Menu
RSS

ყოფილი ჭყონდიდელის სკანდალური X-ფაილი

როგორ გახდა გავლენიანი სასულიერო პირი, რით დაიმსახურა პატრიარქის სიყვარული და რატომ არის ჭყონდიდის ეპარქია მნიშვნელოვანი _ უცნობი დეტალები პეტრე ცააავას ბიოგრაფიიდან

ის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან მღდელმთავრად ითვლებოდა. უფრო მეტიც, არცთუ შორეულ წარსულში უწმინდესს ეთაყვანებოდა, მაგრამ მოგეხსენებათ, ცისქვეშეთში მარადიული არაფერია. ჰოდა, მარადიული არც მისი გავლენიანობა ყოფილა. ყველაფერი კი რამდენიმე წლის წინ ანუ მაშინ დაიწყო, როცა ილია მეორის „კეთილ მწყემსობაში“ ეჭვი შეეპარა. ამბობს, რომ პატრიარქის მისამართით კითხვის ნიშნები პირველად „ციანიდის საქმემ“ გაუჩინა. ჰოდა, ამის შემდეგ მონასტერი, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშნელობით, აირია. რა არის სიმართლე და რა მითი ჭყონდიდის აწ უკვე ყოფილი მიტროპოლიტის, მეუფე პეტრეს ნათქვამში? _ ამას ერთმნიშვნელოვნად ვერ ვიტყვით, თუმცა ერთი რამ საკითხავია: თუ ეკლესიაში ამდენი უბედურება ხდებოდა, ნუთუ, „ციანიდის საქმემდე“ ვერაფერს ამჩნევდა, თუ ამჩნევდა, მაგრამ თვალს ხუჭავდა? 

მოდით, ეს კითხვა უპასუხოდ დავტოვოთ და განყენებული მღვდელმთავრის X-ფაილი შევადგინოთ.

 

როგორ მოხვდა პეტრე ცაავა ეკლესიაში? _ ამის გაგება ბევრს აინტერესებს, მით უმეტეს, იმ ფონზე, რომ გასული საუკუნის 90-იანი წლების პირველ დეკადაში პოლიტიკით იყო გატაცებული. ყოველ შემთხვევაში, 1995 წელს, სენაკის დამოუკიდებელ მაჟორიტარად იყრიდა კენჭს და, როგორც ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში განაცხადა, 7 ათასი ხმაც აიღო, თუმცა ხმების ეს რაოდენობა საკმარისი არ აღმოჩნდა, რომ ბარიერი გადაელახა და დეპუტატი გამხდარიყო. სწორედ ამის მერე დაიწყო ბიბლიის კითხვა. 

ზოგადად, მეუფე პეტრეზე ბევრი ინფორმაცია არ არსებობს (ცხადია, თუ ჭორებს არ ჩავთვლით). უფრო მეტიც, ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი საზოგადოების ყურადღების ცენტრში „ციანიდის სკანდალის“ შემდეგ მოექცა და, შესაბამისად, მაშინ გახდა ცნობილი, რომ თავის დროზე, თურმე, ნაციონალების მხარდამჭერი იყო. ისიც თქვეს, რომ თითქოს ახალაიებს „ეძმაკაცებოდა“ და მერე, ისიც გაუხსენეს, რომ სნოში მიხეილ სააკაშვილის პორტრეტი ეკიდა. 

რატომ ეკიდა ყოფილი პრეზიდენტის პორტრეტი? _ როცა ეს კითხვა ჟურნალისტებმა დაუსვეს, ცაავამ განმარტა, ამის ინიციატორი თავად პატრიარქი იყოო ანუ სნოში პეტრეს, ილია მეორის პორტრეტი დაუკიდებია. ეს რომ პატრიარქს უნახავს, უთქვამს, საერო მმართველის ფოტოც უნდა გქონდესო. მაშინ პრეზიდენტი ცხონებული ედუარდ შევარდნაძე ყოფილა. ჰოდა, პეტრესაც, რაკი პატრიარქმა ურჩია, ცეკა-ს ყოფილი პირველი მდივნის ფოტოც გამოუფენია. ამასობაში, „ვარდების რევოლუციაც“ მომხდარა და... სნოშიც შევარდნაძე, სააკაშვილს შეუცვლია. 

სხვათა შორის, 2004 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე, სნოში სანდრა რულოვსი ჩასულა და მეუფის რეზიდენციაში სტუმრობა მოუნდომებია. პეტრეს, როგორც ერთ-ერთ ინტერვიუში ჰყვება, თავი უხერხულად უგრძვნია და სანდრასთვის უთქვამს, ასე და ასეა საქმე, შევარდნაძის პორტრეტია რეზიდენციაშიო. ამ ამბავს რულოვსი, პეტრე ცაავას სიტყვებით რომ ვთქვათ, ნამდვილი ევროპელივით შეხვედრია. 

სხვათა შორის, ჭყონდიდის რეზიდენციაში, მეუფე პეტრეს „გაფრანგული ქალბატონის“ ანუ სალომე ზურაბიშვილის პორტრეტი არ ჰქონდა და ამას ზურაბიშვილის რუსეთისადმი ლოიალური დამოკიდებულებით ხსნიდა. 

როგორც ზემოთ ვთქვით, პეტრე ცაავა, რამდენიმე წლის წინ, საზოგადოებისთვის არცთუ ცნობილი სასულიერო პირი იყო. საპატრიარქოს ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებულ სტატიაში კი, რომლის ავტორიც სერგო ვარდოსანიძეა, ვკითხულობთ: 

„მიტროპოლიტი პეტრე, ერისკაცობაში პაატა რევაზის ძე ცაავა, დაიბადა 1970 წლის 7 აპრილს, ქალაქ სენაკში. 

1987 წელს, დაამთავრა სენაკის მე-7 საშუალო სკოლა; ხოლო _ 1992 წელს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო-ეკონომიკის ფაკულტეტი. 

1997-2000 წლებში, სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში და ამავე დროს ცხოვრობდა და აღასრულებდა მორჩილებას საქართველოს საპატრიარქო რეზიდენციაში. 

2000 წლის ივლისიდან, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, მორჩილი პაატა (ცაავა) გაიგზავნა ყაზბეგის რაიონის სოფელ სნოში, სულიერებისა და კულტურის ცენტრის დასაარსებლად. 

2000 წლის 27 აგვისტოს, ბათუმისა და სხალთის მთავარეპისკოპოსმა დიმიტრიმ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, ბერად აღკვეცა ყაზბეგის რაიონის სოფელ სნოს წმ. გიორგის სახელობის ტაძარში და უწოდა სახელი პეტრე. მისი მფარველია წმიდა პეტრე მოციქული. 

ბათუმისა და სხალთის მთავარეპისკოპოსმა დიმიტრიმ, იმავე წლის 28 აგვისტოს, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულზე, გერგეტის წმ. სამების სახელობის ტაძარში, ბერ-დიაკვნად დაასხა ხელი. 

2000 წლის 3 ნოემბერს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ, გერგეტის ყოვლადწმიდა სამების ტაძარში, ბერ-დიაკონ პეტრეს, მღვდელ-მონაზვნად დაასხა ხელი. 

მას დაევალა მღვდელმსახურება ყაზბეგის რაიონში, სნოს ხეობის სოფლებში. ამავე დროს, მღვდელ-მონაზონი პეტრე განაგრძობს საქართველოს საპატრიარქოს სოფელ სნოს შიოლა ღუდუშაურის სახელობის სულიერებისა და კულტურის ცენტრის ხელმძღვანელობას. 

2002 წლის 16 ივლისს, გერგეტობის დღესასწაულზე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ, მღვდელმონაზონი პეტრე დააჯილდოვა ოქროს ჯვრით და აღიყვანა იღუმენის ხარისხში. 

2002 წლის 17 ოქტომბერს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით, წილკნის ეპარქიას გამოეყო ყაზბეგის რაიონი და ახალი საეკლესიო ადმინისტრაციული დაყოფის მიხედვით, მას სტეფანწმინდისა და ხევის ეპარქია ეწოდა. ამ ეპარქიის ეპისკოპოსად წმინდა სინოდმა გამოარჩია იღუმენი პეტრე (ცაავა). 

19 ოქტომბერს, სიონის საკათედრო ტაძარში, ეპისკოპოსად წარდგინებისას, იღუმენმა პეტრემ ბრძანა: 

„თქვენო უწმიდესობავ და უნეტარესობავ, ყოვლადსამღვდელონო მეუფენო, პატიოსანო მამანო, ქრისტეს მიერ საყვარელნო ძმებო და დებო. 

წმიდა ფსალმუნთმგალობელი და წინასწარმეტყველი დავითი ბრძანებს: „დიდ ხარ შენ, უფალო, და საკვირველ არიან საქმენი შენნი და ვერვინ შემძლებელ არს მადლის მიცემად საკვირველებათა შენთა“. მართლაც, საოცარია და უსაზღვრო განგება ღვთისა. ჭეშმარიტად, ამ განგებით, თქვენი უწმიდესობისა და უნეტარესობის ლოცვა-კურთხევითა და საქართველოს წმიდა სინოდის გადაწყვეტილებით, გამორჩეული ვიქმენი ეპისკოპოსად ღვთივდაცულისა სტეფანწმიდისა და ხევის ეპარქიის სამწყსოსი. 

ვმადლობ ყოვლადმოწყალე ღმერთს, რომელმაც მომიწოდა ესოდენ დიდი მსახურებისათვის. მე შეგნებული მაქვს ის უმძიმესი და საპატიო ჯვარი, რომელსაც მაკისრებს მაღალი ღმერთი. 

მუხლს ვიყრი საქართველოს ეკლესიისა და ახლადშექმნილი ეპარქიის მრევლის წინაშე, რომელსაც სასოებით უნდა ემსახუროს ჩემი ძალი და გონება. 

უნდა ემსახუროს იმ სარწმუნოებით, რითაც ბეთლემის გამოქვაბული, თუ გერგეტის წმიდა სამება იქნა აშენებული ამ კუთხის ღირსეულ წინაპართა მიერ. ისინი ხომ ყოველთვის გამოირჩეოდნენ სარწმუნოებრივი შემართებით,… ვახუშტი ბაგრატიონი მოიხსენიებს მათ, როგორც „კაცნი მბრძოლნი, ძლიერნი, ახოვანნი და ჰაეროვანნი“. 

მოხევენი საგანგებოდ აშენებდნენ ეკლესია-მონასტრებს ისეთ მიუვალ ადგილებში, სადაც მისვლაც კი აღმსარებლობას უტოლდებოდა. 

დღესაც, ჩვენს მეტად მძიმე და აპოკალიფსურ დროში, განსაკუთრებულია მისია მთისა და საქართველოს ჩრდილოეთ საზღვრისა. 

მე მხოლოდ ის დამრჩენია, მახსოვდეს წმიდა პავლე მოციქულის სიტყვები: „კაცად – კაცადმან თავისი ტვირთი იტვირთოს“ და, აგრეთვე: „ჯერ არს ეპისკოპოსისა, რათა უბრალო იყოს, ფრთხილ, წმიდა, შემკულ, სტუმართმოყვარე, სწავლულ“. 

წმიდა წერილში უფალი თავისი სიყვარულის დასამტკიცებლად მოციქულისაგან ითხოვს: „დამწყსენ ცხოვარნი ჩემნი“. ე.ი. არა – შენნი, არამედ – „ჩემნი“…. თქვენია სამწყსო ხევისაც და სრულიად საქართველოსი, თქვენო უწმიდესობავ და უნეტარესობავ. 

მაცხოვარი ეუბნება მოციქულს: „რაჟამს დაჰბერდე, განიპყრნე ხელნი შენნი და სხუამან შეგარტყას შენ და წარგიყვანოს, ვიდრეცა შენ არა გინდეს“. 

ძრწოლა მიპყრობს, როდესაც გონების თვალით ვჭვრეტ ჩემს ტვირთს ღვთის წინაშე, რომელიც უხილავად აქ მყოფს. 

ვიღებ ამ ხარისხს, როგორც ღვთის ნებას თქვენი გონიერი გულით გაცხადებულს, თქვენო უწმიდესობავ და უნეტარესობავ. მივიღებ ისევ ღვთისადმი და თქვენი ლოცვებისადმი სასოებით, თქვენი მამამთავრული შემწეობის იმედით. 

გმადლობთ, თქვენო უწმიდესობავ და უნეტარესობავ, გმადლობთ, ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ჩემი ეპისკოპოსად გამორჩევისა და ეგზომ დიდი ნდობისათვის. 

ლოცვა ჰყავთ ჩემთვის, რათა შევძლო კეთილად აღვასრულო ნება უფლისა – სადიდებელად ღვთისა და სასიკეთოდ ჩვენი დედა ეკლესიისა“. 

უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II-მ მიულოცა მეუფე პეტრეს ეპისკოპოსის ხარისხში ამაღლება და სტეფანწმინდისა და ხევის მღვდელმთავრად დაადგინა. კურთხევის შემდეგ, საქართველოს პატრიარქმა სტეფანწმინდისა და ხევის ეპისკოპოსს ამ სიტყვებით მიმართა: 

„თქვენო ყოვლადუსამღვდელოესობავ, სტეფანწმიდისა და ხევის ეპისკოპოსო პეტრე! 

აღსრულდა განგება ღვთისა და დღეს მადლი სულისა წმიდისა – „უძლურთა მკურნალი და ნაკლულევანთა აღმავსებელი“ – გარდამოვიდა შენ ზედა და გეწოდა ეპისკოპოსი სტეფანწმიდისა და ხევისა. ეს არის ისტორიული მოვლენა იმიტომ, რომ ხევი და დარიალის ხეობა არის საქართველოს კარიბჭე, რომელსაც ქართველი ხალხი თავისი რწმენით, შემართებითა და ვაჟკაცობით მუდამ იცავდა. არაერთი შემთხვევა ყოფილა ჩვენს ისტორიაში, როდესაც მტერი ცდილობდა სწორედ დარიალის კარიბჭიდან შემოსულიყო საქართველოში. და აი, დღეს, განგებითა ღვთისათა, ჩვენი მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიის განმავლობაში, პირველი შემთხვევაა, როცა ხევსა და სტეფანწმიდას თავისი ეპისკოპოსი ჰყავს. 

დიდია პატივი, რომელიც მიიღე ღვთისაგან, მაგრამ ამაზე დიდია ის პასუხისმგებლობა, რომელიც დაგეკისრა. შენ ყველაფერი უნდა გააკეთო იმისათვის, რომ სულიერად ამაღლდეს ხალხი, განმტკიცდეს მართლმადიდებელი სარწმუნოება, ამოქმედდეს ეპარქიის ყველა ტაძარი და მონასტერი. მაგრამ, ამასთან ერთად, ყველაფერი უნდა გააკეთო იმისათვის, რომ გამრავლდეს და განმტკიცდეს მოსახლეობა ამ ისტორიულ კუთხეში. მე დარწმუნებული ვარ, რომ დღეს ჩვენზე მეტად, ჩვენი წინაპრები ხარობენ იმიტომ, რომ ორიათასი წლის მანძილზე ელოდნენ ამ ბედნიერ დღეს. ჩვენ, უპირველეს ყოვლისა, ვმადლობთ უფალს, რომ ღვთის წყალობამ ამ უძველესი კუთხის ეპისკოპოსად შენი დადგინება ინება. თუ პიროვნების შინაგანი ცხოვრება სწორად ვითარდება, როცა ადამიანს დიდება ეძლევა, პარალელურად, იმაზე მეტი თავმდაბლობა უნდა მიეცეს. მე დარწმუნებული ვარ, რომ შენ, უწინდელივით, ჭეშმარიტი მართლმადიდებლური რწმენის, სიყვარულის, თავმდაბლობის, ქველმოქმედებისა და სიკეთის მაგალითი იქნები.

შენ ყველაფერს გააკეთებ, რომ მოსახლეობა გამრავლდეს ამ კუთხეში იმიტომ, რომ ეს სჭირდება არა მარტო ხევს, არამედ მთელ საქართველოს. მე დარწმუნებული ვარ, რომ მხარში ამოგიდგება სამღვდელოება, რომელიც იქ ერთგულად მსახურობს. ხელისუფლება და მთელი მოსახლეობა, რომელსაც ძალიან უყვარხარ და პატივს გცემს იმ იმედით, რომ ღმერთი მუდამ თქვენი მფარველი იქნება. მიიღეთ ეს კვერთხი მღვდელმთავრისა, როგორც სიმბოლო ძალისა და უფლებისა, ამავე დროს, ღვთის შეწევნისა. დალოცეთ თქვენი სამწყსო, აქ მდგომარენი და სრულიად საქართველო, რათა მოვიდეს ჩვენ ზედა მადლი სულისა წმიდისა, ამინ. 

ყველას გილოცავთ ამ ისტორიულ და ბედნიერ დღეს! განსაკუთრებით ვულოცავ ყაზბეგის მოსახლეობას, უპირველესად კი მათ, ვინც ჩამოვიდა ამ ბედნიერ დღეს, რათა ჩვენთან ერთად აღევლინათ ლოცვა. 

ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგაძლიეროთ! ღმერთმა თქვენთან ერთად დალოცოს, გააძლიეროს და გაამთლიანოს სრულიად საქართველო! 

ჩვენთან არს ღმერთი!“ 

2002 წლის 27 ოქტომბერს, სტეფანწმიდისა და ხევის ეპისკოპოსმა პეტრემ, პირველი სამღვდელმთავრო წირვა აღავლინა დაბა ყაზბეგის (დღევანდელი სტეფანწმინდის) საკათედრო ტაძარში. ამ დროიდან იწყებს იგი სამღვდელმთავრო მოღვაწეობას. 

ოთხი წლის განმავლობაში, სტეფანწმინდისა და ხევის ეპარქიაში დაარსდა რამდენიმე მამათა და დედათა მონასტერი, შესრულდა ძირითადი აღდგენითი და განახლებითი სამუშაოები ყოვლადწმიდა სამების გერგეტის ტაძარში და აქ მამათა მონასტერი დაარსდა, გამრავლდა ბერ-მონაზონთა და ღვთისმსახურთა რიცხვი. აშენდა რამდენიმე ტაძარი, საფუძველი ჩაეყარა წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ახალი საკათედრო ტაძრის მშენებლობას. ეპარქიის დაარსების პირველივე თვეს, გამოვიდა საეპარქიო გაზეთი „მადლიანი სტეფანწმინდა“, რომელშიც დაწვრილებით აისახა ეპარქიაში მიმდინარე მოვლენები. 

2006 წლის 23 დეკემბერს, წმიდა სინოდის გადაწყვეტილებით, სტეფანწმინდისა და ხევის ეპისკოპოსი პეტრე, ჭყონდიდის ეპარქიის მღვდელმთავრად დადგინდა, 2007 წლის 5 იანვარს, იგი ჭყონდიდის ეპარქიაში წარადგინეს. 

მეუფე პეტრეს ჩასვლამდე, ეპარქიაში მოქმედი იყო 20 ეკლესია-მონასტერი, მისი ღვაწლით აშენდა და ამოქმედდა 27 ეკლესია-მონასტერი. 

2007 წლის 23 იანვარს, წმ. სამების ტაძარში, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ, ჭყონდიდელი ეპისკოპოსი პეტრე მთავარეპისკოპოსის ხარისხში აიყვანა. 2007 წლის 25 დეკემბერს, მეუფე პეტრე დაჯილდოვდა წმ. გიორგის ორდენით. 

ჭყონდიდელი მთავარეპისკოპოსი პეტრეს მოღვაწეობას უკავშირდება 2007 წლიდან, მარტვილის სამონასტრო კომპლექსის აღორძინება. სამღვდელმთავრო რეზიდენციის აშენება, მიმდებარე ტერიტორიებზე წმ. ანდრია მოციქულის მამათა და წმ. ნინოს დედათა მონასტრების დაარსება. ეპარქიაში სამღვდელოებისა და ბერ-მონაზვნების გამრავლება, რამდენიმე დედათა და მამათა მონასტრის დაარსება. ეპარქიის რაიონებსა და სოფლებში არსებული ტაძრების აღდგენა და ახალი ეკლესიების მშენებლობის დაწყება. აბაშის რაიონულ ცენტრში ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძრის მშენებლობა. სალხინოს დადიანისეული საზაფხულო რეზიდენციის აღდგენის დაწყება და მასში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა და საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციის დაარსება. ისტორიული მარნის აღდგენა, ოჯალეშის ჯიშის ვენახების ხელახალი გაშენება და მეღვინეობის განვითარება. ასევე სოფელ სალხინოში, ოჯახის მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა გიმნაზია-პანსიონის დაარსება. 

2007 წლიდან, განსაკუთრებულად იდღესასწაულება წმ. გიორგი ჭყონდიდელის ხსენების დღე „ჭყონდიდობა“. 

ასევე, დაწესდა სულთმოფენობის მეორე დღის – ორშაბათის ანუ მარტვილიის _ მატვილობის დღესასწაულის განსაკუთრებული ზეიმით აღნიშვნა. 

2008 წლის 23 ნოემბრიდან, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, ჭყონდიდელი მთავარეპისკოპოსი პეტრე ხელმძღვანელობდა საქართველოს საპატრიარქო ტელევიზია „ერთსულოვნებას“. 

სხვათა შორის, საპატრიარქოს საიტზე, პეტრე ცაავა ჯერ ისევ ჭყონდიდის მიტროპოლიტად არის მოხსენიებული. 

მას შემდეგ, რაც „ციანიდის სკანდალი“ აგორდა, ტყუილ-მართალი ერთმანეთში აირია და მედია, ბუნებრივია, პეტრე ცაავას პერსონითაც დაინტერესდა. რამდენიმე წლის წინ, ერთ-ერთ ქართულ გაზეთში, ამ თემაზე გამოქვეყნებულ სტატიაში ეწერა: 

„ჭყონდიდის ეპისკოპოსს, მეუფე პეტრეს ძალადობაში ამხელენ – ადგილობრივები აცხადებენ, რომ მეუფე პეტრე, ერისკაცობაში პაატა ცაავა, ერთ-ერთ ახალგაზრდას, რომელიც ტაძარში ცხოვრობდა, ფიზიკურად გაუსწორდა. 

ადგილობრივების თქმით, მეუფე პეტრე იფარებდა არსებული ხელისუფლებისგან ძებნილ და ბრალდებულ მაღალჩინოსნებს, მათ შორის, მეგის ქარდავას. 

„მეუფე პეტრე არის ჩასაფრებული ნაციონალი, როლანდ ახალაიას, რეგიონის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, საპატრიარქოს უმაღლესი ჯილდო _ „წმინდა გიორგის“ ოქროს ორდენი გადასცა პატრიარქმა. ამ ფაქტმა სამეგრელო შოკში ჩააგდო. ცნობილი ფაქტია, რომ მეუფე პეტრეს კედელზე, ხატების გვერდით, სააკაშვილის სურათი ეკიდა, ამის ფოტომასალაც არსებობს. ახალაიებმა მეუფისთვის ძალიან ბევრი რამ გააკეთეს, დადიანების საზაფხულო რეზიდენციის ეზოში დგას ეტლი, რომელშიც 60 ათასი ევრო გადაიხადეს, _ აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი და დასძენს, რომ მეუფე პეტრე შეკრული იყო ნაციონალურ მოძრაობის ძალოვან სტრუქტურებთან, _ მეუფე პეტრესთან მივედი, შესანიშნავი შესახედაობის კაცია, ამავე დროს, კომუნიკაბელურიც. გადავწყვიტე, ჩემი გაჭირვების შესახებ მომეყოლა, რა უბედურებაც ჩემ თავს ტრიალებდა, ავდექი, გვარებითა და სახელებით მოვუყევი, ვინ მებრძოდა, ვინ ახდენდა ჩემზე ზეწოლას, ვინ მართმევდა ქონებას, მან ჩაიცინა და არაფერი უთქვამს. მერე შევიტყვე, რომ ახალაიების სულიერი მოძღვარი და უახლოესი მეგობარი ყოფილა, ყველა მნიშვნელოვანი ინფორმაცია მათთან მიჰქონდა, თავში ხელი შემოვირტყი, მაგრამ უკვე გვიანი იყო“. 

ერთ-ერთი ადგილობრივის თქმით კი, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ,მარტვილში, მამათა მონასტერი 12 -მა ბერმა და მღვდელმა დატოვა. 

„მარტვილში, მამათა მონასტერი 12 -მა ბერმა და მღვდელმა დატოვა, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ. მათ ჭყონდიდელი მიტროპოლიტი, მეუფე პეტრე, ერისკაცობაში პაატა ცაავა ავალებდა, ხალხს პირდაპირ უქადაგეთ, რომ 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში, ნაცმოძრაობასა და მიხეილ სააკაშვილის გუნდს დაუჭირონ მხარიო. ვიდრე ციხის სკანდალური კადრები გამოქვეყნდებოდა, მეუფისთვის პირდაპირი წინააღმდეგობის გაწევას ვერავინ ბედავდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც სააკაშვილის ხელისუფლებას საბოლოოდ ნიღაბი ჩამოეხსნა, სასულიერო პირებმა სალხინოს მამათა მონასტერი პროტესტის ნიშნად დატოვეს. სხვათა შორის, იმ 12 სასულიერო პირიდან, რომლებიც ეპარქიიდან წავიდნენ, ერთ-ერთი მარტვილელი მოძღვარი, მამა გოჩა ცაავა იყო. მათი წასვლა უკავშირდება მეუფე პეტრეს მიერ, სააკაშვილის ზონდერების გამოძახებისა და ურჩი სასულიერო პირების ძალით დამორჩილების შესაძლო მოლოდინს, რადგან ცნობილია, ერთმა მაღალმა იერარქმა, იმისთვის,რომ განდგომილი ხელქვეითები დაემორჩილებინა, დახმარებისთვის სპეცრაზმს მიმართა და სპეცრაზმმაც უყოყმანოდ აღასრულა უბინძურესი მისია _ მღვდლები და ბერები სასტიკად სცემეს. განდგომილი და მთაში გადახვეწილი ბერების ნაწილი პატრიარქთან აპირებდა შეხვედრას, მაგრამ ჩემთვის უცნობია, მოხერხდა თუ არა ეს შეხვედრა. ჭყონდიდის ეპარქია იცლება, ამას ბევრი წყარო ადასტურებს“. 

ადგილობრივების თქმით, მეუფე პეტრე ხშირად მიემგზავრება კიევში, ასევე, თურქეთში, სადაც ნახულობს თავის სულიერ შვილს, მიხეილ სააკაშვილს. 2013 წელს, მეუფე პეტრე თურქეთში, დათა ახალაიას ესტუმრა. 

„ბუნებრივია, დაინტერესდებით, რას ფიქრობს მეუფე პეტრე არსებულ ხელისუფლებაზე და განსაკუთრებით ბიძინა ივანიშვილზე. ხმები დადის, რომ მეუფე პეტრე ხალხს ეუბნება, „ქართულ ოცნებას“ ძალიან ცოტა დრო დარჩა, ხელისუფლებაში მალე ნაციონალური მოძრაობა დაბრუნდებაო“, _ ნათქვამია ერთ-ერთ საგაზეთო სტატიაში, რომელიც 2016 წლის მაისით თარიღდება. 

პეტრე ცაავას ნაციონალებთან, შესაძლოა, კომუნიკაცია მართლა ჰქონდა, მაგრამ ბოლო დროს მოცემულობა შეიცვალა ანუ რამდენიმე თვის წინ, არსებული ინფორმაციით, ის ბიძინა ივანიშვილს ორჯერ შეხვდა. შეხვედრა ჭყონდიდში გაიმართა და, როგორც ითქვა, ცაავასა და ივანიშვილს ერთმანეთის მიმართ სიმპათიაც კი გაუჩნდათ. ამ შეხვედრებს პეტრე ცაავა არ უარყოფს და ჭყონდიდის მიტროპოლიტობიდან განყენების შემდეგ იმასაც ამბობს, რომ ივანიშვილთან ეკლესიის გაჯანსაღებაზე ისაუბრა. ამასთან, ივანიშვილმა, თურმე, სთხოვა, რომ 2020 წლის არჩევნებამდე, ეს თემა „დაეკონსერვებინათ“, თუმცა ყველაფერი 20-21 ივნისის მოვლენებმა შეცვალა ანუ პეტრე ცაავამ ისევ ხმაურიანი განცხადებები გააკეთა. 

სხვათა შორის, მეუფე პეტრე იმასაც მიანიშნებდა, რომ ივანიშვილს, დეკანოზ მამალაძის დანაშაულის, თითქოს არ სჯერა. 

ასეა თუ ისე, პეტრე ცავაა ჭყონდიდის მიტროპოლიტი აღარ არის. არადა, არსებობს ვერსია, რომ ყველაფერი, რაც ბოლო დროს მოხდა, სწორედ ჭყონდიდის ეპარქიასთან არის კავშირში ანუ ცნობილია, რომ ჭყონდიდი ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ეპარქიაა. 

„ჭყონდიდის ეპარქია აბაშას, მარტვილსა და მიმდებარე ტერიტორიებს მოიცავს. საეკლესიო ტრადიცია ქრისტიანობის ქადაგებას ამ მხარეში ანდრია პირველწოდებულს მიაწერს. ჭყონდიდელი მღვდელმთავრების დიდ გავლენასა და ავტორიტეტზე მეტყველებს ისიც, რომ დავით აღმაშენებელმა საეკლესიო საქმეების მოწესრიგება და უმაღლესი საერო თანამდებობა _ მწიგნობართუხუცესობა, სწორედ ჭყონდიდელ ეპისკოპოსს მიანდო. ეს საეპისკოპოსო ისტორიულად მძლავრ საგანმანათლებლო კერად ითვლებოდა. ჭყონდიდის ეპარქია იყო ერთ-ერთი, 1917 წელს, საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ განახლებულ 13 ეპარქიას შორის. 

თეოლოგ მირიან გამრეკელაშვილის თქმით, მეუფე პეტრე, რომელიც ამ ისტორიულ-სიმბოლურ ადგილას მიავლინეს, პატრიარქის ფავორიტი იყო ეკლესიაში მისვლის პირველივე ხანებიდან, მაგრამ დღევანდელი პატრიარქისთვის მისდამი სიმპათიის გამომჟღავნებად უფრო ხევის ეპისკოპოსად დანიშვნა უნდა მივიჩნიოთ, ვიდრე ისტორიულად მნიშვნელოვან და გავლენიან ეპარქიაში გამწესება. 

„ილია მეორემ ისტორიულ-რელიგიური ტოპოსები გააუქმა და თავის ბიოგრაფიაზე მიაბა ასეთი კულტურული მეხსიერების პუნქტები. მაგალითად, მცხეთაში, დღეს სვეტიცხოველზე მნიშვნელოვანი რელიგიური წერტილი, სამთავროს მონასტერია, სადაც მამა გაბრიელის საფლავია. პატრიარქისთვის ჭყონდიდზე მნიშვნელოვანი ეპარქია იყო ხევის ეპარქია, სადაც პეტრე გაუშვა კიდეც თავიდან. მას სურდა პეტრესთან დაახლოება და ეს სურვილი, გარკვეულწილად, გამოწვეული იყო იმით, რომ საპატრიარქო დაინტერესებული იყო ლონდერ ცაავასთან კარგი ურთიერთობის დამყარებით და პეტრე სტრატეგიულ ხიდად განიხილებოდა“, _ ამბობს თეოლოგი მირიან გამრეკელაშვილი და აღნიშნავს, რომ პეტრე ცაავამ ჭყონდიდის ეკლესიის მშენებლობაში დიდი შრომა და კაპიტალი ჩადო, ახლა კი იქ პრორუსი ეპისკოპოსი გამწესდება, რომელიც თავის დროზე, მღვდელმთავარი, მეუფე დიმიტრის დამსახურებითა და რეკომენდაციით გახდა“, _ ესაა ამონარიდი „რადიო თავისუფლების“ სტატიიდან. 

როგორ გაგრძელდება პეტრე ცაავას ცხოვრება? _ თვითონ არ გამორიცხავს, რომ სინოდმა, შესაძლოა, ეკლესიიდან საერთოდ განკვეთოს. თუ ასე მოხდა, მაშინ საეკლესიო თამაშების ახალი სეზონი დაიწყება, რომელიც წინა სეზონზე არცთუ ნაკლებად მძაფრსიუჟეტიანი იქნება.

ნინო დოლიძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში