Menu
RSS

ამოცანა, რომელსაც ამოხსნა არ აქვს _ რატომ აჭიანურებს ხელისუფლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავებას

დავით მესხიშვილი: „ეს საბჭოთა მიდგომაა!“

 

მართალია, 22 მაისიდან საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი გაუქმდა, მაგრამ მუნიციპალური ტრანსპორტი _ ავტობუსები და მეტრო ისევ გაჩერებულია. ფაქტია, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო დაპაუზებული ცხოვრება ნელ-ნელა, თანდათანობით სტარტს იღებს, თუმცა ვიდრე ჩვეულ რიტმს დაუბრუნდება, ჯერ კიდევ დიდი გზის გავლა მოგვიწევს. ისიც აშკარაა, რომ მოსახლეობის არცთუ სახარბიელო სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდება, პანდემიის შემდეგ კი, საკმაოდ მძიმე ეკონომიკური კრიზისი, თანაც მსოფლიოს მასშტაბით, გარდაუვალია. სლოგანმა _ ,,დარჩი სახლში’‘ თავისი ფუნქცია ამოწურა, ამიტომ ამ ეტაპზე აქტუალურია სლოგანი _ ,,ვისწავლოთ თანაცხოვრება კორონავირუსთან ერთად’‘. 

მართალია, კაფე-ბარები და რესტორნები არ გახსნილა, მაგრამ ვინაიდან პანდემიის რისკმა მეტ-ნაკლებად ჩაიარა, გაუგებარია, რატომ არ აღდგა მუნიციპალური ტრანსპორტი, მით უმეტეს, ახლა, როცა მსოფლიო ჯანდაცვის რეკომენდაციების გათვალისწინებით, სწორედ ავტობუსებითა და მეტროთი უსაფრთხო მგზავრობის მცირე გამოცდილება კორონავირუსის პირობებშივე გამოგვიმუშავდა _ ვიდრე ქვეყანაში საგანგებო რეჟიმი და კომენდანტის საათი გამოცხადდებოდა, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საჰაერო და საქალაქთაშორისო მიმოსვლა შეწყდა, მიკროავტობუსებით მგზავრობა აიკრძალა, მოქალაქეები კი მხოლოდ მუნიციპალური ტრანსპორტით გადაადგილდებოდნენ. ამ თემაზე ,,ვერსიას’‘ საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის ხელმძღვანელი დავით მესხიშვილი ესაუბრება.

_ ბატონო დათო, რა ზიანი მიადგა მუნიციპალურ ტრანსპორტს _ მეტროს, ავტობუსებს კორონავირუსისგან გამოწვეული პანდემიის დროს? 

_ საზოგადოებრივი ტრანსპორტი კი არ არის გაჩერებული, არამედ, ტრანსპორტის არარსებობამ ქვეყანა გააჩერა! ამიტომ, ზიანი გაცილებით მეტია, ვიდრე ავტობუსიდან, ან მეტროდან ბიუჯეტში შესული თანხა. ზიანია გაჩერებული ეკონომიკა, რადგან თუ საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ მუშაობს, მცირე და საშუალო ბიზნესის სხვადასხვა ობიექტი ვერ იმუშავებს. ზიანი, დაახლოებით, რამდენიმე ათეული მილიონი ლარია, შესაძლოა, უფრო მეტიც. თუ საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ მუშაობს, მაგალითად, მარკეტის პერსონალი, პატარა მაღაზიის გამყიდველი, თუ თონეში დასაქმებული მცხობელი, რომლის ხელფასი 500-600 ლარია, სამუშაო ადგილზე ტაქსით ვერ წავა, შესაბამისად, ასეთი ობიექტები ვერ გაიხსნება. 

სხვათა შორის, ამ ვირუსის პირობებში, საზოგადოებრივი ტრანსპორტი მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში არ გაჩერებულა. ეს იმიტომ, რომ მსოფლიოს მასშტაბით, ყველა მნიშვნელოვანი ქალაქებისთვის ეს სოციალურ პროექტად ითვლება. უფრო ზუსტად, უამრავი ადამიანია, ვისაც არც ავტომობილი აქვს და არც _ ტაქსის ფული. გარდა ამისა, ისეთი ადამიანებიც კი, რომლებსაც ფინანსურად არ უჭირთ, ხშირად საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობენ. 

საქართველოში ასეულობით ათასი ადამიანია, რომელიც სოციალურად დაუცველია და სიღარიბის ზღვარს მიღმა იმყოფება. მათი გადაადგილების ერთადერთი საშუალება კი საზოგადოებრივი ტრანსპორტია, რათა საავადმყოფოში, აფთიაქში, ან მარკეტში წავიდნენ. იმის გამო, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ მუშაობს, ამ ხალხს რამდენიმე კილომეტრის ფეხით გავლა და ტვირთის ზიდვა უწევთ. ესაა არაადამიანური და არაჰუმანური აქტი! ესაა მიზეზი, რის გამოც მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა არ აუკრძალავთ. 

დაუშვებელია ის, რასაც დღეს, ჩვენს ქალაქში ვხედავთ: ადამიანები, რომლებიც ფინანსურად მეტ-ნაკლებად შეძლებულები არიან, საწვავის ფულიც აქვთ და ავტომობილიც, რეალურად მხოლოდ ისინი გადაადგილდებიან, შეჭირვებულ მოსახლეობას კი გადაადგილება აკრძალული აქვს. უხერხული და დისკრიმინაციულია, როდესაც თანამდებობის პირები, მათ შორის, ჯანდაცვის სფეროდან ამბობენ, ჩვენ რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა დავუშვათ, მობილობა გაიზრდებაო, მაგრამ თვითონ რომ ავტომობილებით გადადგილდებიან, ეს მობილობა არ არის და არ იზრდება?! 

ხშირად ვაწყდები სოციალურ ქსელში კამათს თემაზე _ არ იცით, ქართველების ამბავი, საზოგადოებრივი ტრანსპორტი რომ ამუშავდეს, გაჭედავენ ავტობუსებსა და მეტროს ვაგონებსო. არადა, ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყანაში მიმდინარე პროცესს ვაკვირდები, ისეთ ქვეყნებს ვგულისხმობ, რომლებიც წესრიგის დაცვის ნაწილში, სანიმუშოებად ითვლებიან და თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ქართველები ერთ-ერთი ყველაზე კანონმორჩილი ხალხია! ქართველ ხალხს, პრაქტიკულად, ყველამ უნდა გადაუხადოს მადლობა, რადგან კომენდანტის საათიც კი, რაც რაციონალურადაც არ აუხსნიათ, რატომ შემოიღეს, ან რატომ უნდა შევსულიყავით სახლში, მაინც და მაინც 9:00 საათზე, უპრობლემოდ დაიცვა. 

ორმა-სამმა ადამიანმა თუ წესები დაარღვია, ბოდიშს გიხდით, მაგრამ ორი-სამი კაცი წესებს ყველგან არღვევს. ყველა წესი, რომელიც გამოქვეყნდა, ხალხმა დაიცვა, რეკომენდაციებიც შეასრულა, მაგრამ ისევ თანამდებობის პირებმა დაარღვიეს ,,ნარუშილოვკებით’‘. ვინ დადიოდა ქალაქში, ან რა უფლებით, ვინ ვის ურიგებდა საშვებს, ამ მხრივ, სრული განუკითხაობა იყო, თუმცა მასშტაბურად თუ შევხედავთ, კანონმორჩილი ადამიანი გაცილებით მეტია ამ ქვეყანაში და წესებიც პატიოსნად დაიცვეს. ამიტომ ნებისმიერი მესიჯი, რაც სამთავრობო სტრუქტურებიდან მოდის, ასე, მაგალითად, საზოგადოებრივ ტრანსპორტს არ დავუშვებთ, რადგან ხალხი ცუდად მოიქცევაო, პირდაპირ გეუბნებით, საბჭოთა მიდგომაა! საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენას მართვა სჭირდება, ახალი წესების დაცვას _ კონტროლი და კარგი მენეჯმენტი, ეს არ შეუძლიათ და ყველაფერს ხალხს აბრალებენ, ცუდად მოიქცევითო. 

_ თუ სლოგანი ,,დარჩი სახლში’‘ ,,ვისწავლოთ თანაცხოვრება კორონავირუსთან ერთად’‘ უნდა შეიცვალოს და კიდევ კარგად ხანს მოგვიწევს პირბადეებით გადაადგილება, რატომ არ შეიძლება მეტროსა და ავტობუსებშიც ამ რეკომენდაციების დაცვით ვიმოძრაოთ? 

_ ანუ, გაინტერესებთ, როგორ შეიძლება აღდგეს მუნიციპალური ტრანსპორტი, ხომ? პირველ რიგში, შესაძლოა, ამ ეტაპზე, საქალაქთაშორისო მიმოსვლა ავტობუსებით კი არა, მიკროავტობუსებით აღვადგინოთ. ზოგადად, საქალაქთაშორისო ხაზებზე, მგზავრების მიკროავტობუსებით გადაადგილებას არ მივესალმები, მაგრამ ახლა ასე მოვიქცეთ, რადგან ავტობუსები გამოვათავისუფლოთ და მუნიციპალიტეტებს დავუმატოთ. თუ დღეს დედაქალაქში 550 ავტობუსი გვყავს, თბილისის მერიას თავისუფლად შეუძლია, რომ კერძო კომპანიებს დაელაპარაკოს და 550 ავტობუსი, პირობითად, 1 500-მდე გაზარდოს. ეს იმიტომ გვჭირდება, რომ ავტობუსებში მგზავრთა სიმჭიდროვე არ იყოს და ხალხმა თავისუფლად მგზავრობა შეძლოს. 

საერთაშორისო რეკომენდაციის მიხედვით, საზოგადოებრივი ტრანსპორტი 50%-ით უნდა დაიტვირთოს, ამის მიღწევას მხოლოდ იმ შემთხვევაში შევძლებთ, თუ ავტობუსების რაოდენობას გავზრდით. ამ მიზნით, შეგვიძლია საქალაქთაშორისო და ტურისტულ ორგანიზაციებზე რეგისტრირებული ავტობუსები გამოვიყენოთ. ეს იდეა მათაც მოეწონებათ, რადგან ახლა გაჩერებულები არიან და შესაბამისად, არც შემოსავალი აქვთ. ცხადია, ამას გარკვეული თანხა დასჭირდება, რაც მუნიციპალიტეტებმა უნდა გამოყონ. მერწმუნეთ, მათ ეს თანხა ნამდვილად აქვთ, უბრალოდ, ატრაქციონებსა და არასაჭირო მიზნებში ხარჯავენ. არადა, ახლა მთავარია, მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა აღდგეს, გაჩერებული ობიექტები გაიხსნას და დასაქმებულები სამსახურებში მივიდნენ. 

სხვათა შორის, ავტობუსების რაოდენობაც საკმარისია, რადგან 23 000 ავტობუსია რეგისტრირებული, აქედან დედაქალაქმა 2 000-იც რომ დაიმატოს, პრობლემა გადაიჭრება. ავტობუსებისა და მიკროავტობუსების ოდენობა, ჯამში, 53 000-ია. ახლა გამოვთვალოთ, რა ზიანს იწვევს მუნიციპალური ტრანსპორტის გაჩერება: თითო ტრანსპორტზე, მინიმუმ, ერთი მძღოლი უნდა ვიგულისხმოთ, თუმცა ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ მძღოლები ცვლებში მუშაობენ. ამიტომ მხოლოდ მძღოლთა რაოდენობა კი არ უნდა დავთვალოთ, მათ ტრანსპორტის სფეროში დასაქმებული უამრავი ადამიანიც უნდა მივათვალოთ, მათ შორის, დამლაგებლები, ექიმები, ბუღალტრები. ამ აკრძალვის გამო, გარდა იმისა, რომ ეკონომიკური ობიექტები მასშტაბურად ვერ იხსნება, რაც უმუშევრობას იწვევს, მხოლოდ ტრანსპორტის სექტორში, 100 000-ზე მეტი უმუშევარი ადამიანი გვყავს, თავისი საბანკო სესხებითა და კრედიტებით. 

ასევე, მნიშვნელოვანია უკვე შემუშავებული რეკომენდაციების მკაცრად დაცვა. კერძოდ, ავტოსადგურებსა და მეტროსადგურებშიც ისეთივე მონიშვნები უნდა გაკეთდეს, როგორც მაღაზიებში, მარკეტებსა და აფთიაქებშია; სატრანსპორტო საშუალებებში კონდიცირების სისტემის ჩართვა არ შეიძლება, ამიტომ მგზავრობის დროს, ფანჯრები აუცილებლად ღია უნდა იყოს; მძღოლი სპეციალური მოწყობილობით უნდა იყოს იზოლირებული ანუ მძღოლის კაბინა უნდა გაკეთდეს და არა მარტო ავტობუსებში, ტაქსებსა და მიკროავტობუსებშიც; მგზავრები აუცილებლად პირბადეებით უნდა იყვნენ აღჭურვილნი; ხელების დამუშავების საშუალება უნდა იყოს სპირტის შემცველი სითხით. 

რაც მთავარია, მსოფლიოში გაჩნდა ახალი პროფესია _ მგზავრის დამხმარე პერსონალი. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ავტოსადგურებსა და მეტროსადგურებში, ავტობუსებსა და მეტროს ვაგონებში მოძრაობენ, რათა მონიტორინგი განახორციელონ. ისინი მგზავრებს კონსულტაციას უწევენ, თუ როგორ იმგზავრონ უსაფრთხოდ, როგორ შეასრულონ რეკომენდაციები, რათა არ დაჯარიმდნენ. ეს ადამიანები ამოწმებენ, დგანან თუ არა გაჩერებებზე ადამიანები სპეციალურად მონიშნულ ადგილებზე. გარდა ამისა, თუ ვინმეს დაავიწყდა პირბადის გაკეთება, ახსენებენ, რომ გაიკეთოს. თუ ვინმე დაბნეულია და არ იცის, როგორ მოიქცეს, უხსნიან და შესაბამის ინსტრუქციას აძლევენ. 

ეს ახალი პროფესია კორონავირუსმა შექმნა, რომელიც საბერძნეთსა და ევროპის სხვა ქალაქებში უკვე დამკვიდრდა. ვინ უნდა დავასაქმოთ ამ ახალ პოზიციაზე? ისინი თავისუფლად შეიძლება იყვნენ უკვე მოქმედი კონტროლიორები, რომლებსაც გადავამზადებთ, რადგან აქამდე, მხოლოდ დაჯარიმებაზე იყვნენ ორიენტირებულნი. 

_ ჩვენი საუბრიდან გამომდინარე, მრჩება შთაბეჭდილება, რომ ეკონომიკური ობიექტების ნაწილობრივ აღდგენა ბლეფია... 

_ ეკონომიკის ის ნაწილი ,,აღდგა’‘, რომელიც ისედაც მუშაობდა და არ გაჩერებულა. ვგულისხმობ მსხვილ მარკეტებსა და ქსელურ კომპანიებს. როდესაც ვამბობ, რომ ტრანსპორტის გაჩერებით ეკონომიკაა გაჩერებული, ვგულისხმობ პატარა, მცირე ობიექტებს. დავუშვათ, ადამიანი ცხოვრობს საბურთალოზე, მაგრამ სანზონაში მუშაობს საცხობში, ან მარკეტში. ეს ადამიანი სამსახურში ტაქსით ვერ ივლის, იმ ობიექტის ხელმძღვანელი კი ორი-სამი თანამშრომლის გამო, მიკროავტობუსს, ან ავტობუსს ვერ დაიქირავებს. შესაბამისად, გამოდის, რომ ეს ობიექტი ვერ გაიხსნება! რეალურად, ამ ქვეყანაში თუ ვინმე ლუკმა-პურს შოულობს, ძირითადად, მცირე ბიზნესსა და ინდსაწარმოებში დასაქმებულები არიან _ ვგულისხმობ თონეს, პატარა მარკეტს, სახელოსნოს. საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენის გარეშე, ეს ობიექტები ვერ და არ იარსებებენ. დარჩება მსხვილი ობიექტები, რომელთა ხელმძღვანელებსაც თავისუფლად შეუძლიათ, რომ მათი თანამშრომლებისთვის მიკროავტობუსი, ან ავტობუსი იქირაონ. 

_ გამოდის, ღამის ეკონომიკის მენეჯერ სერგი გვარჯალაძეს, თბილისის ბიუჯეტიდან არაფრის გამო, ტყუილად ვუხდით ხელფასს? 

_ ძალიან სასაცილო თემაა, რაც თავიდანვე სასაცილო იყო, მაგრამ ახლა განსაკუთრებით. ღამის ეკონომიკის მენეჯერს პიროვნულად არ ვეხები, მაგრამ მისი დანიშნულება მაშინაც ვერ გავიგე, როდესაც კორონავირუსის პანდემიამდე, ღამ-ღამობით კაფე-ბარებსა და რესტორნებში დავდიოდი, რადგან მის გარეშეც კარგად ვატარებდი დროს. მეორე მხრივ, თბილისის მერიაში ბევრი ისეთი ადამიანია დასაქმებული, რომელიც იქ საერთოდ არ უნდა მუშაობდეს. 

თბილისის მერიამ ბევრი ფუნქცია ,,აუთსორსზე’‘ (ნებისმიერ სექტორში, მათ შორის, კერძოსა და საჯაროში არსებული ნებისმიერი სამუშაოს, ან ფუნქციის გადაცემა სხვა კომპანიაზე მთლიანად, ან ნაწილობრივ, _ ავტ.) უნდა გაიტანოს, მაგრამ პირიქით იქცევა. მაგალითად, საგზაო მონიშვნებსაც თვითონ აკეთებს, ცნობებსა და ნებართვებსაც თვითონ გასცემს; ერთი ხელით დასკვნას აკეთებს, რომ ამა და ამ ადგილზე მშენებლობა შეიძლება და შემდეგ, თავისივე დასკვნაზე, მშენებლობის ნებართვასაც გასცემს, რაც ეს სისტემური პრობლემაა.

მაია მიშელაძე

 

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში