Menu
RSS

COVID 19-ით ინფიცირებული სპორტის ვარსკვლავები

როგორ შეცვალა კორონავირუსმა მსოფლიო სპორტის დღის წესრიგი და გადაიდება თუ არა 2020 წლის ოლიმპიადა

მართალია, ევროპაში კორონავირუსის გავრცელების გამო, სპორტული ღონისძიებები კი არა, პრაქტიკულად, ყველაფერი შეჩერდა, მაგრამ ცნობილი სპორტსმენები მაინც ყურადღების ქვეშ არიან მოქცეულნი. საქმე ისაა, რომ სპორტის ვარსკვლავებს ათეული და ასეული მილიონობით დოლარი აქვთ ნაშოვნი, რაც წესით, იმას უნდა ნიშნავდეს, რომ მათ არც თვითიზოლაციის პრობლემა უნდა ჰქონდეთ და არც _ ექიმთა დანიშვნის, მაგრამ ყველაფერი ისე მარტივად არ ხდება, როგორც ერთი შეხედვით ჩანს.

მაგალითისთვის მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტის, ლორენცო სანსის დასახელებაც კმარა. ეს კაცი „სამეფო გუნდის“ პირველი პირი 1995-2000 წლებში იყო, შემდეგ კი არჩევნები მოქმედ პრეზიდენტთან, ფლორენტინო პერესთან წააგო. სანსი არამარტო ესპანეთის, არამედ, ევროპის მასშტაბით, ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ და გავლენიან პირად ითვლებოდა, მაგრამ რად გინდა _ ბატონი ლორენცო, 76 წლის ასაკში, სწორედ კორონავირუსმა იმსხვერპლა. 

*** 

გულშემატკივრებისთვის ნამდვილი შოკი იყო იმის გაგება, რომ ვირუსით დაავადდა NBA-ს ყველაზე მაღალანაზღაურებადი კალათბურთელი, მეფედ ცნობილი ლებრონ ჯეიმსი. ჯეიმსი ის კაცია, ვისაც ლეგენდარულ მაიკლ ჯორდანს ადარებენ და ბარემ ისიც ვთქვათ, რომ ლებრონმა ჯორდანის რამდენიმე მიღწევა გააუმჯობესა კიდეც. 

 

კარიერის განმავლობაში, ჯეიმსის მიერ ნაშოვნი ჰონორარი, თუ სარეკლამო კონტრაქტიდან მიღებული თანხა, ლამის მილიარდ დოლარად ფასდება, თუმცა ამ ფულმა მას ვერ უშველა და ვირუსს ვერ დაემალა. 

ამიტომ, სანამ სხვა მოვლენების შესახებ გამცნობთ, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ მთავარი, ამ შემთხვევაში, ფული კი არა, იმ რეკომენდაციების ზედმიწევნით დაცვაა, რომელსაც მსოფლიო, თუ საქართველოს ჯანდაცვის სისტემის წარმომადგენლები გვთავაზობენ. 

*** 

იაპონიაში ჰარუ ბაშო დასრულდა. დასრულდა ისევე უღიმღამოდ, როგორც დაიწყო. სიმართლე გითხრათ, ვერავინ მიხვდა, რატომ არ გადადეს მარტის სუპერტურნირი, რადგან ის გულშემატკივრების გარეშე ჩატარდა, არც დიდი გაშუქება ჰქონდა და არც _ სოლიდური ჰონორარები. 

ქართველმა ლევან გორგაძემ ტურნირი ისევ მტკივანი მუხლით ჩაატარა და უარყოფითი ბალანსი _ 6:9-ზე გაიფორმა. ეს იმას ნიშნავს, რომ ლევანი შემდეგ ტურნირსაც უძლიერესთა შორის ჩაატარებს ანუ ქვედა ლიგაში არ გავარდება, მაგრამ საკთხავი ის არის, აქვს აზრი ასე ჩატარებას?! 

ისე, ტურნირის მთავარი შეხვედრა ბოლო დღეს გაიმართა _ იოკუძუნა ჰაკუჰო, იოკუუნა კაკურიუს დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში მოუგო. შესაბამისად, იმპერატორის თასი და ჩემპიონის ტიტული, სწორედ ლეგენდარულ ჰაკუჰოს ერგო. 

რადგან იაპონია ვახსენეთ, ისიც ვთქვათ, რომ ქვეყნის ხელისუფლება სერიოზულად განიხილავს 2020 წლის ოლიმპიადის ჩატარებას. დღეს არსებული გეგმის მიხედვით, ოლიმპიადა 24 ივლისს უნდა დაიწყოს და 9 აგვისტოს დამთავრდეს, მაგრამ პრაქტიკულად, მთელი ევროპა ამის წინააღდეგია და ამომავალი მზის ქვეყანაში, საკუთარი სპორტსმენები, გაშვებას არ აპირებს. არადა, იაპონიაში გახშირებული კორონავირუსის შემთხვევების გამო, ოლიმპიური ობიექტების მშენებლობა-განახლება შეჩერებულია და თუ დროზე არ აღდგა სამუშაოები, ოლიმპიადა ფიზიკურად ვერ ჩატარდება. 

პარალელურად, ოლიმპიადის ერთი წლით გადადება იაპონიის ხელისუფლებას რამდენიმე მილიარდით აზარალებს, რადგან ოლიმპიადის გასამართად, ქვეყანამ ბევრი გაიღო და ახლა, ერთი წლით რომ გადადოს, იგივე გზის გავლა, იგივე ღონისძიებების ჩატარება მოუწევს, რაც ორმაგ ხარჯთანაა დაკავშირებული. 

ოლიმპიადის ბედი კი გაირკვევა, მაგრამ გაურკვეველი ის რჩება, რა უნდა ქნან იმ სპორტსმენებმა, რომლებიც ოლიმპიური ლიცენზიებისთვის ბრძოლას, სწორედ მარტსა და აპრილში აპირებდნენ? 

*** 

ერთი რამის თქმა თამამად შეგვიძლია: თუ ოლიმპიადა 2020 ჩატარდება, ჩოგბურთში წარმომადგენელი აუცილებლად გვეყოლება _ ნიკოლოზ ბასილაშვილმა იქ თამაში მარტივი მიზეზის გამო გაინაღდა. 

ოლიმპიადაზე მონაწილეობას რეიტინგის პირველი 56 წევრი იღებს. 7 ივნისამდე, ყველა საჩოგბურთო ტურნირი გაჩერებულია, შესაბამისად, რეიტინგში ცვლილებები არ იქნება, ნიკა კი, დღეის მდგომარეობით, 26-ეა. აი, 7 ივნისს, საჩოგბურთო ტურნირებზე აკრძალვა თუ მოიხსნება, ნიკამ ერთიც რომ არ ითამაშოს, მისი ქულები 56-ში დასარჩენად, მაინც საკმარისი იქნება. 

*** 

მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავმა, კრიშტიანუ რონალდუმ განაცხადა, ჩემი ქალაქის, მადეირას საავადმყოფოს 200 ათასი ევროს ღირებულების პირბადეებსა და ხალათებს უსასყიდლოდ გადავცემო. არადა, „ბაიერნის“ ფორვარდმა, რობერტ ლევანდოვსკიმ ვირუსის საწინააღმდეგო ფონდში მილიონი ისე უხმაუროდ გადარიცხა, ჟურნალისტებს რომ არ დაეწერათ, ვერც ვერავინ გაიგებდა. 

სავარაუდოდ, პორტუგალიელის მომჭირნეობა იმით უნდა ავხსნათ, რომ ტურინის „იუვენტუსის“ შეფებმა უკვე გამოაცხადეს, ფეხბურთელებს გასამრჯელოს ვერ გადავუხდით და ამიტომ, წლიურ ხელფასებს 30%-ით ვამცირებთო. 

რონალდუ სეზონში 30 მილიონს იღებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ის დაახლოებით, ათი მილიონით იზარალებს. 

სხვათა შორის, გერმანიაში ფულის შეგროვების თემა ერთგვარ გამოწვევადაც იქცა. ყველა ცდილობს, რაღაცით დაეხმაროს იმ ფონდებს, რომლებიც კორონავირუსის წინააღმდეგ იბრძვიან. აგერ, ბუნდესნაკრების წევრებმა _ ლეონ გორეცკამ და იოზუა კიმიხმა სოციალურ ქსელში დაწერეს, ვისაც რამდენი გაქვთ, იმდენი შესწირეთ ფონდსო, თავადაც გაიღეს თანხა და მეორე დილით, ფონდის ანგარიშზე 2.7 მილიონი ევრო იდო. 

რონალდუს შემდეგ, „იუვეს“ მთავარი ვარსკვლავი არგენტინელი, პაულო დიბალაა. ჰოდა, მას და მის მეგობარ გოგონას ვირუსი ერთობლივად დაუდგინდათ. მართალია, ფეხბურთელი ოფიციალურ გვერდზე წერს, თავს კარგად ვგრძნობთო, მაგრამ იტალიაში შიშობენ, რომ ცნობილ ადამიანებზე რეალური ვითარება იმალება. 

კორონავირუსი აქვთ „მილანის“ ლეგენდარულ კაპიტანს, პაოლო მალდინისა და მის შვილს. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემაც ისაუბრა, რომელმაც აღნიშნა, რომ მალდინისთან კომუნიკაცია ჰქონდა და ის მხნედ არის. 

*** 

კატასტროფული ვითარებაა ყაზახურ კლუბებში. ყველა ყაზახურმა გუნდმა გამოაცხადა, რომ ფეხბურთელებთან გაფორმებულ კონტრაქტებში გარკვევით წერია, ფორს-მაჟორულ სიტუაციაში, კლუბი სიტუაციის შესაბამისად მოიქცევაო. ჰოდა, იქ მოთამაშე, აბსოლუტურად ყველა ფეხბურთელსა და მწვრთნელს, ხელფასები გაუნულეს და არცერთ ცენტს არ გადაუხდიან. 

ქართველთაგან ყაზახეთში, ნაკრების კაპიტანი, ჯაბა კანკავა, ნაკრების წევრები _ ნიკა კვეკვესკირი, ლუკა ზარანდია, გუჯა ლობჯანიძე, ლევან კუტალია, შოთა გრიგალაშვილი და თამაზ ცეცხლაძე თამაშობენ. ყაზახური „ორდაბასის“ მთავარი მწვრთნელი კახა ცხადაძეა, ხოლო მისი ასისტენტი _ გიორგი ჩიხრაძე, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინიც უხელფასოდ დარჩნენ. 

 

*** 

ისე ჩანს, კორონავირუსს გადაურჩა ლიონელ მესი. არგენტინელი სუპერვარსკვლავი საკუთარ სახლშია გამოკეტილი და ფორმა რომ შეინარჩუნოს, საკუთარ სპორტდარბაზშივე ვარჯიშობს. 

ვინც არ იცის, ვეტყვით, რომ ლეომ საკუთარი სპორტდარბაზის მოსაწყობად, თავის დროზე, სამი მილიონი დახარჯა და აქვს ყველაფერი _ მარტივი გირებით დაწყებული, სამედიცინო პუნქტით დასრულებული. 

რონალდუსი არ იყოს, 30% ხელფასიდან მესისაც დააკლდება ანუ ის სრულ ჯამაგირს მანამ ვერ აიღებს, სანამ სეზონი არ განახლდება. კატალონიური კლუბის წლიური ბიუჯეტის 53% ანუ 550 მილიონი ევრო, სწორედ პირველ გუნდზე იხარჯება და იმის გათვალისწინებით, რაც დღეს ხდება, კლუბს შემოსავლები შემოაკლდა. ხელმძღვანელობამ კი კრედიტების აღებასა და ვალებში წასვლას, ფეხბურელებისთვის ხელფასების ჩამოკლების გადაწყვეტილება მიიღო, რასაც მოთამაშეები გაგებით მოეკიდნენ და დასთანხმდნენ. 

*** 

იტალიაში არსებული სიტუაციის შემდეგ, ქვეყანა არაერთმა ცნობილმა სახემ დატოვა. ამ დროს კი, სხვა ქვეყანაში დასასვენებლად მყოფი ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, რობერტო მანჩინი სამშობლოში დაბრუნდა. 

„მე ეროვნული ნაკრების მწვრთნელი ვარ და უფლება არ მაქვს, ასეთ დროს, ჩემი ქვეყნის გვერდით არ ვიყო. მე და ჩემი გუნდი ხომ, სწორედ ამ ქვეყნის ღირსებას ვიცავთ. ამიტომ, აქ ვარ და ნდობას ვუცხადებ იტალიელ ექიმებს“, _ განაცხადა მანჩინიმ.

ბათო ჯაფარიძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში