Menu
RSS

ეპიდემიები, რომლებიც საქართველომ კორონავირუსამდე გადაიტანა

როგორ ებრძოდნენ ჩვენი წინაპრები "შავ ჭირს", ქოლერასა და „ისპანკას“

არცთუ შორეულ წარსულში, როცა „ისპანკასა“ თუ ე.წ. შავ ჭირზე ამბებს ვისმენდით, ვკითხულობდით თუ ფილმებში ვუყურებდით, ყველაფერი ეს ცალკეული ადამიანის გადამეტებული ფანტაზია, ან ისტორიის დრამატიზება გვეგონა და ვერ წარმოვიდგენდით, რომ ამ კოშმარის თვითმხილველნი გავხდებოდით, მაგრამ ხომ იცით, არასოდეს არ უნდა ვთქვათ „არასოდეს“. ჰოდა, დღეს ყველაფერი ზემოთქმული უკვე რეალობაა, რეალობა, რომელიც პრაქტიკულად, კოშმარის ტოლფასია. ამ კოშმარს კი ისიც ამძაფრებს, რომ არავინ ვიცით, უხილავი მტერი, რომელსაც ახალი კორონავირუსი ჰქვია, თავს როდის დაგვანებებს ანუ როდის განიარაღდება. სხვათა შორის, ისიც ნათქვამია, გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობს და ადამიანი ყველაფერს ეჩვევაო. შესაბამისად, ჩვენც ვეჩვევით კორონასთან თანაცხოვრებას და იმასაც ვსწავლობთ, ამ „პაწაწინა მტერს“ ბოლო როგორ მოვუღოთ, თუმცა ბრძოლის არსენალში ბევრი არაფერი გვაქვს, გარდა იმისა, რომ სოციალური დისტანცია დავიცვათ და ხელები საპნით, წყლითა თუ ანტისეპტიკური ხსნარებით ხშირად და საგულდაგულოდ დავიბანოთ. ერთი სიტყვით, ყველაფერ აქედან გამომდინარე, ზოგი თვლის, რომ ვითარება უიმედოა, მაგრამ მოცემულ შემთხვევაში, ყველაზე ცუდი, სწორედ იმედის დაკარგვაა, თან ხომ იცით, იმედი ბოლოს კვდებაო. იმისთვის, რომ იმედი არ „მოკვდეს“, მოდით, ერთად გადავავლოთ თვალი და გავიხსენოთ, დედამიწას ამა თუ იმ ეპიდემიამ როდის გადაუარა და ჩვენმა წინაპრებმა ყველაფერ ამას თავი როგორ დააღწიეს.

ისე, შორეული წარსულიც რომ არ გავიხსენოთ, საკმარისია, რამდენიმე წლით უკან ანუ იმ პერიოდში დავბრუნდეთ, როცა მსოფლიოს რამდენიმე ინფექციური დაავადების ეპიდემია-პანდემიასთან მოუწია გამკლავება. 

დავიწყოთ იმით, რომ გრიპის ვირუსი, მუდმივ მუტაცია-მოდიფიკაციას განიცდის. აქედან გამომდინარე, ალბათ, გასაკვირი არ იყო, რომ 2002 წლის ნოემბერში, სამხრეთ ჩინეთის პროვინცია გუანდუნში, ატიპურმა პნევმონიამ იფეთქა, რომელიც ჩინეთის სხვა რაიონებში, ასევე, ვიეტნამში, ახალ ზელანდიაში, ინდონეზიაში, ტაილანდსა და ფილიპინებზე, ჩრდილოეთ ამერიკისა და ევროპის გარკვეულ ნაწილშიც გავრცელდა. შესაბამისად, როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია იუწყება, 2002-2003 წლებში, ატიპიურმა პნევმონიამ მსოფლიოს 37 ქვეყანაში 8437 ადამიანი დააავადა, საიდანაც 813 გარდაიცვალა. 

გამოხდა ხანი და, ზუსტად 10 წლის შემდეგ, ესე იგი, 2013 წლის თებერვალში, სამხრეთ და აღმოსავლეთ აზიაში ფრინველის გრიპის პირველი შემთხვევები დაფიქსირდა. უფრო ზუსტად, H5N1 და H7N9 ვირუსებით გამოწვეული დაავადება შინაური ფრინველიდან ადამიანს გადაეცა. 

მანამდე კი, 2009 წელს, მსოფლიო H1N1-მა ანუ ე.წ. ღორის გრიპმა დააპანიკა. ზოგადად, ღორის გრიპი ადამიანს მხოლოდ ცხოველიდან კი არა, ასევე, ადამიანიდანაც გადაეცემა. ღორის გრიპის პირველი შემთხვევები მეხიკოში გამოვლინდა, საიდანაც მთელ მექსიკასა და აშშ-ს მოედო. 

ღორის გრიპით დაინფიცირებული ადამიანები ევროპაში, 2009 წლის აპრილში გამოჩნდნენ, შემდეგ კი ვირუსის ეს სახეობა დასავლეთის თითქმის ყველა ქვეყანას მოედო. 2009 წლის ივნისში, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ, ბოლო 41 წლის განმავლობაში პირველად, გრიპის ახალი ვირუსის პანდემია გამოაცხადა. 

სხვათა შორის, ადამიანები, რომლებსაც ჩაკირკიტება უყვართ, ამბობენ, რომ მსოფლიოს ამა თუ იმ ინფექციის ეპიდემია, ყოველ 40 წელში ერთხელ მოიცავს ხოლმე. მართალია, ამის თაობაზე სპეციალისტები კონკრეტულად არაფერს ამბობენ, მაგრამ თუ ერთი ეპიდემიიდან მეორემდე ინტერვალია, მაშინ გამოდის, ყველაფერ ამაში გარკვეული კანონზომიერება არსებობს, თუმცა სამედიცინო ლიტერატურას თუ მოვიშველიებთ, მივხვდებით, რომ ეს 40-წლიანი ინტერვალი არცთუ „სარწმუნოა“. ყოველ შემთხვევაში, ქათმისა და ღორის გრიპები დავიწყებული არ გვქონდა, როცა 2014 წლის თებერვალში, მსოფლიო ახალი პანდემიის საშიშროების წინაშე დადგა. ამჯერად, ეპიდემიის კერა გვინეა გახლდათ, სადაც ებოლას პირველი შემთხვევები დაფიქსირდა და ციებ-ცხელება მალე მეზობელ სახელმწიფოებშიც _ ლიბიაში, ნიგერიაში, სიერა-ლეონესა და სენეგალშიც გავრცელდა. 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ებოლას ვირუსის სიკვდილიანობა 90%-ს აღწევს და ამის მიზეზი ისაა, რომ მისი საწინააღმდეგო ეფექტიანი პრეპარატი არ არ არსებობს. შესაბამისად, ებოლას ეპიდემია ჯერ კიდევ არაა დაძლეული. ყოველ შემთხვევაში, იმ ქვეყნებშიც ვრცელდება, სადაც თავდაპირველად არ დაფიქსირდა. 

საბედნიეროდ, საქართველოში ებოლა არ „აფეთქებულა“, მაგრამ სხვა ეპიდემიებს ჩვენი ქვეყანა ვერ გადაურჩა, რასაც იგივე კორონავირუსის სწრაფი გავრცელებაც მოწმობს. სპეციალისტების განმარტებით, საქართველოში „კორონას“ პიკი მომავალ ორ-სამ კვირაში იქნება და კულუარებში იმასაც პროგნოზირებენ, რომ ამ ინფექციით შესაძლოა, რამდენიმე ასეული ადამიანი დაავადდეს. იქიდან გამომდინარე, რომ ახალი კორონავირუსის ბუნება ბოლომდე არააა შესწავლილი, ზუსტი პროგნოზის გაკეთება ყველას უჭირს, თუმცა იგვივე სეზონური გრიპებისა და სხვა პანდემიების გამოცდილება სპეციალისტებს იმის თქმის საფუძველს აძლევს, რომ „კორონათი“ საქართველოში არავინ გარდაიცვლება, ან მსხვერპლი ძალიან მინიმალური იქნება. ღმერთმა ქნას, ასე იყოს, თუმცა იმის იმედიც არ დავკარგოთ, რომ სანამ ახალი უხილავი მტერი ყველას დაგვერევა, მსოფლიო მეცნიერები მისი გაუვნებელყოფის მეთოდს მიაგნებენ და ყველაფერი, ამერიკული ფილმებისა არ იყოს, „ჰეფი ენდით“ დამთავრდება. 

ისე, სიტყვამ მოიტანა და, 2011 წელს, ჰოლივუდში ფილმი „ინფიცირება“ გადაიღეს, რომელშიც დღევანდელი მდგომარეობა, თითქმის ასპროცენტიანი სიზუსტითაა აღწერილი. ეს და სხვა დეტალი ბევრს აძლევს საფუძველს, იეჭვოს, რომ ახალი კორონავირუსი ხელოვნურად შექმნილი ინფექციაა. მართალია, ამის მტკიცებულებები არ არსებობს, მაგრამ არსებობის უფლება ნებისმიერ ეჭვს და ვერსიას აქვს, მით უმეტეს, ამ ფონზე, როცა საზოგადოება, ლამის შეშლილობის ზღვარზეა. 

არადა, თუ იგივე ქრონიკებს გადავხედავთ, ამაზე უარესისთვის გაგვიძლია და ცხადია, „კორონასაც“ „გადავაგორებთ“, მით უმეტეს ახლა, ბირთვულ საუკუნეში, როცა შეუძლებელი არაფერია. აბა, ჩვენ რომ დავპანიკდეთ, მაშინ რაღა უნდა ექნათ ჩვენს წინაპრებს, რომლებიც შავ ჭირსა, თუ „ისპანკას“ ებრძოდნენ და არც პირბადეები ჰქონდათ, არც _ ანტისეპტიკური ხსნარები და ტერმინ „სოციალური დისტანციაზეც“, ალბათ, არაფერი სმენოდათ? 

ნათქვამია, წარსული ყველაზე კარგი გაკვეთილიაო. ამიტომაც, არსებულ რეალობაზე მსჯელობისგან თავს აღარ შეგაწყენთ და „რადიო თავისუფლებაზე“, ცალკეულ ადამიანთა მოგონებებს, სახელმწიფო უწყებების დოკუმენტებსა, თუ საგაზეთო პუბლიკაციებზე დაყრდნობით, ისტორიას გაგახსენებთ: 

„1811 წელი მძიმე იყო ქართლ-კახეთისათვის რამდენიმე მიზეზის გამო. რუსეთის იმპერატორმა ალექსანდრე I-მა გააუქმა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია, რომელიც 14 საუკუნეს ითვლიდა. 1811 წელსვე, მთავარმართებლად დაინიშნა მარკიზი პაულიჩი _ „კაცი ელამი, რაგვარათაც თვალითა, ეგრეთვე სულითაცა და მოქმედებითა. მაშინ იყო შემჭირვებაი დიდი ქართველთა ზედან მარკიზისაგან“, რომლის მოქმედებასაც 1812 წელს, კახეთსა და ქართლში დიდი ამბოხება მოჰყვა. არ დარჩა კახეთში სოფელი, რომელსაც რუსული ეგზეკუცია არ შეხებია. ამას დაერთო შავი ჭირის გავრცელებაც, რასაც ცნობილი მწერალი და საზოგადო მოღვაწე, ალექსანდრე ორბელიანი თავის მოგონებებში აღწერს: 

„...იძახდნენ, აქ გაჩნდა, იქ გაჩნდა; აქ მოკვდა, იქ მოკვდა; ეს აიყარა, ის წავიდა; ეს დაიხიზნა, ის გაეშურა. სულ ეს ხმები იყო ზევით-ქვევით ქართლ-კახეთში და ეს ხმები ამ ქალაქ ტფილისში მოდიოდა, სადაც აქაც იყო გაჩენილი ჭირი. ტფილისის ხალხი ბევრნი იყრებოდნენ, მიდიოდნენ იქა, სადაც სოფლებში ჯერ კიდევ არ გაჩენილიყო: ეგება იქ არ გაჩნდეს და სიცოცხლე იქ გადავირჩინოთო“. 

ალექსანდრე ორბელიანის ოჯახიც აიყარა „სულერთიან სახლეულობითა და გაეშურნენ სოფელ მარტყოფისკენ, ტფილისის სახლში კი ორი მოსამსახურე დატოვა, თან დაარიგა: 

„ალაყაფის კარი დაკეტილი გქონდესთ, არავინ არ შემოუშოთ თქვენთან და არც თქვენ გახვიდეთ სადმე, სულ შინ იყავით. ფქვილი ბევრი გაქვთ, ფიჩხი ბევრი და როდესაც დაგჭირდეთ, პური გამოაცხვეთ. ერბო, ხახვი და ყველი ბევრი გექნებათ, ხან ყველ-პურზე გადაიარეთ და ხან ხარშო გააკეთეთ. დასალევი წყალიც შუაღამის დროს მოიტანეთ, იმ დროს ფეხი მოწყვეტილი არის, არავინ არ შეგხვდებათ და თუ შეგხვდესთ ვინმე, ხმას ნუ გასცემთ, ასე მოერიდენით ყველას“. 

ერთი სიტყვით, მარტყოფი თბილისიდან გახიზნულებით ავსებულა, თუმცა შავი ჭირი იქაც მალე გაჩენილა და ხალხი იძულებული გამხდარა, ტყეში გახიზნულიყო. ორბელიანებმა გეზი პატარძეულისკენ, ალექსანდრეს მამიდის, ეკატერინეს ოჯახისკენ აიღეს, მაგრამ ადგილზე ჩასულები იგებენ, რომ ეკატერინეს ორი მოსამსახურე შავ ჭირს უმსხვერპლია და იქვე დაუმარხავთ. 

„...შემატყეს, რომ იმ სნეულებისა იყო, ძლიერი სიცხე მომცა. იმ ღამეს რიგიანი გონება აღარ მქონდა, იმის მეტი აღარ მახსომს რა, რომ ერთი ჩონგურიანი კაცი შემოვიდა, უკან რამდენიმე მორთული ქალები შემოჰყვნენ, მოვიდნენ და მდაბლა თავი დამიკრეს, მე ამაზედ მაღლა გამეცინა, ჩემი გამდელი მოიჭრა, მკითხა: რას იცინიო? - მე იმათი ამბავი უთხარ, აგერ ახლაც იქა სხედან-მეთქი. მაშინვე წყალი მოარბენინა, რომ დავლიე, ვეღარავინ ვერ ვნახე, მაგრამ იმ ღამეს სრულიად გონება მიმეხადა და გარინდებული ვიყავ თურმე... შორიახლოს დამაწვინეს ერთ დარბაზში, ჩემი გამდელი მომიჩინეს ერთი მოსამსახურით და სხვა არვინ მომაკარეს... დილას და საღამოს მოგვიტანდნენ სასმელ-საჭმელს და სანთელს მოსამსახურენი, იქვე კარეფში ჩასდგამდნენ“, _ ვკითხულობთ ალექსანდრე ორბელიანის მოგონებებში. ამავე მოგონებებიდან ვიგებთ, რომ რამდენიმე დღეში, მას ნიკაპზე „ვეება მუწუკი“ გასჩენია. 

„ორმოც დღეს უკან, ყველანი ჩემთან შემოვიდნენ, მოლოცვით და სიხარულით, ჭირს გადურჩი... ხანი აღარ გამოვიდა, ავიყარენით, ჯერ ყარაბულახში გადავედით და იქიდგან ტფილისში ჩამოვედით, სადაც ყოვლის მხრიდან მცხოვრებნიც მოიკრიფნენ და ქალაქი ისევ ქალაქად იქცა, როგორც ადრე იყო ხოლმე. ჩვენი მოსამსახურენიც მშვიდობით კარგად დაგვიხვდნენ“, _ წერს ორბელიანი. 

ასე იყო თუ ისე, საქართველომ შავ ჭირს თავი დააღწია, თუმცა რამდენიმე ათეული წლის შემდეგ, ჩვენს ქვეყანას თავს ახალი უბედურება დაატყდა _ ქოლერა. 

„თბილისის თვითმმართველობამ დაინახა, რომ ხოლერა სრულებითაც არ ხუმრობსო და საშინელის მრისხანებით უპირებს განადგურებას მთელს კაცობრიობასო, რაც კი რამ მოეძებნებოდა, ყველაფერს მოუყარა ქალაქმა თავი- თავს და იარაღად აქცია, რამდენიმე ათასი თუმანი ფული დასდო მცხოვრებთა დასახსნელად. დაიქირავა თითქმის ოცამდე ექიმი და დაავალა, რომ საცა კი ხოლერამ იჩინოს თავი, გაქანდით, მუქთად უშველეთ გაჭირვებულს და ხოლერიანი ადგილები ისე გაასუფთავეთ, რომ იქ ბაცილებს აღარ შეეძლოთ გაძლებაო. რაც კი საეჭვო საცმელები ჰნახოთ, ქვეშსაგები, ყველაფერი გადაწვით და გადაბუგეთ _მე ვზღავ ერთი-ორადაო. ამისთანა თადარიგის დაჭერამ, თქვენცა ჰხედამთ, რაცა ჰქნა“, _ იუწყებოდა 1892 წლის 22 ივლისს, გაზეთი „ივერია“. 

1892 წლის 4 სექტემბრს კი, იგივე „ივერიაში“ ქვეყნდება ვრცელი სტატია ქოლერაზე _ „ქოლერის საწინააღმდეგო ვაქცინის (ჩირქის) აცრა“: 

„ზღვის გოჭებსა, ბაჭიებსა და მტრედებზედ ცდამ გვიჩვენა, რომ ჩვენ მიერ მოგონილს ხოლერის საწინააღმდეგო ვაქცინას (ჩირქი) იგივე ზედმოქმედება აქვს სხვა უფრო ღონიერის აგებულების ცხოველებზედაც. ამ გარემოებამ წაგვაქეზა და გადავწყვიტეთ ადამიანისთვისაც აგვეცრა“. 

ერთი წლის შემდეგ, კერძოდ, 1893 წლის 11 აგვისტოს, ასევე, „ივერია“ იუწყება, რომ აიკრძალა ეკლესიების გალავნებში „საღმრთოს დაკვლა, მტკვარში ბანაობა და მტკვრის წყლის ხმარება. ბაზარში უვარგისი ხილის გაყიდვა“. 

ყველაფერმა ამან შედეგი მოიტანა და ქოლერას შემთხვევებმა იკლო. 

სხვათა შორის, ქოლერასთან ბრძოლაში ერის სულიერი მამა და უგვირგვინო მეფე, ილია ჭავჭავაძეც გახლდათ ჩართული.

„თბილისში ქოლერის შემთხვევებთან დაკავშირებით, დიდი კაცთმოყვარეობის გრძნობით განმსჭვალული სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის ხელმძღვანელობა სწირავს თბილისის გუბერნიის უღარიბესი მოსახლეობის სასარგებლოდ საგრძნობ დიდ თანხას _ 20 ათას მანეთს. ეს შემოწირულობა ქოლერის საწინააღმდეგო ბრძოლისთვისაა იმ ღონისძიებათა მისახმარებლად, რომელსაც მთავრობა უკვე ეწევა“, _ ნათქვამია კავკასიის მთავარმმართებლის სამოქალაქო შინაგან საქმეთა სამინისტროს საგუბერნიო სამმართველოს 1892 წლის 1-2 ივლისის ოქმში. 

იმავე წლის 12 ივლისს კი, ილია ჭავჭავაძე საგურამოდან გუბერნატორს დეპეშას უგზავნის, რომელშიც ვკითხულობთ: 

„9 აპრილს, შუადღისას ავად გახდა მუშა ზევნორე თვარაძე და საღამოთი იგი ცოცხალმკვდარი მოიყვანეს მინდვრიდან საგურამოში. შემთხვევა საეჭვოა, ადგილობრივი მამასახლისი უმოქმედობს. ამბობენ, მაზრის ექიმიც ასევე... გთხოვთ, მოავლინოთ ექიმი“. 

ვაჟა ფშაველა კი ქოლერას შაჰ-აბასის შემოსევას ადარებდა და წერდა: 

„ვგონებ, შაჰ-აბასის შემოსევამაც არ ააყაყანა ისე საქართველო, როგორც ხოლერის გაჩენამ: ხოლერა სიკვდილის მომასწავებელია და ჩვენ ხომ სიცოცხლის მეტის-მეტად მოყვარულნი ვართ და ანკი რას არ აგვაყაყანებდა... 

 

აბა, გადავავლოთ ჩვენს მხარეს თვალი, აბა, კარგად დავუკვირდეთ ჩვენს გარემოებას, ჩვენს წამხდარს საქმეს, თუ მართლა უარესის ხოლერით არ ვიყოთ ავად. ამ ხოლერას ვერ უპოვნეთ ვერსაიდამ წამალი, იმაზედ არც სისუფთავე სჭრის, არც დეზინფექცია. აბა, ხოლერა, ნამდვილი ხოლერა ეს გახლავსთ. ეს ისეთი ხოლერაა, რომ განა 2 ათასში ათასს მოჰკლავს და ათასი გადაჰრჩება?! არა, ყველას იმსხვერპლებს, მთელს ერს მუსრს გაავლებს... გაზეთებმაც დროა პირველს თავი დაანებონ და მეორეს მიაპყრონ თვალი, იმ ჩუმად მძრომელს, რომელიც სისხლს არ აჩენს, მაგრამ მკვდრებს კი ამრავლებს. ეგები ესეც მოვიშოროთ თავიდან... აქაც საჭიროა ყაყანი და იგივე ყაყანი; მასთან ერთად ხელებისა და ტვინის ფათურიც, თორემ მარტო ცარიელს ყაყანში არაფერი მოიხვეტება, როგორც კალიისგან განადგურებულს მიწაზე“. 

„შავი ჭირიც“ წარსულს ჩაბარდა, თუმცა გასული საუკუნის დასაწყისში, კერძოდ, ზუსტად მაშინ, როცა საქართველომ რუსეთის იმპერიისგან დამოუკიდებლობა მოიპოვა, მსოფლიოს ესპანური გრიპის ანუ „ისპანკას“ ეპიდემია მოედო და საქართველოს ახალგაზრდა სახელმწიფოც, ნებსით თუ უნებლიედ, ამ „მტერთან“ ბრძოლაში ჩაერთო. 

„ერობებმა დაიწყეს საექიმო პერსონალის მობილიზება და კოორდინირება. პერიოდულად ეწყობოდა სამაზრო ექიმთა ყრილობები, სადაც ხდებოდა გამოცდილების შეჯერება და სამოქმედო პროგრამის განსაზღვრა. მალევე კანონით განისაზღვრა საერობო მედიცინის ძირითადი პრინციპები, რომლებიც საყოველთაო ჯანდაცვის მოდელს დაეფუძნა. მაზრები დაიყო სამედიცინო უბნებად, მოეწყო კლინიკები და ამბულატორიები. დაკომპლექტდა სამაზრო ექიმთა შტატი, რომელიც მაზრის მოსახლეობას უფასოდ ემსახურებოდა და ხელფასს ერობის ბიუჯეტიდან იღებდა. მოსახლეობას მხოლოდ მედიკამენტების ხარჯის გაღება უწევდა, თუმცა რეალობიდან გამომდინარე, რადგან უმეტესობა ეკონომიკური კრიზისის, ეპიდემიების მასშტაბისა და ფარმაცევტული ბაზრის შეზღუდულობის გამო ვერ ახერხებდა წამლების შეძენას, ერობათა დიდმა ნაწილმა თავადვე დაიწყო მედიკამენტებით მომარაგების საქმის მოწყობა“, _ ციტირებს ისტორიკოს ირაკლი ხვადაგიანის სიტყვებს რადიო თავისუფლება“ და დასძენს, რომ საქართველოში, მეზობელი ქვეყნებისგან განსხვავებით, „ისპანკას“ მსხვერპლთა რიცხვი გაცილებით დაბალი იყო, თუმცა „ისპანკას“ გარდა, პირველ რესპუბლიკას ქოლერა, ტიფი, დეზინტერია და სხვა ათასი სახადი უტევდა. ყველაფერ ამის მიზეზი კი ქალაქის სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა გახლდათ. 

„ქალაქი სხვადასხვა საშუალებებით უზრუნველყოფდა სანიტარულ-ჰიგიენური პირობების დაცვას: გააძლიერა ზედამხედველობა აბანოებზე და მეორადი ტანსაცმლით ვაჭრობაზე, ღარიბ მოსახლეობას სანიტარული ექიმების მეშვეობით გადასცემდა აბანოს ბილეთებს, ყოველდღიურად წმენდა და დეზინფექციას ახდენდა ტრამვაის ვაგონებისას, აკრძალა ტრამვაის ვაგონების გადატვირთვა, გამგეობის მეშვეობით გააძლიერა მოსახლეობისათვის წყლის მიწოდება, გახსნა საზოგადოებრივი სამრეცხაო, გააძლიერა ზედამხედველობა საპარიკმახეროებზე და საზოგადოებრივ სამრეცხაოებზე. თვალყურს ადევნებდა მოსახლეობის თავშეყრის ადგილებს (ბაზრებს). ქალაქში ოთხ ენაზე გამოაკრა ინფექციების გავრცელების პრევენციის ინსტრუქცია, გააძლიერა ქალაქის სადეზინფექციო კამერის მუშაობა, გააფართოვა ქალაქის კლინიკებში ინფექციური განყოფილებები, სამედიცინო დაწესებულებები შეძლებისდაგვარად აღჭურვა მედიკამენტებით და სადეზინფექციო საშუალებებით, საავადმყოფოების პერსონალი მოამარაგა შესაბამისი ტანსაცმლით და აღჭურვილობით. საავადმყოფოებს სპეციალური ინსტრუქცია მიაწოდა ინფექციის შემთხვევაში მოქმედების შესახებ და სხვა“, _ ვკითხულობთ 1917-1921 წლებით დათარიღებულ „თბილისის ადგილობრივი თვითმმართველობის პრაქტიკულ მოღვაწეობაში“. 

როგორც რადიო „თავისუფლება“ იუწყება, 1919 წლის 10 თებერვალს, თბილისის საბჭომ გადამდებ სენით საავადმყოფოს მოსამსახურეთა მოთხოვნათა განხილვისა და დასკვნისათვის საგანგებო კომისია აირჩია, რომლის წევრიც ცნობილი ექიმი და სახელმწიფო მოღვაწე ივანე გომართელიც გახლდათ. ამასთან, ხელისუფლებამ, იმისთვის, რომ ეპიდემია დაემარცხებინა, უმნიშნელოვანესი გადაწყვეტილება მიიღო _ უფასო აბანო გახსნა, სადაც ტანსაცმლის დეზინფექციაც ხდებოდა. ამას გარდა, ქალაქის ღარიბ მოსახლეობას ნახევარი გირვანქა საპონი უფასოდ დაურიგეს. 

ამასთან, ალექსანდროვის საავადმყოფოში სახადიან ავადმყოფებისთვის, 120 საწოლი მოაწყვეს. 

„სამედიცინო დაწესებულებების უპირველეს საზრუნავს წარმოადგენდა, რაც შეიძლება მალე აღმოჩენილიყო შემთხვევა გადამდები სენით ავადმყოფობის შესახებ, რასაც ასრულებდნენ უბნის ექიმები და ამბულატორიები. აღმოჩენისთანავე უნდა მომხდარიყო ავადმყოფთა იზოლირება და ინფორმაციის გადაცემა სადეზინფექციო კამერისათვის და სათანადო სანიტარული ექიმისათვის. კამერას გადაჰყავდა ავადმყოფი ბარაკებში და ბინაზე ახდენდა დეზინფექციას. სანიტარული ექიმი კი იმ ბინას და მიმდებარე ტერიტორიას იღებდა თავის მხედველობის ქვეშ. ანგარიშის წარდგენისას, არ დაიმალა ის ფაქტი, რომ სადეზინფექციო კამერის მუშაობა ამ დიდი ეპიდემიის დროს, არ იყო დამაკმაყოფილებელი, რაზეც ნათლად საუბრობდნენ ციფრებიც. მაგალითად, პარტახიანი ტიფით ავადმყოფი დაფიქსირდა 6013 ადამიანი, დეზინფექცია კი 1646 ადგილას გაკეთებულა. ეს არა მხოლოდ უპასუხისმგებლობით იყო გამოწვეული, არამედ აიხსნებოდა საჭირო მასალების, წამლების უქონლობით და ავადმყოფთა გადასაზიდი საშუალებების არქონით. ყველაფერს ამას, 1919 წლის დასაწყისში, მოსამსახურეთა გაფიცვა დაერთო. 

1920 წლისათვის, საექიმო-სასანიტარო განყოფილება აღჭურვილი იყო ორი ავტომობილ _ „სანიტარკით“ და ორი ეტლით _ ავადმყოფთა გადასაყვანად. აგრეთვე, შედარებით უზრუნველყოფილი იყო სადეზინფექციო წამლებით. 

ეპიდემიის წინააღმდეგ გადატარებულ ღონისძიებებთან დაკავშირებით აღნიშნული იყო, რომ ცუდი შედეგი მოსდევდა ასევე იმ ფაქტს, რომ ავადმყოფები თავსდებოდნენ ბარაკებში და არა საავადმყოფოში, უარყოფითი შედეგი მოჰყვებოდა მცხოვრებთა შეხედულებას, ვითომც დაავადებული უკვე განწირული და დაღუპული იყო. ეს შეხედულება აძნელებდა ავადმყოფთა იზოლაციის საქმეს. ბევრი უარს აცხადებდა ბარაკებში გადასვლაზე, ბევრი მალავდა ავადმყოფობას, რაც თავისთავად, ეპიდემიის გავრცელების მიზეზი ხდებოდა. გამგეობის მედიკოსანიტარული განყოფილება ითხოვდა შესაფერის კრედიტს, რათა პირველ საავადმყოფოსთან გახსნილიყო განყოფილება გადამდებ სენით ავადმყოფთათვის. აგრეთვე დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა ზემოთ ხსენებული საკითხების: ქალაქში წყლის, სისუფთავისა და კანალიზაციის მოწყობის ღონისძიებების გატარებას“, _ იუწყება „რადიო თავისუფლება“, 1917-1921 წლების „თბილისის ადგილობრივი თვითმმართველობის პრაქტიკულ მოღვაწეობაზე“ დაყრდნობით. 

„კორონასი“ არ იყოს, ქოლერას მეორე ეპიდემიამ საქართველოში ავტონომიურად კი არ იფეთქა, არამედ, გარედან შემოვიდა, კერძოდ, უცხოელებისგან გარცელდა ანუ 1919 წელს, თბილისში სულ 90 უცხო ქვეყნის მოქალაქე ცხოვრობდა და დაავადება ადგილობრივ მოსახლეობას, სწორედ მათგან გადაედო. 

„ქოლერას დროს, ძალიან უფრთხოდნენ მწერებს, განსაკუთრებით კი _ ბუზებს. 

ქოლერა ორთაჭალის ციხეშიც გავრცელდა _ პატიმრებს გადაედოთ. ამიტომ ისინი იზოლაციაში გადაიყვანეს და ხშირი ბანაობა „მიუსაჯეს“. ამას გარდა, აეკრძალათ უმი საკვები, ხილი და ბოსტნეული. უნდა დაელიათ მხოლოდ გადადუღებული წყალი. ასევე, ციხის ადმინისტრაციას დაევალა, რომ პატიმრების თეთრეული და ტანსაცმელი ყოფილიყო მაქსიმალურად სუფთა“, _ ამბობენ ეპიდემილოგები და დასძენენ, რომ ქოლერას მეორე აფეთქების ერთ-ერთი საბაბი, შესაძლოა, მტკვრის დაბინძურებული წყალი ყოფილიყო. 

სხვათა შორის, ქოლერას ეპიდემიამ იმსხვერპლა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ლეონიდე. ისტორიული ქრონიკების თანახმად, მორჩილებმა, იმის გამო, რომ დაავადებისგან დაეცვათ, მთიდან წყაროს წყალი ჩამოუტანეს, მაგრამ უწმინდესმა მის მიღებაზე უარი თქვა და განაცხადა, მეც ის წყალი უნდა დავლიო, რომელსაც ჩემი მრევლი სვამსო. 

უცნობია, უწმინდესს ქოლერა ვინმესგან გადაედო, თუ წყლით დაავადდა, მაგრამ ფაქტია: 1921 წლის 11 ივნისს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ლეონიდე, საპატრიარქო რეზიდენციაში, სწორედ ამ დიაგნოზით გარდაიცვალა. 

რატომ გავიხსენეთ ისტორია? _ ამ კითხვას პასუხი, პრაქტიკულად, წერილის დასაწყისში გავეცით, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიტყვით: კორონავირუსის პანდემია, ადრე თუ გვიან, დასრულდება და მსოფლიო ამ უხილავ მტერს, რასაკვირველია, დაამარცხებს, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ პოსტკორონისეული დედამიწა, კორონამდელი დედამიწისგან განსხვავებული იქნება ანუ შეიცვლება, როგორც პოლიტიკური, ასევე, ეკონომიკური დღის წესრიგი და გარკვეულ ცვლილებებს ადამიანათა ქცევაც დაექვემდებარება. აი, მაგალითად, ისე შეიძლება მოხდეს, რომ მოგზაურობა წარსულს ჩაბარდეს და ადამიანები ერთი ქვეყნიდან მეორეში, მხოლოდ განსაკუთრებული შემთხვევების დროს გადაადგილდნენ. 

ამას გარდა, შეიცვლება ცხოვრების სხვა ის წესებიც, რომლებიც ჩვენ, ადამიანებს გლობალიზაციამ გვასწავლა და ვინ იცის, შეიძლება, ისეც მოხდეს, რომ ყველაფერ ამით, დედამიწა გაჯანსაღდეს კიდეც. აკი, ნათქვამია, ზოგი ჭირი მარგებელიაო. ჰოდა, კორონაჭირიც, შესაძლოა, მარგებელი აღმოჩნდეს! 

ასე რომ, ქალბატონებო და ბატონებო, ახლა პანიკის დრო არაა! 

ახლა ბრძოლის დროა! 

დიახ, თოთოეულმა ჩვენგანმა უნდა ვიბრძოლოთ და კორონა დავამარცხოთ! 

დიახ, ამ ომს ჩვენ, ადამიანები, მოვიგებთ! 

დიახ, ჩვენ, ადამიანები, აუცილებლად გავაზაფხულებთ! 

P.s. და კიდევ ერთი: არ დაგავიწყდეთ _ დაიბანეთ ხელები, დაიცავით სპეციალისტთა სხვა რეკომენდაციები და იმისთვის, რომ პლანეტა განსაცდელისგან ვიხსნათ, დარჩით სახლში!

ნინო დოლიძე

 

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში