Menu
RSS

სკანდალური სქემა, რომლითაც ბავშვებს სიკვდილის მახეში აბამენ!

სათამაშო ბიზნესის შოკისმომგვრელი კულუარები _ რომელი პოლიტიკოსის „კლიჩკაა“ „მამუკაძე“ და ვინ აგებს პასუხს ათასობით ადამიანის გაუბედურებაზე

საქართველოში სიკვდილთან თამაში გრძელდება. აზარტული თამაშების მოყვარულებს, არა მხოლოდ რეგიონში, მთლიანად პოსტსაბჭოთა სივრცეში, ყველაზე დიდი არჩევანი, სწორედ საქართველოში აქვთ და რამდენიც უნდა ვამტკიცოთ, რომ ყველაფერი ეს ტურიზმის განვითარებისთვისაა საჭირო და ზოგადად, აზარტი ტურიზმის თანმდევი კომპონენტია, ფაქტია: აზარტული თამაშების გამო, საქართველოში სუიციდის სტატისტიკა ყოველწლიურად იზრდება. რაც ყველაზე საინტერესოა, ბოლო დროს ადამიანები არ მალავენ, რომ თავს, სწორედ ამის გამო იკლავენ, რათა აღარ აქვთ არც ნერვები, არც _ ფინანსები და საერთოდ, აღარაფერი, რის გამოც ცხოვრება ღირს. ისინი ცხოვრებას აგებენ იმ მონსტრთან, რომელსაც აზარტული თამაში ჰქვია. შესაძლოა, ბევრმა არც ის იცის, რომ ასეთი თავისუფალი წვდომის მიუხედავად, არსებობს მიწისქვეშა ტოტალიზატორებიც, სადაც „ხელზე გამაზვა“ მოსულა და რის გამოც არაერთი ადამიანი დაღუპულა. სხვათა შორის, წინა ხელისუფლების დროს, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი „ხელზე მმაზავი“, თბილისის საკრებულოს წევრი იყო და საქმეების გარჩევაშიც აქტიურად მონაწილეობდა. ეს ადამიანი ყველა კაზინოში ვიპ-კლიენტი გახლდათ, მაგრამ ნამდვილი გვარის ნაცვლად, ყველგან „მამუკაძე“ იყო და ესეც კაზინოს ერთ-ერთი სერვისია, შეუძლია სხვა გვარით დაგარეგისტრიროს, თუ თანამდებობის პირი ხარ და არ გინდა „დაიწვა“.

პარლამენტში მეორედ შევიდა კანონპროექტი, რომელიც აზარტულ თამაშებზე რეკლამის აკრძალვას გულისხმობს. აღარაფერს ვამბობთ იმაზე, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი მთავარი დაპირება, სწორედ აზარტული თამაშების შეზღუდვა იყო, მაგრამ ნურას უკაცრავად _ სფეროს, რომლის წლიურმა ბრუნვამ უკვე 15 მილიარდი ლარი (საქართველოს ბიუჯეტი) შეადგინა, არავინ შეეხო. 

დიდი ალბათობით, ერთხელ ჩაგდებული კანონპროექტი მეორედაც ჩავარდება, რადგან ხელისუფლების განწყობა უკვე გამოჩნდა. კონკრეტულ მაგალითს გეტყვით _ საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ჩემპიონატს, მიმდინარე წელს, „კრისტალ ბეთ ეროვნული ლიგა“ დაერქვა და ამის სანაცვლოდ, აღნიშნული ტოტალიზატორი გარკვეულ თანხასაც იხდის. რა თქმა უნდა, ეს რეკლამაა და პარლამენტში შეტანილ კანონპროექტში ერთ-ერთ მთავარ პუნქტად, სწორედ რეკლამის აკრძალვაა მითითებული. პარლამენტარმა და ამავდროულად, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი რამდენიმე დღის წინ გააკეთა. 

„ქართულ ფეხბურთში პირველად არ ხდება, რომ აზარტული თამაშების კომპანიის რეკლამის გაყიდვა ხდება. ეს მიღებული ფორმაა ისეთ საფეხბურთო ქვეყნებში, როგორიცაა ინგლისი, ავსტრია, შვეიცარია და ა.შ. ინგლისის პრემიერ-ლიგის გუნდებს გადახედეთ, 20 გუნდიდან, 10 გუნდს მაისურზე აზარტული თამაშების კომპანიის სახელი აწერია და მას რეკლამას უკეთებს. ეს ბევრ ქვეყანაში მიღებული პრაქტიკაა. მათ, შესაძლოა, ფინანსების სხვა საშუალებებიც ჰქონდეთ, მაგრამ ასე აკეთებენ. ეს შემოსავლები ჩემპიონატის დონის ამაღლებას ხელს უწყობს. ნუ ვიდავებთ, რომ ფეხბურთს სპონსორი სჭირდება“, _ განაცხადა კობიაშვილმა, რაც ძალიან დიდი ალბათობით, იმას ნიშნავს, რომ ის აკრძალვას მხარს არ დაუჭერს. 

ახლა კონკრეტული მაგალითები ვთქვათ, თუ როგორ „რეკლამას“ ეწევიან აზარტული თამაშების წარმომადგენლები, რათა რაც შეიძლება მეტი ადამიანი მიიზიდონ. ინკოგნიტო ბარათით დავიწყოთ: ძნელად მოიძებნება მსოფლიოში სრულწლოვანი ადამიანი, რომელსაც ბანკთან ურთიერთობა არ აქვს. ოდესმე თუ გიფიქრიათ, რომ თქვენი საბანკო ტრანზაქციები, შესაძლოა, უჩინარი გახდეს? არადა, სწორედ ამას გთავაზობენ ტოტალიზატორები და პირდაპირ გეუბნებიან, რომ ბარათი, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში, კურიერი ადგილზე უფასოდ მოგიტანთ (საქართველოს ნებისმიერ წერტილში), უჩინარს გაგხდით. ტელევიზიითაც კი გადის რეკლამა, რომლის მთავარი დევიზია _ „დარჩი ინკოგნიტო, გადაიხადე ტერმინალით რომელ მაღაზიაშიც გინდა, გაანაღდე უპროცენტოდ, სადაც გინდა და შენი ნებისმიერი ტრანზაქცია კონფიდენციალურია...“ 

როგორია? ჩვენ, იმ ადამიანებს, რომლებიც არ ვთამაშობთ, რომლებსაც არ გვაქვს ინკოგნიტო ბარათი და ნებისმიერი ტრანზაქცია გამჭვირვალეა, უცებ გვესმის, რომ შესაძლოა, უფასოდ მივიღოთ ბარათი, რომელიც უჩინარს გაგვხდის და ნებისმიერ ფინანსური ოპერაციას განვახორციელებთ ისე, რომ ინკოგნიტოდ დავრჩეთ! 

ეს ყველაფერი არაა. ყოველ საღამოს (ვიმეორებ, ყოველ საღამოს), ინტერნეტ-საიტებზე ჩნდება ვიდეოები, რომლებიც პირდაპირ ეთერში მიმდინარეობს. ადამიანები, „სტრიმერები“ სლოტებს ატრიალებენ და მაყურებელს „ასწავლიან მოგებას“. რაც მთავარია, ისინი ამბობენ, რომ ამით მხოლოდ ერთობიან და, თურმე, ჩვენც უნდა გავერთოთ. მერე, მაყურებლის თვალწინ, კონკრეტულ სლოტში იგებენ ათასობით ლარს და ყველაფერ ამას, ასი ათასობით მაყურებელი ჰყავს. ამ ადამიანებს სტუმრად მიჰყავთ ცნობილი მსახიობები, ტელეწამყვანები, საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები და მათთან ერთად თამაშობენ. იწყებენ თამაშს, მაგალითად, ათასი ლარიდან და ორი საათის შემდეგ, ამთავრებენ 10-20 და უფრო მეტი ათასით. პირდაპირი ეთერის პარალელურად, ეკრანზე ანთია იმ კომპანიის ლოგო, რომლის ვებ-გვერდზეც თამაშობენ და, რაღა თქმა უნდა, ხმის ჩახლეჩამდე ყვირიან, როცა თანხას იგებენ. რეალურად კი, ეს ადამიანები ტოტალიზატორებისა და ინტერნეტ-კაზინოების მფლობელებს დაქირავებული ჰყავთ _ უხდიან კონკრეტულ თანხას და იმ კონკრეტულ სლოტზე, მოგების გაცემის კოეფიციენტსაც პროგრამულად სწევენ. შედარებისთვის გეტყვით, რომ ლას-ვეგასში ანუ აზარტული თამაშების მექაში, აპარატებს გაცემის კოეფიციენტი 70% აქვთ ანუ თუ ითამაშებთ, მაგალითად, 100 ლარს, აპარატმა დიდი ალბათობით, უნდა გასცეს 70 ლარის მოგება. ჩვენთან შესაბამისი მექანიზმი არ არსებობს და ნებისმიერ პროვაიდერს შესაძლებლობა აქვს, გაცემის კოეფიციენტი თავისი გემოვნების მიხედვით დაადგინოს და, მაგალითად, 2 ან 3 პროცენტი დასვას. კი ამბობენ, რომ თამაშებზე, რომელიც ბოლოს შემოდის, პროცენტი პროგრამულადაა დასმული და მას ვერავინ დასწევს, მაგრამ ესეც ერთგვარი სატყუარაა. შესაბამისად, უყურებს ყველაფერ ამას ასი ათასობით ადამიანი, უყურებს ყოველ დღე, უყურებს მსახიობებს და ესმის, რომ ისინიც მოუწოდებენ „გართობისკენ“ და იწყებს თამაშს. მით უმეტეს, როცა ასეთი გაჭირვებაა, ასი ათასობით ადამიანი ყოველდღიურ რეჟიმში ხედავს, რომ ვიღაცები ყოველ საღამოს, მცირე თანხით ათასობით ლარს იგებენ. სატყუარა ძალიან კარგად მუშაობს და იმის მიუხედავად, რომ კომენტარები ძირითადად ნეგატიურია ანუ წერენ, გვატყუებენ, ხალხოო, რეალობა სხვაგვარია _ ადამიანთა არცთუ მცირე ნაწილი რისკავს და მერე უკვე ნარკოტიკივითაა _ ვეღარ ეშვები. ასე განსაჯეთ, სპეციალური საიტიც კია შექმნილი, სადაც შეგიძლია შეხვიდე და აირჩიო, რომელ „სტრიმერს“ უყურო პირდაპირ ეთერში და თუ მათი რიცხვი ერთი წლის წინ, ორი იყო, ახლა 20-ზე მეტია. 

საქმეში ჩაერთვნენ გოგონებიც, რომლებიც თამაშობენ და აჩვენებენ, რომ მოგება, თურმე, ქალებსაც შეუძლიათ, რომ ამაში სახიფათო არაფერია ანუ აზარტულმა თამაშებმა სუსტი სქესის წარმომადგენელთა ბაზრის ათვისებაც დაიწყო. 

ცალკეე თემაა, აზარტული თამაშების სარეკლამო რგოლებში ცნობილი ადამიანების ჩართვა. მხოლოდ ანდრეა პირლოსა და რივალდოს ჩამოყვანა და ამ საქმეში მონაწილეობა რად ღირს. იტალიური ფეხბურთის ლეგენდა პირლოს და ბრაზილიური ფეხბურთის ლეგენდა რივალდოს, საქართველოში კი არა, მთელ მსოფლიოში იცნობენ. ისინი მსოფლიოს ჩემპიონები არიან, თავის დროზე, უამრავი ბავშვის კუმირები იყვნენ და ახლა ეს ბავშვები არიან იმ ასაკში, რომ უნდა ითამაშონ და აგერ, ბატონო, მათი კუმირები ქართულად ესაუბრებიან და ეუბნებიან, რომ თამაშით გაერთონ. 

სხვათა შორის, აზარტულ „კანტორაზე“ დარეგისტრირება ძალიან მარტივად ხდება. შეგყავს პირადი ნომერი, ტელეფონის ნომერი და მორჩა, დარეგისტრირებული ხარ. შემდეგ კი შენი კოდით, გადახდის ნებისმიერი აპარატიდან ავსებ ბალანსს და ჯდები სათამაშოდ. თუ გარკვეულ აქციებში გსურს მონაწილეობა, უნდა გაიარო ვერიფიკაცია ანუ უნდა გადააგზავნო პირადობის მოწმობის წინა და უკანა მხარე. ახლა მარტივად აგიხსნით კომბინაციას _ 12, 13, 14 წლის ბავშვმა, რომელმაც უყურა პირლოს, რივალდოს, სტრიმერებს, მოინდომა თამაში. აიღო ტელეფონი, გადაუღო მამის ან დედის პირადობას სურათი, გადააგზავნა, დარეგისტრირდა და მიუთითა ტელეფონის საკუთარი ნომერი, სადაც სარეკლამო შეტყობინებები მიუვა. მშობლები ვერაფერს ხვდებიან და რაც მთავარია, რომც მიხვდნენ, ანგარიშის გაუქმება ტელეფონით არ ხდება, უნდა მიხვიდე ოფისში, უნდა წარუდგინო პირადობა, რომ ნამდვილად თქვენ ხართ და ნამდვილად გსურთ საკუთარი ანგარიშის გაუქმება და მხოლოდ ამის შემდეგ გიუქმებენ ანუ ეს მაშინ, როცა საქმე არასრულწლოვანს ეხება, მაგრამ თუ მშობლებმა გადაწყვიტეს, რომ სრულწლოვანი შვილი უნდა დაიცვან და აარიდონ აზარტულ თამაშებს, ხოლო შვილი ამის წინააღმდეგია, ისინი ვერაფერს იზამენ. ტელეფონით ანგარიშს არავინ გააუქმებს, ოფისში კი შვილი არ მივა. 

ყველაფერი ეს მაშინ, როცა საქმე ოჯახის წევრს ეხება, თორემ არასრულწლოვნები ხშირად „რისკავენ“ და პირად ნომერს „იპარავენ“ ანუ ვიღაცის პირადობას მოკრავენ თვალს, იმახსოვრებენ სახელსა და გვარს, ციფრებს და რეგისტრირდებიან. შედეგად, თქვენი პირადობით ადამიანმა, შესაძლოა, წლობით ითამაშოს, არ მიიღოს იმ აქციებში მონაწილეობა, რომლებსაც ვერიფიკაცია სჭირდება და თქვენ ამის შესახებ არაფერი გეცოდინებათ. 

ეს არის ის მწარე რეალობა, რომელშიც ვცხოვრობთ და უკონტროლო ბაზარი, რომელიც ყოველწლიურად იზრდება. გარდა სუიციდისა, აზარტული თამაშების ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულის რიცხვიც ძალიან დიდია და წესით, სამართალდამცავებს უნდა აწყობდეთ კანონის გამკაცრება, თუმცა... 15-მილიარდიანი ბრუნვა, ძალიან შთამბეჭდავად ჟღერს.

ბათო ჯაფარიძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში