Menu
RSS

შავი ზღვის სანაპირო ზოლს ეკოლოგიური კატასტროფა ემუქრება!

შალვა გაგოშიძე: „პლაჟის ზონაში მშენებლობები კატეგორიულად უნდა აიკრძალოს!“

 

შავი ზღვის სანაპირო ზოლი ერთ-ერთი სათუთი ეკოლოგიური სისტემაა, მის დაცვას კი სახელმწიფო მნიშვნელობა აქვს, თუმცა დარგის სპეციალისტების ამგვარი შეფასების მიუხედავად, ბოლო წლებში, შავი ზღვის სანაპირო ზოლში აგრესიული სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს, რაც სანაპირო ზოლის ცვლილებებს, ნეგატიურ ბუნებრივ პროცესებსა და კატასტროფულ შედეგებს გამოიწვევს. ტურიზმის განვითარება სახელმწიფოს ერთ-ერთი პრიორიტეტია, რაც ავტომატურად გულისხმობს საკურორტო ზონების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ტურისტების მოზიდვის მიზნით, პირდაპირ სანაპირო ზოლში აშენდეს ფეშენებელური სასტუმროები და გნებავთ, გესთჰაუსები. 

რატომ არ შეიძლება სანაპირო ზოლში მშენებლობა და რა ეკოლოგიური ცვლილებები მოჰყვება გარკვეული კომპანიების დაუდევრობას? _ ამ და სხვა საინტერესო თემებზე ,,ვერსიას'' საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორ-ემერიტუსი შალვა გაგოშიძე ესაუბრა.

_ ბატონო შალვა, შავი ზღვის სანაპირო ზოლში სამშენებლო სამუშაოები რა პრობლემას ქმნის? 

_ უშუალოდ მშენებლობებს ანუ შენობა-ნაგებობებს შეექმნება პრობლემები, რადგან სახიფათო ზონაში ააშენეს. უმთავრესი პრობლემა ისაა, რომ თურქეთმა მდინარე ჭოროხის რეგულირება განახორციელა. ეს იმას ნიშნავს, რომ იქ ბევრი ჰესი და კაშხლის კასკადია, რაც ფაქტობრივად, იმ ნატანს იჭერს, რომლითაც აჭარის ნაპირები იკვებება. 

თურქეთის მიერ მდინარე ჭოროხის დარეგულირებას შავი ზღვის ნაპირების ჩარეცხვა მოჰყვება, მაგრამ გარდა ამისა, იქ, სადაც პლაჟია, მშენებლობა ისედაც არ შეიძლება, რადგან ამ ზონაში ტალღამ თავისუფლად უნდა იმოძრაოს. 

_ საქართველომ ასეთ სიტუაციაში რა უნდა გააკეთოს? 

_ წლების წინ, ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს, როდესაც თურქეთმა ჭოროხის დარეგულირება დაიწყო, ორ ქვეყანას _ თურქეთსა და საქართველოს შორის ამ საკითხზე შეხვედრა გაიმართა, სადაც მეც ვიყავი მიწვეული. მაშინ თურქეთი ამტკიცებდა, რომ შავი ზღვის სანაპირო არეებში ხელოვნურად შეიტანდნენ ინერტულ მასალას, რისგანაც ნაპირები შედგება. ეს ნიშნავს, რომ მაგალითად, მთა უნდა დაეშალათ და ხელოვნურად დაეყარათ სანაპიროზე. თუმცა საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ, რასაც კარგად ნაცნობი პოლიტიკურ-ეკონომიკური კატაკლიზმები მოჰყვა, ეს თემა თითქოს მიიჩქმალა. არადა, საქართველოში იყო ორგანიზაცია, რომელიც ნაპირების დაცვაზე მუშაობდა, ეს ორგანიზაცია ახლაც მოქმედებს, მაგრამ იმ დატვირთვით აღარ მუშაობს. მეტსაც გეტყვით, დაახლოებით, 600 კვ.მ. ფართობის საზღვაო ლაბორატორიაც არსებობდა, რომელსაც 1983 წელს, საფუძველი ვახტანგ საყვარელიძემ და არჩილ კიკნაძემ ჩაუყარეს. ეს იყო საქართველოს ენერგეტიკისა და ენერგეტიკული მშენებლობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი და სწორედ მის დაქვემდებარებაში არსებობდა ეს უზარმაზარი ლაბორატორიაც. სხვათა შორის, მეც ამ ლაბორატორიაში ვმუშაობდი, ვაკვირდებოდი, როგორ მოდიოდნენ ტალღები ნაპირთან, როგორ რეცხავდა ნაპირს და რა ღონისძიებები უნდა გაგვეტარებინა ამ ტიპის ბუნებრივი მოვლენების შემთხვევაში. აქედან გამომდინარე, გარკვეულ მოდელებზეც ვმუშაობდით, მაგრამ სამწუხაროდ, ეს ლაბორატორია ახლა აღარ არსებობს. 

ამჟამად, წყალთა მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი ფუნქციონირებს, რომელიც ტექნიკური უნივერსიტეტის დაქვემდებარებაშია, თუმცა მისი დაფინანსება მწირია. არადა, ვის დაქვემდებარებაშიც არ უნდა იყოს, ამ ინსტიტუტს სათანადო ყურადღება და დაფინანსება სჭირდება, რათა სრული დატვირთვით ამოქმედდეს. არაერთი მეთოდი განავითარეს საყვარელიძემ და კიკნაძემ, მათ შორის, პლაჟების ხელოვნურად რეგულირების მეთოდი. ეს ნიშნავს, რომ ინერტული მასალები, მათ შორის, ქვა-ღორღი მოგაქვს და პლაჟს ხელოვნურად ქმნი. 

_ იმას გულისხმობთ, რომ ნაპირსამაგრი სამუშაოები სათანადოდ არ სრულდება? 

_ თუ საკითხი ეხება ნაპირების დაცვას, იქ, სადაც პლაჟის ზონაა, მშენებლობები კატეგორიულად უნდა აიკრძალოს! მეტსაც გეტყვით, პლაჟიდან მინიმუმ 20 მეტრის დაშორებით უნდა აშენდეს კაპიტალური ნაგებობა! ეს იმიტომ, რომ ანომალური ტალღების დროს, ძალიან დიდი შტორმები ვითარდება ბუნებაში და ამან არა მარტო ნაგებობები, არამედ შესაძლოა, პლაჟიც კი ჩარეცხოს. იცით, როგორ იკვებება ნაპირი? მდინარე რომ გამოდის და გამოაქვს თავისი მყარი ნატანი, ზღვის ტალღები სწორედ მას ანაწილებენ და ფაქტობრივად, მდინარის გამონატანი ინერტული მასალის გადანაწილების საშუალებით, ტალღები ბუნებრივად ქმნიან ნაპირს. როცა ღელვაა, ტალღა ხსნის ამ პლაჟს, ხოლო როცა ღელვა წყნარდება, ნელ-ნელა ისევ აღადგენს, მაგრამ ზოგჯერ ისეთი კატასტროფული შტორმია, რომ ნაპირს მთლიანად შლის. 

_ ამას ისიც ემატება, რომ აჭარისა და გურიის სანაპირო ზოლში, ფეშენებელური სასტუმროები და გნებავთ, გესთჰაუსები პირდაპირ პლაჟზეა აშენებული, არა? 

_ დიახ, ასეა, მაგრამ გიმეორებთ, სანაპირო ზოლში კაპიტალური ნაგებობების მშენებლობა კატეგორიულად უნდა აიკრძალოს! აუცილებელია, რომ სახელმწიფომ მეტი ყურადღება მიაქციოს ამ საკითხს, ყოველ შემთხვევაში, ახლა მაინც უნდა შეზღუდოს ნებისმიერი კაპიტალური მშენებლობა პლაჟზე. 

_ ძალიან დიდი თანხაა ჩადებული ამ ფეშენებელურ სასტუმროებში. ამიტომ, საკითხავია, ამ უკვე აშენებელ ნაგებობებს რა ეშველება? 

_ მაპატიეთ, მაგრამ როდესაც შტორმი ამოვარდება და ტალღები პირდაპირ ამ სასტუმროებს მიადგება, მათი მფლობელები და ინვესტორები სწორედ მაშინ შემოიკრავენ თავში ხელს! ფაქტია, იძულებულნი იქნებიან, გაცილებით მეტი თანხა დახარჯონ ზიანის გამოსასწორებლად. ცხადია, უკვე აშენებულ კაპიტალურ ნაგებობებს აღარაფერი ეშველება, მაგრამ გიმეორებთ, უსაფრთხოების თვალსაზრისით, სახელმწიფომ ახლა მაინც უნდა გამოიჩინოს სიმტკიცე და სანაპირო ზოლში, პლაჟზე კაპიტალური მშენებლობების ნებართვა აღარ გასცეს! 

ერთ ამბავს გიამბობთ: 1969 წლის 4 იანვრიდან 9 იანვრამდე, ბიჭვინთაში ძალიან დიდი შტორმი იყო, იმდენად საშინელი კატასტროფა მოხდა, რომ უზარმაზარმა ტალღებმა ნაპირი მთლიანად მოხსნეს და ჩარეცხეს. სხვათა შორის, სწორედ ბიჭვინთაში, პლაჟზე არსებულ სასტუმროს პირველ სართულში შევარდა წყალი. მართალია, ამას მსხვერპლი არ მოჰყოლია, მაგრამ სამაგიეროდ, შენობა დაზიანდა. საერთოდ, ინვესტორებმა და სასტუმროების მფლობელებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ შესაძლოა, 5, 10, ან 15 წლის განმავლობაში არაფერი მოხდეს, მაგრამ მე-15 წელს ისეთი შტორმი ამოვარდეს, რომ შენობები დაზიანდეს. 

მაგალითად, აჭარაში, კერძოდ, ბათუმსა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე, განსაკუთრებით მოწყვლად უბნად ბათუმი-სარფის მონაკვეთი უნდა განვიხილოთ, სადაც პლაჟის დესტრუქციული პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. განსაკუთრებით უნდა აღვნიშნოთ ამ ზონაში განვითარებული მეწყრულ-ღვარცოფული პროცესები, ზღვის სანაპირო ზოლში განლაგებული დენიველაციური მოვლენები – ქარისეული და ტალღური მოვლენები, სანაპირო ზოლზე ზღვის შემოტევის შემთხვევები, სანაპირო ზოლის განმაპირობებელ მდინარეთა, განსაკუთრებით მდინარე ჭოროხზე ნატანის ტრანსპორტირების შემცირების დინამიკა, წყალდიდობები და ტერიტორიათა დატბორვის შემთხვევები, საავტომობილო მაგისტრალებზე სხვადასხვა ბუნების სტიქიური მოვლენების ზემოქმედებები. 

ბათუმი-სარფის მონაკვეთში, ამ პროცესებს ყველაზე მეტად ააქტიურებს ზღვის აკვატორიაში ანუ საპლაჟო ზოლში დაუშვებელი მშენებლობები, რომლებიც ქვეყანაში დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის ჩარჩო-მოთხოვნებს არ პასუხობენ, მეტიც, ეს მშენებლობები უკანონოა! ასეთი მშენებლობების შედეგად, გააქტიურდება დესტრუქციული პროცესები, რაც დიდი ალბათობით, კატასტროფამდე მიგვიყვანს! გიმეორებთ, აუცილებლად უნდა გამოირიცხოს მშენებლობები და ზოგადად სამშენებლო ნებართვების გაცემა სანაპირო ზოლის პლაჟის იმ უბნებზე, რომლებიც აუცილებლად უნდა იყვნენ მუდმივი და მკაცრი მეთვალყურეობის, ზედამხედველობის ზონაში. უნდა აიკრძალოს ამ ზონებში პლაჟის გამიჯვნა ნებისმიერი ზომის კაპიტალური ნაგებობებით, რასაც სამწუხაროდ, ამ ბოლო დროს ადგილი აქვს.

მაია მიშელაძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში