Menu
RSS

რამდენი მილიარდი დააკარგვინა „კოვიდ 19“-მა მსოფლიო სპორტს

კარანტინში მყოფი ცნობილი სპორტსმენები და ბურვაკით დაჯილდოებული რონალდინიო

შეიძლება თამამად ითქვას, რომ თუ ვინმე და რამე დაზარალდა კორონავირუსით, ერთ-ერთი პირველი სპორტის სამყაროა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, შეჩერდა ჩემპიონთა და ევროპის ლიგა, შეჩერდა ყველა საფეხბურთო ჩემპიონატი აზიის, ლათინური ამერიკისა და ავსტრალიის გარდა, დღის წესრიგში დგას ევროპის 2020 წლის საფეხბურთო ჩემპიონატის გადადება და მთავარი სპორტული მოვლენის _ ოლიმპიადის არჩატარება. უფრო გასაგებად რომ აგიხსნათ, მაგალითად, მხოლოდ გერმანიის ბუნდესლიგამ, რომელმაც საფეხბურთო პირველობა, პირობითად, 2 აპრილამდე შეაჩერა, უკვე გამოაცხადა, რომ მხოლოდ ამ სამი კვირის განმავლობაში, საერთო ზარალი 770 მილიონი ევრო იქნება. რა თქმა უნდა, მთავარი ზარალი პირველი და მეორე ბუნდესლიგის კლუბებზე მოდის და მათი მესვეურები შეღავათებს ითხოვენ. ჯერჯერობით, შეღავათად მხოლოდ გადასახადების გადავადება სახელდება, მაგრამ საიდან უნდა მოიტანონ კლუბებმა ფული, უცნობია. ამიტომ, ისინი ამ პერიოდისთვის გადასახადების მოხსნას ითხოვენ, რაც უკვე ქვეყნის ეკონომიკას დაარტყამს.

ზუსტად ასეთ დღეში არიან დანარჩენი საფეხბურთო ლიგები და ყველაზე მეტად, ალბათ, ინგლისის პრემიერლიგა დაზარალდება. ჯერ ერთი, ინგლისში ყველაზე მეტი კლუბია და მეორეც, ყველაზე ძვირი, სწორედ პრემიერლიგის ტრანსლირება ღირს. 

* * * 

განგაში ტყუილად არ არის გამოცხადებული: არაერთი ცნობილი ფეხბურთელი ვირუსით, თუ ვირუსზე ეჭვით, საავადმყოფოშია გადაყვანილი. მათ შორისაა კრიშტიანუ რონალდუც, რომელიც ოჯახთან ერთად, კარანტინში კი გააქანეს, მაგრამ პორტუგალიელმა ნაშოვნი მილიონები დახარჯა, იქირავა კუნძული, სამედიცინო შტაბი, ახლა, მთელ ოჯახთან ერთად, კუნძულზეა განმარტოებული და იქ მკურნალობს. 

საავადმყოფოში არიან გადაყვანილნი NBA-ს ვარსკლავთა ნაწილიც, რომელთაც ვირუსი დაუდგინდათ. 

კორონავირუსით გარდაიცვალა ცნობილი მებრძოლის, კონორ მაკგრეგორის დეიდა. მოკლედ, ვირუსმა სამყარო შეცვალა, მთელი სპორტული სამყარო. 

* * * 

რა თქმა უნდა, გამონაკლისი არც საქართველოა. 14 მარტს, საქართველო-რუსეთს შორის გასამართი რაგბის შეხვედრა გადაიდო. ასევე, 26 მარტს, არ ჩატარდება ევროპის ერთა ლიგის ნახევარფინალური შეხვედრა, რომელშიც საქართველოს ბელორუსისთვის უნდა ემასპინძლა. ზოგადად, საქართველოში, ყველა სპორტული ღონისძიება შეწყდა, რომლებიც საერთაშორისო რეკომენდაციების გათვალისწინებით განახლდება. 

საინტერესოა, რომ წამყვანი საფეხბურთო ლიგების მესვეურები განიხილავენ ვარიანტს, რომლის მიხედვითაც ჩემპიონატებს დასრულებულად გამოაცხადებენ, ჩემპიონი არ დასახელდება და მომავალ სეზონში, ჩემპიონთა ლიგაზე ის გუნდები ითამაშებენ, რომლებსაც შესაბამისი პოზიცია დღეის მდგომარეობით უკავიათ. 

იმავე ლოგიკით, ქვედა ლიგებშიც ის გუნდები დაქვეითდებიან, რომლებიც ბოლო სამ ადგილზე არიან, მაგრამ ეს არავის აწყობს. ასეთ შემთხვევაში, ზარალი ასტრონომიული იქნება და თანაც, აუტსაიდერი კლუბების შეფები ამბობენ, რომ მათ გუნდებს გადარჩენის შანსი აქვთ და ეს შანსი უნდა გამოიყენონ. 

საქართველოში კი ჩემპიონატის ახლა დასრულება არანაირად არ გამოვა, რადგან პირველობამ მარტის დასასწყისში აიღო სტარტი და ახლა დასრულება, უბრალოდ, აბსურდი იქნება. 

სხვათა შორის, კარანტინშია საქართველოს წყალბურთელთა ნაკრების სრული შემადგენლობა, რომელიც საერთაშორისო ტურნირიდან დაბრუნდა და აეროპორტიდან, პირდაპირ საავადმყოფოში გადაიყვანეს. 

არსებობდა ვარაუდი, რომ ქართული და ბელორუსული მხარის შეთანხმების შემთხვევაში, საქართველო-ბელორუსის მატჩი, შესაძლოა, მაინც ჩატარებულიყო, ოღონდ მაყურებლების გარეშე, მაგრამ ჯერ ჩვენმა ხელისუფლებამ თქვა უარი, რადგან ევროპიდან ჩამოსულ ლეგიონერებს ორ-კვირიანი კარანტინის გავლა მოუწევდათ, შემდეგ კი უკვე უეფამ ოფიციალურად აკრძალა ყველა თამაში და რაღა თქმა უნდა, აღნიშნული მატჩიც. 

ისე, უეფა იმასაც ფიქრობს, რომ ჩემპიონთა ლიგის 1/4 და ½ დაპირისპირებების მატჩები, ორი რაუნდის ნაცვლად, ერთ შეხვედრაში გათამაშდეს (ეს ერთჯერადი აქცია იქნება და არა მუდმივი) და ჩემპიონთა ლიგა რაც შეიძლება მალე დასრულდეს. რა თქმა უნდა, აღნიშნული გადაწყვეტილება კლუბებს არაერთ ათეულ მილიონ დოლარს დააკარგვინებს, მაგრამ ადამიანების სიცოცხლე და უსაფრთხოება მილიონებზე მაღლა დგას. 

* * * 

მიუხედავად აკრძალვებისა, მოხერხდა და შვეიცარიაში დაწყებული მოჭადრაკეთა ტურნირი ბოლომდე გათამაშდა. პრინციპში, რაღა ტურნირი, ლოზანაში უძლიერესი მოჭადრაკეები შეიკრიბნენ და მსოფლიო გრან-პრისთვის იბრძოლეს. ჩემპიონი ნანა ძაგნიძე გახდა,რომელმაც გამარჯვების შემდეგ, საკუთარ გვერდზე, შემდეგი შინაარსის განცხადება გააკეთა: 

„გრან-პრის გამარჯვებას ვუძღვნი ექიმებს, რომლებიც მსოფლიო პრობლემას ებრძვიან ჩვენს ქვეყანაში და განსაკუთრებით, ადამიანს ადამიანთა შორის, ბატონ ამირან გამყრელიძეს, რომელიც ყოველთვის გვერდით მედგა, ჩემთვის მძიმე წუთებში. სამი კვირის წინ, ჩემმა ჩინელმა კოლეგებმა მთხოვეს, ჩამეწერა მათთვის გასამხნევებელი ვიდეო. მათ მიაღწიეს წარმატებას და იმედია, ჩვენც ერთად გავიმარჯვებთ“. 

* * * 

კვლავ მაყურებლების გარეშე მიმდინარეობს სუმოისტთა მორიგი სუპერტურნირი. ჰარუ ბაშოზე უჩვეულო სიმშვიდეა, რადგან სუმოისტებს ცარიელი ტრიბუნების წინაშე უწევთ გამოსვლა და დარბაზში მხოლოდ გოლიათების შეძახილები ისმის. 

სამწუხაროდ, კვლავ უარყოფითი ბალანსი აქვს ლევან გორგაძეს. ტოჩინოშინი 2:5-ზე აგებს და თუ ტურნირის დადებითი ბალანსით დასრულება და რანგში დაქვეითება არ სურს, დარჩენილი რვა შეხვედრიდან, მინიმუმ, ექვსი უნდა მოიგოს, რაც მისი ქრონიკული ტრავმის გათვალისწინებით, ძალიან ძნელი იქნება. 

* * * 

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ფრანგმა ნახევარმცველმა, პოლ პოგბამ ადამიანებს მოუწოდა დახველების ან დაცემინების დროს, „დები“ გააკეთონ. „დები“ საცეკვაო მოძრაობაა, რომელიც 2014 წელს გამოიგონეს და ფრანგს ისე მოეწონა, რომ გოლების აღნიშვნის დროს, სწორედ მისი გამოყენება დაიწყო. გაგიკვირდებათ და, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ პოგბას რეკომენდაცია აიტაცა და ისიც კი თქვა, კარგი იქნება, თუ ფრანგს დაუჯერებთ და დაცემინების ან დახველების დროს, სწორედ ასეთ პოზას მიიღებთო. მოკლედ, პოგბას რეკომენდაციას სურათით გთავაზობთ და დანარჩენი თქვენზეა. 

* * * 

ცნობილმა სპორტსმენებმა უკვე დაიწყეს ასეულ ათასობით დოლარის გადარიცხვა კორონავირუსით დაავადებულთა დასახმარებლად, თუმცა არაერთი ადამიანი ამ პროცესს სკეპტიკურად უყურებს. მათ მიაჩნიათ, რომ ვიდრე ვირუსის ვაქცინას არ გამოიგონებენ, ფულის გადარიცხვასა და ხარჯვას აზრი არ აქვს. ამის მიუხედავად, იტალიაში მოთამაშე, პრაქტიკულად, ყველა ფეხბურთელმა, სპეციალურ ფონდში მინიმუმ, 50 ათასი ევრო გადარიცხა, რაც იტალიის ხელისუფლებას ძალიანაც წაადგა. ჰო, არიან ადამიანები, რომლებიც პრემიას იმ ადამიანს დაპირდნენ, ვინც ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას მოიგონებს და თუ, მაგალითად, ჯეკი ჩანი ამის გამკეთებელს მილიონი დოლარით დაასაჩუქრებს, ამერიკელი კალათბურთის ლეგენდა ლებრონ ჯეიმსი, ყველაზე თამამი ოცნების ასრულებას ჰპირდება, რა ოცნებაც უნდა იყოს ის. ჯეიმსის ქონება, ლამის მილიარდად არის შეფასებული და დიდი ალბათობით, დანაპირების შესრულება არ გაუჭირდება. 

* * * 

ნეპალის ხელისუფლებამ შეწყვიტა ტურისტული ვიზების გაცემა და განაცხადა, რომ ნეპალის მთებში მოგზაურობის მსურველებს, ჩანაფიქრის გადადება მოუწევთ. რაც მთავარია, გაუქმდა ყველა საერთაშორისო ექსპედიცია, რომელიც ევერესტის დასაპყრობად იყო გამიზნული. ალპინისტებს ნეპალში ჩასვლა კანონის ძალით აეკრძალათ. 

* * * 

მიმდინარე მოვლენების ფონზე, რამდენიმე დღის წინ, პარაგვაიში დაპატიმრებული რონალდინიო ვის გაახსენდებოდა, მაგრამ რონიმ გულშემატკივრებს თავადვე შეახსენა თავი. ბრაზილიელი ვარსკვლავი, ძმასთან ერთად, ყალბი პასპორტის გამო დააპატიმრეს. რაც მთავარია, პარაგვაის სასამართლომ არ გაითვალისწინა მისი ვარსკვლავური სტატუსი და წინასწარი 6-თვიანი პატიმრობაც მიუსაჯა. ჰოდა, იმ საპატიმროში, სადაც რონალდინიო იხდის სასჯელს, ტრადიციული საფეხბურთო ტურნირი ჩატარდა. ისე როგორ იქნებოდა, ტურნირში რონალდინიოს არ ეთამაშა. მისმა გუნდმა 11:2 მოიგო, უშუალოდ რონალდინიოს ანგარიშზე, 5 გოლი და 6 საგოლე გადაცემაა და... გამარჯვებულს პრიზად 16-კილოგრამიანი ბურვაკი ერგო. მართალია, ბურვაკის სამომავლო ბედზე ლათინო-ამერიკელი ჟურნალისტები არაფერს წერენ, მაგრამ სანუკვარი პრიზი უკვე შეჭმული რომ იქნება, ადვილი მისახვედრია. ისე, რონალდინიოს მოგებული აქვს პრიმერა დივიზიონი, ჩემპიონთა ლიგა, ოქროს ბურთი და... ბურვაკი მის კარიერაში, პირველი პრიზია. 

* * * 

ვერ გეტყვით, როდემდე გასტანს ყველაფერი ეს, მაგრამ ფაქტია, რომ სპორტმა მინიმუმ, რამდენიმე მილიარდით იზარალა და არ არის გამორიცხული, უკვე მომავალ წელს, ეს ზარალი კონკრეტულ სახეობებსა, თუ კლუბებზე ნეგატიურად აისახოს. აი, ოლიმპიადის გადადების ალბათობა კი, რომელიც ასევე, დიდია, სპორტის სამყაროსთვის სრული კატასტროფა იქნება.

ბათო ჯაფარიძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში