Menu
RSS

„საქართველოს მიწა უდიდეს განძს ინახავს, რომლის აღმოჩენაც ამ ქვეყანას სახელს მთელ პლანეტაზე გაუთქვამს!“

ინტერვიუ საბერძნეთის განვითარებისა და ინვესტიციების მინისტრ ადონის გეორგიადისთან

საბერძნეთი საქართველოს პარტნიორი და მეგობარი ქვეყანაა. ამის დასტურად ისიც საკმარისია, რომ ამ ქვეყანამ შეიფარა და დღემდე ცხოვრობს საქართველოს ათასობით მოქალაქე. „ვერსია“ გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს საბერძნეთის განვითარებისა და ინვესტიციების მინისტრ ადონის გეორგიადისთან.

_ ბატონო ადონის, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ძველი კულტურის მქონე საზოგადოების წარმომადგენელს და როგორც პოლიტიკოსს, ევროკავშირის აუცილებლობის გჯერათ, თუ არა? 

_ ევროპა ძველი ბერძნული კულტურის გაგრძელებაა. დიახ, (ზევსის) მიერ ევროპის დაპყრობის მითი ცნობილია. ჩემი პოლიტიკური მრწამსი მხოლოდ საბერძნეთის მრავალსაუკუნოვან ისტორიას უკავშირდება, რომელიც წარმოადგენს ევროპული კულტურის საფუძველს. ამიტომ, როგორც საბერძნეთის მოქალაქეს, ღრმად მწამს ევროკავშირის აუცილებლობა ყველა სფეროში _ ეკონომიკის, საზოგადოების, კულტურის, ცხოვრების წესის, როგორც ინდივიდუალური, ისე საზოგადოების თავისუფლების, გეოპოლიტიკისა და გეოსტრატეგიული მიმართულებით. 

_ როგორია თქვენი მოსაზრება ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებაზე? 

_ საქართველო ხშირად აღწერილია, როგორც „საუკეთესო“ აღმოსავლეთის პარტნიორებში, ურთიერთობებში დასავლეთ ევროპასა და აღმოსავლეთ ქვეყნებს შორის. საქართველოს სტრატეგიული გზის არჩევანი ევროკავშირში გაწევრიანებაა, მას აქვს გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულება ევროკავშირთან. ჩემი ქვეყანა ყოველმხრივ მხარს უჭერს საქართველოს თანამშრომლობას ევროატლანტიკურ ინსტიტუტებთან _ ევროკავშირსა და ნატოსთან და ასევე, ხელს უწყობს, რომ საქართველომ გააგრძელოს სვლა იმ თანამედროვე რეფორმების გატარებისა და იმპლემენტაციისთვის, რომლებიც უნდა განხორციელდეს, რათა საქართველო კიდევ უფრო მეტად დაუახლოვდეს ევროკავშირს. 

_ თქვენი შეფასებით, რამ განაპირობა კრიზისი საბერძნეთში? 

_ თუ წარსულში მომხდარ ყველა მოვლენასა და სიტუაციას ყურადღებით დავაკვირდებით, საბერძნეთის კრიზისს მხოლოდ ეკონომიკური კი არა, არამედ, ღრმა პოლიტიკური და სოციალური ფესვებიც ჰქონდა. პოპულიზმმა პრობლემა უფრო გაართულა, „რეალობის რეალობისგან“ დაშორებამ კი რეალური მდგომარეობა სწორად და ლოგიკურად ვერ შეწა¬ფასა. რეცესიის ინტენსივობა განპირობებული იყო იმ მყიფე, არამყარი საფუძვლით, რომელზეც დაფუძნდა კეთილდღეობის წლების განმავლობაში არსებული ზრდა, მაგრამ ყველაფერი ეს წარსულშია, 7 ივლისს, საბერძნეთმა ეს ფურცელი გადაშალა. ჩვენ წარსული უკან მოვიტოვეთ და მყარი ნაბიჯებით მივაღწევთ შემდეგ მიზანს _ განვითარება ყველასთვის! 

_ როგორც ცნობილია, საბერძნეთის ეკონომიკა დიდწილად ტურიზმს ეყრდნობა. თქვენი აზრით, რამდენად შესაძლებელია ჩვენს ქვეყნებს შორის, ტურიზმის სფეროში, მთავრობის დონეზე თანამშრომლობა? 

_ ტურიზმი რთულ პერიოდში დაგვეხმარა ჩვენი მოქალაქეების პრობლემების მოგვარებაში და აშკარაა, რომ საბერძნეთს შეუძლია დაეხმაროს, უზრუნველყოს საქართველო თავისი ცოდნის, სიახლეების გაზიარებით, რადგან საქართველო უმშვენიერესი ქვეყანაა, ულამაზესი ბუნებით, მწვანე სივრცით; მას აქვს ყველა ბუნებრივი პოტენციალი ტურიზმის განვითარებისთვის. ის თანდათანობით უფრო და უფრო მეტ ტურისტს იზიდავს. 

საბერძნეთს აქვს გლობალური ტურიზმის პოტენციალი. ჩვენ ტურიზმს აღვიქვამთ, როგორც ეკონომიური ზრდის ბერკეტს (მიგვაჩნია, რომ ტურიზმის ძალა, შესანიშნავი ინსტრუმენტია ეკონომიკური ზრდის მისაღწევად). 

2017 წლიდან, საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმება, თავისთავად, იწვევს ტურიზმის ზრდას, ხელს უწყობს ორ ხალხს შორის კომუნიკაციის გაღრმავებას, მაგრამ ასევე, ხელს უწყობს სერიოზული და სტაბილური ბიზნეს-პარტნიორობის მიღწევას. 

ტურიზმის როლს ხალხებსა და საზოგადოებებს შორის ურთიერთგაგებისა და პატივისცემის საქმეში, უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება, ტურიზმი ეხმარება ხალხებს ერთმანეთთან დაახლოებაში, გაცნობასა და პატივისცემაში. ამ დროისთვის, საუკეთესო გამოსავალია ორი ქვეყნის ტურისტული სააგენტოების თანამშრომლობა. 

_ დღეს საქართველო 5-6 ქვეყანას შორისაა მეწარმე ინვესტორების დაბალი დაბეგვრისა და საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების თვალსაზრისით. გაქვთ რამე მოსაზრება, ან შემოთავაზება პირადად, ან როგორც მონაწილე მხარეს, ბერძენი ბიზნესმენების წახალისების მიმართულებით, რათა მათ საქართველოში ინვესტიცია განახორციელონ და რომელ სფეროებში? 

_ დღეისთვის, საქართველოში, ცოტა ბერძნული საინვესტიციო და სავაჭრო კომპანია საქმიანობს და ისინი, ძირითადად, ვაჭრობის სფეროში მუშაობენ (მზა ბეწვი, საკვები, სამშენებლო მასალები). ამასთან, გვინდა გავზარდოთ ბერძნული ბიზნესის არსებობა საქართველოში, რადგან მიგვაჩნია, რომ არსებობს კარგი მუშახელის პოტენციალი, ღირსეული ადამიანები, რომელთაც სურთ, პროფესიონალურად იმუშაონ. 

საქართველოში არსებული სამართლებრივი ჩარჩოები ხელს უწყობს ორ მხარეს შორის საინვესტიციო პროექტების პოპულარიზაციას. ასევე, უნდა წახალისდეს საქმიანი შეხვედრები საქართველოსა და საბერძნეთში. 

ჩვენი პრიორიტეტული სფეროებია სოფლის მეურნეობა, მშენებლობა და ტურიზმი და ჩვენ ველოდებით ინვესტირებას ამ სფეროებში. 

ჩვენ ასევე, დაინტერესებულნი ვიქნებით მჭიდრო თანამშრომლობით განახლებადი ენერგიისა და გარემოს განვითარების სფეროში (ფოტოელექტრული, ქარის ტურბინები, ეკოლოგიურად სუფთა ინდუსტრია და ზოგადად, ეკონომიკური განვითარება), ასევე ნოუ-ჰაუსა და საკონსულტაციო მომსახურებების მიწოდებაში სამშენებლო, სოფლის მეურნეობის, კვების, მსუბუქი მრეწველობის, ტელეკომუნიკაციის, ინფორმაციული ტექნოლოგიის, განათლებისა და ტრენინგების სფეროში. 

საბერძნეთის ბიზნესსაზოგადოება მზადაა, საქართველოს შესთავაზოს თავისი მომსახურება ამ მიმართულებით. ჩვენი მიზანი ორმხრივი ეკონომიკური კავშირების კიდევ უფრო გაღრმავებაა საქართველოსა და საბერძნეთს შორის. 

_ რაც შეეხება კულტურას, თქვენი აზრით, როგორ შეიძლება გაძლიერდეს ბერძნულ-ქართული კულტურული ურთიერთობა? 

_ 1994 წელს, საბერძნეთსა და საქართველოს შორის ხელი მოეწერა კულტურის, მეცნიერებისა და განათლების სფეროში თანამშრომლობის შეთანხმებას. უამრავი შესაძლებლობა არსებობს ჩვენი ორმხრივი კულტურული ურთიერთობების გასაძლიერებლად. მრავალსაუკუნოვანი ისტორიული ელინიზმის თანაარსებობა საქართველოში და ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს შორის მეგობრული ურთიერთობა საშუალებას გვაძლევს, რომ გაღრმავდეს ჩვენი კულტურული თანამშრომლობა. 

საბერძნეთში მცხოვრები ქართული საზოგადოება კომუნიკაციის ხიდია კულტურული კავშირების გასაძლიერებლად. აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში, საქართველოში, ტარდებოდა კულტურული ღონისძიებები „არგოსა“ და ოქროს საწმისის თემებზე. თანამშრომლობა უნივერსიტეტებთან, არქეოლოგებთან, ტელევიზიასთან, კულტურულ ასოციაციებთან, მხატვრებთან, მომღერლებთან, სპორტულ გუნდებთან, გარდა ამისა, შესანიშნავია, შეიქმნას პარტნიორი უნივერსიტეტების, სკოლების, ქალაქების, სპორტული გუნდების... ურთიერთობების მშენებლობის გზა საბერძნეთსა და საქართველოს შორის. 

_ რა აზრის ხართ იდეაზე, რომ საქართველოში ბერძნული უნივერსიტეტების ფილიალები გაიხსნას ბერძნულ, ინგლისურ, ან ქართულ ენაზე ბერძენი და ნებისმიერი სხვა ეროვნების სტუდენტებისთვის? 

_ 1997 წლიდნ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თანამედროვე ბერძნული, ბიზანტიური და კლასიკური კვლევების სკოლა ფუნქციონირებს, რასაც ძალიან დადებითად ეხმაურებიან ქართველი სტუდენტები, მაგრამ იდეა, რომელსაც ახლა გვთავაზობთ, კიდევ უფრო უკეთესია და შეიძლება, განხილულ იქნას ორმხრივი საგანმანათლებლო პროგრამის კონტექსტში, მოსაზრებების გაცვლით, საგანმანათლებლო პროგრამა ორი მხარისთვის. 

_ რამდენად საინტერესოა საქართველოში დაწყებული ერთობლივი ბერძნულ-ქართული არქეოლოგიური გათხრები? 

_ პირადად მე, ვეთანხმები და ძალიან მოხარული ვარ, რადგან პროფესიით ისტორიკოს-არქეოლოგი გახლავართ. ერთობლივი პროექტების განხორციელება საქართველოში, თანამშრომლობა არქეოლოგიური გათხრების დროს და მუზეუმებს შორის, დასტურია საბერძნეთის კულტურული მემკვიდრეობის არსებობისა საქართველოში, რაც კიდევ უფრო დააახლოებს საბერძნეთსა და საქართველოს. 

დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მიწა ჯერ კიდევ ინახავს უდიდეს განძს, რომელთა აღმოჩენა სახელს გაუთქვამს საქართველოს მთელ პლანეტაზე. 

_ რამდენად საინტერესოა იდეა საქართველოსა და საბერძნეთს შორის სამხედრო თანამშრომლობის შესახებ _ ერთობლივი სასწავლებლები, საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში საერთო მონაწილეობა და ა.შ.? 

_ ძალიან კარგი იდეაა და, რაც მთავარია, ძალიან სასარგებლო ორივე ქვეყნისთვის. მინდა გითხრათ, რომ მიმდინარეობს ორმხრივი მოლაპარაკება სამხედრო თანამშრომლობის ხელშეკრულების თაობაზე. როდესაც ხელშეკრულება გაფორმდება, მაშინ შეგვიძლია განვიხილოთ თანამშრომლობის ნებისმიერი შესაძლებლობა და არა _ მხოლოდ სამხედრო, არამედ, მრავალი სხვა მიმართულებითაც. 

_ საბერძნეთსა და საქართველოს აქვთ ერთნაირი ეროვნული პრობლემა _ უცხო ქვეყნების მიერ ოკუპირებული ტერიტორიები. როგორ ფიქრობთ, რა წვლილი შეიძლება შეიტანოს საბერძნეთმა ამ საკითხის გადაწყვეტაში? 

_ საბერძნეთი მხარს უჭერს შეთანხმებას, მშვიდობიანი გზით აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრობლემების მოგვარების საკითხებში, ჟენევის მოლაპარაკებების კონტექსტში. 

ამასთან, საბერძნეთი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას, აგრეთვე პატივს სცემს საერთაშორისო სამართლის პრინციპებსა და გაეროს. 

ზემოაღნიშნული საკითხების მოგვარების ძირითადი პირობა, საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ხელშეკრულებების სრული დაცვაა. 

_ ხართ ნამყოფი საქართველოში დამოუკიდებლად, ან როგორც პოლიტიკოსი _ ოფიციალური ვიზიტით? 

_ სამწუხაროდ, არა, მაგრამ მსურს საქართველო მოვინახულო. თბილისი განსაკუთრებული სილამაზის დედაქალაქია, საქართველო კი მშვენიერი ქვეყანა _ ღრმა ისტორიითა და ტრადიციებით, მდიდარი კულტურული მემკვიდრეობით, უნიკალური არქიტექტურითა და საბერძნეთთან უძველესი კავშირებით.

ნინო ბაჯელიძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში