Menu
RSS

რა პრობლემები შეუქმნა ონლაინ-სწავლებამ მოსწავლეებს

,,ეროვნული გამოცდები პანდემიის გარეშეც უნდა შეიცვალოს“ _ სიმონ ჯანაშიას პროგნოზები და შეფასებები

კორონაპანდემიის გამო, მსოფლიოს ბევრი ქვეყნის მსგავსად, საქართველოშიც სწავლება ონლაინ-რეჟიმზე გადავიდა _ სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის სწავლება „მაიკროსოფტის“ პროდუქტების საშუალებით მიმდინარეობს და ასე გაგრძელდება წლევანდელი სასწავლო წლის დასრულებამდე ანუ აკრძალვების მიუხედავად, სწავლა შენობებში აღარ განახლდება. რამდენად გაამართლა საქართველოში ონლაინ-სწავლებამ და ამ მიმართულებით რა პრობელემები გამოიკვეთა? _ ამ კითხვებით „ვერსიამ“ განათლების საკითხების ექსპერტ სიმონ ჯანაშიას მიმართა.

 

ექსპერტის თქმით, საქართველოში ინტერნეტზე ხელი ბავშვების 1/3-ს არ მიუწვდება: 

„დანარჩენებს შეიძლება, ინტერნეტი ჰქონდეთ, მაგრამ პრობლემები მოწყობილობების, დროის, საცხოვრებელი პირობების თვალსაზრისით აქვთ, წასულნი არიან სოფლებში და ა.შ. ასე რომ, ხელმისაწვდომობა დაბალია, თუმცა ისიც ვიცით, რომ არა მხოლოდ ინტერნეტით ასწავლიან, არამედ, დავალებებს უგზავნიან ტელეფონით და სხვა საშუალებებით. მოკლედ, დისტანცურ სწავლებაში მხოლოდ ინტერნეტ-სწავლება არ უნდა განვიხილოთ. ამასთან, ზოგი ბავშვი შეიძლება, უყურებდეს ტელესკოლის გაკვეთილებსაც, მაგრამ ამჟამად არ არსებობს მონაცემი, რომლითაც ვიტყვით, განათლების ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით ჩავარდნა რა მასშტაბისაა. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ის უთანასწორობა, რაც აქამდე იყო _ შედარებით შეძლებული ოჯახები უფრო მაღალი ხარისხის განათლებას უზრუნველყოფდნენ შვილებისთვის, გაიზარდა და სხვებთან შედარებით, უფრო მეტს ახერხებენ. ეს განსხვავება სკოლებს შორისაც გაიზარდა. აქედან გამომდინარე, არსებობს საფრთხე, რომ ის პრობლემები, რაც აქამდე განათლებაში არსებობდა, უფრო გამძაფრდეს. 

აქედან გამომდინარე, მგონია, რომ შემდეგი სასწავლო წლისთვის უნდა დაიწყოს მზადება ამ პრობლემების აღმოფხვრისთვის და სპეციალური პროგრამები შეიქმნას იმ ბავშვებისთვის, ვინც ამ სასწავლო წელს სწავლა ვერ მოახერხა. მათ დასჭირდებათ დაჩქარებული სასწავლო პროგრამები, რომ სხვებს დაეწიონ და დანაკლისი შეივსონ“. 

რაც შეეხება ონლაინ-სწავლების ისეთ პროგრამებს, როგორიცაა ტეამს, ზოომ და ა.შ., სიმონ ჯანაშია განმარტავს, რომ სკოლების უმეტესობა ტეამს-ს იყენებს, რადგან სახელმწიფომ სწორედ ეს პროგრამა მიაწოდა: 

„ეს არის „მაიკროსოფტის“ პროდუქტი და ამაში სახელმწიფო იხდის ფულს, რაც ჩემი აზრით, გადაყრილია, რადგან უფასოა გოოგლე-ის ალტერნატიული სერვისები და უფრო კარგადაც მუშაობს ანუ ტეამს-თან შედარებით, ბევრი უპირატესობა აქვს. მეც ვასწავლი ტეამს-ით და, მაგალითად, შეუძლებელია, ეკრანზე ერთდროულად 5-ზე მეტი გამოსახულება დაინახო და მიწევს ხალხის ძებნა. ზოომ-ი ხარისხით უკეთესია, თუმცა ფასიანია და რადგან მაღალი ფასი აქვს, სკოლებისა და უნივერსიტეტებისთვის მისი გამოყენება რთულია. აქედან გამომდინარე, ერთადერთი უპირატესობა ამჟამად მაინც ტეამს-ს აქვს“. 

რამდენად აუწყო საქართველომ ფეხი მსოფლიოს ახალ ტენდენციას ანუ ონლაინ-სწავლებას? _ სიმონ ჯანაშიას თქმით, სახელმწიფო ორი მიმართულებით მუშაობს: 

„ამ მიდგომის ნაკლი ისაა, რომ შედარებით ნაკლები კეთდება მეთოდოლოგიის მიწოდებაზე და უკვე არსებულ გამოცდილებას არ ეყრდნობა. მაგალითად, თუ მასწავლებლები აქამდე, ვთქვათ, „ვოთსაპს“ იყენებდნენ მშობლებთან ურთიერთობისთვის, ახლა სახელმწიფო მხოლოდ ერთ და მონოპოლიზებულ ინსტრუმენტს სთავაზობს „მაიკროსოფტის“ პროდუქტების სახით, რაც ცალკე პრობლემას ქმნის, რადგან ამის ადმინისტრირება და სწავლება ხდება საჭირო და უამრავი ტექნიკური პრობლემა ჩნდება“. 

რაც შეეხება მოახლოებულ ერთიან ეროვნულ გამოცდებს, ექსპერტის თქმით, ერთი მხრივ, ეს გამოცდები მაინცდამაინც არ ემყარება ბოლო სასწავლო წლის მასალას, მაგრამ მეორე მხრივ, არსებული ვითარება უთანასწორობას გაზრდის, რადგან ზოგ აბიტურიენტს რეპეტიტორი ონლაინ-რეჟიმში ჰყავს, ზოგს _ არა. ამასთან, ვისაც რეპეტიტორი არ ჰყავდა და იმედს სკოლის მასწავლებლებზე ამყარებდა, ახლა განათლების მიღება უჭირს. 

„აქედან გამომდინარე, ცხადია, უთანასწორობა, რომელიც სკოლებში ხარისხის განაწილების გამო არსებობდა, გაიზრდება. 

ერთიანი ეროვნული გამოცდები პანდემიის გარეშეც უნდა შეიცვალოს _ მოძველებულია ანუ ეს სისტემა 15 წლის წინანდელი პრობლემებისთვისაა შექმნილი და დღეს სულ სხვა პრობლემები არსებობს უმაღლესი გაანთლების სისტემაში. მაგალითად, დღეს ხარისხის პრობლემა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე კორუფციის, რომელიც ქვეყანაში ისე აქტუალური აღარაა, როგორც 15 წლის წინ იყო. 

ამასთან, არსებული გარემო არ არის უსაფრთხო, რადგან არ ვიცით, 1-2 თვეში რამდენად უსაფრთხო იქნება ადამიანების დიდი რაოდენობის შეკრება და მათ მიერ ქაღალდზე დაწერილი ნამუშევრების შემოწმება. ერთ ორგანიზაციას აქვს მონოპოლია და, მაგალითად, გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრის 20 თანამშრომელი ავად რომ გახდეს, შეიძლება, გამოცდები საერთოდ აღარ ჩატარდეს“, _ აცხადებს ექსპერტი. 

 

„ვერსია“ საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე გენადი მარგველაშვილსაც დაუკავშირდა, რომელიც აცხადებს, რომ გაკვეთილზე სწავლასა და პედაგოგთან ურთიერთობას ვერაფერი შეცვლის, მაგრამ პანდემიიდან გამომდინარე, არსებულ გამოწვევას საქართველოს განათლების სისტემამ თავი ყველაზე კარგად გაართვა. 

მარგველაშვილს ვკითხეთ, რას აკეთებს სახელმწიფო იმ ბავშვებისთვის, რომელთაც ინტერნეტის, მოწყობილობებისა და, ზოგადად, ონლაინ-სწავლებაზე ხელმისაწვდომობის პრობლემა აქვთ? 

„სამინისტროს ვთხოვე და სრულად შევთანხმდით, რომ ყველა სკოლის ადმინისტრაციას დაევალოს, მოიძებნოს თითოეული ბავშვი, რომელსაც ასეთი პრობლემა აქვს და ეროვნული სასწავლო გეგმა გვაძლევს ინდივიდუალური სწავლების შესაძლებლობას. დამრიგებლები უნდა დაუკავშირდნენ მშობლებს და ბავშვებთან დაამყარონ კავშირი არსებული შესაძლებლობების საშუალებით. ამ შემთხვევაში, შეიძლება, დამატებითი რესურსების მოძიება, რათა თითოეული ბავშვი იყოს ჩართული სწავლების პროცესში. 

იმაზე, რომ სახელმწიფომ შეუძინოს ამ ბავშვებს მოწყობილობები ონლაინ-სწავლებაში ჩართვის მიზნით, რა თქმა უნდა, ხელს ავწევდი, თუმცა ვხვდებით, როგორ მდგომარეობაშია ახლა სახელმწიფო, ამიტომ ლაპარაკია ქველმოქმედებაზე, შემოწირულობებსა და თანხის მოზიდვაზე. 

სხვათა შორის, პრემიერმა განაცხადა, რომ განთლების მიმართულებით გეგმის პრეზენტაცია მოხდება. ამიტომ, არ მინდა, მოვლენებს გავასწრო, დავიცადოთ და სამინისტრო ყველაფერს გაგვაცნობს“, _ აცხადებს გენადი მარგველაშვილი.

თათია გოჩაძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში