Menu
RSS

ქართველი ძიუდოისტების პატარა სასწაული და ამერიკელების სირცხვილი

ქუთაისის „ტორპედოს“ ფეხბურთელები უხელფასობის გამო გარბიან

ჩვენთვის გასული კვირის მთავარი სპორტული მოვლენა, ყაზახეთში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატი იყო. ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა შორის, მსოფლიოს ჩემპიონი ბოლოს 12 წლის წინ გვყავდა, როცა ოქროს მედლები რამაზ ნოზაძემ და დავით ბედინაძემ მოიპოვეს. შესაბამისად, ამხელა წყვეტა, როგორც გულშემატკივარს, ისე მოჭიდავეებსაც აწუხებდათ.

ჩემპიონატის დაწყების წინ, ნაკრების მწვრთნელმა, გიორგი იანტბელიძემ ხამამაღალი განაცხადი გააკეთა და აღნიშნა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატს ოქროს მედლის გარეშე არ დატოვებდნენ. არავინ მალავდა, რომ მთავარი იმედი უმსუბუქეს, -55 კილოგრამში მოასპარეზე ნუგზარ წურწუმია იყო. ხობელი ფალავანი, მართლაც, საოცრებებს აკეთებს, შეიძლება ითქვას, მოვლენაა სპორტის ამ სახეობაში და საბედნიეროდ, ეს დაამტკიცა კიდეც. 

ნუგზარმა მთელი ჩემპიონატი დამაჯერებლად ჩაატარა და ყველაზე გამოსარჩევი მაინც ფინალი იყო, სადაც ის მასპინძელთა წარმომადგენელს შეხვდა. დარბაზის მხარდაჭერით შეგულიანებული მეტოქე, პირველივე წამებზე შეტევაზე გადავიდა, მაგრამ წურწუმიამ კონტრილეთზე დაიჭირა და 59 წამში, აშკარა უპირატესობით ანუ 8:0 დაამარცხა და ოქროს მედალი მოიპოვა. 

ისიც ვთქვათ, რომ ყაზახეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი, მსოფლიოს ორგზისა და ოლიმპიური ჩემპიონი გიორგი წურწუმიაა, თუმცა რატომღაც გვგგონია, რომ ფინალში თავისი მოგვარის წარმატება აუცილებლად გაახარებდა. 

სიტყვა შეასრულა ლაშა გობაძემ: -82 კილოში, ლაშა ერთ-ერთი ფავორიტი იყო. აკი, თქვა კიდეც ტურნირამდე, შარშან აღებულ ბრინჯაოს მედალს, წელს ოქროში გადავცვლიო და „გადაცვალა“ კიდეც. რაც მთავარია, ორივე ქართველმა, მსოფლიოს უძლიერესი ფალავნის ტიტულთან ერთად, 2020 წლის ოლიმპიადის ლიცენზიაც გაინაღდა და მთავარ ტურნირზე, ორივე უპირველესი ფავორიტის რანგში მიდის. 

* * * 

პატარა სასწაული მოახდინა ძიუდოისტთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა. ფინეთში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე, შვიდი წონითი კატეგორიიდან, ქართველმა ვაჟებმა ოქროს ხუთი მედალი მოიპოვეს. -81 კილოგრამში, სულაც ქართული ფინალი შედგა და ტატო გრიგალაშვილმა, თანაგუნდელ ვლადიმერ ახალკაცს, ოქროს მედალი არ დაანება. ტატოს გარდა, ჩემპიონები გიორგი თუთაშვილი, ლაშა ბექაური, ილია სულამანიძე და გელა ზაალიშვილი გახდნენ. 

გოგონათა შორის კი ოქროს მედალი ეთერ ლიპარტელიანმა მოიპოვა, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია. ქალთა ძიუდოს ნაკრები რომ გვყავდეს, დიდ ტურნირებზე, გუნდურ პირველობებშიც მივიღებთ ხოლმე მონაწილეობას და გუნდური პირველობისთვისაც ვიბრძოლებთ. მას შემდეგ, რაც ეს ტურნირი შერეული სისტემით ტარდება, ქალთა ნაკრების არარსებობის გამო, მასში მონაწილეობას ვეღარ ვახერხებთ. არადა, საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები, გუნდურ პირველობაში ევროპისა და მსოფლიოს არაერთგზის ჩემპიონია. 

* * * 

მსოფლიოს საკალათბურთო ჩემპიონატი ესპანეთმა მოიგო. ფინალში პირენეელებმა, არგენტინის ნაკრები დაამარცხეს და რაც მთავარია, სპეციალისტები ერთხმად შეთანხმდნენ, რომ ფინალში ჩემპიონატის ორი უძლიერესი გუნდი მოხვდა. საკალათბურთო პირველობის მთავარი მოვლენა კი ფინალური მატჩი კი არა, მეოთხედფინალი იყო, სადაც აშშ, საფრანგეთმა დაამარცხა და ტურნირს გამოთიშა. 

„დრიმ თიმის“ 13-წლიანი ჰეგემონია დაემხო, რაც იმას ნიშნავს, რომ ამერიკელებმა ტურნირებს უფრო მეტი ყურადღება უნდა მიაქციონ, NBA-ს ვარსკვლავები წაიყვანონ და არა _ მესამე, მეოთხე კლასის მოთამაშეები. სწორედ ასეთი კალათბურთელებით დაკომპლექტებული გუნდით იყო ჩასული აშშ მსოფლიოზე და პირველობას ცალი ხელით გეგმავდა, თუმცა ¼-ფინალში საფრანგეთთან წაგებას, მე-5 მე-8 ადგილებისთვის სერბეთთან მარცხიც მიჰყვა და ოკეანის გაღმელები, სამშობლოში შერცხვენილები დაბრუნდნენ. 

* * * 

იაპონიაში მიმდინარე აკი ბაშოს სტარტზე, ორივე ქართველი უმძიმეს მდგომარეობაში იყო. ლევან გორგაძეს, იგივე ტოჩინოშინს, ოძეკის ტიტულის დაკარგვის შანსი აქვს და დადებითი ბალანსი სჭირდება. ქვედა დივიზიონში მოასპარეზე თეიმურაზ ჯუღელს, იგივე გაგამარუს კი ამ დივიზიონიდან გავარდნის საფრთხე ემუქრება და მას, მინიმუმ, 6 ბრძოლის მოგება მართებს. ყველაზე ცუდი ის არის, რომ ორივე ჩვენებური ტრავმით ასპარეზობს და კვირის ბოლოს გაირკვევა, რა და როგორ მოხდება. ჯერჯერობით, ორივე ქართველს უარყოფითი ბალანსი აქვს და ტურნირის დასრულებამდე ანუ კვირის ბოლომდე, მათ მაქსიმალური კონცენტრაცია მართებთ. 

* * * 

შოთა არველაძე უზბეკეთის ყველაზე ტიტულოვან კლუბ „ფახთაქორს“ რომ თავკაცობს, კარგად მოგეხსენებათ, მისი ძმა, აჩი კი ამავე კლუბის სპორტული დირექტორია. 19 შეხვედრაში, „ფახთაქორმა“ 17 მატჩი მოიგო, 2 ფრედ დაასრულა და ერთიც არ წაუგია. უახლოეს მდევარს, ის 17 ქულით უსწრებს და საკმარისია, დარჩენილ 7 ტურში 4 ქულა აიღოს, რომ პირველ ადგილს ვერავინ შეეცილება. შესაბამისად, ლოგიკურიც არის, რომ შოთა ჩემპიონატის საუკეთესო მწვრთნელად აღიარეს და... როგორც უზბეკური პრესა წერს, გულშემატკივრებსა და ფედერაციას ძალიან სურთ, რომ ქართველი სპეციალისტი ეროვნული გუნდის მთავარ მწვრთნელად იხილონ. 

უზბეკეთის ნაკრები მწვრთნელის გარეშე მას შემდეგ დარჩა, რაც რამდენიმე დღის წინ, ჩვენთვის კარგად ნაცნობი, არგენტინელი ექტორ რაულ კუპერი თანამდებობიდან გაუშვეს. 

გახსოვთ, ალბათ, თავის დროზე, კუპერი საქართველოს ნაკრებსაც თავკაცობდა, მაგრამ უზბეკების არ იყოს, შედეგი ვერც აქ აჩვენა. რას იზამს შოთა, ჯერჯერობით, უცნობია, თუმცა „ფახთაქორი“ აზიის ჩემპიონთა ლიგაზე აპირებს პირველობის მოპოვებას და ამის გაკეთება არველაძის გარეშე, ძალიან გაუჭირდება. 

* * * 

საჩოგბურთო სამყაროში ახალი ტურნირი, ATP CUP მოიფიქრეს და ერთმანეთს ნაკრებებს გააჯიბრებენ. ტურნირში მონაწილეობას 24 ნაკრები მიიღებს და ძლიერი ჩოგბურთელების დასაინტერესებლად, ჩოგბურთის მამებმა მსუყე საპრიზო ფონდი _ 23 მილიონი დოლარი და დიდი სარეიტინგო ქულები დააწესეს. წილისყრა ავსტრალიაში, ცნობილი ოპერის შენობაში გაიმართა და საქართველოს ნაკრებს, რომელიც ტურნირზე მე-14 ნომრადაა განთესილი, მეტოქედ ესპანეთი და იაპონია ერგო (ჯგუფის მესამე წევრის ვინაობა მოგვიანებით გაირკვევა). ესპანელებს მონაწილეთა შორის, რაფაელ ნადალი უწერიათ, რაც იმას ნიშნავს, რომ ქართულ გუნდს, რომელიც ნიკოლოზ ბასილაშვილითა და ალექსანდრე მეტრეველითაა დაკომპლექტებული (ამ ეტაპზე), ძალიან გაუჭირდება. პირველ შეხვედრას ჩვენები 2020 წლის 4 იანვარს გამართავენ. 

რაც შეეხება წესებს, 24 ნაკრები ექვს, ოთხ-გუნდიან ჯგუფში განაწილდა. თითო ქალაქში, 2 ჯგუფის თამაშები გაიმართება. ფინალს კი, სადაც 8 ნაკრები გადის – 6 ჯგუფის გამარჯვებული და 2 საუკეთესო მეორეადგილოსანი – სიდნეი უმასპინძლებს. ფორმატი ასეთია, მატჩი შედგება 3 შეხვედრისგან, 2 ერთეულთა და 1 წყვილთა თანრიგში. 

* * * 

მოგეხსენებათ, ქუთაისის „ტორპედო“ უმძიმეს დღეშია. ფეხბურთელებს რამდენიმე თვეა, ხელფასი არ აუღიათ, გუნდიდან, პრაქტიკულად, ყველა წამყვანი მოთამაშე წავიდა. საუბარია იმაზეც, რომ „ტორპედო“, შესაძლოა, მთავარმა მწვრთნელმა, კახა ჩხეტიანმაც დატოვოს, რადგან იძულებულია, გუნდი ბავშვებით დააკომპლექტოს. ასე იყო ეროვნულ ლიგაში გამართულ ბოლო ტურშიც. ქუთათურები მოქმედ ჩემპიონს, პირველობისთვის მებრძოლ „საბურთალოს“ შეხვდნენ და ბედისა თუ უბედობის გამო, ჩხეტიანი იძულებული გახდა, კარში 16 (!!!) წლის მეკარე, დავით ასათიანი ჩაეყენებინა. ჰოდა, ეს ბიჭი შეხვედრის გმირი გახდა. მოქმედ ჩემპიონებს ურთულესი ბურთები ხომ აუღო და მაშინ, როცა შეხვედრა ფრედ – 1:1 უნდა დამთავრებულიყო, ბოლო წუთზე, მსაჯმა „ტორპედოს“ კარში პენალტი დანიშნა და... ასათიანმა 11-მეტრიანიც მოიგერია. 

მოკლედ, ყურადღებაა ამ ბავშვზე მისაქცევი, რადგან 16 წლის ბიჭმა გამოცდილი მეკარესავით ითამაშა და გუნდს ქულა გადაურჩინა. ცნობისთვის, ასათიანის ფოტო ინტერნეტში, ჯერ არ იძებნება... 

* * * 

18 სექტემბერს, ჩემპიონთა ლიგის ახალმა სეზონმა აიღო სტარტი. რა თქმა უნდა, წინ თვალსასეირო მატჩები გველის. მოქმედი გამარჯვებული „ლივერპული“, ტურნირის მოგების ერთ-ერთი უპირველესი ფავორიტია, თუმცა ინგლისური კლუბის გულშემატკივრები არ მალავენ, რომ ლიგის მოგებაზე მეტად, ეროვნულ ჩემპიონატში სურთ გამარჯვება, რადგან ბოლოს პრემიერლიგის ოქროს მედლებს, მერსისაიდული გუნდი 1990 წელს შესწვდა და მას შემდეგ, ლამის მთელი ცხოვრება გავიდა. გუნდის თავკაცი იურგენ კლოპი ამბობს, რომ პრემიერლიგა მთავარი პრიორიტეტია და ამას ამტკიცებს კიდეც – საწყისი ხუთი ტურის შემდეგ, ინგლისის ჩემპიონატს ქულათა მაქსიმუმით, სწორედ „ლივერპული“ ლიდერობს.

ბათო ჯაფარიძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში