Menu
RSS

ბასილაშვილის სკანდალმა ვაისას კონტრაქტი დაჩრდილა

როდის განახლდება საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატი

წესითა და რიგით, გასულ კვირას, ქართულ სპორტში მთავარი მოვლენა ვლადიმერ ვაისსა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას შორის გაფორმებული ახალი კონტრაქტი უნდა ყოფილიყო, რომლითაც დადასტურდა, რომ სლოვაკი სპეციალისტი, საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ევროპის ერთა ლიგის პლეი-ოფში ათამაშებს და მნიშვნელობა არ აქვს, ეს მატჩი, რომელიც 26 მარტს უნდა გამართულიყო, მიმდინარე წლის სექტემბერში შედგება, თუ ოქტომბერში _ გუნდს მაინც ვაისი უხელმძღვანელებს. ეს ცუდი არ არის, რადგან სწორედ ვაისამ გაიყვანა ნაკრები პლეი-ოფში და დაწყებული საქმეც ბოლომდე, სწორედ მან უნდა მიიყვანოს. კონატრაქტი მიმდინარე წლის ბოლომდეა და თუ კოვიდვირუსის გამო, მატჩი მომავალი წლის გაზაფხულისთვის გადაიწევს, ხელშეკრულება გაგრძელდება.

ეს ამბავი მთავარი თემად, ყველაზე წარმატებული ქართველი ჩოგბურთელის, ნიკა ბასილაშვილის გამო ვერ იქცა. მსოფლიო რეიტინგის 27-ე ნომერი, სამართალდამცავებმა, ყოფილ მეუღლეზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს და სასამართლომ 100-ათასიანი გირაოს გადახდის შემდეგ გაუშვა. რა თქმა უნდა, არ ვაპირებთ მტყუან-მართლის გარჩევას, მით უმეტეს, რომ თავად ჩოგბურთელმაც აღნიშნა, ჩემს სიმართლეს სასამართლოში დავამტკიცებო და ეს საქმე, სწორედ თემიდას მივანდოთ. 

მეორე მხრივ, ბასილაშვილის კარიერაზე აღნიშნული ინციდენტი კარგად რომ არ აისახება, ფაქტია. მომხდარზე, თავად ჩოგბურთელიც წუხს, მან ოფიციალური განცხადებაც გაავრცელა და მედიასთან ტაიმ-აუტი აიღო. 

„ვწუხვარ და ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას, ჩემი ოჯახის ირგვლივ განვითარებული მოვლენების გამო. ვგრძნობ თქვენს ყოველწამიერ მხარდაჭერას და სიყვარულს, რისთვისაც უსაზღვროდ მადლიერი ვარ. რაც შეეხება, 22 მაისს განვითარებულ მოვლენებს, ვიმედოვნებ, ყველა დეტალი გაირკვევა, ახლა უკვე სასამართლოში და დადგება სამართლიანი განაჩენი, მანამდე კი, არ მსურს ვისაუბრო ჩემს პირად სივრცეზე. არ ვაპირებ საჯარო დისკუსიაში შევიდე ჩემს ყოფილ მეუღლესთან და ვამტკიცო ის, რაც ნამდვილად არ ყოფილა. ის ჩემი ერთადერთი ვაჟიშვილის, ლუკასის დედაა და ასე დარჩება ცხოვრების ბოლომდე. ჩემი მიზანია, ცხოვრების ამ რთულ ეტაპზე დავიცვა ჩემი სიმართლე ისე, რომ არ დაზიანდეს ლუკასის ინტერესები. სწორედ ჩემ შვილთან განსაკუთრებული დამოკიდებულება ვალდებულს მხდის, არ ვუპასუხო უსაფუძვლო ბრალდებებს, თუმცა მჯერა, რომ სიმართლეს სასამართლოში, ჩემი იურისტების დახმარებით, აუცილებლად დავამტკიცებ“, _ ნათქვამია განცხადებაში. 

* * * 

გერმანიის ბუნდესლიგაში ორი ტური გათამაშდა და ბელორუსის შემდეგ, სწორედ გერმანიაა ის ქვეყანა, რომელმაც საფეხბურთო ჩემპიონატი განაახლა. რიგში ინგლისი და ესპანეთი დგას, თუმცა ჩვენ, ქართული კლუბების ბედი უფრო გვაინტერესებს. როგორც ამბობენ, ფეხბურთის ფედერაცია კლუბებს ვარჯიშის უფლებას ივნისიდან მისცემს, ჩემპიონატი კი, დიდი ალბათობით, ივნისის ბოლოს, ან ივლისის პირველ რიცხვებში განახლდება. 

ქართული კლუბებისთვის სათამაშო პრაქტიკა აუცილებელია, რადგან კარს ევროთასების საკვალიფიკაციო ეტაპი მოგვადგა და იმის გათვალისწინებით, რომ ამ ტურნირებზე ისედაც არ ვბრწყინავთ, უთამაშებელი გუნდები საერთოდ თავს შეირცხვენენ. 

* * * 

რადგან საქართველოს ჩემპიონატი ვახსენეთ, ისიც ვთქ¬ვათ, რომ ბათუმის „დინამო“ მოლაპარაკებებს ჯანო ანანიძესთან აწარმოებს. ჯანო ის ფეხბურთელია, რომელსაც სტადიონზე გულშემატკივრის მიყვანა შეუძლია და ასეთი დონის მოთამაშე, ჩვენი პირველობისთვის, უდავოდ კარგი შენაძენი იქნება. 

ჯანოს „ანორთოსისთან“ მოქმედი კონტრაქტი უმთავრდება და თავისუფალი აგენტი ხდება, რაც იმას ნიშნავს, რომ აჭარლებს მისი აყვანა უფასოდ შეეძლებათ. მით უმეტეს, ჯანოც აჭარელია და მშობლიურ მხარეში თამაში, მისთვის ერთი-ორად საპასუხისმგებლო და სასურველი უნდა იყოს, თანაც „დინამო“ ევროთასების საკვალიფიკაციო ეტაპისთვის ემზადება და ანანიძისდარი ფეხბურთელი, სწორედ ახლა სჭირდება. 

* * * 

შესაძლოა, ვინმემ სპორტთან ვერ დააკავშიროს, მაგრამ ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი ის კაცია, ვინც ჩეჩნეთში, ყველა სპორტულ სახობას აკონტროლებს. უფრო მეტიც, ის რამდენიმე სპორტსმენის არაოფიციალური პრომოუტერიცაა და გვარიან თანხებსაც იჯიბავს. საჭიდაო, საფეხბურთო, თუ წესების გარეშე მებრძოლთა კლუბებს ჩეჩნეთში, ძირითადად, „ახმატი“ ჰქვიათ და ყველამ იცის, რომ ეს ბრენდი, კადიროვის საკუთრებაა. ჰოდა, ჩეჩნეთის ლიდერი კორონავირუსით დაინფიცირდა, თან იმდენად მძიმედ, რომ ჩარტერული რეისით, მოსკოვში გადააფრინეს და იქ მკურნალობენ. 

როგორც გაირკვა, ერთი კვირის განმავლობაში, კადიროვი შინაური წამლებით მკურნალობდა და ექიმებს მხოლოდ მას შემდეგ მიმართეს, რაც გონება დაკარგა. კადიროვის მდგომარეობას კრიტიკულად აფასებენ და ვინ იცის... 

* * * 

უცნაური კვლევა ჩაატარა ბრიტანულმა კომპანია Eდგე Hეალტჰ-მა. კვლევით დადგინდა, თუ რამდენი სასიკვდილო შემთხვევა დაფიქსირდა „ენფილდზე“, „ლივეპრულისა“ და „ატლეტიკოს“ შორის გამართულ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ შეხვედრაში. საქმე ეხება „ჩOVID-19“-ით ინფიცირებულთა რაოდენობას და შემდეგ, მათ გარდაცვალებას. კომპანიის ცნობით, დიდი ბრიტანეთის ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული სამსახურის ოფიციალური მონაცემებით ხელმძღვანელობდნენ, რომლის თანახმადაც, აღნიშნულმა მატჩმა 41 სასიკვდილო შემთხვევა გამოიწვია. 

მერვედფინალურ შეხვედრას „ენფილდზე“, 52 ათასი გულშემატკივარი დაესწრო, რომელთაგან 3 ათასი ესპანელი იყო. 

* * * 

გასულ კვირას, ონლაინ-აუქციონი გაიმართა და სხვადასხვა ლოტებს შორის, მსოფლიოს 2018 წლის ჩემპინატის გამარჯვებული საფრანგეთის ნაკრების ერთ-ერთმა ფეხბურთელმა, გასაყიდად ოქროს მედალი გამოიტანა. იმის გათვალისწინებით, რომ თავად ფეხბურთელმა არ ისურვა ვინაობის გამხელა, აუქციონის ორგანიზატორები გამყიდველის ვინაობას არ ახმაურებენ. 

მედლის ყიდვის სურვილი ათ კაცს ჰქონდა და მათ უთხრეს, ვინ გაიმეტა ჯილდო გასასხვისებლად, რადგან პოტენციურ მყიდველს აუცილებლად უნდა სცოდნოდა, ვის მედალს ყიდულობდა. საბოლოო ჯამში, მედალი ბრიტანეთის მოქალაქემ შეიძინა და მის სანაცვლოდ, 71 875 დოლარი გადაიხადა. სპეციალისტები ვერ ხვდებიან, ვის შეიძლებოდა გაემეტებინა სანუკვარი ჯილდო მაშინ, როცა საფრანგეთის ნაკრების იმ შემადგენლობიდან, რომელმაც 2018 წლის მუნდიალი მოიგო, უკლებლივ ყველას, მინიმუმ, წლიური 2 მილიონი დოლარი აქვს ხელფასად და 70 ათასზე ოდნავ მეტ თანხას, წესით, არ უნდა დახარბებულიყო. 

* * * 

და ერთიც: შოთა არველაძემ რუსულ გამოცემას ვრცელი ინტერვიუ მისცა და დეტალურად ახსნა, რატომ არ ისურვა თავის დროზე, რუსეთის ეროვნულ ნაკრებში მუშაობა. 

„რუსეთის ნაკრებში მუშაობის შემოთავაზება 2010 წელს მქონდა და არ დავთანხმდი. არც ახლა დავთანხმდებოდი და რუსეთის ნაკრებში მანამ არ ვიმუშავებ, სანამ ჩვენს ტერიტორიებს არ დაგვიბრუნებენ. 2008 წელს, ჩემი ოჯახი თბილისში იყო, შვილები _ ბათუმში. მახსოვს, როგორ გვეშინოდა ყველას, ამის დავიწყება რთულია. ერთია კლუბში მუშაობა, ეროვნულ ნაკრებში მწვრთნელად ყოფნა კი სხვაა. არ მინდა, პოლიტიკა გავრიო იმ გრძნობებში, რაც თქვენი კულტურისა და ქვეყნის მიმართ მაქვს, თუმცა ეს ყოველთვის გვიშლის ხელს სწორი გადაწყვეტილების მიღებაში“, _ აღნიშნა შოთამ.

ბათო ჯაფარიძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში