Menu
RSS

კორონაპანდემიის შემდეგ ტურიზმის ინდუსტრია მოკვდება!

 გია ხუხაშვილი: „პირდაპირ გეუბნებით, გაჩერებულ კომპანიებზე ჯარიმა-საურავების დარიცხვა, მავნებლობაა!“

 

 ჯერ-ჯერობით უცნობია, როდის დასრულდება კორონავირუსის პანდემია, თუმცა საერთაშორისო ექსპერტები და წამყვანი ეკონომიკური ორგანიზაციები პროგნოზებს უკვე აკეთებენ. „ამერიკის ხმის“ ინფორმაციით, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის განვითარების სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, კორონავირუსის პანდემია მსოფლიო ეკონომიკას, მინიმუმ, 1 ტრილიონი დოლარი დაუჯდება. მოკლედ, კორონავირუსმა სამყარო შეცვალა. საყოველთაო კარანტინი, საგანგებო მდგომარეობა, კომენდანტის საათი, გაჩერებული საწარმოები - ესაა რეალობა, რომელშიც თვეზე მეტია, მთელი სამყარო ცხოვრობს. ეკონომიკის ექსპერტი გია ხუხაშვილი „ვერსიასთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ პოსტპანდემიის დროს მსოფლიო ეკონომიკას ერთგვარი „რესტარტი“ ანუ გადატვირთვა, უფრო ზუსტად, ფასეულობების გადაფასება მოუწევს. ასე, მაგალითად, თუ კორონავირუსამდე ტურიზმი და მთელი ეს ინდუსტრია, თავისი მომსახურების ობიექტების - სასტუმროების, „გესტ-ჰაუსების“ ანუ საოჯახო ტიპის მცირე სასტუმროების, რესტორნებისა და კაფე-ბარების ჩათვლით, საქართველოს ეკონომიკის ხერხემლად ითვლებოდა, პანდემიის შემდეგ, ყველაფერი უნდა ავწონ-დავწონოთ და ეკონომიკის რეალური სექტორის ანუ ადგილობრივი წარმოების განვითარებაზე ვიზრუნოთ. სხვათა შორის, ხუხაშვილის მსგავსად, სხვა ექსპერტებიც თვლიან, რომ პოსტპანდემიის დროს, მომსახურების ობიექტები გაკოტრდება და მოკვდება, თუმცა ისეთი ანალიტოკოსებიც არიან, რომლებიც საკმაოდ ოპტიმისტურ პროგნოზებს არ იშურებენ და ამბობენ, რომ ეს კრიზისი აპრილის შუა რიცხვებში გადაივლის. თუ ასეა, გაუგებარია, რატომ მოკვდება ტურიზმის ინდუსტრია და ამ ინდუსტრიის უმთავრესი შემადგენელი - მომსახურების ობიექტები? ამ და სხვა, არანაკლებ საინტერესო თემებზე, „ვერსიას“ გია ხუხაშვილი ესაუბრა.

 

- ბატონო გია, „ვერსიასთან“ ინტერვიუში არაერთხელ გითქვამთ, არ შეიძლება, ქვეყნის ეკონომიკის ხერხემალი ტურიზმი იყოსო და ეს  კორონაკრიზისის ფონზე აშკარად გამოჩნდა - ყველაზე პირველად ტურიზმი დაზარალდა და მომსახურების ობიექტები დაიხურა. მას შემდეგ, რაც საგანგებო მდგომარეობა და კარანტინი დასრულდება, ბიზნესის ეს დარგი როგორ უნდა „ამოიქოქოს“?

- ვფიქრობ, რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ და გვესმოდეს, რომ ტურიზმი იმ მოცულობით, რაც კორონამდე იყო, ვეღარ იქნებაა და და აგიხსნით, რატომ:  კორონასტრესიდან გამომდინარე, რამდენიმე წლის განმავლობაში, ადამიანები ნაკლებად იმოგზაურებენ და თუ იმოძრავებენ, აქცენტი უფრო ქვეყნის შიდა ტურიზმზე გაკეთდება, საერთაშორისო ტურიზმი კი მოცულობაში საგრძნობლად დაიკლებს. ამდენად, ეკონომიკური პრიორიტეტების სერიოზულად გადახედვა მოგვიწევს.

- დახმარება, რაც მთავრობამ ბიზნესს და განსაკუთრებით, ტურისტულ ინდუსტრიას შესთავაზა, გადასახადების სამი თვით გადავადებას  ვგულისხმობ, საკმარისი არაა?

- პირდაპირ გეტყვით, რომ ეს კომპონენტი ბიზნესის მდგომარეობას არ ამსუბუქებს. მეტიც, თუ თანხაში გადავიანგარიშებთ, სამი თვის შემდეგ, ბიზნესს გაცილებით მეტი გადასახდელი ექნება, ვიდრე სამი თვის განმავლობაში, სამ ნაწილად ანუ თვეში ერთხელ რომ გადაეხადა. ერთადერთი, რაც ამ პერიოდში უნდა გაგვეკეთებინა, გადასახადების გადავადება კი არა, ფორს-მაჟორიდან გამომდინარე, გადასახადზე „არდადეგების გამოცხადება“ იქნებოდა. სიმართლე გითხრათ, არც ბანკები არიან დაინტერესებულნი, რომ გადახდისუუნარო, გაკოტრებული კომპანიები მივიღოთ, ამიტომ ბანკებმა და ხელისუფლებამ ერთგვარი კო-პროექტი (ერთობლივი პროექტი) უნდა განახორციელონ და ამ პროექტის საშუალებით, სწორედ ამ სეგმენტს პროცენტის გადახდა შეუჩერდეს.

მეტიც, შემოსავლების სამსახური ახლაც კი, ამ გაჩერებულ კომპანიებს გადასახადებს არიცხავს და რომ არ იხდიან, ჯარიმა-საურავებსაც ადებს, მაგრამ სამი თვის შემდეგ ნახეთ, რა მდგომარეობაში აღმოჩნდებიან ეს კომპანიები, როდესაც ამხელა ტვირთი დააწვებათ და ფაქტობრივად, დაიხრჩობიან! შესაბამისად, შემოსავლების სამსახურმაც უნდა განახორციელოს გადასახადების რესტრუქტურიზაცია და ჯარიმა-საურავები საერთოდ ჩამოწეროს, რადგან პირდაპირ გეუბნებით, გაჩერებულ კომპანიებზე ჯარიმა-საურავების დარიცხვა, მავნებლობაა!

- ტურიზმი ეკონომიკის წამყვანი დარგია, შესაბამისად, საერთო ვერ მოკვდება და მისი ალტერნატივა რა უნდა იყოს?

- სამყარო შეიცვალა ანუ ყველა ქვეყანა მოახდენს საკუთარი ეკონომიკის მოდერნიზაციას და ვფიქრობ, მთავარი ამოცანა ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფა იქნება. გარკვეულწილად, ჩვენ თვითკმარი ქვეყანა უნდა გავხდეთ, ყოველ შემთხვევაში, სასურსათო უსაფრთხოებისა და პირველადი მოხმარების საგნების თვალსაზრისით, თვითკმარები უნდა ვიყოთ - საკუთარი თავის შენახვა შეგვეძლოს. ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ყველაფერს უნდა ვაწარმოებდეთ. ასეთი მიდგომა სახელმწიფოს სტაბილურობასა და სურსათის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს თვითიზოლაციის პირობებში და მეორე - ჩვენ ახლა ეკონომიკის რეალურ სექტორზე ვსაუბრობთ ანუ იმ სექტორზე, რომელიც რეალურ დასაქმებას განაპირობებს, რადგან ადამიანების სისტემური დასაქმება არ ხდება არც მომსახურების და არც - სხვა რომელიმე სფეროში! მოკლედ, ასე  ხალხიც დასაქმებული იქნება და ჩვენც მომავალის მეტი რწმენა გვექნება და, სხვათა შორის, არც ვალუტის კურსის ცვლილებაზე ვიქნებით დამოკიდებულნი!

მაია მიშელაძე

 

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში