Menu
RSS

საგანგაშო სტატისტიკა _ საქართველოში 700 ათასი ადამიანი აზარტულ თამაშებშია ჩართული!

„შემირცხვენია ხელისუფლება, თუ ამბროლაურის მერს, რომელმაც აზარტულ თამაშებში „პორშე“ მოიგო“, პასუხს არ მოსთხოვს!“

ლუდომანია (აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება) ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ უმძიმეს სენად აღიარა. ის, რომ აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება უდიდესი პრობლემაა, რამდენიმე დღის წინ მომხდარმა ტრაგედიამაც დაადასტურა _ „პირველი არხის“ ოპერატორმა, სანდრო ბერაძემ თავი იმიტომ მოიკლა, რომ მცდელობის მიუხედავად, ლუდომანიისგან ვერ გათავისუფლდა. არასამთავრობო ორგანიზაცია „დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ“ ხელმძღვანელი, თამარ ჯაფარიძე აცხადებს, რომ სანდრო აცნობიერებდა საკუთარ სენს და ცდილობდა განკურნებას, თუმცა ვერ შეძლო. „ვერსია“ თამარ ჯაფარიძეს ესაუბრა, რომელიც აცხადებს, რომ ლუდომანიის გამო, სამ თვეში, 17-მა ადამიანმა მოიკლა თავი. მისივე თქმით, 700 000 ადამიანია ჩართული აზარტულ თამაშებში. ამ პრობლემის რეგულაციებში მოსაქცევად კი სახელმწიფო არაფერს აკეთებს და პარლამენტმა აუცილებლად უნდა დაიწყოს კანონპროექტის განხილვა, რომელიც ლუდომანიით დაავადებული ადამიანების პრობლემის შესახებ მომზადდა და 9 თვეა, თაროზეა შემოდებული. კანონპროექტის მოსამზადებლად, რომლის ინიციატორი პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი, ლევან გოგიჩაიშვილია და საკანონმდებლო ორგანოში ხელახლა დაარეგისტრირა, შეიქმნა სამთავრობო ჯგუფი, რომელშიც შედიოდნენ ორგანიზაცია „დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ“, საპატრიარქოს წარმომადგენლობა და ყველა აღმასრულებელი ინსტიტუცია. პროექტი გამყარებულია ეკონომიკური კვლევით, ასევე, სამართლებრივი, დემოგრაფიული და ფსიქოთერაპიული კუთხით. 

ჯაფარიძის განმარტებით, კანონპროექტის მთავარი მოთხოვნაა, რომ საჯარო მოხელეებს და მათ, რომლებიც სახელმწიფო სუბსიდიებიდან დახმარებას იღებენ, აზარტული თამაშები აეკრძალოთ. ასევე, დაწესდეს ასაკობრივი ცენზი, რომ 25 წლამდე ადამიანი აზარტულ თამაშებში არ ჩაერთოს, შეზღუდოს სარეკლამო რგოლები და ამოქმედდეს განრიდების, „გაშავების“ პრინციპი, რაც ჯაფარიძის თქმით, ნიშნავს, რომ თუ ადამიანი ლუდომანიის უმძიმესი სენითაა დაავადებული, მისი ოჯახის წევრს შეუძლია, მიმართოს სასამართლოს, რომლის განჩინებითაც, ლუდომანს 3 წლის განმავლობაში აეკრძალება აზარტულ თამაშებში ჩართვა, როგორც ონლაინ, ასევე რეალურად. თამარ ჯაფარიძის განცხადებით, მასთან ზარები არ წყდება და უამრავი ადამიანი უკავშირდება, როგორც დიდი ქალაქებიდან, ასევე რეგიონებიდან, რომლებიც დახმარებას სთხოვენ:

_ ჩვენი ორგანიზაცია 2017 წლიდან არსებობს. ჩვენს ახლობლებს ჰქონდათ ეს პრობლემები, ამიტომ შევქმენი ორგანიზაცია, განვათავსე სოციალურ ქსელში და მთელი საქართველო კი არა, მთელი ევროპა, სადაც ქართველი ემიგრანტები ცხოვრობენ, შემოვიერთე და იმ დღიდან არ გავჩერებულვარ. ჩვენს ორგანიზაციას არ აქვს ერთი თეთრიც კი, არ ჰყავს სპონსორი _ ვინ დამასპონსორებს, როცა ამ ბინძურმა, დამღუპველმა ბიზნესმა შეისრუტა ყველა ჯანსაღი, გამჭვირვალე ბიზნესი საქართველოში? ამიტომ, მაქსიმალურად უკან მივდივართ და უკვე 700 000 ადამიანზე მეტია ჩაძირული ამ თამაშებში. 

_ ეს სტატისტიკა საიდან გაქვთ? 

_ ესაა ამ სამი წლის განმავლობაში მოპოვებული ინფორმაცია, გამყარებული ყველა იმ არასამთავრობო ორგანიზაციიდან, რომლებიც ამ თემაზე მუშაობენ. ჩვენი კატეგორიული მოთხოვნაა, კეთილი ინებოს სახელმწიფომ და თუ აწყობს, რომ ჰქონდეს სათამაშო ბიზნესი, მაშინ რეგულაციებში მოაქციოს და აწარმოოს სტატისტიკა _ რამდენი ადამიანი იწყებს თამაშს. ვუერთდები ბერაძეების ოჯახის უბედურებას, კომპანიებმა თავიანთი მილიარდების საპირწონედ, სანდრო ბერაძე დადეს. სანდროს გარდაცვალება იმიტომ გახმაურდა, რომ „პირველი არხის“ ოპერატორი იყო და მისმა ოჯახმა აღიარა ეს უბედურება. ჩვენს ორგანიზაციასთან სანდროს 8-თვიანი კონტაქტი ჰქონდა და იბრძოდა გადასარჩენად, უნდოდა სიცოცოცხლე და ჰქონდა გეგმაში, ჩვენთან ერთად, ბევრი სასიკეთო ძვრა მოეხდინა ამ შავ ბიზნესთან მიმართებაში. ყველაზე მეტად გულს გვტკენს სახელმწიფოს არაადეკვატური მიდგომა ამ საკითხის მიმართ. როგორ არ გამოვეხმაურო ამბროლაურის მერის მიერ „პორშეს“ მოგებას?! ყველგან ვაპროტესტებდი, სადაც ეს „პორშე“ იდგა, რადგან ქვეყანას, რომელიც მხოლოდ ლატარიაზე, აზარტულ თამაშებსა და ბორდელებზე ფიქრობს, მომავალი არ აქვს და ნურავის გაუკვირდება, რომ დღეს საქართველოს ტოვებს ხალხი. შემირცხვენია ის ხელისუფლება, რომელიც არ დასჯის ამბროლაურის მერს და არ მოსთხოვს კატეგორიულ პასუხს და თუ არ დასჯის, ე.ი. თვითონაც ჩაფლულია! ამის დამადასტურებელი ისაა, რომ პარლამენტში არის დეპუტატი ისკო დასენი, რომელიც ლობირებს „კრისტალ ბეთს“ და უზარმაზარი შემოსავალი მიდის არა ბიუჯეტში, არამედ, ჯიბეებში. 14 მილიარდიანია წლიური ბრუნვა და სახელმწიფო ბიუჯეტში მოგებიდან 332 მილიონი ლარი შედის, მაგრამ ისკო დასენის ზემოთ ვინ არის? ის რომ აღარ არის ჩვეულებრივი ადამიანი და მოკვდავი, ეს ხომ ცხადია! ჩვენი ორგანიზაციის გვერდზე დევს, თუ ვინ ლობირებს სათამაშო ბიზნესს, მფლობელთა ნახევარი უცხოელია. ჩვენ _ ღარიბი, ღატაკი, გაუბედურებული ქვეყანა ვამდიდრებთ უცხოელებს. ყველაფერი ეს წამგებიანია, როგორც პოლიტიკურად, ასევე, ეკონომიკურად, ფსიქიატრიულად, სოციალურად და დემოგრაფიულად. არ მაქვს უფლება, გავამხილო პერსონალური მონაცემები, თორემ ჩემთან მთელი საქართველო რეკავს. რომ იცოდეთ, რა უბედურება ტრიალებს _ ოჯახები ინგრევა, სუიციდის ფაქტებია, ოჯახებს არ ქმნიან... მითხარით, სად მიდის ქვეყანა და სად არის გამოსავალი?! 

_ ქალბატონო თამარ, ძირითადად რა ასაკის ხალხია ჩართული აზარტულ თამაშებში? 

_ 12 წლიდან არიან ჩართულები. 60 წლის ბაბუა რომ ოჯახს გაუყიდის სახლ-კარს და ქუჩაში გამოყრის, ეს ხომ კატასტროფაა?! 300 000 გამოსახლებულია დღეს საქართველოში საკუთარი სახლებიდან, აქედან მესამედი _ ლუდომანიის მიზეზით. გლდანის ციხიდან პატიმრებმა გამომიგზავნეს კვლევები, 3 000 პატიმრიდან 856, სწორედ ლუდომანიის გამო იხდის სასჯელს _ ამ მოტივით იყაჩაღა და მოიპარა. სახელმწიფოს კი ყველაფერ ამის აღრიცხვა არ აქვს გაკეთებული. ქვეყანას არა რკინა-ბეტონი და შუშის სასახლეები, არამედ, ჯანსაღი მომავალი თაობა ააყვავებს. კეთილი ინებონ ჯანდაცვის ორგანიზაციებმა და აღიარონ ჩვენს ქვეყანაში ლუდომანია უმძიმეს სენად ისე, როგორც ამისკენ მოუწოდა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ და ამის შემდეგ პოლიტიკური ვალდებულება იქნება, სახელმწიფომ გადადგას ადეკვატური ნაბიჯები სარეაბილიტაციო ცენტრებთან დაკავშირებით. ეს არის ამოსავალი წერტილი, თორემ ქვეყანა იღუპება. კატასტროფული მდგომარეობაა, ტირილამდე მივდივარ, ხალხი გვეღუპება, ახალგაზრდები იხვეწებიან, მომკალითო. ეს რა გააკეთა ქვეყანამ?! 

ლუდომანია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ შეიტანა უმძიმეს სენთა რიცხვში, მისცა სპეციალური გრიფი და აღიარა დაავადებად, რომელსაც სჭირდება საზოგადოების, სახელმწიფოს, ოჯახის თანადგომა. ეს ნარკომანიაზე უფრო ძლიერი სენია. ჩვენ გვყავდა დაზარალებული, რომელიც იყო უმძიმეს მდგომარეობაში, ვენებგადახსნილი, მოძალადე ოჯახში და შემაკავებელი ორდერი გამოუწერეს. ამის გამო ეს გამწარებული, გავეშებული ახალგაზრდა ქუჩაში დარჩა. ფსიქიატრიულმა არ მიიღო, ვერ ვმკურნალობთ ლუდომანიასო და პოლიციამ ქუჩაში დატოვა. ეს ახალგაზრდა ერთი თვე ქუჩაში იყო და მადლობა ღმერთს, რომ საკუთარ თავს განაჩენი არ გამოუტანა, ან სხვა არ დააზიანა. 

_ ანუ ფსიქიატრიული საავადმყოფო ასეთ ადამიანებს არ იღებს? აბა, სად შეუძლიათ ამ ადამიანებს რეაბილიტაცია და მკურნალობა? 

_ არსად. ერთადერთი ნავსაყუდელი გაჩნდა _ ჩვენი ორგანიზაცია. 

_ ფსიქოლოგები, ფსიქოთერაპევტები გყავთ ორგანიზაციაში? 

_ დიახ, „კეთილი ქსელი“ ავაწყვე. გვყავს მოძღვარი, ფსიქიატრი, ფსიქოლოგი, თერაპევტი. ისინი საერთაშორისო დონის პროფესორები არიან, მათთან ჩემგან გაგზავნილებს ერთი-ორი სეანსი უსასყიდლოდ უტარდებათ. ჩვენ გაერთიანებული გვყავს უამრავი ადამიანი, რომლებიც ამ ჭაობიდან ამოვიდნენ... 

_ როცა ამბობთ, 17-მა ადამიანმა მოიკლა თავი სამ თვეშიო, რაიმე კვლევა აწარმოეთ, თუ სადიან გაქვთ ეს მონაცემები? 

_ ადამიანები კონტაქტზე გამოდიან და ყველაფრის შესახებ მეუბნებიან. რეგიონებში სუიციდის მცდელობა ძალიან ბევრია. 700 000 ადამიანი რომაა ჩართული აზარტულ თამაშებში, ეს არის მოკვლეული ყველა არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ და მათ შორის, ჩემს მიერაც. ეს არის გახსნილი „იუზერები“ ონლაინ სივრცეში და ესაა სახმელეთო დაკვირვებით გამოთვლილი ინფორმაცია _ რამდენი ადამიანი შედის 25 წუთში. ახალ კვლევას გეტყვით, ეს სტატიტისკა მზარდია: 24 საათში, 3 000-მდე „იუზერი“ იხსნება ონლაინში და მოზარდები 14 წლის ასაკიდან არიან ჩართულები ონლაინ თამაშებში. 

_ ანუ არასრულწლოვნებსაც შეუძლიათ დარეგისტრირება? 

_დიახ, 5 წლის ბავშვის პირადი ნომრითაც შეიძლება დარეგისტრირება ონლაინ თამაშებში, ეს არის ქვეყნის უბედურება. ამის ფილტრაცია არ ხდება და ყველაფერი ეს კანონპროექტში მუხლობრივად გვაქვს შეტანილი. 

_ კანონპროექტი, რომლის მომზადებაში თქვენც იყავით ჩართული და ახლა დაინიცირდა პარლამენტში, რა ტიპის რეგულაციებს გულისხმობს? 

_ ვითხოვთ, 25 წლამდე მოქალაქეს, ასევე, საჯარო მოხელეს აეკრძალოს აზარტული თამაში. ეს პროექტი 9 თვეა, თაროზეა შემოდებული, ლევან გოგიჩაიშვილი მოგვეხმარება პარლამენტში და იქნებ, დაიწყონ განხილვა. მამუკა ბახტაძის ფინანსთა მინისტრობის დროს, შეიქმნა სამთავრობო ჯგუფი, რომელშიც შედიოდნენ ორგანიზაცია „დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ, საპატრიარქოს წარმომადგენლობა და ყველა აღამსრულებელი ინსტიტუცია. საკანონმდებლო დონიდან კი ჩართული იყო პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი, ლევან გოგიჩაიშვილი. ეს კანონპროექტი 6-თვიანი შრომის შედეგადაა მიღწეული, რომელიც გამყარებულია ეკონომიკური კვლევით, სამართლებრივი, დემოგრაფიული, ფსიქოთერაპიული კუთხით. თუ ამ პროექტს განიხილავენ, ეშველება ქვეყანას.

თათია გოჩაძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში