Menu
RSS

მკვლელი „მარშრუტკები“ და მძღოლების აფერა!

„ამას თავხედობა ჰქვია!“ _ სქემა, რომლითაც მძღოლები სავალდებულო ტექდათვალიერებას თავს არიდებენ

 

ყვითელი მიკროავტობუსების აფერა გაშიფრულია _ ტრანსპორტისა და გზების ასოციაცია მანიპულაციის იმ სქემაზე საუბრობს, რომელსაც არაკეთილსინდისიერი მძღოლები, ტექდათვალიერების მიღების მიზნით მიმართავენ. ფაქტია, რომ თბილისში საკმაოდ მძიმე, ეკოლოგიური მდგომარეობაა, რასაც შესაბამისი კვლევებიც ადასტურებს. ამ კვლევების მიხედვით, ჰაერში არსებული მავნე გამონაბოლქვი დასაშვებ ნორმებს სცდება. მართალია, თბილისის მერის, კახა კალაძის ინიციატივით დაწყებული ტრანსპორტის რეფორმა, ამ შემთხვევაში, ავტობუსების ავტოფარეხის სრულად განახლება, მართლაც, წინგადადგმული ნაბიჯია, მაგრამ ყვითელი მიკროავტობუსების თემა კვლავ სერიოზულ პრობლემად რჩება. მავნე გამონაბოლქვით დედაქალაქს, სწორედ ,,მარშრუტკები'' აბინძურებენ. მანიპულაციების სქემასა და მიკროავტობუსების აფერაზე, ,,ვერსიას'' ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარე, დავით მესხიშვილი ესაუბრება.

_ ბატონო დავით, რა აფერას მიმართავენ ყვითელი სამარშრუტო ტაქსების მძღოლები ტექდათვალიერების მიღების მიზნით? 

_ ზოგადად, ამ ფაქტით იმიტომ დავინტერესდით, რომ სოციალურ ქსელში ძალიან ბევრი მასალა აიტვირთა, სადაც აშკარად ჩანს, თუ როგორ ბოლავს საზოგადოებრივი ტრანსპორტი. იმის გასარკვევად, გავლილი აქვთ, თუ არა მიკრო და ე.წ. ყვითელ ავტობუსებს ტექინსპექტირება და გავლის პერიოდშიც ასე საშინლად გამოიყურებიან თუ არა, ერთგვარი ექსპერიმენტი ჩავატარეთ, რისთვისაც შესაბამისი ვიდეომასალა ვნახეთ ინსპექტირების პროცესში და შემდეგ, ქუჩაში გამოსვლისას. საკმაოდ შთამბეჭდავი შედეგი მივიღეთ, მაგრამ ჯერ ის აღვნიშნოთ, ვინ გადის ტექინსპექტირებას და ვინ _ არა. საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და მიკროავტობუსების ნაწილი საერთოდ არ იყო ტექინსპექტირებაზე მისული, არ ჰქონდა გავლილი ტექდათვალიერება და მგზავრები ისე გადაჰყავდა. გარკვეული კატეგორია დახარვეზებულია, მაგრამ მაინც გადაჰყავდა მგზავრები და იყო კატეგორია, რომელიც ასევე, საინტერესოა _ ინსპექტირება გაიარა, მაგრამ ერთ-ორ თვეში, ისევე საშინლად გამოიყურებოდა ანუ ისე, როგორც ვიდეოებშიც ჩანს _ საშინელი გამონაბოლქვით. 

ნებისმიერ შემთხვევაში, საქმე გვაქვს თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურების სრულ უპასუხისმგებლობასთან იმიტომ, რომ თუ საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა ტექდათვალიერება არ გაიარა, ეს ამ სამსახურების სისუსტის ნიშანია, ავტობუსების შემთხვევაში _ ქალაქის სატრანსპორტო კომპანიის, ხოლო მიკროავტობუსების შემთხვევაში _ კერძო კომპანიის, რომელიც ოფიციალური ხელშეკრულებით, თბილისის მერიასთანაა დაკავშირებული. მიკროავტობუსები, რომლებიც ტექდათვალიერების შემდეგაც საშინელ მდგომარეობაში იყვნენ, ამ პრობლემის მეორე ნაწილია. ჩვენი კვლევის შედეგად მოპოვებული ინფორმაციის ანალიზით, ინსპექტორებთან გასაუბრების გზით, ავტოფარეხებიდან და უშუალოდ მძღოლებიდან მიღებული ინფორმაციებით გავიგეთ, რომ ტექინსპექტირების დროს, მძღოლები დიზელის საწვავში ბენზინს ურევენ, რადგან ამის შედეგად, გამონაბოლქვის შეფერილი კვამლიანობა ქრება. ინსპექტირების გავლის შემდეგ, რა თქმა უნდა, ისევ დიზელის საწვავს უბრუნდებიან და შეფერილი კვამლიანობაც გრძელდება. 

ავტობუსებთან დაკავშირებით კი ასეთი ვითარებაა: ინსპექტირებისთვის ჯერ ერთ ავტობუსს ამზადებენ, რაც ნიშნავს, რომ „ბამპერს“, მაშუქებს აწესრიგებენ. როდესაც ავტობუსი ინსპექტირებას გაივლის და ავტოფარეხში ბრუნდება, მოწესრიგებულ ნაწილებს აბრუნებენ და უკვე მეორე ავტობუსს ,,ამზადებენ'' ინსპექტირებისთვის. 

არ ვიცი, ამას რა ვუწოდო, მანიპულაციები ცოტა მსუბუქი ნათქვამია, ეს სრული უპასუხისმგებლობაა. მით უმეტეს, მიუღებელია, როდესაც იგივე თბილისის მერიიდან მოგვიწოდებენ, რომ კერძო ავტომობილები გავაჩეროთ და საზოგადოებრივი ტრანსპორტით ვისარგებლოთ, რომელიც ინსპექტირებას ამგვარი ხერხებით გადის. 

სხვათა შორის, ჩვენი ერთ-ერთი მიზანი იყო, დაგვედგინა, სად ხდება ასეთი მანიპულაციები და თაღლითობები, კვლევის შედეგად კი აღმოჩნდა, რომ ავტოფარეხებში და არა _ ინსპექტირების ცენტრებში. ბევრს საუბრობენ, რომ ამ მხრივ, ინსპექტირების ცენტრები სცოდავენო, მაგრამ სინამდვილეში, ინსპექტირების ცენტრები არაფერ შუაშია, რადგან ტექდათვალიერების ინსპექტორი ვალდებული არაა, შეამოწმოს, დიზელის საწვავია ჩასხმული მიკროავტობუსში, თუ ბენზინი. მისთვის მთავარია, დაადგინოს, ჯდება თუ არა ტრანსპორტის გამონაბოლქვი დადგენილ სტანდარტებში. იმ მანიპულაციების შედეგად, რასაც ავტოფარეხებში მიმართავენ, გამონაბოლქვი სტანდარტებს შეესაბამება. სამწუხაროდ, ამ მანიპულაციების შესახებ, თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურებიც საქმის კურსში არიან. 

_ თუ თბილისის მერიაში ყველამ ყველაფერი იცის, რატომ არიან ჩუმად, მით უმეტეს, რომ ტრანსპორტის პოლიტიკა ჯერ კიდევ თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის წინასაარჩევნო პროგრამის ერთ-ერთი, მნიშვნელოვანი ნაწილი იყო? 

_ პირადად მე, ძალიან მომწონს, რომ ქალაქის მერის პრიორიტეტებში არის ტრანსპორტი, როგორც თემა. პრაქტიკულად, დედაქალაქის მთავრობის სხდომა არ ტარდება, რომ კალაძემ ტრანსპორტის პრობლემებზე არ ისაუბროს და ამ პრობლემების გადაჭრის სურვილი არ გამოთქვას. ვხედავთ, რომ თბილისის მერი ამ თემას დიდ ყურადღებას უთმობს, მაგრამ პრობლემა იმ სამსახურებშია, რომლებიც მერიის დაქვემდებარებაშია. ვგულისხმობ, ტრანსპორტის საქალაქო სამსახურსა და თბილისის სატრანსპორტო კომპანიას, რომელთა სტრუქტურა გასული საუკუნის 50-იან, 60-იან წლებშია ჩარჩენილი. ამ სამსახურებს არ აქვთ მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვილობა, არ აქვთ თანამედროვე, საერთაშორისო გამოცდილება და 21-ე საუკუნეში, ამ სამსახურების იმედად ტრანსპორტის სფეროში რეფორმების გატარება, წარმოუდგენელია! 

არაერთხელ მოვუწოდეთ და ახლაც, თქვენი გაზეთის საშუალებით, კიდევ ერთხელ მივმართავ ქალაქის მერს, რომ იმ სამსახურებით, რომლებიც მის გარშემოა გაერთიანებული, ნორმალური, კარგი რეფორმის გატარება, მათ შორის, ბევრი კარგი დაპირების შესრულება, რომელიც პირადად მას აქვს და მოსაწონია, შეუძლებელია! არათუამ დაპირებებს ვერ შეასრულებს, არათანმიმდევრული გადაწყვეტილებები კატასტროფამდეც კი მიგვიყვანს. 

_ დააკონკრეტეთ, რას გულისხმობთ არათანამიმდევრულ გადაწყვეტილებებში? 

_ იგივე ტაქსების რეფორმას! ჯერ კიდევ ყოფილ მერს, დავით ნარმანიას ვაფრთხილებდით, რომ ეს რეფორმა არ დაეწყო, რადგან საზოგადოებრივი ტრანსპორტის რაოდენობა არასაკმარისი იყო. ფაქტია, რომ რეგულაციები აძვირებს ტაქსებს, გაძვირებული ტაქსებით ვეღარ სარგებლობენ ისინი, რომლებისთვისაც 3-4-ლარიანი ტაქსი მისაღები იყო, მაგრამ 8-10 ლარს უკვე ვეღარ იხდიან. ჩვენ კალაძეც გავაფრთხილეთ, რომ ამ რეფორმას ორი ცუდი რამ მოჰყვებოდა: ერთი, რომ მგზავრთნაკადი გაიზრდებოდა მეტროსა და ავტობუსების მიმართულებით, რადგან ადამიანები დაიწყებდნენ იაფი სატრანსპორტო საშუალებების ძებნას და მეორე _ ვინაიდან ამ ფონზე, როდესაც მგზავრთნაკადი მეტროსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადაინაცვლებდა, ბუნებრივია, ისიც გადაიტვირთებოდა. 

სხვათა შორის, ბევრს ჰყავს კერძო ავტომობილი, მაგრამ ქალაქში მხოლოდ აუცილებელი საჭიროების შემთხვევაში გამოჰყავს, ძირითადად, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მოძრაობს, მაგრამ დღეს უკვე ყველამ, ვისაც ფარეხში ავტომობილი ჰყავდა, ქალაქში გამოიყვანა. აი, ეს კრიზისი მივიღეთ ამ რეფორმის გამო, შესაბამისად, ეს რეგულაციები დაიგეგმა ისე, რომ არც კვლევა ჩატარდა და არც რისკები შეფასდა. საერთოდ, რა რეგულაციები მივიღეთ, ან რა ლიცენზიას გავცემთ, რას ემსახურება ეს რეფორმა, რა უნდა გამოსწორდეს _ ესაა ლოგიკური კითხვები, რომლებზე პასუხიც არავინ იცის, თუმცა როდესაც ტაქსების ტექნიკურ გამართულობაზე საუბრობენ, რაც ამ რეფორმას უნდა მოჰყვეს, უკაცრავად, მაგრამ ეს ტექინსპექტირების ნაწილია, რომელიც ყველას გვეხება, რადგან საყოველთაოა და მნიშვნელობა არ აქვს, ტაქსი იქნება ის, მიკროავტობუსი, თუ ნებისმიერი კერძო ავტომობილი. 

_ ისევ ყვითელი მიკროავტობუსების აფერას დავუბრუნდეთ, არ ფიქრობთ, რომ ეს დანაშაულებრივი ქმედება რეაგირების გარეშე არ უნდა დარჩეს? 

_ კარგია, რომ ასე შეაფასეთ, მაგრამ მე ამას დანაშაულებრივ ქმედებას ვერ ვუწოდებ. რეალურად, ისიც არ ვიცი, რა სამართლებრივი სტატუსი აქვს ამგვარ საქციელს, ამიტომაც მგონია, რომ მანიპულაციებია. ამის აღმოსაფხვრელად ერთადერთი გამოსავალი შესაბამისი სამსახურების კეთილსინდისიერებაა, რაც სამწუხაროდ, არ გვაქვს. კეთილსინდისიერი კომპანია არ იკადრებს, რომ ქალაქში ხალხი მოწამლოს! 

კიდევ ერთი გამოსავალი გზებზე კანონის აღსრულებაა ანუ თუ გზებზე იმ მიკროავტობუსებს, ავტობუსებსა და კერძო ავტომობილებსაც გააჩერებენ, რომლებიც გარემოს წამლავენ და ასეთი სატრანსპორტო საშუალებებისთვის საჯარიმო სანქციებსაც დააწესებენ, ასეთ შემთხვევაში, ყველა ეცდება, კეთილსინდისიერად მოიქცეს. ვფიქრობ, ერთჯერადი მანიპულაცია, რასაც ტექინსპექტირებისთვის მიმართავენ, აზრს დაკარგავს, რადგან თუ ავტომობილი ნორმატივებში ვერ ჩაჯდება, მძღოლი ადმინისტრაციული სასჯელით დაისჯება. ამიტომ პოლიციის მიერ, კანონის აღსრულების თემამდე მივედით, რაც დღეს, სამწუხაროდ, არადამაკმაყოფილებელია, თუმცა ამასაც თავისი ახსნა აქვს: დღეს, საპატრულო პოლიციას დავალებული აქვს ყველაფერი _ დაწყებული თამბაქოს კონტროლით და მოძრაობის დარეგულირებით დამთავრებული. შესაბამისად, საპატრულო პოლიცია ამხელა დატვირთვას ვეღარ უძლებს და მათი ეფექტიანობის დონეც მცირდება. 

_ ფაქტობრივად, ცალკეული პირების უპასუხისმგებლო საქციელის გამო, მთელი საზოგადოება ყვითელი მიკროავტობუსების შანტაჟის მსხვერპლი ვართ და ამ ფონზე, მხოლოდ ადმინისტრაციული სანქციების დაწესებით, პრობლემა მოგვარდება? 

_ არაკეთილსინდისიერი და ძალიან უსინდისო საქციელის გამო, რომელსაც ავტობუსების შემთხვევაში _ თბილისის სატრანსპორტო კომპანია, ხოლო მიკროავტობუსების შემთხვევაში _ ის კერძო კომპანია მიმართავს, რომელიც ხელშეკრულებითაა დაკავშირებული მერიასთან, ადმინისტრაციული სანქციით უნდა დაისაჯონ! 

რაც შეეხება ყვითელ ავტობუსებს, აქ სიტუაცია მეტ-ნაკლებად გარკვეულია, რადგან თბილისის მერის გეგმა ვიცით, რომლის მიხედვითაც, ავტობუსების პარკი სრულიად ჩანაცვლდება. მიკროავტობუსებთან დაკავშირებით კი, არავინ არაფერი ვიცით! ჩვენთვის უცნობია, რა გეგმა და ხედვა აქვს მერიას ამასთან დაკავშირებით. არადა, დღეს რომ ქალაქში მოძრავ მიკროავტობუსებს ტექინსპექტირება ამგვარი მანიპულაციების გარეშე ჩავუტაროთ, მერწმუნეთ, მათი 80% ტექდათვალიერებას ვერ გაივლის! 

_ მიკროავტობუსებთან დაკავშირებით, მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ საბოლოოდ, როდესაც ავტობუსების ფარეხი სრულად ჩანაცვლდება, მიკროავტობუსები გარეუბნებში _ უახლოესი მეტროსადგურის მიმართულებით იმოძრავებენ. 

_ უკაცრავად, მაგრამ ეს არის საბჭოთა მიდგომა! დიახ, მეც მოვკარი ყური, რომ მიკროავტობუსები გადავა გარეუბნებში, მაგრამ დაუკვირდით, ახალს კი არ შემოვიყვანთ, ეს მიკროავტობუსები გადავაო _ ზუსტად ასე თქვეს! არადა, რომ ეთქვათ, ქალაქის ცენტრში მიკროავტობუსების მოძრაობა აიკრძალება, რადგან ახალი ავტობუსები ივლიან, სამაგიეროდ, ახალ მიკროავტობუსებს შევიძენთ გარეუბნებისთვისო, კი ბატონო, ყველაფერი გასაგები იქნებოდა და მივესალმებოდი კიდეც. რას ნიშნავს, ეს მიკროავტობუსები გადავა გარეუბნებში, რა, იქ ხალხი არ ცხოვრობს? გარეუბნებში მცხოვრებ მოქალაქეებს დედაქალაქის მოსახლეობად აღარ ვთვლით? რა გამოდის, გარეუბნებში უნდა დაიწამლოს ხალხი და ცენტრში _ არა?! ამას თავხედობა ჰქვია! სატრანსპორტო პოლიტიკა კი არა, ეს ძველი, საბჭოთა მიდგომაა, როდესაც მხოლოდ ქალაქის ცენტრი იყო გაბრწყინებული, რათა იმიტაცია შექმნილიყო, რომ ყველაფერი ბედნიერადაა, მაგრამ ქალაქის გარეუბნებს ყურადღებას არ აქცევდნენ! 

მიმაჩნია, რომ დედაქალაქის ცენტრში უნდა იყოს ავტობუსები, ხოლო მიკროავტობუსები, რომლებსაც თავიანთი სპეციფიკიდან გამომდინარე, გაჩერება ხშირად უწევთ, კარგი იქნება, თუ გარეუბნებში მოემსახურებიან მოსახლეობას, თანაც ცალკეული გარეუბნების გზებიც რთულრელიეფურია, მაგალითად, წყნეთის გზაზე დიდი ავტობუსი ვერ ივლის, ამიტომ ისეთ გზებზე, სადაც დიდი ავტობუსები ვერ ივლიან, ახალმა მიკროავტობუსებმა იმოძრაონ, რატომაც არა, ოღონდ არა _ ყვითელმა მიკროავტობუსებმა! ეს დაუშვებელია, რადგან ამით შეურაცხყოფას ვაყენებთ გარეუბნების მოსახლეობას!

მაია მიშელაძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში