Menu
RSS

მძღოლებო, 1 აპრილიდან ძველ საბურავებს ვეღარ გამოიყენებთ!

ტექდათვალიერების ახალი რეგულაციები

2020 წლის 1 აპრილიდან, ავტომობილების ტექინსპექტირების ახალი რეგულაციები ამოქმედდება. ის ავტომობილები, რომელთა საბურავების ხანდაზმულობის ვადა 10 ან 10 წელზე მეტია, ტექდათვალიერებას ვეღარ გაივლიან. ცვლილება ეხება მარჯვენასაჭიან ავტომობილებსაც. ,,ვერსია’‘ დაინტერესდა, კონკრეტულად რა იცვლება და რა რეგულაციები ამოქმედდება 2020 წლის 1 აპრილიდან.

ავტომობილების ინსპექტირების ცენტრების ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარემ, ვაჟა იორდანიშვილმა ,,ვერსიას’‘ აუხსნა, რომ 2020 წლის 1 აპრილიდან, ავტომობილების ტექინსპექტირების რამდენიმე ახალი რეგულაცია ამოქმედდება. 

მისი თქმით, პირველი ცვლილება ავტომობილების გამონაბოლქვს ეხება: 

,,2020 წლის 1 აპრილიდან, გამონაბოლქვში CO-ს შემცველობა მკაცრდება და 0.8%-ის ნაცვლად, 0.7% ხდება. 2021 წელს _ 0.6%, ხოლო 2022 წელს _ 0.5% იქნება. ცვლილება ეხება პირველად რეგისტრირებულ ავტომობილებსაც ანუ იმპორტიორმა, რომელიც შემოიყვანს და საქართველოში დაარეგისტრირებს ავტომობილებს, უნდა იცოდეს, რომ ამ ავტომობილებზე ევროპული ნორმა ამოქმედდება. ეს ნიშნავს, რომ გამონაბოლქვში ჩO-ს შემცველობა 0.5%-ს აღარ უნდა აჭარბებდეს. გარდა ამისა, 2020 წლის 1 აპრილიდან, კატალიზური კონვერტორის მოთხოვნაც სავალდებულო ხდება. 

შემდეგი ცვლილება ეხება მარჯვენასაჭიან ავტომობილებს და ზოგადად, საჭის გადატანის პრობლემას. ეს რეგულაცია ადრეც იყო, თუმცა ახლა კონკრეტულად ჩაიწერა თარიღი, რომ 2020 წლის 1 აპრილის შემდგომ შემოყვანილ ავტომობილებზე საჭის გადაადგილებას ვეღარ შეძლებენ. ავტომობილი, რომელიც 2020 წლის 1 აპრილის შემდეგ გაივლის ინსპექტირებას და რომელზეც საჭის მდებარეობა დაფიქსირდება, საჭეს ისიც ვეღარ გადაიტანს. მარტივად რომ აგიხსნათ, ტექინსპექტირებას ვერ გაივლის ის, ვინც 2020 წლის 1 აპრილის შემდეგ შემოყვანილ ავტომობილებზე საჭეს გადაიტანს’‘. 

რაც შეეხება საბურავების ხანდაზმულობას, ვაჟა იორდანიშვილმა ,,ვერსიას’‘ განუმარტა, რომ 2020 წლის 1 აპრილიდან, 10 და მეტი წლის საბურავების მქონე ავტომობილები ტექინსპექტირებას ვეღარ გაივლიან და ასეთი ავტომობილებს დაახარვეზებენ: 

,,სხვათა შორის, 2020 წლის 1 აპრილიდან, გადავადდა რეგულაცია უსაფრთხოების სამკუთხედზე, აფთიაქსა და ცეცხლმაქრზე. ეს ნიშნავს, რომ მათზე მოთხოვნა არ იქნება და მათ გარეშე, ავტომობილი ტექინსპექტირებას გაივლის. 1 აპრილიდან, კიდევ ერთი, მნიშვნელოვანი ცვლილება ამოქმედდება, რაც ავტომობილის სტატუსს ეხება. ამჟამად, ტექინსპექტირების შემდეგ, ავტომობილს ორ სტატუსს ანიჭებენ _ ის ან გამართულია, ან გაუმართავი. თუმცა 1 აპრილიდან, უმნიშვნელო ხარვეზის ცნება შემოვა ანუ ავტომობილი ტექინსპექტირებას გაივლის, მაგრამ ჩაიწერება, რომ მას უმნიშვნელო ხარვეზი აქვს, რომელიც შემდეგ ინსპექტირებამდე უნდა გამოსწორდეს. უმნიშვნელო ხარვეზია, როდესაც ავტომობილის სარკე გაბზარულია, ან საბუქსირე ხუფი არ აქვს, მოკლედ, ისეთი ელემენტარული დეტალი, რაც ავტომობილის უსაფრთხოებაზე გავლენას არ ახდენს, მაგრამ უმნიშვნელო ხარვეზად ითვლება, რაც მძღოლმა ერთი წლის მანძილზე უნდა გამოასწოროს’‘. 

როგორ უნდა შეამოწმოთ საბურავის გამოშვების წელი, რომ ტექინსპეტირების დროს, ავტომობილი მზადყოფნაში გყავდეთ? ვაჟა იორდანიშვილმა აგვიხსნა, რომ საბურავის ასაკს სპეციალური DOთ-ნომრით დაადგენთ, რომელიც ყველა საბურავს აწერია. თანამედროვე საბურავების შემთხვევაში, ეს ოთხნიშნა კოდია, სადაც პირველი ორი ციფრის მიხედვით, თავისუფლად შეგვიძლია გავიგოთ, რომელი წლის, რომელ კვირაში გამოუშვეს საბურავი. მაგალითად, თუ საბურავს აწერია 1317, ვაჟა იორდანიშვილის განმარტებით, ეს ნიშნავს, რომ საბურავი 2017 წლის მე-13 კვირაშია გამოშვებული. 

იმ შემთხვევაში, თუ თქვენი საბურავის ასაკი 10 წელზე მეტია, რაც უნდა მისაღები იყოს მისი ვიზუალური მდგომარეობა, აუცილებლად შეცვალეთ, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, ტექინსპექტირებას ვერ გაივლით, ხოლო ავტომობილს აუცილებლად დაახარვეზებენ. 

კიდევ ერთი, მნიშვნელოვანი დეტალი ისაა, რომ რეგულაცია, რომელიც 2020 წლის 1 აპრილიდან უნდა ამოქმედდეს, მეორად საბურავებს არ ეხება. როგორც ვაჟა იორდანიშვილმა აგვიხსნა, მეორადი საბურავები ჩვეულებრივად გაიყიდება, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი 10 და მეტი წლის არაა. 6 ან თუნდაც 7 წლის წინ გამოშვებული მეორადი საბურავების რეალიზაციას არავინ კრძალავს ანუ ამ შემთხვევაში, მეორადი საბურავების რეალიზატორებმა მათი გამოშვების თარიღებს უნდა მიაქციონ ყურადღება.S

მაია მიშელაძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში