Menu
RSS

ბურთის თამაში... სიმინდის ყანაში

რატომ გადაიფიქრა „ბათუმის“ დინამოს მფლობელმა ფეხბურთიდან წასვლა

ეთერ ლიპარტელიანით უნდა დავიწყოთ: ქართველმა გოგონამ, რომელმაც ცოტა ხნის წინ, მსოფლიოს ძიუდოისტთა ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა და პირველი ქართველი ძიუდოისტი ქალი გახდა, რომელმაც ეს ტიტული ირგუნა, გასულ კვირას, ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატზეც იპირველა. პირველობა რუსეთის ქალაქ იჟევსკში გაიმართა და ფინალში ეთერის მეტოქე მასპინძელთა წარმომადგენელი იყო, მაგრამ ლიპარტელიანმა შეუდარებლად იჭიდავა და შეხვედრა იპონით დაასრულა. მის გარდა, ოქროს მედალი მარიამ ჭანტურიამაც მოიპოვა და რუსებს ქართული ჰიმნის მოსმენა ორჯერ მოუხდათ.

კარგი ამბები მოდის ოკეანის გაღმიდან: NBA-ში გადაბარგებულმა გოგა ბითაძემ, კარგად აუღო ალღო რეგულარულ ჩემპიონატს და უკვე ძირითად შემადგენლობაში გამოჩნდა. მისმა „ინდიანა პეისერსმაც“ მძიმე სტარტის შემდეგ, ზედიზედ სამი შეხვედრა მოიგო და ქართველმა ცენტრმა, სამივე შეხვედრაში არცთუ ურიგოდ ითამაშა. რაც მთავარია, გოგა თავის საფირმო ბლოკ-შოტებს აშშ-შიც კარგად იყენებს და ამ მაჩვენებლით, ერთ-ერთ შეხვედრაში საუკეთესოც კი იყო. სპეციალისტები ამბობენ, რომ ქართველი ცენტრი მოსალოდნელზე მალე გაუშინაურდა NBA-ს და არ არის გამორიცხული, სეზონის ბოლომდე, ახლწვეულის სტატუსი, გუნდის ლიდერის სტატუსზე შეცვალოს. 

გოგას წარმატებული თამაში ჩვენს ეროვნულ ნაკრებსაც ძალიან წაადგება, მით უმეტეს, იმის ფონზე, რომ ესპანური „ბასკონიას“ კაპიტანი, თორნიკე შენგელია კარიერაში ერთ-ერთ საუკეთესო სეზონს ატარებს და ორი უმაღლესი (და არა მაღალი) დონის კალათბურთელი, პატარა საქმე ნამდვილად არ არის. 

 

* * * 

საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატშიც საინტერესო ამბები ხდება. იმის მიუხედავად, რომ ფეხბურთის საყურებლად ძალიან ცოტა გულშემატკივარი დადის, გამონაკლისი ბათუმის „დინამოა“, რომლის თამაშებსაც, 4-დან 6 ათასამდე მაყურებელი მუდმივად ესწრება. სწორედ აჭარული კლუბი იყო გასულ კვირას განხილვის მთავარი თემა. ჩემპიონატის დასრულებამდე ოთხი ტურით ადრე, ბათუმელები საჩხერის „ჩიხურასთან“ სათამაშოდ ,პირველობის ლიდერის რანგში ჩავიდნენ. მატჩი საჩხერლებმა მოიგეს და ამბავიც ატყდა _ „დინამოს“ შეფებმა მსაჯისკენ გაიშვირეს ხელი, არც პენალტი დაგვიდო და მეტოქის გასაძევებელ მცველს, წითელი ბარათი არ უჩვენაო. 

რბილად რომ ვთქვათ, მსაჯობა იმ შეხვედრაში უკეთესის სურვილს ნამდვილად ტოვებდა და არ არსებობს არც მოქმედი და არც ვეტერანი ფეხბურთელი, რომელიც არ აღიარებს, რომ მსაჯმა დასანიშნი თერთმეტმეტრიანი არ დანიშნა. შეხვედრის დასრულებისთანავე, კლუბის მეპატრონე არჩილ ბერიძემ „დინამოდან“ და, ზოგადად, ფეხბურთიდან წასვლის შესახებ გააკეთა განცხადება, მაგრამ მეორე დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გადაიფიქრა. 

ამ ამბავში ყველაზე საინტერესო, იცით, რა გვგგონია? _ ფედერაციაცა და ყველა კლუბის შეფი აღიარებს, რომ სტეფანწმინდაში ანუ იქ, სადაც ჩიხურა თამაშობს, ფეხბურთის თამაში არ შეიძლება, რადგან მინდვრის საფარი კრიტიკას ვერ უძლებს და ის, უბრალოდ, სიმინდის ყანას ჰგავს. ფედერაცია კი ამბობს, მოედანი ნამდვილად არ ვარგა, მაგრამ იმ კლუბებმა, რომლებმაც უკვე ითამაშეს სტეფანწმინდაში, გააპროტესტეს, სხვებმაც იგივე პირობებში იბურთაონ და ამიტომ ჩვენ ვერაფერს შევცვლითო ანუ ყველა აღიარებს, რომ მოედანი არ ვარგა, რომ იქ ფეხბურთის თამაში არ შეიძლება, მაგრამ რადგან რამდენიმე კლუბს უკვე ნათამაშები აქვს სტეფანწმინდის „ყანაში“, სხვებიც ვალდებულნი არიან, იგივე გააკეთონ. 

სიმართლე გითხრათ, ლოგიკას ვერ მივხვდით, მაგრამ ის კი ფაქტია, „ყანაში“ დატოვებული ქულების შემდეგ, „დინამომ“ პირველობა დაკარგა და ახლა, ჩემპიონატის დასრულებამდე 3 ტურით ადრე, მეორე ადგილზე იმყოფება და ოქროს მედლების მოპოვების მიზერული შანსი აქვს. 

* * * 

ისე როგორ იქნება, ქუთაისის ტორპედოზეც რომ არ ვთქ-ვათ: კახა ჩხეტიანის გუნდი, რომელიც შარშან ჩემპიონობისთვის იბრძოდა და წელსაც იგივეს აპირებდა, ახლა, ზედიზედ წაგებული ექვსი შეხვედრის შემდეგ, გასავარდნ ზონას მიუახლოვდა. ჩხეტიანი იძულებულია ფინანსების არარსებობის გამო, ლამის მთელი გუნდი არასრულწლოვანი ბავშვებით ჰყავდეს დაკომპლექტებული, მათ კი უმაღლეს დონეზე თამაშის გამოცდილება არ აქვთ და ლოგიკურიც არის, მეტოქეებს სათანადო წინააღმდეგობას რომ ვერ უწევენ. კი ამბობენ, „ტორპედოს“ მალე გერმანელები იყიდიანო, მაგრამ როდის იქნება ეს „მალე“, ეს არის საინტერესო. თუ ქუთაისური კლუბი უმაღლესიდან გავარდება, მერე არც ინვესტორისთვის იქნება საინტერესო და მიმზიდველი. 

* * * 

კვიპროსზე, „ანორთოსისის“ მთავარ მწვრთნელად დაბრუნებულმა თემურ ქეცბაიამ, გულშემატკივრების იმედები აშკარად გაამართლა. საწყისი შვიდი ტურის შემდეგ, ქართველი სპეციალისტის გუნდს ხუთი მატჩი აქვს მოგებული, ორი ფრედ დასრულებული და წაგებების გრაფაში ნული უწერია. რაც მთავარია, ამ შვიდ შეხვედრაში, „ანორთოსისმა“ მხოლოდ ორი გოლი გაუშვა და 17 გაიტანა, რაც საუცხოო შედეგია. მნიშვნელოვანია ისიც, რომ გუნდის ძირითად ბირთვს ქართველი ფეხბურთელები შეადგენენ და თუ კარის უსაფრთხოებაზე გიორგი ლორია ზრუნავს, შეტევაში ნიკა კაჭარავა, მურთაზ დაუშვილი და თორნიკე ოქრიაშვილი იღწვიან. კაჭარავამ, ბოლო ორ შეხვედრაში, ორი გოლი გაიტანა და გუნდის გამარჯვებაში ლომის წილი დაიდო. 

* * * 

10 ნოემბერს, მიმდინარე წლის უკანასკნელი კიუშუ ბაშო იწყება. მოგეხსენებათ, წინა ბაშოზე, ქართველმა გოლიათმა ლევან გორგაძემ, იგივე ტოჩინოშინმა ოძეკის ტიტული დაკარგა და ახლა გულშემატკივრის წინაშე, სეკივაკეს რანგში წარსდგება. იმისთვის, რომ ოძეკობა დაიბრუნოს, 15 შეხვედრიდან ტოჩიმ, მინიმუმ, 10 უნდა მოიგოს, ხოლო ღმერთმა არ ქნას და, თუ ისე მოხდა, რომ ლევანმა დადებითი ბალანსიც ვერ დააფიქსირა, მაშინ შესაძლოა, სეკივაკეობასაც დაემშვიდობოს. არანაკლებ მძიმე დღეშია ქვედა დივიზიონში მოასპარეზე მეორე ქართველი თეიმურაზ ჯუღელი, იგივე გაგამარუ. დადებითი ბალანსი მასაც ჰაერივით სჭირდება, წინააღმდეგ შემთხვევაში, მესამე დივიზიონში დაქვეითდება და ელიტარული სუმოისტის ტიტულს დაკარგავს. 

* * * 

ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციამ ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა. სამწუხაროდ, ნიკოლო ბასილაშვილის ბოლოდროინდელი წარუმატებელი თამაში მის რეიტინგზე დადებითად არ აისახა და თუ სამიოდე თვის წინ, ნიკო მსოფლიოს მე-15 ჩოგანი იყო, ამჯერად 26-ე ადგილით უწევს დაკმაყოფილება. თუ ნიკას სეზონის დასრულება საუკეთესო ოცეულში სურს (დიდი ალბათობით, მე-15 ადგილამდე წელს აღზევება გამორიცხულია), დარჩენილ ტურნირებში მაქსიმუმი უნდა გააკეთოს. 

* * * 

გერმანულ ბუნდესლიგაში ბოლოს გამართულ ტურში, მიუნხენის „ბაიერნი“ „აინტრახტთან“ 1:5 განადგურდა. მარცხი მთლიანად მთავარ მწვრთნელს დაბრალდა და ნიკო კოვაჩი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ახლა „რეკორდმაისტერის“ მესაჭის პოსტი თავისუფალია, რაც იმას ნიშნავს, რომ უახლოეს მომავალში, ვიღაც წლიურად, მინიმუმ, 4-მილიონიან სამსახურს იშოვის. ეს ვიღაც კი, დიდი ალბათობით, იტალიელი მასიმილიანო ალეგრი იქნება, ვისთანაც მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია. 

 

* * * 

ამ ზამთარს, შესაძლოა, ახალი რეკორდი მოიხსნას. საქმე ისაა, რომ მადრიდის „რეალი“, „მანჩესტერ სიტის“ 24 წლის ნახევარმცველის, რახიმ სტირლინგის შეძენას აპირებს. „სამეფო გუნდი“ მზადაა, მის სანაცვლოდ 80 მილიონ ევროს პლუს გარეთ ბეილი გადაიხადოს. ბეილის ფასი, მადრიდელთა აზრით, 120 მილიონი ევროა ანუ ესპანელები მზად არიან, სტირლინგში მთლიანობაში, 200 მილიონი დახარჯონ. საინტერესოა, რომ „სიტის“ შეფები დიდად მოხიბლული არ არიან ბეილის ყიდვის პერსპექტივით და სავარაუდოდ, სტირლინგის სანაცვლოდ, მხოლოდ თანხას ანუ 200 მილიონს მოითხოვენ. 

* * * 

იაპონიაში, მორაგბეთა მსოფლიო ჩემპიონატი დასრულდა. ერთ-ერთმა ფავორიტმა, სამხრეთ აფრიკის ნაკრებმა, ფინალში ინგლისი დამაჯერებლად დაამარცხა და ისტორიაში მესამედ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი. საკუთარი გუნდის პირველობა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, სახალხო დღესასწაულად იქცა, თუმცა გულშემატკივრები ამბობდნენ, რომ ფინალში ახალი ზელანდიის ძლევა უფრო გაახარებდათ. ახალი ზელანდია კი ფინალამდე, სწორედ ინგლისმა არ მიუშვა. 

და ერთიც -რიკარდო მარკეს ფერეირა ცნობილი იმით გახდა, რომ კრიშტიანუ რონალდუს პირადი სტილისტი იყო. პორტუგალიელი ლეგენდა საკუთარ ვარცხნილობას მხოლოდ მას ანდობდა, მაგრამ ახლა სხვა სტილისტის მონახვა მოუწევს, რადგან ფერეირა გასულ კვირას, ციურიხის ერთ-ერთი სასტუმროს ნომერში გარდაცვლილი იპოვეს. გარდაცვალების მიზეზი დანით მიყენებული არაერთი ჭრილობა გახლდათ, თუმცა პოლიციელებს ჯერჯერობით, მკვლელობაში ეჭვმიტანილი არ ჰყავთ.

 

ბათო ჯაფარიძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში