Menu
RSS

ბოდა- ნინოს სამოთხე

სტეფანე ხირსელის აგებული საყდრიდან წმინდა ნინოს სამოთხემდე (დედათა მონასტრამდე), გზა ხევდახევ მიემართება და შუა მონაკვეთში სოფელ ბოდბისხევს გაივლის. ეს ხევი საკმაოდ გაშლილია, ხოლო სოფელი -ლოკალური მიკროქვეყნის თავისებური კარიბჭე. იქნებ, ამიტომ მოსდგამს ამ სოფელს დიდი საქულბაქო-სავაჭრო ტრადიცია: ბოდბისხევის ბაზარს პოპულარობით ხომ ჯერ კიდევ უახლოეს წარსულში ტოლი არ მოეძებნებოდა საქართველოში. ამასთანავე, ბოდბისხევი უნდა ყოფილიყო დიდი ბოდბის (ბოდას) ის დასახლება, სადაც გაქართველებული ებრაელები I საუკუნიდან ცხოვრობდნენ. „წმინდა ნინოს ცხოვრების“ ერთ-ერთი თანაავტორი და მისივე თანამედროვე მცხეთელი აბიათარი, ქრისტეს შობის ამბებს რომ იხსენებს, ქართველ ებრაელებში, მცხეთელებთან, კოდისწყაროელებთან და ხობის კანანელებთან ერთად, „ბოდბელ მღვდელთაც“ ახსენებს. მაგრამ ყველა ებრაელი ხომ „მღვდელი“ ვერ იქნებოდა ? ისინი აქ, კამბეჩოვნის პროვინციის საზღვარზე, სადაც სტრაბონის გეოგრაფიის თანახმად, სომხები, ალბანელები და ქართველები ხვდებოდნენ ერთმანეთს, დიდ ვაჭრობაში იქნებოდნენ. 

დრომ და მომხვდურმა ამ სოფლის გარემოც შეცვალეს და მოსახლეობაც. გაუკაცრიელებული სოფლის შევსება 1441 წელს დაიწყო ალექსანდრე დიდის ბრძანების პასუხად. ტაბარუკები კახეთის მთიანეთიდან და სხვა კუთხეებიდან ჩამოსული ოჯახები იყვნენ. დღეს ამ დიდ სოფელში 200-მდე გვარის ოჯახი სახლობს. მათ XV საუკუნიდან მოყოლებული, რამდენიმე ეკლესია აქვთ აგებული, მაგრამ ბოდბისხევში გაცილებით ძველ, X საუკუნის, ეკლესიასაც ვხვდებით. ეს არის „წმ. ნიკოლოზი“ (8X9,6მ.), რომელიც უმთავრესად რიყის ქვით არის ნაგები. ეკლესია შიგნით სამნავიანისა და სამეკლესიანის ერთგვარი ნაზავია: სამხრეთის ეკლესია ძირითად ეკლესიას ორთაღედით უკავშირდება, ჩრდილოეთისა კი ერთი თაღოვანი კარით. გარდა ამისა, ბემა და ორთაღოვანი ქვის კანკელი დარბაზის ცენტრამდეა ჩამოწეული. 

ტაძარს აქვს ორსტრიქონიანი ასომთავრული, ქტიტორული წარწერაც. იგი მოთავსებულია აღმოსავლეთ ფასადზე, სარკმლის თავზე, ნატიფი ჯვრის მკლავებქვეშ. დამდნარი წარწერიდან ირკვევა, რომ ეკლესია ერთ-ერთ ერისთავთ-ერისთავს აუშენებია. მისი სახელი აღარ იკითხება. პალეოგრაფიული თვალსაზრისით, წარწერა X ან XI ს-ის დასაწყისს განეკუთვნება. 

ამავე ეპოქის ან შეიძლება ოდნავ განსხვავებული ასაკისაა სოფელ ნუკრიანის სასაფლაოზე მდებარე ეკლესია „მინდვრის წმინდა გიორგი“ (8,4X4,3მ.). შვრილაბსიდიანი ეს საყდარი ახალი აღდგენილია. 

. . .წმინდა ნინოს სახელობის ბოდბის მონასტერი გაცილებით ახლოსაა სიღნაღთან, ვიდრე ზემო და ქვემო ბოდბესთან. ეს კიდევ ერთხელ მიგვანიშნებს, რომ დაბა ბოდა(ბოდისი, ბოდბე) ერთი რომელიმე მცირე დასახლება კი არ იყო, არამედ მიკროქვეყანა, გნებავთ, ხევი. მასში ე.წ. უკუნამხრის პატარ-პატარა სოფლები იყო გაერთიანებული. ივანე შაიშმელაშვილი იმასაც ამბობს, რომ ეს ბოდბე იგივე ძველი ქალაქი ხორნაბუჯია, ხოლო ის, რასაც ხორნაბუჯს ვუწო-დებთ, სინამდვილეში ჭოეთია და ხორნაბუჯ-ქალაქის ციხე იყო. ბოდბის ხორნაბუჯობა, როგორც ერთ-ერთ წინა წერილში ვწერდით, ფრიად საეჭვოა, მაგრამ ის, რომ აქ სიღნაღამდეც არსებობდა დიდი დასახლება, უდავოა. თავდაპირველად გავარკვიოთ, თუ რას ნიშნავს ბოდა (ბოდბე, ბოდისი, ბოდინი და ა.შ.). 

ალ. ღლონტი ფიქრობს, რომ აქ ორი სიტყვის: სპარსული „ბოდ“-ის(შორეთი, სიშორე) და ქართული „დუბე“-ს (ვაკე, ადგილი) კომპილაციაა. ივ. ლოლაშვილი „დუბე“-ის ნაცვლად, მეორე კომპოზიტად „დაბა“-ს მიიჩნევს. 

ჩვენი დაკვირვებით, ამ ტოპონიმში მთავარი საკვლევი პირველი კომპოზიტია. „ბოდ“-ის მნიშვნელობა ქართულში ყველგან თავკომპონენტს წარმოადგენს: ბოდ-ბე, ბოდ-ავი, ბოდ-ორნა, ბო(დ)-ჭორმა, ბოდა-ხევა, ბოდ-ოჯი, ბოდო-კლდე, და ა.შ. ყველა გეოგრაფიული ალაგი მაღლა, მთაში მდებარეობს, რაც იმას მიგვანიშნებს, რომ ბოდბე(ბოდა, ბოდისი და სხვ.) მაღალ, მთის დაბას ნიშნავს -„მაღალდაბა“, „მთის დაბა“... 

აი, ამ განსჯითა და ფიქრით შევდივართ ბოდბის დედათა მონასტერში, რომელსაც დღეს თავისუფლად შეიძლება ვუწოდოთ წმინდა ნინოს, ან უბრალოდ ნინოს სამოთხე... 

ძველთაძველი სამნავიანი ბაზილიკა, რომელიც მოციქულთასწორის წმინდა ნეშტს ინახავს, მრავალჯერ განახლდა. იგი მოიხატა 1823 წელს ბოდბელი ეპისკოპოსის, იოანეს (მაყაშვილი) მიერ მოწვეული რუსი მხატვრის ხელით. ამავე პერიოდში დაიდგა კანკელიც, მაგრამ ამით ბევრი არარა შავდება. ისევ ასეთი არაკანონიკური ხატწერა სჯობს ბევრ თანამედროვე, ალაკანონიკურ ფრესკებს. იგივე შეიძლება ითქვას სამრეკლოზე. საბედნიეროდ, ტაძრს ჩამოეხსნა იმავე პერიოდის შავ-თეთრი შორენკეცების ჭყეტელა პერანგი. 

მონასტრის მშვენებად იქცა ახალი, დიდი ჯვარგუმბათოვანი სრა ტაძარი, რომლის არქიტე ქტორია თემურ ბერიძე. ნაგებობა შემკულია ფაქიზად დამუშავებული მოთეთრო და ჩალისფერი შირიმის კვადრებით, ნაცრისფერ და წითელ ქვიშაქვაში გამოყვანილი სამკაულებით, საპარეებით და ბარელიეფებით. ეს არ არის ლოკალური, კახური ხუროთმოძღვრება. ჩვენს წინაშეა ერთიანი საქართველოს ოქროს ხანის არქიტექტურული მოდელი, რამეთუ წმინდა ნინო მთელი საქართველოს განმანათლებელია. ავტორმა, მისდა სასახელოდ, ჩანაფიქრი განახორციელა: ეს უზარმაზარი ტაძარი, რომელიც მხოლოდ კვიპაროსების ხეივნის გავლის შემდეგ გამოჩნდება მოულოდნელად, ზეციური სამოთხიდან მიწიერ სამოთხეში მსუბუქად შემოსრიალებულ ხომალდს ჰგავს -ქერუბიმთა თეთრ ხომალდს ალისფერი აფრებით. 

მონასტრის წევრთა საგულდაგულო შრომით ირგვლივ დიდი წალკოტია. ჩემი აზრით, ეს ალაგი საქართველოს სახეა, ერის ისტორიაში წვდომისა და სულიერი სიმშვიდის ალაგია. 

მონასტერს უამრავი სტუმარი ჰყავს -აქაური მრევლიც და ჩამოსული ტურისტიც. ასეა აქედან ორიოდ კილომეტრში მდებარე ალაზნის ველის მოდარაჯე ქალაქ სიღნაღშიც. 

და აი, მივადექით კიდევ ერთ საინტერესო მოსაყოლ ამბავს, რასაც გაკვრით, ერთ-ერთ წინა წერილში შევეხეთ. 

თანამედროვე სიღნაღის გალავანს და საერთოდ ქალაქს 1762 წელს ჩუყარა საფუძველი ერეკლე II-მ. ამ გალავანს, რომელიც 40 ჰექტარამდე ტერიტორიას ჰქონდა შემორტყმული, ომიანობის ჟამს ყველა ახლომდებარე სოფლის მშვიდობიანი მოსახლეობის მიღება და დაცვა შეეძლო, მაგრამ ერეკლემ ქალაქი მარტოოდენ საამისოდ არ ააგო. მისი მიზანი იყო სავაჭრო-სამრეწველო მცირე ცენტრის შექმნა. 1770 წელს სიღნაღში სულ 100 კომლი ვაჭარი და ხელოსანი ცხოვრობდა. ერეკლემ ეს ციხე-ქალაქი ძველ ნაფუძარზე ააგო. რა ერქვა სახელად იმ ძველ ფუძეს ? 

1640-1643 წლის რუსეთის ელჩობის ანგარიშში თავადი მიშეცკი და დიაკი კლუჩარევი კახეთში მოგზაურობისას ნანახ ორ პუნქტს ასახელებენ -მარტყოფს და ... ქიზიყს. 

1711-1715 წლების ერთ-ერთ საბუთშიც მინიშნებულია, რომ გადასახადი სამ სოფელს: ბოდბეს, ხევს (ბოდბისხევს) და ხიზიყს ერთნაირად უნდა გაეღოთ. 

ერთი პირობა შეიძლება იფიქრო, რომ ეს „ხიზიყი“ ხირსიდან ნაწარმოები სახელწოდებაა. ამ ეჭვს, თითქოსდა, ის ფაქტიც უნდა აძლიერებდეს, რომ ქიზიყი და ხიზიყი თავდაპირველად „ქისიხის“ ფორმით გვხვდება XV საუკუნეში. თანაც ამ საბუთში სწორედ სტეფანე ხირსელი იხსენიება სტეფანე ქისიხელად, მაგრამ აკადემიკოს დავით მუსხელიშვილისა და გენერალ ივანე შაიშმელაშვილის დაკვირვებით, ეს ქისიხ-ქიზიყი სიღნაღის წინამორბედი დასახლებაა, რომელიც სოფელ მაღაროს ნაწილსაც მოიცავდა. ამიტომაა, რომ დღესაც სიღნაღის 5 კარიბჭედან ქალაქის ცენტრს სწორედ მაღაროს ჭიშკარი მიადგება. სიღნაღისა და ქიზიყის იდენტურობა დ. მუსხელაშვილმა ბაგრატ ბაგრატიონის „ახალი მოთხრობითაც“ დაადგინა, რომელშიც ყარაღაჯს, ძველანაგასა და ქიზიყს შორის მანძილები და კოორდინატებია დასახელებული. გამოდის, რომ ქიზიყი თავდაპირველად შემცირებულ ბოდბის მიკროქვეყანას დარქმევია, იქიდან კი მთელ კამბეჩოვანზე გავრცელებულა. ვახუშტი ამბობს, რომ ქიზიყი ამ მხარეს უსაქციელობის გამო დაერქვაო. XV საუკუნეში „კამბეჩოვნის“ ჩანაცვლება „ქიზიყით“ კახეთის მთიანეთის, მეტადრე ფშავის მოსახლეობის ტაბარუკობას ემთხვევა, მაგრამ რა უარყოფითი ქვეტექსტი აქვს სიტყვა „მქისს“ (მქის იყოს), გაურკვეველია. 

აქ კიდევ ერთი ნიუანსია, რომელიც ჩვენს შემდეგ თხრობას წაადგება: კი დაერქვა სიღნაღის წინამორბედ დასახლებას ქიზიყი, კი გავრცელდა ეს სახელი მთელ კამბეჩოვანზე, მაგრამ თავად ბოდბე თუ შედიოდა თავდაპირველად კამბეჩო-ვანში ? როგორც ჩანს, არა ! 

IV საუკუნეში ბოდა (ბოდბე) არა კამბეჩოვანში, არამედ ჰერეთის მეორე პროვინციაში -სუჯეთში შედიოდა. „წმინდა ნინოს ცხოვრების“ თანახმად, ეს დაბა მოციქულთასწორს სუჯეთის დედოფალმა (სოჯმა დედოფალმა) შესწირა. ბუნებრივია, რაც არ ეკუთვნოდა, დედოფალი მას ვერავის ვერ აჩუქებდა. ცნობილია ისიც, რომ სუჯები, კუხებთან ერთად, კაწარეთში ჰყავდა მონათლული წმინდა ნინოს. ასე რომ, მთავარი მისიონერული საქმიანობა ამ ორ პროვინციაში მოთავებული ჰქონდა და შიდა კახეთის დიდებულთა მონათვლის შემდეგ, სუჯეთის ბოდბეში მას, თითქოსდა, არაფერი არ ესაქმებოდა. მოციქულთა სწორს შიდა კახეთიდან ბარდავში სურდა წასვლა, სადაც რანის დიდებულები და უწინარესად მათი ბატონი, უფალთ-უფალი პეროზი უნდა მოექცია ქრისტიანობაზე. ეს გზა მას ისევ ალაზნის მარჯვენა სანაპიროთი უნდა გაეგრძელებინა „უწყლო და ოკრობოკრო“ კამბეჩოვნის გავლით. ბუნებრივია, თუ დასცალდებოდა, იგი მომენტით ისარგებლებდა და კამბეჩოვანშიც იქადაგებდა. ამის თაობაზე ცნობები არ არის, თუმცა უგულებელყოფაც არ შეიძლება. უფრო მეტიც -მომდევნო ჩვენი წერილი ამ საიდუმლოს ამოხსნის მცდელობა იქნება.

 

გელა ქოქიაშვილი

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში