Menu
RSS

აპანიკებს თუ არა ხალხს და როგორ უწყობს ხელს მედია კორონაისტერიკას

ახალი კორონავირუსის პანდემიამ მთელი მსოფლიო მოიცვა. დაინფიცირებულთა რაოდენობა მილიონნახევარს აღწევს. დედამიწისთვის ახალი გამოწვევა ყველა ჩვენგანის დღის წესრიგი გახდა და რა გასაკვირია, რომ მედიის მთავარი თემაც სწორედ კორონავირუსია. როგორ უნდა გააშუქოს პანდემია მედიამ ისე, რომ საზოგადოებაში არც პანიკა დათესოს და არც - ნიჰილიზმი? - „ვერსია“ ექსპერტ ამირან სალუქვაძეს ესაუბრა, რომელიც მიიჩნევს, რომ სხვადასხვა კრიზისული სიტუაციების დროს - საომარი მოქმედებები იქნება, საგანგებო მდგომარეობა, ეკოლოგიური თუ ტექნოგენური კატაკლიზმები, მასობრივი ინფორმაციის საშუალებები გარკვეული სპეციფიკის გათვალისწინებით უნდა მუშაობდნენ:

 „ვითარებიდან გამომდინარე, შესაძლოა, ხელისუფლებამ შეზღუდვები დააწესოს საჯარო ინფორმაციის გაცემასთან ან მედიის საქმიანობასთან დაკავშირებით ან შეიძლება, ასეთი შეზღუდვები არც დაწესდეს, როგორც ახლააა. ასეთ დორს ყველა მედია საშუალება საკუთარი შეხედულებების, ჟურნალისტური ქარტიის, სხვა სტანდარტებისა და საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს. რა თქმა უნდა, საზოგადოების ერთ-ერთი მთავარი ინტერესი მიმდინარე მოვლენების შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის მიღებაა და ამ დროს, ინფორმაციის მიწოდების ფორმას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს“.

სალუქვაძის თქმითვე, ერთი და იგივე შინაარსის ინფორმაცია შეიძლება, სხვადასხვაგვარად მიეწოდოს საზოგადოებას: 

„ერთ შემთხვევაში მოსახლეობამ მშვიდად მიიღოს, მეორე შემთხვევაში კი შესაძლოა, მძიმე ფსიქოლოგიური ზემოქმედება იქონიოს. ეს ხერხები და მეთოდები კარგად იციან მედიის სპეციალისტებმა, თუმცა ხან რეიტინგისათვის ბრძოლის გამო, ხანაც ვიწრო პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე, ბოროტად იყენებენ იმ პრივილეგიას, რომ მასებზე ზემოქმედების უფლებით სარგებლობენ“.

ამირან სალუქვაძის თქმით, კონკრეტულად კორონავირუსის ან სხვა ეპიდემიების დროს, მიღებულია როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის, ასევე, სხვა ორგანიზაციისა თუ სპეციალისტის რეკომენდაცია, რომ პანიკა და ზედმეტი აჟიოტაჟი უარყოფით გავლენას ახდენს მოსახლეობაზე და ასუსტებს პანდემიასთან ბრძოლის ეფექტიანობას:

„კონკრეტულად, მსგავს ვირუსებთან ორგანიზმის მდგრადობისათვის, მნიშვნელოვანია მაღალი იმუნიტეტი, რაზეც სერიოზულ გავლენას ახდენს ადამიანის განწყობა, მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა. შესაბამისად, ინფორმაციის დამთრგუნველი ფორმით მიწოდება და ზედმეტად აჟიტირება, შესაძლოა, შედიოდეს კონკრეტული მედია საშუალების ინტერესში, იზიდავდეს მეტ მაყურებელს ან მკითხველს, მაგრამ ეწინააღმდეგებოდეს მოსახლეობის ინტერესებს.

ჩვენი ქვეყნის მაგალითების მოყვანა ან სხვა ქვეყნების მიმოხილვა შორს წაგვიყვანს. მით უმეტეს, რომ ყველა ქვეყნის, განსაკუთრებით ტოტალიტარული რეჟიმების და მიდრეკილებების, პრაქტიკა არ გამოგვადგება. ასევე, ძალზედ მნიშვნელოვანია ჟურნალისტთა უსაფრთხოების დაცვა, რაც უშუალოდ მათი დამსაქმებლების პასუხისმგებლობა, - აცხადებს სალუქვაძე და იხსენებს ვირუსის გავრცელების საწყის ეტაპზე ინფექციურ საავადმყოფოსთან ჟურნალისტთა მხრიდან პირადი უსაფრთხოების და დისტანცირების ნორმების დარღვევას, - იმ დროს უკვე არსებობდა ჯანმოს, საქართველოს ჯანდაცვის სისტემის რეკომენდაციები სოციალურ დისტანცირებასთან დაკავშირებით. იგივე პრობლები იყო მარნეულის ბლოკ-პოსტთან, კარანტინის პირველ დღეებში. თვალში მომხვდა ახლახანს ერთ-ერთი ტელეკომპანიის ჟურნალისტის მიერ ჰიგიენური ნორმების დარღვევის ფაქტი, როცა ეროვნული ბანკის დაინფიცირებულ სპეციალისტთათვის დაქირავებულ სახლთან აკეთებდა სიუჟეტს - არც პირბადე ეკეთა, არც ხელთათმანები ეცვა და ჭიშკრის სახელურს ხელითაც შეეხო, რაც როგორც პირადი, ასევე, დამსაქმებლის მხრიდან დაუდევრობაა, რაც ჟურნალისტებს, შესაძლოა, ჯანმრთელობის ფასად დაუჯდეთ.

ესაა ზოგადი სტანდარტები და მოთხოვნები. ოქროს სტანდარტის დაცვა უნდა მოხდეს, ანუ ერთის მხრივ, უნდა მივაწოდოთ ინფორმაცია, მეორეს მხრივ კი - არ დავაზიანოთ“.

 

თათია გოჩაძე

 

 

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში