გუნდში, ისე ქალაქში ყოფნით, მე და ჩემი ოჯახი ბედნიერები ვართო. 

 

* * * 

საქართველოს ფეხბურთს ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი, ნოდარ ახალკაცი-უმცროსი, მსოფლიო ფეხბურთის მმართველ ორგანოში 2017 წლიდან მუშაობს. ამჯერად, FIFA-ში ახალკაცი დააწინაურეს და მეტად საპასუხისმგებლო პოსტი ჩააბარეს. ამიერიდან, ის FIFA-ს წევრი ევროპის ასოციაციების ხელმძღვანელის პოზიციაზე იმუშავებს. რაღა თქმა უნდა, ეს ქართული ფეხბურთისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ელემენტარულად, დახმარებების საკითხი და ფეხბურთის განვითარებისთვის თანხების გმოყოფა, სწორედ ხელმძღვანელობის დონეზე წყდება და იქ უკვე „ჩვენი კაცი“ გვყავს. 

* * * 

პანდემიის დროს, გუნდები არ ვარჯიშობდნენ, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ კლუბები ტრანსფერებით არ იყვნენ დაკავებულნი. სამწუხაროდ, ბექა მიქელთაძემ და ნიკოლაი ყიფიანმა ყაზანის „რუბინის“ რიგები დატოვეს და კარიერას „როტორში“ გააგრძელებენ. არადა, „რუბინი“, როგორც ფინანსებით, ისე ამბიციებით, „როტორს“ ბევრად აღემატება, თუმცა ყაზანურ გუნდში ჩვენებურებს სათამაშო დრო არ ეძლეოდათ და „როტორში“ საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენის შანსი აშკარად ექნებათ. 

* * * 

არანაკლებ ცუდ დღეშია თბილისის „დინამოსა“ და საქართველოს ნაკრების ყოფილი ფორვარდი, ლევან კუტალია. ის იანვარში ყაზახეთის ხუთგზის ჩემპიონ „ირტიშში“ გადავიდა, მაგრამ კლუბი ოფიციალურად დაიშალა და იანვრის შემდეგ, კუტალიას ხელფასი არ მიუღია. ფეხბურთელი ფიფაში ჩივილს აპირებს, თუმცა პრობლემა მხოლოდ ეს არ არის _ კლუბის მფლობელებმა გააუქმეს ლიცენზია, გაყიდეს უძრავ-მოძრავი ქონება და ქვეყნის ხუთგზის ჩემპიონი გუნდი თითქოს არც არსებობდა. ხელფასების პრობლემა ყაზახეთში მოთამაშე სხვა ფეხბურთელებსაც აქვთ, მათ შორის, ნაკრების კაპიტან ჯაბა კანკავასაც. პანდემიის პირობებში, ყველა ყაზახურმა კლუბმა ფეხბურთელების ხელფასების გადახდაზე უარი თქვა, აქაოდა, ფორსმაჟორული სიტუაციაა და ხელშეკრულების მიხედვით, მოთამაშეებს არაფერი ეკუთვნითო. 

* * * 

უკრაინულმა საინფორმაციო საშუალებებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ლვოვის „კარპატის“ ერთ-ერთ ფეხბურთელს კორონავირუსი დაუდგინდა და ის ერთი, გუნდის ქართველი ლეგიონერი, ანდრო გიორგაძე იყო. გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, განცხადება თავად გიორგაძემ გააკეთა და აღნიშნა, რომ მას ვირუსი არ აქვს და ინფორმაცია ტყუილია. უფრო მეტიც, ამის დასადასტურებლად, ანდრომ სოციალურ ქსელში ჯნმრთელობის დამადასტურებელი ცნობაც გამოფინა და ყველა კითხვას წერტილი დაუსვა. 

* * * 

ევროპაში პირველი მეგა-ტრანსფერი განხორციელდა: მილანის „ინტერიდან“ ფრანგულ პსჟ-ში იჯარით გადასული მაურო იკარდი, პარიზულმა კლუბმა საბოლოოდ გამოისყიდა და მის სანაცვლოდ, „ნერაძურის“ 60 მილიონი ევროც ჩაუთვალა. ამ ტრანსფერმა კიდევ უფრო გაამყარა ეჭვი, რომ შესაძლოა, ზაგხულში, ფრანგული გუნდი ნეიმარმა დატოვოს. ბრაზილიელის გადაბირებით მადრიდის „რეალია“ დაინტერესებული და 180 მილიონი ევროც აქვს გამზადებული, თუმცა პსჟ-ს მთავარ ვარსკვლავში 200 მილიონი სურს. 

* * * 

დიდი მუზარადის 20-გზის გამარჯვებული, ჩოგბურთის ცოცხალი ლეგენდა როჯერ ფედერერი, „ფორბსის“ რეიტინგში მუდმივად ხვდებოდა, თუმცა ახლა ის სპორტსმენთა შორის პირველ ადგილზე, პირველად დასახელდა. ბოლო 12 თვის განმვლობაში, როჯერმა 106.3 მილიონი დოლარი გამოიმუშავა, საიდანაც 100 მილიონი სარეკლამო კონტრაქტებზე მოდის, დანარჩენი კი ჩოგნის ქნევით მიღებული შემოსავალია. მან კრიშტიანუ რონალდუს (105 მილიონი), ლიონელ მესის (104 მილიონი) და ნეიმარს (95.5 მილიონი) გაუსწრო. 

საგულისხმოა, რომ სარეკლამო 100 მილიონიდან, 30 მილიონი _ კომპანია Uნიქლო-ზე მოდის, რომელთანაც როჯერმა 2018 წელს, 10-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და წლიურად, სწორედ ამდენ მილიონს იღებს. 

* * * 

25 მაისს, მინეაპოლისში, პოლიციელების მიერ დაკავებული 46 წლის აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის დაღუპვამ, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და მსოფლიოში სერიოზული რეზონანსი, სხვასთან ერთად, სპორტის სხვადასხვა სახეობის წარმომადგენლებშიც გამოიწვია. NBA-ს ვარსკვლავები საპროტესტო აქციაზეც კი გავიდნენ და განაცხადეს, რომ ქუჩაში იდგებიან მანამ, სანამ თანასწორობა საბოლოოდ არ აღდგება. კალათბურთელებს შორის, ლებრონ ჯეიმსი და სტივ კარიც არიან ანუ საკალათბურთო ასოციაციის ორი ყველაზე კაშკაშა და მაღალანაზღაურებადი კალათბურთელები. 

უფრო მეტიც, ჯეიმსმა ისიც გაიხსენა, 2016 წელს, ამერიკული ფეხბურთის მოთამაშე კოლინ კაპერნიკი, ერთ-ერთი მატჩის წინ შესრულებული აშშ-ის ჰიმნის დროს, ქვეყანაში არსებული რასობრივი უთანასწორობისადმი პროტესტის ნიშნად, ფეხზე არ წამოდგა. აღნიშნული ფაქტის ამსახველი ფოტო 25 მაისის ფოტოსთან ერთად, ჯეიმსმა საკუთარ გვერდზე დადო და... ერთ საათში ფოტოს 10 მილიონზე მეტი ნახვა ჰქონდა. 

* * * 

სლავკო ვინჩიჩი სლოვენიელი არბიტრია და საკმაოდ წარმატებულიც. ის ჩემპიონთა თუ ევროპალიგის მატჩებს რეგულარულად სჯის, თუმცა გასულ უქმეებზე, სერიოზულ უსიამოვნებაში გაეხვა _ პოლიციამ სპეცოპერაცია ჩაატარა და ერთ-ერთ ბინაში დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები აიყვანა. ბინის ჩხრეკისას, სამართალდამცავებმა 10 ცალი ცეცხლსასროლი იარაღი, 14 შეკვრა კოკაინი და 3 ჯავშანჟილეტი ამოიღეს. დაკავებულთა შორის აღმოჩნდა ვინჩიჩიც, რომელიც ამბობს, მე არაფერ შუაში ვარ, სტუმრად დამპატიჟეს და მერე პოლიცია მოვიდაო. როგორც სლოვენიური მედია წერს, მსაჯი ამ საქმიდან იოლად ვერ გამოძვრება და საკუთარი უდანაშაულობის დამტკიცება გაუჭირდება. არადა, მისი საშუალო შემოსავალი, თვეში 12 ათას ევროს აღემატებოდა და, წესით, ეს ცოტა თანხა არ არის. 

 

* * * 

პროფესიული კომპანიების გლობალური აუდიტის სამსახურმა, მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული საფეხბურთო კლუბების სია გამოაქვეყნა. როგორც მოსალოდნელი იყო, პირველ ადგილზე, კვლავ მდრიდის „რეალია“, რომელიც 3.478 მილიარდ დოლარადაა შეფასებული. მეორე ადგილზე „მანჩესტერ იუნაიტედი“ მოდის, მესამეზე კი „ბარსელონაა“. ორივე კლუბის ღირებულება სამ მილიარდს აჭარბებს. 

* * * 

20 ივნისს, იტალის საფეხურთო ჩემპიონატი განახლდება და უკვე გადაწყვეტილია, რომ მატჩები ყოველდღე გაიმართება. ეს იმიტომ, რომ მიმდინარე ჩემპიონატი, როგორმე, 2 აგვისტომდე დასრულდეს, რადგან შემდეგ უკვე ევროთასების შესარჩევი მატჩები იწყება და შესაბამისად, გუნდებმა მისთვის მზადება უნდა დაიწყონ. იგივეს აპირებენ ინგლისშიც, თუმცა ინგლისში ყოველდღიურად მატჩებს არ გამართავენ, რადგან ეს ტელევიზიებს არ აწყობთ. უმაყურებლოდ ჩატარებული შეხვედრების ერთადერთი ნათელი წერტილი, სწორედ ტელევიზიებიდან შემოსული ფულია და საფეხბურთო ასოციაცია ტელევიზიების სურვილს აუცილებლად გაითვალისწინებს.

ბათო ჯაფარიძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში