Menu
RSS

სკანდალი: შვილის ოპოზიციონერობის გამო, ხელისუფლება ოთარ რამიშვილის საიუბილეო ღონისძიებების გამართვას ბლოკავს!

მიხეილ რამიშვილი: „ყველას თავისი მოეკითხება!“

ადვოკატი, პარტიის _ „კანონი და სამართალი“ აღმასრულებელი მდივანი, მიხეილ რამიშვილი მამამისის, ოთარ რამიშვილის ყველა სიმღერის გასაჯაროვებას კრძალავს. ამ გადაწყვეტილების მიზეზად კი იმას ასახელებს, რომ ბევრი მცდელობის მიუხედავად, წლების განმავლობაში, ხელისუფლებამ ვერასდროს გამონახა ფინანსური რესურსი, ოთარ რამიშვილის შემოქმედებითი საღამო გამართულიყო. რამიშვილი აცხადებს, რომ ხელისუფლებამ მასთან კომუნიკაცია მას შემდეგ გაწყვიტა, რაც კრიტიკული განცხადებების კეთება დაიწყო: „ყველა მომღერალს, მსმენელს ვუხდი ბოდიშს და მადლობას, მაგრამ ამ გადაწყვეტილებამდე, ბევრი ფიქრის შემდეგ მივედი“, _ აცხადებს მიხეილ რამიშვილი... 

რატომ აკრძალა მამის სიმღერების გასაჯაროვება და რატომ წავიდა პოლიტიკაში? _ ამ საკითხებზე „ვერსიამ“ ინტერვიუ მიხეილ რამიშვილთან ჩაწერა:

_ როცა სკვერს ოთარის სახელი მიენიჭა, პარალელურად, სადღესასწაულო ღონისძიების მსგავსი საღამო უნდა გაეკეთებინათ, რადგან საკრებულოს დადგენილებაში ეს პირდაპირ წერია, მაგრამ არ გააკეთეს. შემდეგ, როცა კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე იყო, ღონისძიება უნდა გაგვეკეთებინა, მარბენინეს და 2 კვირის შემდეგ უარი მითხრეს, ფინანსური გარღვევა გვაქვსო. მამაჩემის 85 წლის იუბილესთან დაკავშირებით გვინდოდა შემოქმედებითი საღამოს გამართვა, ყველაფერი მზად გვქონდა, მაგრამ მერიამ უარი მითხრა. 

აქ კულტურას, ხელოვნებას, შემოქმედებასა და ხელოვან ადამიანებს დაფასება არ აქვთ. სუფრაზე რაც უნდათ, უმღერიათ, მაგრამ ასეთი უპატივცემულობა არ შეიძლება! ყველაფერ ამას ვუკავშირებ ჩემს პროფესიულ საქმიანობას და იმას, რომ ოპოზიციურ განცხადებებს ვაკეთებ. ყველაფერში განდეგილივით ვარ ჩემი საქმიანობის გამო! თაობები გაიზარდა მამაჩემის სიმღერებზე, კგბ-სთან დაპირისპირებული იყო და ხალხის მოთხოვნებს ასაჯაროვებდა და ეს, ბოდიში და, ფეხზე დაიკიდეს. ოთარ რამიშვილი თბილისის საპატიო მოქალაქე, ღირსების ორდენის კავალერი, მწერალთა კავშირის წევრი იყო და ყველაფერ ამის შემდეგ, ერთი შემოქმედებითი საღმოსთვის ფინანსები ვერ გამონახეს. 

_ ბატონო მიხეილ, როგორც ვხვდები, ოთარ რამიშვილის შემოქმედებით საღამოს უფრო მნიშვნელოვანი დატვირთვა უნდა ჰქონოდა, ვიდრე, უბრალოდ, კონცერტია, არა? 

_ დიახ. საქართველოში თაობებს შორის იყო ჯანსაღი ურთიერთობები და ყველაფერი ეს დაიმარხა, განადგურდა, რა შარმიც ჰქონდა ქალაქს. ოთარის ცხოვრება და შემოქმედება, როგორც ბარდის და სახალხო მთქმელის, უნდა დაბრუნებოდა ქალაქს, გაეგოთ თაობებს, როგორ უნდა იცხოვრონ უფროს-უმცროსთა ჯანსაღი დამოკიდებულებით. ოთარი, თავისი ცხოვრების წესით, ყველა ხელისუფლების მოწინააღმდეგე, საზოგადო მოღვაწე იყო, რომელმაც თაობები აღზარდა. მთელი ცხოვრება ხალხის სიყვარულში, სწავლებასა და დახმარებაში განვლო. 300-მდე სიმღერა და 900-მდე ლექსი აქვს. 70 და 75 წლის იუბილეები გადაუხადეს წინა ხელისუფლების დროს. იმ ხელისუფლებასთანაც ვიყავი დაპირისპირებული „გირგვლიანის საქმიდან“ გამომდინარე, მაგრამ ამის მიუხედავად, მაინც ჩატარდა ფილარმონიაში მისი იუბილეები. 

2012 წელს, როცა შეიცვალა ხელისუფლება, მინისტრ გიორგაძეს მივმართე კონცერტის ჩატარების თხოვნით, ყველაფრის ორგანიზება გავაკეთე, თუმცა 2 კვირით ადრე დამირეკეს, ფინანსური გარღვევა გვაქვსო. ასევე, მინდოდა, ოთარის სახელობის ქუჩა ყოფილიყო. საკრებულოში შემომთავაზეს გლდანულის ნაგავსაყრელი, აქ მალე დიდი ქალაქი გაშენდებაო, ვუთხარი, გლდანულაში ნაგავსაყრელს მამათქვენის სახელი დაარქვით-მეთქი. ჩემით მოვიძიე საბურთალოზე ქუჩა, რომელიც უერთდება სკვერს და სადაც ბოლო პერიოდში ცხოვრობდა მამაჩემი. როგორც იქნა, მივაღწიე და დამთანხმდნენ. თინათინ ნიბლიაშვილი არის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე, რომელთანაც ამ საკითხზე, ძალიან სასიამოვნო კომუნიკაცია მქონდა, მაგრამ როცა „ციანიდის საქმე“ დაიწყო და ოპოზიციური, ძალოვანი სტრუქტურებისა და ხელისუფლების საწინააღმდეგო განცხადებების გაკეთება მომიწია, 2019 წლის მარტში, ჩემთან ყველანაირი კომუნიკაცია გაწყვიტა. მერე მეზობლებისგან გავიგე, რომ მიუნიჭებიათ ქუჩისთვის ოთარის სახელი, თუმცა არ შემატყობინეს და არც ამის აღმნიშვნელი ნიშანი არსებობს. არც სკვერის გახსნა აღნიშნეს და არც ქუჩის, არც სიცოცოხლეში და არც გარდაცვალების შემდეგ, არ შესთავაზეს ვარსკვლავის გახსნა, მიუხედავად იმისა, რომ მამაჩემს ეს არასდროს სდომებია. 24 ოქტომბერს, 85 წლის ხდებოდა, მერიას მივმართე შემოქმედებითი საღამოს გამართვის თხოვნით, რადგან ვხედავ, ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა ასრულებს ოთარის სიმღერებს და როცა ქვეყანაში მიდის საუბარი, რომ ზნეობრივად ირყვნება თაობა, ჩავთვალე, იუბილე ოთარის სახელისა და თბილისისთვის ძალიან ლამაზი იქნებოდა. ზაალ ჩიქობავამ გაუკეთა ორგანიზება ამ იუბილეს, თუმცა მერიამ უარი განგვიცხადა, თან მინდოდა, საქველმოქმედო სახე მიმეცა და შემოსული თანხა ნიჭიერი ახალგაზრდებისთვის გადაგვეცა, რადგან მამაჩემი ერთ თეთრს არ მოიტანდა სახლში, ურიგებდა გაჭირვებულებს და ყველას პატრონობდა. მერია 2 მილიონს საახალწლო განათებისთვის ხარჯავს და ამისთვის ვერ გამონახეს თანხა. ამან დიდი პროტესტი გამოიწვია ჩემში იმიტომ, რომ თაობები გაიზარდა ოთარის სიმღერებით. კომუნისტების პერიოდში აკრძალული იყო, როგორც დისიდენტი, კომუნისტების მოწინააღმდეგე და მილიციაზე, რაიკომის მდივნებზე, კორუფციაზე ხალხი რომ ვერ ბედავდა, ოთარი მღეროდა და ამ სიმღერებით თავის პროტესტს იკმაყოფილებდა ხალხი. მთელ საქართველოში და რუსეთშიც კი უსმენდნენ და ერთი ხელის მოსმით, არაფრად ჩამაგდეს, თან ეს მეორედ მოხდა. ამას ვაფასებ, როგორც უპატივცემულობას, დაუფასებლობას. ოთარი არასდროს, არავის, არაფერს სთხოვდა, პირიქით, გასცემდა. ერთხელ, სკოლაში მივყავდი, ბავშვი გააჩერა და 25 მანეთი, რომელიც მაშინ დიდი ფული იყო, აჩუქა. არ მწყენია, მაგრამ ვუთხარი, ერთი მანეთი მაინც მომეცი-მეთქი. მიპასუხა, ბიჭო, იმას 25-საც მივცემ და მეტსაც იმიტომ, რომ მამა არ ჰყავს და შენ გყავს. იმას მეტი ყურადღება სჭირდებაო, ეს ჩემთვის გაკვეთილი იყო... 

საზოგადოების მიმართ უდიდესი პატივისცემა და სიყვარული მაქვს, რაც მამაჩემმა შთამაგონა, მაგრამ საქართველოში ნიჭიერ ადამიანებს არ აფასებენ, თუ საზღვარგარეთ არ მოხდა მათი დაფასება. ამით ჩვენს კულტურას, შემოქმედებას ვკლავთ და ვღუპავთ. ვინც კი წავიდა საქართველოდან, ყველა მსოფლიო ვარსკვლავი გახდა. არ გამოვრიცხავ, მამაჩემის სიმღერები სხვა ენებზე ვთარგმნო და საზღვარგარეთ გავიტანო. არავის ვუკრძალავ სუფრასთან სიმღერას, მაგრამ საჯაროობას ვკრძალავ. არ მინდა, ჩემი ეს პროტესტი ვინმემ ისე აღიქვას, რომ რამე სარგებლის ნახვა მინდოდა. ერთადერთი დაინტერესება მაქვს, რომ არ გაქრეს იმ ადამიანების სახელები და ცხოვრება, რომლებიც ყველა თაობისთვის მაგალითია. 

კიდევ ერთხელ მივმართავ თხოვნით ხელისუფლებას, არ ითხოვს ოთარ რამიშვილის გახსენება ისეთ ფინანსებს, რომ ვერ შეწვდეს. ამას ვითხოვ, როგორც ოთარ რამიშვილის შვილი და არა, როგორც პოლიტიკოსი და ხელისუფლებასთან დაპირისპირებული ადვოკატი. ნუ დაბლოკავენ მამაჩემის შემოქმედებას ჩემს გამო, თორემ „დრონი მეფობენ და არა მეფენი“ და მერე, ყველას თავისი მოეკითხება. 

ოთარის ლექსიდან ერთ სტროფს გეტყვით: „ახლა კაცობას ჩემულობს ყველა, კაცობასა აქვს ორი სახელი, ერთს შეუძლია ელვა და ჭექა, მეორეს უმძიმს თავის გამხელის“. ის მთელი ცხოვრება ემსახურებოდა ხალხს, ყველას მიმართ ერთი გრძნობით იყო მიმართული... 

_ ისე, საინტერესოა, პოლიტიკაში და მაინცდამაინც თაკო ჩარკვიანის პარტიაში წასვლა რატომ გადაწყვიტეთ? 

_ ეს გადაწყვეტილება იმიტომ კი არ მივიღე, რომ ჩემი ადგილი „ქართულ ოცნებაში“ ვერ ვნახე. ყველგან შემიძლია ჩემი მოკრძალებული ადგილი მოვნახო, მაგრამ ამ ნაბიჯის გადადგმა იმან გამოიწვია, რომ საქართველოში არ არსებობს სამართლიანი ხელისუფლება, კანონმდებლობა და ინსტიტუტები. ამიტომ წავედი ოპოზიციაში. თუ ხალხის არჩეული ხარ, ხალხს უნდა ემსახურო და კაბინეტში არ უნდა იჯდე. ძვირადღირებული ჯიპებით კი არა, ფეხით უნდა იარო და ხალხთან კომუნიკაცია უნდა გქონდეს! 

_ ბატონო მიხეილ, საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებთ? 

_ დიახ, ვაპირებ არჩევნებში მონაწილეობას და „კანონი და სამართალი“ დარჩება დამოუკიდებელ ძალად, რომელიც მხოლოდ ხალხის ნებაზე იქნება დამოკიდებული. ვრჩები ადვოკატად, თუმცა მიმაჩნია, ჩემი ცოდნა და გამოცდილება პოლიტიკაშიც უნდა მივმართო. ახლადშექმნილ პარტიაში შევედი იმიტომ, რომ ამ 30 წლის განმავლობაში, ერთი და იგივე სახეები დადიან წრეზე, ჯერ ერთობას ქმნიან, მერე უპირისპირდებიან და ქვეყნის სასიკეთოდ არაფერს აკეთებენ. ძალიან პრინციპული ვარ და ვერასოდეს დავხუჭავ თვალს, როცა სასწორის მეორე მხარეს, ხალხი და მისი მომავალი დგას. 

_ თქვენი პარტია გაერთიანებული ოპოზიციის წევრია, ზოგი იმასაც ამბობს, ნაციონალური მოძრაობის „სატელიტი“ პარტიააო. ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად, კოალიციით იყრით კენჭს? 

_ „კანონი და სამართალი“ არის აბსოლუტურად დამოუკიდებელი, არავის სატელიტი არ ვართ, რადგან ჩემი პრინციპია, თუ რამე გაერთიანებაში ვარ, ეს არ ნიშნავს, რომ მისი თანამოაზრე ვარ. მე ჩემს თავს ნაციონალური მოძრაობის წევრად ვერ და არც წარმოვიდგენ. შეიძლება, კოალიციაში ვიყოთ, მაგრამ ხაზს ვუსვამ, ეს არ ნიშნავს, რომ ვინმეს სატელიტი ვიქნებით. ამ გაერთიანებაში რამდენიმე პარტია შედის. თუ ნაციონალების მხრიდან, სიის შედგენის უფლებამოსილება დადგება და დომინირებული იქნებიან, ეს ჩემთვის მიუღებელია, რადგან თუ ერთობაზეა ლაპარაკი, ყველა ის პირი უნდა შევიდეს, ვინც გაერთიანებაშია. სიის შედგენაში არ უნდა იყოს ნეპოტიზმი და იყოს სუფთა პროცესი. თუ ეს არ მოხდება, არ დავთანხმდები. ან ვიქნებით სამართლიანი საპარლამენტო ოპოზიციური ფრთა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ვიქნები დამოუკიდებელი.

თათია გოჩაძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში