Menu
RSS

ინფექციონისტი: „პიკი ორ კვირაში დადგება და დღეში კორონავირუსის 30-40 დადასტურებული შემთხვევა გვექნება!“

  „პიკთან, ალბათ, მიახლოებული ვართ. პიკი, დაახლოებით, 1-2 კვირაში  იქნება,“ - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ექიმი რევაზ მეჭურჭლიშვილი აცხადებს. „ვერსიისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ინფექციონისტი იმასაც ამბობს, რომ პიკის დროს კორონავირუსით დაინფიცირებულ 1000 დადასტურებულ შემთხვევას არ ავცდებით, ანუ დღეში, სავარაუდოდ, 30-40 შემთხვევა დაფიქსირდება. 

ჟურნალისტის კითხვაზე, შეგვეძლება თუ არა, რომ მაისის ბოლოს შვებით ამოვისუნთქოთ, ექიმი პასუხობს, რომ მაისის ბოლოს კორონავირუსი გამქრალი არ იქნება.

რას ეფუძნება ქართველი ინფექციონისტის ეს პროგნოზი? 

მსოფლიო ახალ კორონავირუსს ისევ ებრძვის. დაინფიცირებულთა რიცხვმა მილიონს დიდი ხანია, გადააჭარბა, თუმცა ევროპის დიდ ქვეყნებში - იტალიაში, საფრანგეთსა და გერმანიაში კორონაპანდემიის მხრივ კლების ტენდენცია შეინიშნება. ჩინეთში კი იანვრის შემდეგ პირველად დაფიქსირდა შემთხვევა, როცა კორონავირუსით ადამიანი არ გარდაცვლილა. საქართველოს მეზობელ ქვეყნებში კორონავირუსის გავრცელება ჩვენზე ბევრად მეტია. ამ ფონზე საქართველოში, ექსპერტების თქმით, ინფექციის გავრცელების პიკი ჯერ არ დამდგარა. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე კი აცხადებს, რომ მძიმე აპრილი და მაისის დასაწყისი გველის. კორონავირუსის გავრცელების პროგნოზებსა და შედეგებზე „ვერსია“ ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ექიმს, რევაზ მეჭურჭლიშვილს ესაუბრა, რომელიც covid-19 -ით დაინფიცირებულ პაციენტებს ყოველდღიურად მკურნალობს.  

- რევაზ, თქვენს კლინიკაში მყოფი პაციენტების მდგომარეობა როგორია?

- ჩვენს კლინიკაში ძალიან მძიმედ 7 პაციენტი ითვლება, კრიტიკულ მდგომარეობაში კი ერთია.

- ყველა, ვინც მძიმედაა, 60 წელსაა გადაცილებული?

- არა, თუმცა ახალგაზრდებზე უფრო კარგი პროგნოზია.

- ისე, „მძიმე მდგომარეობაში“ რას გულისხმობთ - პაციენტებს ხელოვნური სუნთქვის აპარატი სჭირდებათ?

- მძიმე მდგომარეობაში ფილტვების ორმხრივი, სერიოზული პნევმონია იგულისხმება, რაც სუნთქვის უკმარისობას იწვევს.

- ანუ, ხელოვნური სუნთქვის აპარატი ჯერ ერთ პაციენტზეც არ გამოგიყენებიათ?

- დიახ, არ ვიყენებთ, რადგან მათთვის, ვინც ძალიან მძიმედაა, ჟანგბადის ნიღბით მიწოდება ჯერჯერობით საკმარისია. კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი პაციენტი კი მოხუცია და ვცდილობთ, ასე ვთქვათ, დავინდოთ და როგორმე ისე გამოვაძვრინოთ, რომ ხელოვნური სუნთქვის აპარატზე გადაყვანა საჭირო არ გახდეს.

- სტატისტიკის მიხედვით, პოსტსაბჭოთა ქვეყნებში კორონავირუსი ნაკლებად ვრცელდება და ლეტალობაც ნაკლებია. თქვენი აზრით, ამას რა განაპირობებს?

- არ მგონია, ასე იყოს, თუმცა ყველაფერი დამოკიდებულია გავრცელებაზე, ანუ თუ რამდენი შემთხვევაა ქვეყნებში. ვინაიდან ჩვენ მომზადებული შევხვდით, ამ ეტაპზე ნაკლები შემთხვევა გვაქვს. საქართველოში 26 თებერვალს მოხდა პირველი დადასტურებული შემთხვევა და იქიდან მოყოლებული სულ 195 შემთხვევა გვაქვს, სხვა განვითარებულ ქვეყნებში კი, როგორიცაა, მაგალითად, იტალია, საფრანგეთი, გერმანია თუ ესპანეთი ბევრად მეტი შემთხვევაა. შესაბამისად, იქ ლეტალობაც ბევრად მეტია, თან ვირუსი მოხუცთა კონტიგენტზეა გავრცელებული. ისიც მნიშვნელოვანია, რომ როცა გადატვირთულია ჯანდაცვის სისტემა, პაციენტებს კლინიკებში, უბრალოდ, ვეღარ ათავსებენ. შედეგზეც სწორედ ეს ფაქტორები მოქმედებს.

- ალბათ, მასშტაბსაც აქვს მნიშვნელობა ანუ საქართველოს და იტალიის მოსახლეობის რაოდენობა ერთმანეთისგან განსხვავდება...

- დიახ, რა თქმა უნდა, ტურისტული დატვირთვაც გასათვალისწინებელია.

- დაავლური მედია იუწყება, რომ ევროპის დიდ ქვეყნებში კორონაპანდემია უკან იხევს. თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ?

- დიახ, ტემდენცია კლებისკენაა. სავარაუდოა, რომ იტალიამ, გერმანიამ და საფრანგეთმა პიკი უკვე გადაიარეს.

- საქართველოში ამ მხრივ რა მდგომარეობაა - გავრცელების პიკთან ახლოს ვართ?

- პიკთან, ალბათ, მიახლოებული ვართ. პიკი, დაახლოებით, 1-2 კვირაში  იქნება.

- თქვენი პროგნოზით, რამდენი დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდება პიკის დროს საქართველოში?

-  დიდი იმედი მაქვს, რომ 1000 დადასტურებულ შემთხვევას არ ავცდებით და პიკის დროს დღეში, სავარაუდოდ, 30-40 შემთხვევა იქნება.

- ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ მძიმე აპრილი და მაისის დასაწყისი გვექნება. როგორია თქვენი პროგნოზი, მაისის ბოლოს უკვე შეგვეძლება, შვებით ამოვისუნთქოთ?

- შვებით ამოსუნთქვის რა მოგახსენოთ, მაგრამ ბევრად ნაკლები შემთხვევა იქნება ანუ გამოჯანმრთელებულების რაოდენობა მეტი იქნება და ტენდენცია გაქრობისკენ წავა, მაგრამ მაისის ბოლოს ეს ვირუსი გამქრალი არ იქნება. ჯერჯერობით ნაადრევია მაისის ბოლოზე საუბარი, თუმცა არც ესაა გამორიცხული.

- გამოჯანმრთელებულ პაციენტებს ამ დღეებში კიდევ ელოდებით?

- დიახ, ყოველ დღე ველოდებით. ვინაიდან, სხვადასხვა დროს შემოსული პაციენტები გვყავს.

- მათთან ყოველდღიური შეხება გაქვთ და გვითხარით, როგორი განწყობა აქვთ თავად ინფიცირებულებს?

- სხვადასხვაგვარი განწყობა აქვთ, ძირითადად - პოზიტიური, თუმცა ვინც მეტად ემოციურია, მაინც ითრგუნება და განიცდის.

თათია გოჩაძე

 

 

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში