Menu
RSS

მშიერი ახალი წელი!

„ვერ გაძღა მაგათი მუცლები, ვერა!“ _ ხალხი პოლიტელიტის წინააღმდეგ

ჩემს ბავშვობაში, მახსოვს, დეკემბრის ამ დროს არათუ განწყობა, არამედ, უკვე საახალწლო მზადება იყო ხოლმე _ მშობლებს ბაზრიდან (მაშინ სუპერმარკეტები არ არსებობდა, გასტრონომში კი ყველაფერი არ იყიდებოდა) სურსათ-სანოვაგე მოჰქონდათ. ყველაზე ადრე, ნიგოზს ყიდულობდნენ ხოლმე, მერე გაძვირდებაო. ჰოდა, ცხონებული ბებიაჩემი შეშის ღუმელზე დიდ „ჟარონას“ შემოდგამდა, ზედ ბაზრიდან დედაჩემ-მამაჩემის მიერ მოტანილ ნიგოზს დაყრიდა, კარგად მოხალავდა და მთელი დეკემბერი „ფერფლავდა“ ხოლმე ანუ გოზინაყის მასალას ამზადებდა. ერთი სიტყვით, იყო დიდი ფუსფუსი და სადღესასწაულო განწყობა...

ახლა არც მამაჩემია ცოცხალი, არც _ ბებიაჩემი. დედაჩემიც აღარ დადის ბაზარში _ ეს საქმიანობა ჩემს ძმასა და რძალს გადააბარა. გოზინაყსაც ჩემი რძალი აკეთებს ხოლმე ანუ იმის თქმა მინდა, რომ ახალი წელი ზუსტად ისე მოდის, როგორც მაშინ, შორეულ 80-იან წლებში მოდიოდა, მაგრამ იცით, განსხვავება რა არის? _ ახლა დეკემბრის დასაწყისში კი არა, არამედ, 31 დეკემბერსაც არავის, ან ძალიან ცოტას თუ ეზეიმება. რატომ? _ იმიტომ, რომ ქვეყანაში უმძიმესი სოციალურ-ეკონომიკური ფონია და ადამიანები _ არც მეტი, არც ნაკლები _ იმისთვის იბრძვიან, რომ შიმშილით სიკვდილს თავი როგორმე დააღწიონ! ეს ვინმეს, განსაკუთრებით „მეოცნებეებს“, შესაძლოა, უტრირებულ ნათქვამად მოეჩვენოთ, მაგრამ იმას, რომ საქართველოში მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა სიღარიბეში, ან სიღარიბის ზღვრის პირას ცხოვრობს, ისეთი სახელმწიფო უწყებაც კი არ უარყოფს, როგორიც სტატისტიკის სამსახურია! 

მოკლედ, „საქსტატის“ მონაცემებით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში ანუ 2018 წლის ოქტომბრიდან მიმდინარე წლის ოქტომბრამდე, ფასებმა თითქმის ყველა პრიდუქტზე მოიმატა. ასე, მაგალითად, ხილი და ყურძენი 26.9%-ით გაძვირდა, ხორცი და ხორცის პროდუქტები _ 14.7%-ით, პური და პურპროდუქტები კი _ 11%-ით. 

ამას გარდა, „საქსტატის“ მიერ, ოქტომბრის ინფლაციის მაჩვენებელში, რომელიც ახლახანს გამოქვეყნდა, ვკითხულობთ: 

„წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: 

სურსათი და უალკოჰოლო სასმელებიის ჯგუფში ფასები გაიზარდა 13.5%-ით. კერძოდ, ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ფასები გაზრდილია 13.8%-ით. 

ფასები მომატებულია, როგორც თამბაქოს ნაწარმზე (26.8%), ასევე, ალკოჰოლურ სასმელებზე (3%). 

ერთწლიან ჭრილში, დასვენებაზე, გართობასა და კულტურაზე ფასები გაზრდილია 7.3%-ით, ტრანსპორტის ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 3%-იანი მატება. 

სასტუმროები, კაფეები და რესტორნების ჯგუფზე _ ფასები მომატებულია 6.9%-ით. 

ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, სურსათი და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 1.6%-იანი მატება. 

ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: რძე, ყველი და კვერცხი (2.7%), ხორცი და ხორცის პროდუქტები (2.3%), ბოსტნეული და ბაღჩეული (1.7%), ზეთი და ცხიმი (1.6%), თევზეული (1.4%), ასევე ხილი და ყურძენი (1.0%). 

ამასთან, ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ჯგუფში ფასები მომატებულია 5.9%-ით, ფასები გაიზარდა, როგორც ფეხსაცმლის (10.9%), ისე ტანსაცმლის (3.9%) ქვეჯგუფზე. 

ოქტომბერშივე, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში 0.8%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 6.9% შეადგინა''. 

იმედია, მმართველი გუნდი ვერ იტყვის, რომ „საქსტატი“ ოპოზიციის ხელშია და მის მიერ გასაჯაროვებული ინფორმაცია „ფეიკია“! 

სხვათა შორის, როცა წინამდებარე სტატიას ვწერდი, ტელევიზიით, საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომას გადმოსცემდნენ და მმართველი გუნდის წარმომადგენლები ანუ დეპუტატები ერთმანეთის მიყოლებით აკეთებდნენ მაღალფარდოვან განცხადებებს იმის შესახებ, თუ როგორი კარგი ცხორებაა საქართველოში, როგორ დუღს და გადმოდუღს ეკონომიკა, როგორ იხსნება ერთმანეთის მიყოლებით საწარმოები და ინვესტორებიც როგორ „ჯლიგინ-ჯლიგინით“ შემოდიან ქვეყანაში! 

ვუსმენდი დეპუტატების ამ „ზღაპრებს“ და სიმწრისგან მეცინებოდა, მეცინებოდა იმიტომ, რომ ზუსტად იმ დილას, როცა პარლამენტარები ზემოხსენებულ განცხადებებს აკეთებდნენ, სამსახურში მიმავალმა შევამჩნიე _ ნაგვის ურნაში შუახნის ქალბატონი რომ იქექებოდა, მაგრამ „ძლიერნი ამა ქვეყნისანი“ ასეთ სცენებს ვერ ხედავენ, რამეთუ ისინი ჩვეულებრივი მოკვდავების მსგავსად, ქუჩაში ფეხით არ დადიან. დაბურულშუშებიანი ავტოებიდან კი ეს მწარე რეალობა არ ჩანს! მწარე რეალობა არც „ფეშენ“ კაფე-ბარებიდან ჩანს, იმ კაფე-ბარებიდან, რომლებსაც ოპოზიციისა, თუ ხელისუფლების წარმომადგენლები ხშირ-ხშირად სტუმრობენ და ფინჯან ყავაში, ზოგჯერ, 25 ან 30 ლარს იხდიან ხოლმე! 

ზოგადად, ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება _ ეს პოლიტიკის არითმეტიკაა და ამ არითმეტიკას თავს ვერც „ოცნება“ არიდებს, მაგრამ იცით, ჩვენი ქვეყნის უმთავრესი პრობლემა რა არის? _ ის, რომ პოლიტიკა მავანთ, ერთგვარ ბიზნესად აქვთ ქცეული. ჰოდა, ეს მავანნი ხან ხელისუუფებაში არიან, ხან _ ოპოზიციაში და ასე გრძელდება, თითქმის 30 წელია. 

დიახ, ქალბატონებო და ბატონებო, შეიძლება, არ გესიამოვნოთ, მაგრამ მოდით, სიმართლეს თვალი გავუსწოროთ და ხმამაღლა ვთქვათ, რომ მათი უმეტესობა, რომელიც პოლიტიკაშია ჩართული ანუ თავი პოლიტიკოსად მოაქვს, სიდუხჭირეს ნამდვილად არ უჩივის! ყოველ შემთხვევაში, პირადად მე, ერთი-ორი პოლიტიკოსი ვიცი, რომელიც იაფფასიან თამბაქოს ეწევა და თუ შინაც ესტუმრებით, ბევრი-ბევრი, წყალ-წყალა ყავით გაგიმასპინძლდეთ. აი, დანარჩენები კი ზამთარში, დავოსში „გულავს“ არ იკლებენ, ზაფხულში კი _ კანარის კუნძულებზე გარუჯვას! 

და როგორია ყველაფერ ამის საპირისპირო რეალობა ანუ როგორ ცხოვრობს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა? 

მოდით, ჯერ ისევ „საქსტატის“ მონაცემებს გავეცნოთ. მერე კი მშიერმუცელა მოსახლეობას მოვუსმინოთ. 

„საქსტატის“ მონაცემებით, ოთხსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი 321 ლარია და ეს მაშინ, როცა ერთი კილოგრამი საქონლის ხორცი, მინიმუმ, 18 ლარი ღირს ანუ ამ საარსებო მინიმუმით, ოთხსულიან ოჯახს 18 კილოგრამამდე საქონლის ხორცის შეძენა შეუძლია. 

ნათქვამია, საბანი როგორც გყოფნის, ფეხი ისე უნდა გაჭიმოო. ჰოდა, ოთხსულიანი ოჯახი ხორცს ყოველ თვე არ იყიდის, მაგრამ თვეში ერთხელაც რომ იყიდოს, ყველაზე ცოტა, ორი კილოგრამი ხომ მაინც სჭირდება, რომ ხორციანი წვნიანი გააკეთოს? ამას დაამატეთ კომუნალური გადასახადები, მგზავრობის ხარჯი და ახლა, გამოვიდეს რომელიმე ბობოლა და თქვას, რომ 321 ლარი არსებობისთვის საკმარისია, თუმცა არ იფიქროთ, რომ ამ განცხადების გაკეთების შერცხვებათ. აი, მაგალითად, თბილისის საკრებულოს „მეოცნებე“ დეპუტატი ქალბატონი, არცთუ შორეულ წარსულში ამტკიცებდა, ადამიანს საკვებად, დღეში 1.80 ლარი სჭირდებაო. გუგული მაღრაძე კი, რომელიც საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენელი და თანამედროვე ქართული პოლიტიკის ერთ-ერთი, ყველაზე ოდიოზური „ფეისია“, იმის თქმასაც არ ერიდებოდა, რომ კარგი დიასახლისი, მინიმალურ თანხადაც კარგ სადილს მოამზადებს! 

სხვათა შორის, ეს ის გუგული მაღრაძეა, რომელიც სხვადასხვა შეხვედრაზე თავს უძვირფასესი „შუბებით“ იწონებს ხოლმე! 

„საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, მიმდინარე წლის მარტში, შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი 181 ლარი იყო, რაც ოთხი ლარით აღემატება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.

საქსტატის მონაცემებით, ერთსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი 160.5 ლარით განისაზღვრა. ორსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმია 256.8 ლარი, სამსულიანის – 288.9 ლარი, ოთხსულიანის – 321 ლარი, ხუთსულიანის – 361.2 ლარი, ექვსსულიანისა და მეტის – 427 ლარი. 

სტატისტიკის ეროვნული სამსახური საარსებო მინიმუმს, მინიმალური სასურსათო კალათის საფუძველზე ადგენს. მინიმალური სასურსათო კალათა შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის ნორმალური სიცოცხლისა და შრომისუნარიანობისთვის ფიზიოლოგიურად აუცილებელი საკვების რაოდენობას შეიცავს. კალათა შედგება 40 დასახელების პროდუქტისგან. ესენია: პური, ბურღულეული, ხორცი, რძის პროდუქტები, ბოსტნეული და საკონდიტრო ნაწარმი'', _ ნათქვამია „საქსტატის“ მიერ, მიმდიმარე წლის გაზაფხულზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში. 

გაზაფხულის მერე, ლამის ნახევარი წელი გავიდა. შესაბამისად, ზემოთ მოყვანილი მონაცემებიც, ცხადია, შეიცვალა და ამ ცვლილებას თითოეული ჩვენგანი ვგრძნობთ! 

სხვათა შორის, ჩვენს ქვეყანაში არსებულ სიდუხჭირეს, ყველაზე მეტად ბავშვები განიცდიან და ამის შესახებ „იუნისეფიც“ საუბრობს. კერძოდ, ამ ორგანიზაციის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ სტატიაში ნათქვამია: 

 

„საქართველოში, ბავშვები უფრო მეტად დგანან სიღარიბის საფრთხის წინაშე, ვიდრე მოსახლეობის სხვა რომელიმე ჯგუფი. საქართველოს ჯერ კიდევ არ გააჩნია ყოვლისმომცველი, ბავშვებისდმი მგრძნობიარე სოციალური დაცვის სისტემა, რომელიც ეხმარება ოჯახებს მოულოდნელი დარტყმების დაძლევასა და გაძლიერებაში. დღემდე ბევრი ხარვეზია ბავშვზე ორიენტირებული კანონმდებლობის/პოლიტიკის, ფულადი დახმარებისა, თუ სოციალური სერვისების თვალსაზრისით. ბევრი დაუცველი ოჯახი ამ სერვისების მიღმაა დარჩენილი. პირველ რიგში, ესენი არიან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები, ძალადობის მსხვერპლი ბავშვები, ეროვნულ უმცირესობათა ჯგუფების წარმომადგენელი ბავშვები და ბავშვები ღარიბი ოჯახებიდან. 

დაუცველობის მაღალ ხარისხს, ხშირად ისეთი სიტუაციებიც განაპირობებს, როცა ადამიანები მოულოდნელად ღარიბდებიან. ეს შეიძლება გამოიწვიოს ისეთმა დარტყმებმა, როგორებიცაა უმუშევრობა, ავადმყოფობა, ან ოჯახის წევრის სიკვდილი, რამაც შეიძლება უცებ გააღარიბოს ოჯახი. ეს პრობლემა, ხშირად ახალგაზრდა (20-30 წლის) მშობლების შემთხვევაში ვლინდება: ამ ასაკობრივ კატეგორიაში, განსაკუთრებით მაღალია უმუშევრობის დონე და ნაკლებია სახელმწიფოს დახმარება. გარდა ამისა, ბავშვებსა და მათ ოჯახებს არ აქვთ წვდომა სოციალურ მომსახურებებსა და ოჯახების დახმარების სერვისებზე, განსაკუთრებით სოფლებში''. 

ბავშვთა სიღარიბესა და ცხოვრების არასათანადო დონის შესახებ, მაისში გამოქვეყნებულ, საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშშიც არის ყურაღება გამახვილებული: 

„ომბუდსმენი საქართველოს მთავრობას მიმართავს რეკომენდაციით, ბავშვთა სიღარიბის დაძლევის მიზნით, შეფასდეს სახელმწიფოში არსებული ბავშვზე ზრუნვის პროგრამების ეფექტიანობა და განხორციელდეს ცვლილებები ბავშვზე ზრუნვის სისტემის რეფორმირების ფარგლებში იმგვარად, რომ არსებულმა პროგრამებმა ადეკვატურად უზრუნველყოს არასრულწლოვანთა დაცვა უკიდურესი სიღარიბისა და ცხოვრების არასათანადო დონისგან. 

სიღარიბის აღმოფხვრის მიმართულებით, მნიშვნელოვანია, რომ მუნიციპალურ დონეზე არსებობდეს შედეგზე ორიენტირებული პროგრამები, რაც ხელს შეუწყობს ოჯახების არასათანადო საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას. 

პრობლემურია უფასო სასადილოებში ბავშვთა დაბალანსებული, ჯანსაღი საკვებით უზრუნველყოფა მაშინ, როდესაც სიღარიბეში მცხოვრები ოჯახების დიდი ნაწილი, სწორედ აღნიშნულ მომსახურებაზეა დამოკიდებული. 

სოციალურ დახმარებაზე ფინანსურად დამოკიდებულ ოჯახებში, ფაქტობრივად, არასრულწლოვნების ელემენტარული, საბაზისო საჭიროებებიც კი არ არის დაკმაყოფილებული. ამას ემატება დამხმარე სოციალური პროგრამების არაეფექტიანობა და დაგვიანებული დახმარება. ყოველივე ეს კი, საერთო ჯამში, ვერ უზრუნველყოფს სოციალურად დაუცველი ოჯახების საჭიროებების დაკმაყოფილებას“. 

ამავე ანგარიშში ხაზგასმულია, რომ განსაკუთრებით მოწყვლადი ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვები არიან, თუმცა სახელმწიფოს მხრიდან, ამ მიმართულებით, აუცილებელი ნაბიჯები არ იდგმება.

* * * 

ნათია ახალგაზრდა, მარტოხელა ქალია, უფრო სწორად, ქმარს გაცილებულია და შვილის გაზრდა მარტოს უხდება. ნათიას, როგორც იტყვიან, ათი კლასის განათლება აქვს. ამიტომ, იძულებულია, დამლაგებლად იმუშაოს და ამ საქმიანობაში, 210 ლარს უხდიან... სწორედ იმის გამო, რომ ეს შემოსავალი უფიქსირდება, სოციალურად დაუცველთა პროგრამაში არ არის. 

სხვათა შორის, ნათიას, სხვა გაჭირვებულებისგან განსხვავებით, სახლი აქვს, მაგრამ საკითხავია, ამ სახლში რა აქვს? ორი სკამი, ერთი მაგიდა, ერთი გარდერობი, ერთი საწოლი და ერთიც მაცივარი, რომლის კარიც _ არც მეტი, არც ნაკლები _ თოკით არის დაბმული _ აი, სულ ეს გახლავთ მარტოხელა დედის მთელი ავლა-დიდება. 

ჰო, ნათიას კიდევ ერთი ნივთი აქვს _ კუსტარული გამათბობელი. 

_ მეზობელმა მათხოვა და ზამთარში, როცა ძალიან შემცივდება ხოლმე, მაშინ ვანთებ ხოლმეო, _ მეუბნება ნათია, რომელიც თავს უხერხულად იმის გამოც გრძნობს, რომ ვერაფრით მიმასპინძლდება, _ ნეტავ, მცოდნოდა, მოსვლას თუ აპირებდით, მაღაზიაში „ნისიად“, ნალექიან ყავას მაინც ავიღებდიო, _ თვალცრემლიანი მეუბნება ახალგაზრდა ქალი და თავის გაჭირვებულ ყოფაზე მიყვება: 

_ ერთადერთ შვილს მარტო და ვაი-ვაგლახით ვზრდი _ სამი წლის იყო, ჩემი ქმარი რომ დაიჭირეს. კიდევ კარგი, ეს ბინა დედამთილ-მამამთილმა მიყიდეს, თორემ ქუჩაში მომიწევდა შვილის გაზრდა. 

_ მეუღლე ისევ ციხეშია? 

_ არა, ოთხის წლის წინ გამოვიდა და მალევე გარდაიცვალა. 

ჩემი ხელფასით, თავი ასე, თუ ისე გამაქვს, მაგრამ აი, ჩემი ყველაზე დიდი პრობლემა ბანკის პროცენტებია _ ვერ ვიხდი და საურავები, თუ რაც ჰქვია, იზრდება და იზრდება. 

_ ბანკის კრედიტი რამდენი გაქვთ? 

_ ჩემი ქმარი რომ დაიჭირეს, მაშინ არ ვმუშაობდი და თავი როგორმე უნდა გაგვეტანა, თან ბავშვი პატარა იყო და ათასი რამე სჭირდებოდა. ამიტომ, ბანკიდან 8 ათასი დოლარი ავიღე სესხად, ვიფიქრე, რამე იქნება და გადავიხდი-მეთქი. 

თავიდან გადახდას ვახერხებდი _ მაშინ ჩემი მშობლებიც ცოცხლები იყვნენ და მეხმარებოდნენ, მაგრამ ბოლო ხუთი წელი იქნება, პროცენტი აღარ გადამიხდია და ბანკიდან ყოველ თვე მირეკავენ, ან კრედიტი დაფარე, ან ბინას გაგიყიდითო. აღარ ვიცი, რა ვქნა. 

_ კი, მაგრამ შარშან, საპრეზიდენტო არჩევნების წინ, ე.წ. განულების პროგრამა რომ გამოაცხადა „ოცნებამ“, ამ სიაში არ მოხვდით? 

_ არა. 

_ რატომ? 

_ აბა, რა გითხრათ? _ ალბათ, მაგ სიაშიც ხალხი ნაცნობობით შეიყვანეს, თან იცით, საქმე რაშია? 

_ რაში? 

_ არ ვიცი, ეს უნდა გითხრათ, თუ არა. 

_ რა ხდება? 

_ გეტყვით, მაგრამ ჩემი გვარი გაზეთში არ დაწეროთ, თორემ შეიძლება, სამსახურიდანაც გამაგდონ და მთლად ულუკმა-პუროდ დავრჩე. 

_ კი ბატონო, არ დავწერ, მაგრამ რა პრობლემა გაქვთ? 

_ მე „ოცნების“ მომხრე არ ვარ. 

_ ნაციონალი ხართ? 

_ არა, პოლიტიკა საერთოდ არ მაინტერესებს, მაგრამ არჩევნებზე რომ მივდივარ ხოლმე, ხმას შალვა ნათელაშვილს ვაძლევ. 

_ ეს თქვენი უფლებაა _ ჩვენ დემოკრატიულ ქვეყანაში ვცხოვრობთ. 

_ სად არის დემოკრატია? დემოკრატია, შეიძლება, ქალაქშია, თორემ ჩვენთან, სოფელში ყველაფერი სხვანაირად არის. 

_ რას ჰქვია, სხვანაირად არის? 

_ აი, მთავრობის მაქებარი უნდა იყო და პურიც გექნება და წყალიც! ეგ კი არადა, უბანში „აგენტებიც“ ჰყავთ, ერთი მეზობელია, სულ მოდის და მეკითხება, ვისი მომხრე ხარო. ვატყუებ, „ოცნების“-მეთქი. დამლაგებლის ადგილიც ამ მეზობელმა მიშოვა და ახლა რომ გაიგონ, „ოცნებას“ არ ვუჭერ მხარს, შეიძლება, სამსახურიდან გამომაგდონ! 

* * * 

„ვერსია“, ნათიას გარდა, სხვა მოქალაქეებსაც ესაუბრა. ისინი ვინაობის გამხელისგან თავს იკავებენ, თუმცა უმძიმეს სოციალურ ფონზე საუბარს არ გაურბიან. 

მაყვალა, 68 წლის: _ „არაფერს წარმოადგენს მოსახლეობა მთავრობისთვის. არჩევნებისთვის იკლავენ თავს, აგვირჩიეთო. მიიღებენ ხმას და დამთავრებულია. პირადად მე, გარე მოვაჭრე ვარ და ოჯახს ამით ვარჩენ, მაგრამ სულ იმის შიში მაქვს, რომ ერთ დღესაც გარე ვაჭრობას აკრძალავენ და ლუკმა-პურის გარეშე დავრჩები... 

68 წლის ქალი ვარ, მაგრამ ამაზე გაჭირვებული საქართველო არ მახსოვს. არ ვიცი, როდის უნდა მოგვაქციონ ყურადღება. ხელისუფლება ისე გვიყურებს, როგორც საზარბაზნე ხორცს“. 

ვენერა, 56 წლის: _ ,,მთავრობა ხალხს რამედ რომ თვლიდეს, იმაზე იზრუნებდა, რომ სამუშაო ადგილები შეექმნა და შიმშილით არ ამოვხოცილიყავით, მაგრამ ეგენი მარტო საკუთარ ტყავზე ფიქრობენ. თვითონ ხომ აქვთ მაღალი ხელფასები, არც რესტორნებს იკლებენ დ არც _ უცხოეთში სეირნობას. ჰოდა, ჩვენ სულ ცალ ფეხზე არ ვკიდივართ?“ 

ოთარი, 65 წლის: _ ,,ვერ გაძღა მაგათი მუცლები, ვერა! პენსიონერი წელს გავხდი, მაგრამ მაგათი მოგდებული კაპიკებით, ცოლ-შვილი როგორ უნდა ვარჩინო? 

ვტაქსაობ და პურის ფულს ასე ვშოულობ, მაგრამ ახლა „ტაქსისტებსაც“ რეგულაციები დაგვიწესეს. კი ბატონო, მეც მინდა, რომ კარგი მანქანა მყავდეს, მაგრამ როგორ ვიყიდო? _ ბანკები კრედიტებსაც აღარ იძლევიან! 

სხვათა შორის, ორი ბიჭი მყავს, ორივეს უმაღლესი აქვს დამთავრებული, ერთი ეკონომისტია, მეორე _ იურისტი. სამსახური ვერც ერთმა იშოვა და ორივემ ტაქსაობა დაიწყო. ახლა გავიგე, თურმე, იმ ოჯახებს, რომელთაც სამი, ან მეტი მანქანა აქვთ, გადასახადი უნდა დაუწესონ. კი ბატონო, ჩემს ოჯახში სამი მანქანააა, მაგრამ ეს იმას ნიშნავს, რომ მდიდრები ვართ და სიმდიდრის გადასახადი უნდა გადაგვახდევინონ? 

თუ ეს გადასახადი მართლა შემოიღეს, იძულებულები გავხდებით, ერთი მანქანა გავყიდოთ. აი, მერე არ ვიცი, რა გვეშველება, ჩემი უმანქანოდ დარჩენილი რომელიმე შვილი, ოჯახს როგორ შეინახავს? იძულებული გახდება, ან მოიპაროს, ან საზღვარგარეთ წავიდეს!“ 

ელენე, 46 წლის: _ ,,საავადმყოფოში ვმუშაობ _ ექთანი ვარ, ისეთი სასაცილო ხელფასი მაქვს, თქმისაც კი მრცხვენია _ ოპერაციაში 20 თეთრს გვიწერენ, თან ჩვენი უფროსობა გვეუბნება, რომ რომელ განყოფილებაშიც ვიქნებით საჭირო, იქ უნდა ვიმუშაოთ და თან პალატებიც უნდა დავალაგოთ. თვის ბოლოს 180 ან 200 ლარი ძლივს გამომდის. 

ჩემი ქმარი მეჩხუბება, წამოდი მაგ საავადმყოფიდან, მაგათი დედაცო, მაგრამ ეს 200 ლარიც ხომ ფულია? მართალია, ხელფასი ყოველ თვე არ გვაქვს და ორ-სამ თვეში ერთხელ გვაძლევენ, მაგრამ ესეც რაღაცას ნიშნავს. ახლა, ჩემმა ახლობელმა მითხრა, საბუთები გააკეთე და ჩემთან წამოდი, იტალიაშიო. ჩემს ქმარს რომ ვუთხარი, წავალ, ცოტას ვიმუშავებ და ორ-სამ წელში დავბრუნდები-მეთქი, თავიდან გაგიჟდა და მითხრა, გაბოზება თუ გინდა, აქ გაბოზდი, რაღა იტალიაში უნდა წახვიდეო, მაგრამ მერე, მაგის სამსახურიც დაიხურა _ საგზაოში მუშაობდა და კომპანიამ ტენდერი ვეღარ მოიგო. ჰოდა, ახლა დავრჩით ამ ჩემი კაპიკების იმედზე და მითხრა, თუ გინდა, წადი და მერე, მეც წამოვალო. ახლა საბუთებს ვაკეთებ და ალბათ, ზაფხულში წავალ, მაგრამ არ ვიცი, შვილები ვის დავუტოვო''. 

დალი, 32 წლის: _ ,,ჩვენ არც მთავრობა გყავს და არც სახელმწიფო გვაქვს! 

ვალერი, 55 წლის: _ ,,პოლიტიკოსებისთვის ადამინები არ არსებობენ. ახალგაზრდა კაცი ვარ, პროფესიაც მაქვს, მაგრამ სადაც მივედი, ყველგან მითხრეს, რომ ინგლისური და კომპიუტერი უნდა იცოდეო. ეს კომპიუტერი კი ვისწავლე, მაგრამ სანამ ინგლისურს ვისწავლი, მანამდე რა ვქნა, ჰაერით ვიკვებო? 

უკვე ისეთ ჭკუაზე ვარ, რომ რომელიმე თანამდებობის პირის სახლთან ჩემი ოჯახით მივალ, დავჯდები, შიმშილობას დავიწყებ და სანამ ყურადღებას არ მომაქცევენ, იქიდან ფეხს არ მოვიცვლი! 

საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისთვის თუ დამიჭერენ, დამიჭირონ _ ციხეში საკვების პრობლემა მაინც არ მექნება!“ 

* * * 

მოკლედ, ასეთია საქართველოს მწარე რეალობა. ჰოდა, ამ რეალობიდან გამომდინარე, ამ ქვეყანაში საახალწლო განწყობა, ალბათ, ცოტა ადამიანს აქვს, მაგრამ გვინდა, თუ არა, ახალი წელი მაინც მოვა, თან ხომ იცით, ახალი წელი იმედსა და სიახლესთან ასოცირდება! ჰოდა, გვქონდეს იმედი, რომ მომავალი წელი ახლანდელზე უკეთესი იქნება და ხალხის ცხოვრება ოდნავ მაინც გაუმჯობესდება!

ნინო დოლიძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში