Menu
RSS

A კატეგორიის ტაქსის მფლობელები ინტერიერის ქიმიური წმენდის ვაუჩერებს უფასოდ მიიღებენ

ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი პირველი ნოემბრიდან დაიწყება

1 ნოემბრიდან, A კატეგორიის ტაქსის მფლობელები ინტერიერის ქიმიური წმენდის ვაუჩერებს მიიღებენ. თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ვაუჩერები უფასოდ დარიგდება ისე, რომ ხარჯები არც ტაქსის მძღოლებზე აისახება და არც _ დედაქალაქის ბიუჯეტზე. თბილისის მერის განცხადებით, ამჟამად, დედაქალაქში A კატეგორიის 9 000-მდე ტაქსი მოძრაობს და ეს რიცხვი მზარდია.

15 ოქტომბერს, დედაქალაქის მთავრობის მორიგ სხდომაზე, კახა კალაძემ იმ სიახლის შესახებ ისაუბრა, რომელიც ტაქსის რეფორმის ფარგლებში განხორციელდება. ესაა ინტერიერის ქიმიური წმენდის ვაუჩერები, რომლებიც მძღოლებს უფასოდ დაურიგდებათ. 

„ჩვენ გვქონდა სარეკლამო კომპანიასთან კოორდინაცია, რამდენიმე შეხვედრა გავმართეთ და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ტაქსის ყველა ის მძღოლი, რომელიც ამ ვაუჩერით ისარგებლებს (მათ არაფერი აქვთ გადასახადი), დამატებით მიიღებს კომპანია „ვიანორის“ ავტოტექმომსახურების 20%-იანი ფასდაკლების ბარათებს. ხარჯები არც ტაქსის მძღოლებზე აისახება და არც თბილისის ბიუჯეტზე. SMS-ების საშუალებით, მოგაწვდით ყველა იმ სერვისცენტრის შესახებ ინფორმაციას, სადაც A კატეგორიის ტაქსის მძღოლებს შეგეძლებათ მისვლა. თქვენ აღარ დაგჭირდებათ მერიაში მოსვლა და ვაუჩერის მიღება. პირდაპირ შეძლებთ მიხვიდეთ, ისარგებლოთ ქიმიური წმენდის ვაუჩერებით და მიიღოთ ფასდაკლების ბარათები“, _ განაცხადა კახა კალაძემ. 

მისივე თქმით, რეფორმის მომდევნო ეტაპზე, კონტროლის მექანიზმი შეიქმნება, რომელიც ტაქსების სისუფთავეს შეამოწმებს. მეტიც, ეს შეთავაზება და ფასდაკლების ბარათი უშუალოდ მერიის მიერ გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებული კომპანიისა. შესაბამისად, ამაზე თბილისის ბიუჯეტიდან ერთი თეთრიც არ დაიხარჯება და რაც მთავარია, ტაქსების მძღოლებისთვისაც უფასო იქნება. 

და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი _ მიმდინარე კვირის ბოლომდე, ტაქსების სპეციალური მანათობელი A კატეგორიის მქონე ტაქსის მძღოლებს უფასოდ გადაეცემათ. კალაძის განცხადებით, ამჟამად, თბილისში A კატეგორიის 9 000-მდე ტაქსი მოძრაობს და ეს რიცხვი მზარდია. 

თბილისის მერიამ ტაქსების რეფორმა, დაახლოებით, ერთი წლის წინ დაიწყო. ტაქსების რეფორმის ძირითადი მიზანი უსაფრთხოება, მომსახურების ხარისხის ამაღლება, ვიზუალური სტანდარტის შექმნა და ტაქსის ბაზარზე სტაბილური პირობებია. 

უსაფრთხოების ნაწილში მნიშვნელოვანია სავალდებულო ტექდათვალიერება, რომლის გარეშეც მძღოლი ლიცენზიას ვერ მიიღებს და რაც მთავარია, მარჯვენასაჭიანი ავტომობილების შეზღუდვა. რაც შეეხება მომსახურების ხარისხს, ამ მხრივ განსაკუთრებული ყურადღება ინტერიერის წმენდას ექცევა. სწორედ მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას ემსახურება ის ინიციატივა, რომელიც კახა კალაძის გადაწყვეტილებით, 1 ნოემბრიდან ამოქმედდება. 

რეფორმის მნიშვნელოვანი მიმართულებაა ტაქსების ვიზუალური სტანდარტი, რაც პრინციპში, უკვე ცნობილია _ ესაა თეთრი ფერი და ერთნაირი მანათობლები. თბილისის მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებით, ლიცენზიის მქონე მძღოლებს სპეციალური ვაუჩერები დაურიგეს, რომლითაც ტაქსების ფერიც უფასოდ შეიცვალა და ერთნაირი მანათობლებიც ასევე, უფასოდ დაურიგეს. თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ ყველა ღონისძიება, რაც ტაქსების რეფორმის ფარგლებში განხორციელდა და რაც სამომავლოდ იგეგმება, სტაბილურად ხარისხიან მომსახურებასა და სტაბილურ შემოსავალს უზრუნველყოფს. 

მაია მიშელაძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში